Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ იგვიანებს საგადასახადო პროექტის პრეზენტაცია


გასულ კვირას საქართველოს მინისტრთა კაბინეტის მთავარ საზრუნავს, ცხინვალის რეგიონის პრობლემის შემდეგ, საგადასახადო კოდექსის პროექტის მომზადება წარმოადგენდა.

გასულ კვირასვე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო კოდექსის განხილვა 23 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე უნდა მომხდარიყო, მაგრამ 23 აგვისტოს მინისტრთა კაბინეტი არ შეკრებილა და, შესაბამისად, ჯერჯერობით საგადასახადო კოდექსის საბოლოო პროექტიც არსად ჩანს. რატომ იგვიანებს ახალი საგადასახადო კანონმდებლობის გამოქვეყნება საჯარო განხილვისთვის?

ორიოდე თვის წინ, საგადასახადო კოდექსის ახალი პროექტის ძირითადი პრინციპების პრეზენტაციისას, მთავრობა საზოგადოებას დაჰპირდა, რომ უახლოეს ხანებში კანონპროექტის ტექსტს საჯარო განხილვისთვის გამოაქვეყნებდა. ამ დანაპირების შესრულებას ფინანსთა სამინისტრო შეეცადა საკუთარ ვებსაიტზე კანონპროექტის ტექსტის გამოქვეყნებით, მაგრამ ეს ტექსტი იმდენად განსხვავებული აღმოჩნდა დეკლარირებული საგადასახადო ლიბერალიზაციის პრინციპებისგან, რომ პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია იძულებული გახდა ფინანსთა მინისტრის შემოქმედება მხოლოდ დისკუსიის მაპროვოცირებელ ნაბიჯად მოენათლა.

მას შემდეგ დაინტერესებული საზოგადოება, რომლის ძირითადი ნაწილი ბიზნესმენები და მცირე და საშუალო მეწარმეები არიან, მოუთმენლად ელის საგადასახადო კოდექსის პროექტის გამოქვეყნებას. მათ უმრავლესობას საგადასახადო კანონმდებლობის ლიბერალიზაცია, დაახლოებით, ასე წარმოუდგენია:

[ალეკო რუხაძის ხმა] ”კოდექსი უნდა იყოს გამარტივებული, ადვილად უნდა იკითხებოდეს და გასაგები ენით უნდა იყოს დაწერილი. კოდექსში ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული, თუ რა გადასახადებს იხდის ბიზნესმენი და არ უნდა იყოს ლავირების საშუალება, რაც საგადასახადო ინსპექტორს საშუალებას მისცემს ხელი შეუწყოს მეწარმეს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ...”

ეს იყო მომსახურების ბიზნესით დაკავებული მცირე მეწარმე ალეკო რუხაძე. როგორც ჩანს, მის მიერ დასახელებულ პრინციპებზე შეთანხმება ჯერჯერობით უჭირთ მინისტრთა კაბინეტის წევრებს. მთავრობაში კამათის საგანს ლიბერალურ საგადასახადო კოდექსად წოდებული კანონის მკაცრი წესები წარმოადგენს. ამაზე მიანიშნებს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე რომან გოცირიძეც:

[რომან გოცირიძის ხმა] ”მთავარი პრობლემა არის ის, თუ რამდენად იქნება განაწილებული პასუხისმგებლობის ტვირთი ხელისუფლებასა და გადამხდელს შორის. ვინაიდან კოდექსი ხდება მნიშვნელოვნად გამარტივებული, ლიბერალური და ბევრი გადასახადები უქმდება, მისი სულისკვეთება არის ის, რომ გადასახადების შემცირებასთან ერთად გამკაცრდეს ადმინისტრირება. თუმცა მე პირადად მგონია, რომ ადმინისტრირების ზედმეტად გამკაცრება მაინცდამაინც არ არის მიზანშეწონილი.”

ახლა მთავრობა ოქროს შუალედის ძიებითაა დაკავებული და, თუ ეს შუალედი ვერ იპოვა, პარლამენტში საგადასახადო კოდექსის განხილვისას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებიც კი წინააღმდეგობის გაწევით იმუქრებიან.

მათ გარდა, ახალი საგადასახადო კოდექსის მიღების კიდევ ერთ შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდსაც, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს საგადასახადო რეფორმა არა უცებ, არამედ სამი წლის მანძილზე განახორციელოს. ეს რეკომენდაცია, რომან გოცირიძის განცხადებით, არ წარმოადგენს აუცილებელ მკაცრ პირობას სავალუტო ფონდის პროგრამების გასაგრძელებლად. შესაბამისად, ის არც ახალი საგადასახადო კოდექსის მიღებას შეაფერხებს, თუ მთავრობის შიგნით საგადასახადო კოდექსის კონცეპტუალურ საკითხებზე შეთანხმება დროულად მოხერხდა.
XS
SM
MD
LG