Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის მთავრობა უსაფრთხოების მიზნით მეჩეთების დაფინანსებაზე ფიქრობს


ესპანეთის მთავრობა რელიგიურ გაერთიანებათა

დაფინანსების გაზრდის გზებზე მსჯელობს. ტერორისტული აქტებით დამფრთხალ ქვეყანაში აქცენტი, ძირითადად, მუსლიმანურ აღმსარებლობაზე კეთდება. იმისათვის, რომ ადგილობრივი მეჩეთები საეჭვო გარე ძალების ფინანსებისა და, შესაბამისად, ზეგავლენის ქვეშ არ მოექცეს, ესპანეთის უშიშროების სამსახურები აუცილებელ ნაბიჯად მათ სუბსიდირებას მიიჩნევენ. დღეს ყოველკვირეულ პროგრამაში “ახალი ევროპა” სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებ. ასევე შევეცდები გავარკვიო, რამდენად სერიოზულად დგას საქართველოში საეჭვო წარმოშობის სახსრებით მეჩეთების მშენებლობის პრობლემა და აკონტროლებს თუ არა სახელმწიფო ამ სფეროს.

ესპანეთის იუსტიციის მინისტრის ხუან ფერნანდო ლოპესის მიერ წამოყენებული წინადადება ქვეყანაში თვალსაჩინო რელიგიურ მიმდინარეობათა დაფინანსებას შეეხება. ოფიციოზის განცხადებით, საკითხის დადებითად გადაწყვეტა ესპანეთის სხვა ყველა რელიგიურ გაერთიანებას საშუალებას მისცემს, რომის კათოლიკური ეკლესიის მსგავსად, ისარგებლოს დაფინანსების პრივილეგიით. საქმე ის გახლავთ, რომ 1979 წელს ვატიკანთან დადებული შეთანხმების მიხედვით, რომის კათოლიკური ეკლესიისათვის ესპანეთში სახელმწიფო თანხები მუდმივად გამოიყოფა.

თუმცა, როგორც ექსპერტები განმარტავენ, ყოველივე ეს, ძირითადად, ჩაფიქრებულია იმისათვის, რომ ესპანეთში მუსლიმანური აღმსარებლობა გარეშე ძალთა საეჭვო სახსრებით არ დაფინანსდეს და ამან ქვეყანაში ტერორიზმის დამატებითი საფრთხე არ შემოიტანოს.

გაზაფხულზე განხორციელებული ტერორისტული აქტების კოშმარიდან ესპანეთი ჯერ არ გამორკვეულა. ადგილობრივი გამოძიება ადასტურებს, რომ ტერორისტები, რომლებმაც 11 მარტს მადრიდში 4 მატარებლი ააფეთქეს და 191 ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს, ვაჰაბისტებთან დაკავშირებულ მეჩეთს ეკუთვნოდნენ.

მუსტაფა მერაბეთი, ესპანეთში მაროკოელ ემიგრანტთა ასოციაციის პრეზიდენტი, მიიჩნევს, რომ სახელმწიფო, აღრიცხული 200 მეჩეთის მიღმა, უნდა ფლობდეს ინფორმაციას ასობით სხვა მსგავსი ცენტრის შესახებაც:

(მუსტაფა მერაბეთის ხმა) "არსებობს უამრავი ასეთი ცენტრი, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცის. ისინი არსად არის რეგისტრირებული. არავინ იცის, ვინ არიან მათი ლიდერები, რას აკეთებენ და რას ქადაგებენ ისინი."

მეჩეთებისა და მათი წარმომადგენლების სავალდებულო რეგისტრაციის პირველი მცდელობა მაისის დასაწყისში ესპანეთში ბევრმა უმცირესობათა შევიწროებად მონათლა. ამ გამოცდილებით აღჭურვილი ესპანეთის ხელისუფლება ამჯერად მეტ სიფრთხილეს იჩენს და აღურიცხავი მეჩეთებიდან მოსალოდნელ საფრთხეს, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ფულით უპირისპირდება. ოფიციოზის ლოგიკა მარტივია: თუკი სახელმწიფო მათ დააფინანსებს, მეჩეთები გარეშე ძალების სახსრებს აღარ დაუწყებენ ძებნას და საფრთხეც იკლებს. თუმცა ესპანეთის იუსტიციის მინისტრის ეს წინადადება, როგორც ამბობენ, ჯერ მხოლოდ საწყის სტადიაშია და ჯერჯერობით დასაზუსტებელია ისიც, აძლევს თუ არა კონსტიტუცია ესპანეთს ამგვარი ქმედების უფლებას.

მეჩეთების საეჭვო წარმოშობის ფულით აშენება, ესპანეთის გარდა, საქართველოშიც საკმაოდ დიდი პრობლემაა. როგორც თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელი სოზარ სუბარი აღნიშნავს, ამ მხრივ სრული განუკითხაობაა:

(სოზარ სუბარის ხმა) "შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო ამას საერთოდ არ აკონტროლებს. მეჩეთები, რომლებიც პანკისის ხეობაში შენდებოდა, ზოგადად ცნობილია, რომ ვაჰაბისტური თანხებით იყო დაფინანსებული. არ კონტროლდებოდა სახელმწიფოს მიერ და არ არის ცნობილი, საიდან შემოდიოდა ეს თანხები. და ასევე ნაწილობრივ გაურკვეველია იმ თანხების წარმომავლობა, რითაც შენდებოდა მეჩეთები აჭარაში. ნაწილობრივ, ეს ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით ხდებოდა. მარნეულში შენდება უამრავი მეჩეთი, ნაწილობრივ, ეს შეიძლება ადგილობრივი დაფინანსებით ხდება, ხოლო (სახსრების) ნაწილი შეიძლება შემოდის."

გამჭვირვალე და ცხადი სურათის შემთხვევაში უმცირესობათა საკითხების ექსპერტი, ბუნებრივია, მეჩეთების მშენებლობის წინააღმდეგი არ არის:

(სოზარ სუბარის ხმა) "თავისთავად მეჩეთის მშენებლობაში ცუდი არაფერი არ არის. ცუდი არის ის, როდესაც გაურკვეველია, ვინ დგას მის უკან, საიდან არის ეს ფინანსები და რა იდეოლოგიას ავრცელებს ესა თუ ის ეკლესია."

ხსენებული საკითხის სახელმწიფოს მხრიდან გაკონტროლების აუცილებლობას ასევე ხედავს საქართველოს საპატრიარქოს
პრესცენტრის უფროსი, დეკანოზი დავით შარაშენიძე:

(დავით შარაშენიძის ხმა) "სასურველია, რომ ეს ყველაფერი იყოს სახელმწიფო კონტროლის ქვეშ. აუცილებელია იყოს ინფორმაცია, თუ რა წარმომავლობის არის ფული და რომელი რელიგიური ჯგუფების მხრიდან ფინანსდება ამა თუ იმ მეჩეთის მშენებლობა. სამწუხაროდ, არსებობს ისლამის წიაღში ცალკეული რელიგიური ჯგუფები, რომლებიც აქტიურად ქადაგებენ შეუწყნარებლობას. ისინი ძალიან ხშირად ისლამის წიაღშიც ქმნიან სერიოზულ პრობლემებს და ხშირად ტერორიზმის საყრდენადაც იქცევიან ხოლმე."

რაც შეეხება საქართველოში ოფიციალურად მოღვაწე მუსლიმანურ ორგანიზაციებს, დეკანოზის თქმით, საპატრიარქოს მათთან საუკეთესო ურთიერთობები აკავშირებს:

(დავით შარაშენიძის ხმა) "ადგილობრივ მუსლიმანურ ორგანიზაციებთან ჩვენ გვაქვს საუკეთესო ურთიერთობა. ძალიან ხშირი შეხვედრები გვაქვს."

როგორ აპირებს საქართველო დესტრუქციული ძალების მიერ მეჩეთების მშენებლობის პრობლემის დაძლევას, ჯერჯერობით გაურკვეველია. თუმცა როგორც სოზარ სუბარი გვამშვიდებს, პანკისის ხეობის უკეთ გაკონტროლებამ ბოლო პერიოდში ვითარება შედარებით შეამსუბუქა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG