Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“12 განრისხებული მამაკაცი” და “ნაფიცი მსაჯულები”


უახლოეს ხანში საქართველოში მნიშვნელოვანი

საკონსტიტუცია ცვლილება უნდა ამოქმედდეს – ამიერიდან კითხვა “დამნაშავეა თუ არა” სასამართლო პროცესების კულმინაცია გახდება. ამ კითხვას ნაფიც მსაჯულებს დაუსვამენ. შესაბამისად, უნდა გაქრეს გაუცხოება ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის, სასამართლოსა და საზოგადოებას შორის. ზაფხულის სიცხის მიუხედავად, უკვე გაიმართა ინსცენირებული სასამართლო პროცესები, რომელშიც განსხვავებული პროფესიის ადამიანები იღებენ მონაწილეობას. ნაფიც მსაჯულთა ჟიურის დაკანონებამ უფროს თაობას საბჭოთა ეკრანებზე 1961 წელს გამოსული ამერიკული ფილმი “თორმეტი განრისხებული მამაკაცი” გაახსენა. როგორ აღიქვა რეჟისორ სიდნეი ლიუმეტის ეს კინოშედევრი საბჭოთა მაყურებელმა და კრიტიკამ?

შეერთებულ შტატებში რეჯინალდ როუზის სცენარის მიხედვით გადაღებული “12 განრისხებული მამაკაცი” ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის პროპაგანდად არავის აღუქვამს. 1956 წელს, როცა იმხანად ყველასათვის უცნობი რეჟისორის, სიდნეი ლიუმეტის, ეს სურათი ეკრანებზე გამოვიდა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს აქ პროპაგანდა არ სჭირდებოდა – შეერთებული შტატების საზოგადოება განაჩენის გამოტანის ასეთ ფორმას ქვეყნის კანონმდებლობის და, საერთოდ, დემოკრატიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევდა. ამერიკაში “12 განრისხებული მამაკაცის” წარმატება სულ სხვა ფაქტორმა განაპირობა. ეს ის დროა, როცა ტელევიზორი ამერიკული ოჯახის წევრი ხდება, ჰოლივუდში კი ყველაფერს აკეთებენ კინოს გადასარჩენად – კინოთეატრებში ამონტაჟებენ უზარმაზარ ეკრანებს და იღებენ “სუპერ-კოლოსებს” ფართოფორმატიან ფირზე... მაგრამ ასეთი სანახაობები ძვირი ჯდება; ერთი “კლეოპატრა” თუ ერთი “ბენ-ჰური” ტელევიზიას მაინც ვერ ამარცხებს. უფრო პირიქით – ამერიკელი მაყურებელი ტელევიზიის ენას ეჩვევა და უპირატესობას რეპორტაჟებს ანიჭებს, მოსწონს ფილმები ახლო ხედებით და სიამოვნებას განიცდის, როცა მასა და ეკრანს შორის დისტანცია ქრება.

“თორმეტი განრისხებული მამაკაცი” სატელევიზიო ფილმის ერთ-ერთ პირველ ნიმუშადაა მიჩნეული. სიდნეი ლიუმეტი მაყურებელს იმ ენაზე ელაპარაკება, რომელსაც ის უკვე შეეჩვია. შეერთებულ შტატებში სურათის წარმატება განაპირობა მსახიობების ბრწყინვალე ანსამბლმაც და, პირველ რიგში, ჰენრი ფონდამ, რომელიც, სხვათა შორის, გადაღების ერთ-ერთი ორგანიზატორი და ფილმის პროდიუსერიც იყო. სწორედ ფონდამ და სიდნეი ლიუმეტმა გაამძაფრეს ფილმის რეპორტაჟული სტილი, ჰოლივუდისთვის ტიპიური ეგრეთ წოდებული “მუსიკალური ფონოგრამა” შეცვალეს ბუნებრივი ხმაურებით სასამართლოში.

[ხმაური. სასამართლო]

მაყურებელს პირველივე კადრებიდან სჯეროდა, რომ 12 განრისხებული მამაკაცის, ე.ი. მსაჯულთა ჟიურის, სხდომის თანამონაწილეა. საათნახევრის განმავლობაში თითქოს მაყურებელმა მსაჯულებთან ერთად მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში.


[ფილმის ხმა. “დამნაშავეა, დამნაშავეა... არ არის დამნაშავე”]


“დამნაშავეა, დამნაშავეა... არ არის დამნაშავე”.. ერთი და იგივე კითხვა აქ არაერთხელ დაისვა. სურათის დრამატურგია კი ისე აიგო, რომ მაყურებელი “უმრავლესობიდან” თანდათან მოხვდა უმცირესობაში. ჰენრი ფონდას გმირი - ერთ-ერთი მსაჯული, რომელიც დასაწყისშივე დააეჭვა პროკურორის ვერდიქტმა - ფინალში ხანგრძლივ მონოლოგს წარმოთქვამს და მაყურებელი ახლა უკვე მის მხარეზეა.

[ჰენრი ფონდას გმირის ხმა. თარგმანი] “მე არ ვიცი სადაა სიმართლე... და, ჩემი აზრით, არც არასდროს ეცოდინება ვინმეს. ჩვენ შორის უმრავლესობა ბავშვს უდანაშაულოდ მიიჩნევს, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ვარაუდებით ვმსჯელობთ, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ვცდებოდეთ... იქნებ, დამნაშავეცაა, არ ვიცი... მაგრამ ჩვენ გვაქვს დაეჭვების უფლება. ეს ჩვენი სისტემის მნიშვნელოვანი მონაპოვარია. ვერავინ დასდებს ბრალს ადამიანს, თუ არ არის დარწმუნებული მის დანაშაულში.”

დაეჭვების უფლება – ამერიკული სისტემის თუ სამართლის მნიშვნელოვანი მონაპოვარია. მაგრამ დაეჭვების უფლება არ ჰქონდათ კომუნისტებს საბჭოთა კავშირში... არასდროს არ ჰქონდათ – არც ეგრეთ წოდებულ “ოტეპელის ხანაში”, კონკრეტულად კი 1961 წელს, როცა “12 განრისხებული მამაკაცი” საბჭოთა ეკრანებზე საჩვენებლად იყიდეს და გაახმოვანეს. კრიტიკამ ლიუმეტის სურათი მოიწონა, თუმცა უფრო მეტად წერდნენ არა ჰენრი ფონდას პერსონაჟზე, არა “ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის” უპირატესობაზე, არამედ თავად სასამართლოზე, პროკურორზე, რომელიც, ერთი საბჭოთა კრიტიკოსის შეფასებით, “ისე წარმოთქვამს სიტყვას, თითქოს რომელიღაც ამერიკულ საქონელს უკეთებდეს რეკლამას”, ქილიკობდნენ თერთმეტ მსაჯულზე და ეგოიზმში ამხელდნენ მათ. იმხანად “12 განრისხებული მამაკაცი” არავის შეუფასებია ისე, როგორც თუნდაც დღეს საუბრობს სურათზე ადვოკატი სევდია უგრეხელიძე:

[სევდია უგრეხელიძის ხმა] “ერთი ადამიანის მცდელობით მიიღწევა სამართლიანობა... თუნდაც ერთი ადამიანი თუ მოიძებნება, რომელიც ეჭვობს, რომელიც ცდილობს, რომელიც იღვწის...შედეგი აუცილებლად დადგება..”

სიდნეი ლიუმეტის ფილმმა კატასტროფული მარცხი განიცადა საბჭოთა კინოგაქირავებაში. ამერიკელებისგან განსხვავებით, ასეთ კინოს მაყურებელი მიჩვეული არ იყო. ტელევიზია ჯერ მხოლოდ შემოდიოდა ჩვენი მაყურებლის ცნობიერებაში, ამიტომ უმრავლესობისთვის გაუგებარი აღმოჩნდა სურათის ენა... რომ აღარაფერი ვთქვათ ფილმის იდეაზე. – სისტემა, რომელიც მასების მოძრაობასა და მასების კულტზე იყო აგებული, განსხვავებული აზრის მიმართ ასეთი დოზით თაყვანისცემას, ცხადია, ვერ აიტანდა. სისტემა, რომელმაც პარტიული კრებები და პარტიული “სასჯელები” დაამკვიდრა, უმცირესობის მნიშვნელობის ასეთი დოზით გაზრდას, უკეთეს შემთხვევაში, “რომანტიზმად”, “ზღაპრად” მიიჩნევდა. სხვათა შორის, ჰენრი ფონდას გმირიც ასე შეაფასეს – “ჰოლივუდის ზღაპრიდან მოვლენილი რომანტიკოსი”.

თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე ინგა თოდრია აღნიშნავს, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მიმართ ასეთი დამოკიდებულება საბჭოთა სისტემას არ შეუქმნია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთში ნაფიც მსაჯულთა ჟიურის აღდგენას შეეცადნენ, მაგრამ, ინგა თოდრიას აზრით, ეს, ფაქტობრივად, ფორმაშეცვლილი საბჭოთა სასამართლო აღმოჩნდა:

[ინგა თოდრიას ხმა] “თუ ანგლოამერიკული მოდელი ასეთია – დამნაშავეა თუ არა, მხოლოდ ამ კითხვაზეა პასუხი გასაცემი, ფრანგულ მოდელში არის ასეთი რაღაც – მსაჯულებისთვის კეთდება ნუსხა კითხვებისა... თან მიმანიშნებელი კითხვებია – ეს მოდელი აირჩია რუსეთმა... და, მართალია, ვერ მუშაობს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, მაგრამ იქ არის დიდი როლი მოსამართლის... მუმიფიცირებაა იმ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის, რომლითაც ამაყობს ამერიკა.”

მოსამართლეები კანონშემოქმედებაში მონაწილეობას არ იღებენ, მაგრამ ინგა თოდრია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამერიკული მოდელის შემოღებას მხარს უჭერს. ჩვენთან საუბარში იგი სიდნეი ლიუმეტის ფილმს იხსენებს და ამბობს, რომ “კანონი” არ არის დოგმა, რომელიც დროთა განმავლობაში არ იცვლება. ყოველი საქმე უამრავი ნიუანსით გამოირჩევა... ამ ნიუანსებით სწორედ საზოგადოებამ, კერძოდ კი, მისმა წარმომადგენლებმა, ნაფიცმა მსაჯულებმა, უნდა იმსჯელონ


[ინგა თოდრიას ხმა] “არის კატეგორია საქმეებისა, სადაც აუცილებელია არაპროფესიონალი. რატომ?.. თუ ჩვენ გვინდა მხოლოდ სტაბილურობა და კანონიერება, მაშინ, კი ბატონო, მივანდოთ ეს მოხელეებს, პროფესიონალ მოსამართლეებს, ეს უფლება მივანიჭოთ, რომ განსაჯონ, დასაჯონ და გამოიტანონ განაჩენი. მაგრამ თუ ჩვენ გვინდა აღმოვფხვრათ ისეთი სიტუაცია, რომ სასჯელი, რომელიც ჩვენ უნდა დავუნიშნოთ ვინმეს, გაცილებით უფრო სასტიკია, ვიდრე ეს დანაშაული, ვიდრე მან ჩაიდინა, ამ შემთხვევაში, ალბათ, საჭიროა."(სტილი დაცულია)

იმხანად, როცა საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსცენირებული სხდომები იმართება, 1956 წელს გადაღებული სიდნეი ლიუმეტის ფილმი სახელმძღვანელოდაც კი შეიძლება იქცეს ჩვენი საზოგადოებისთვის... აი, ახლა კი ჩვენშიც შეიძლება განხორციელდეს “თანაარსებობის ეფექტი” – გაუქმდეს დისტანცია ეკრანსა და მაყურებელს შორის და ჩვენმა მაყურებელმაც დაიჯეროს, რომ უმცირესობას არა მარტო აზრის გამოთქმის უფლება აქვს, უმცირესობა აძლიერებს კიდეც სამოქალაქო საზოგადოებას... მაშინაც კი, როცა თორმეტ კაცში მხოლოდ ერთი ადამიანი არაა გულგრილი.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG