Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგარიში 1:3, რომლითაც თბილისის დინამო 12 აგვისტოს შტრაჰოვის სტადიონზე პრაღის


ანგარიში 1:3, რომლითაც თბილისის დინამო 12 აგვისტოს შტრაჰოვის სტადიონზე პრაღის სლავიასთან დამარცხდა, მაყურებელთა შეფასებით, არალოგიკური შედეგი იყო.

მოგვიანებით, ჩეხების მწვრთნელმა იოზეფ ჩაპლარმა ქართველ კოლეგას – გია გეგუჩაძეს მადლობაც კი გადაუხადა მაღალი ხარისხის თამაშის გამო. ჩეხეთის მთავარი სპორტული გაზეთის შეფასებით, ქართველი ფეხბურთელები მატჩის 2/3-ს აკონტროლებდნენ.


(ისმის დინამოს გულშემატკივართა შეძახილები)

ეს შეძახილები 12 აგვისტოს პრაღაში, შტრაჰოვის სტადიონზე, თბილისის დინამოს თავდამსხმელის ლევან მელქაძის მიერ მე-12 წუთზე გატანილ გოლს მოჰყვა... თითებზე ჩამოსათვლელი ქართველი გულშემატკივარი 4327 მაყურებელში თავის ხმას მოედნამდეც ვერ აწვდენდა, მაგრამ მაინც ყვიროდა:

(ისმის თბილისის დინამოს გულშემატკივართა შეძახილები)

და ყვიროდა მერეც, როდესაც მოწინააღმდეგე გუნდმა პრაღის სლავიამ დინამოელების კარში ზედიზედ სამი გოლი გაიტანა. თუმცა მერე, ქართველების ხმა ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი ჩეხი გულშემატკივრის ემოციებმა საბოლოოდ გადაფარა:

(ისმის პრაღის სლავიას გულშემატკივართა შეძახილები)

წაგება ქართულ ფეხბურთს უკვე კარგა ხანია აღარ უკვირს, მაგრამ ამ კონკრეტული მატჩის საბოლოო ანგარიშს მაყურებელმა არალოგიკური უწოდა. უეფას თასის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი პრაღაში ერთგვარ სიურპრიზად იქცა. დინამოს სასარგებლოდ 1:0-ით დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ ქართველმა გულშემატკივრებმა სიამაყის გრძნობა მოიმარჯვეს:

(ქართველი გულშემატკივრის ხმა)

“პირველი ტაიმიდან გამომდინარე, ჩვენი გუნდი ძალიან კარგად თამაშობს. დიდი ხანია ქართველი ფეხბურთელების ასეთი კარგი თამაში არ გვინახავს. ერთმანეთში ვლაპარაკობდით, რომ, ნეტავ, მთელი საქართველო უყურებდეს ახლა ამ მატჩს.”

სხვათა შორის, ქართველების უპირატესობა 1 ტაიმის შემდეგ განაწყენებულმა ჩეხმა გულშემატკივარმაც აღიარა:

(ჩეხი გულშემატკივრის ხმა)

“დინამო თბილისის ფეხბურთელები სლავიას ფეხბურთელებთან შედარებით ბევრად უკეთესად თამაშობენ, თუკი ასე გააგრძელეს, თამაში თქვენი იქნება.”

თუმცა მეორე ტაიმის მე-60 წუთზე დანიშნულმა 11-მეტრიანმა დარტყმამ ბედისწერა სულ რაღაც 15 წუთით ჩეხების სასარგებლოდ შეაბრუნა და ეს დრო სავსებით საკმარისი აღმოჩნდა (ადაუტოს, პიტაკისა და კალივოდას მიერ) 3 გოლის გასატანად. მერე დინამოს ფეხბურთელებმა კიდევ ბევრჯერ გამოიჩინეს თავი, მაგრამ უკვე ვეღარაფერი გამოასწორეს.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პრაღის სლავიას მთავარი მწვრთნელი, დინამოს სიურპრიზებით საკმაოდ შეშინებული იოზეფ ჩაპლარი, ქართველების თამაშს გულწრფელად აქებდა:

(იოზეფ ჩაპლარის ხმა)

"მინდა მადლობა გადავუხადო დინამო თბილისის მწვრთნელს შესანიშნავი სამუშაოსა და თამაშის ასეთი მაღალი ხარისხისთვის. მე ეს ხარისხი არ გამკვირვებია – დინამო შესანიშნავი გუნდია, რომელსაც შეუძლია კარგი ფეხბურთის ჩვენება. სლავიას თამაში კი, პირველ ნახევარში, უბრალოდ, საშინელება იყო. უნდა ითქვას, რომ დინამოს მეორე ნახევარშიც ჰქონდა შესანიშნავი შესაძლებლობები, მაგრამ ჩვენ ისინი დროის გარკვეულ მონაკვეთში, მათთვის უჩვეულო, ძლიერი პრესის ქვეშ მოვაქციეთ და ამით გავახორციელეთ ჩვენი ტაქტიკური გეგმა."

იმავე პრესკონფერენციაზე თბილისის დინამოს მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ თამამად განაცხადა, რომ, მისი აზრით, დინამოელები წაგებას არ იმსახურებდნენ:

(გია გეგუჩაძის ხმა)

“ვფიქრობ, თამაში საინტერესო გამოვიდა. მინდა მივულოცო ჩეხებს ეს გამარჯვება. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ჩვენი ბიჭები, ალბათ, არ იმსახურებდნენ დამარცხებას. მთელი პირველი ტაიმი და მეორეს პირველი ნახევარი ისინი კარგად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. სულ რაღაც 15 წუთის განმავლობაში დაკარგეს ინიციატივა და ზღვეს კიდეც ამისათვის.”

12 აგვისტოს მატჩში ქართველების უპირატესობას მეორე დღეს ჩეხეთის მთავარი სპორტული გაზეთი “სპორტიც” ხაზგასმით აღნიშნავდა. თამაშის 2/3-ს თბილისის დინამოელები მართავდნენ და მოწინააღმდეგეს სამოქმედოდ მხოლოდ რამდენიმე წუთი დაუტოვეს, – წერს გაზეთი და ორივე გუნდის ფეხბურთელებს სათითაოდ აფასებს. საერთო ჯამში, თბილისის დინამოს პრაღის სლავიაზე ერთით მეტი ქულა ერგო.

გულშემატკივრებმა კარგად იციან, რომ თბილისის დინამომ ბელორუსიის ბატეს უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი წრის ორივე მატჩი მოუგო და მეორე წრეში სწორედ ასე გავიდა. თუმცა, დინამოელთა კაპიტნის გიორგი ნემსაძის შეფასებით, სლავია ბატეზე ბევრად ძლიერი გუნდია:

(გიორგი ნემსაძის ხმა)

იმისათვის, რომ დინამოელები მესამე ეტაპზეც გავიდნენ, მათ 26 აგვისტოს თბილისში განმეორებით მატჩში პრაღის სლავიას დამარცხება მოუწევთ. საჭირო ანგარიშიც უკვე გამოთვლილია - სულ ცოტა, 2:0, დინამოს სასარგებლოდ.

დინამოელთა ნახევარმცველს დავით კვირკველიას, რომელმაც ტრავმის გამო 12 აგვისტოს მატჩი გამოტოვა, სჯერა, რომ მისი გუნდი ამ ბარიერის გადალახვას შეძლებს:

(დავით კვირკველიას ხმა)

გულშემატკივრები მოგებას მოითხოვენ, ფეხბურთელები – ნამდვილ გულშემატკივრობას, მაგრამ რომელს რომელი უნდა მოსდევდეს, ამის გარკვევა საქართველოში ბევრს უჭირს. დავით კვირკველიას დაკვირვებით, ქართველი გულშემატკივარი ზედმეტად მომთხოვნია:

(დავით კვირკველიას ხმა)

გულშემატკივრებისგან მეტ მხარდაჭერას გია გეგუჩაძეც ითხოვს, თუმცა ის ზუსტად ხვდება, ძირითადად, რის სანაცვლოდ გასცემენ ხოლმე ქართველი ქომაგები თავის ემოციებს:

(გია გეგუჩაძის ხმა)

თბილისის დინამო ევროპაში ანგარიშგასაწევ გუნდად იქცეს – ასეთია მთავარ მწვრთნელად აპრილის ბოლოს დაინიშნული გია გეგუჩაძის მთავარი მიზანი:

(გია გეგუჩაძის ხმა)

და თუკი ეს სასწაული მართლაც მოხდა და თბილისის დინამოს სახელმა ისევ დაიქუხა, გულშემატკივართა ემოციები და ოვაციები მას ნამდვილად აღარ მოაკლდება.

(ისმის სიმღერა – თბილისის დინამოზე)
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG