Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული კულტურა და კადრების დეფიციტი


საქართველოში ხელოვნების უმაღლესი სასწავლებლები არა განათლების, არამედ კულტურის სამინისტროს ეკუთვნის. თუმცა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, კონსრევატორიაში,

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, ისევე როგორც ყველა სხვა უმაღლეს სასწავლებელში, პირველ სექტემბერს სწავლა არ დაიწყება. ხელოვნების სასწავლებლების რექტორატს ჯერ კიდევ რჩება დრო მოაგვაროს პრობლემები, რომელთა შორის, ჩემი აზრით, მთავარი ტექნიკური ბაზის გაუმართავობაა. ამავე დროს, ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ სპეციალისტები ქართულ კულტურაში პროფესიული კადრების დეფიციტზეც ალაპარაკდნენ.

გია ბუღაძე, რომელიც სამხატვრო აკადემიის რექტორად “ვარდების რევოლუციის” შემდეგ აირჩიეს, წელს მისაღებ გამოცდებზე სკანდალებს ვერ გადაურჩა. აკადემიის რექტორს დაუპირისპირდნენ სტუდენტური ფორუმის წევრები, რომლებმაც მხატვარი კორუფციაში დაადანაშაულეს. მერე კი თავად გია ბუღაძე ალაპარაკდა კორუფციაზე სამხატვრო აკადემიაში. ზაფხულში აკადემიის ახალ ხელმძღვანელობასა და ზოგიერთ ლექტორს შორის დაპირისპირება იმდენად გამწვავდა, რომ მისაღები გამოცდები კინაღამ ჩაიშალა. კულტურის სამინისტრომ იმხანად ნეიტრალური პოზიცია დაიკავა. მინისტრი გიორგი გაბაშვილი აღნიშნავდა, რომ, კულტურის უმაღლესი სასწავლებლების დებულების თანახმად, პრობლემები თავად სამეცნიერო საბჭოსა და რექტორატის წევრებმა უნდა მოაგვარონ:

[გიორგი გაბაშვილის ხმა] “ჩვენ ვერ ჩავერევით ლექციის შინაარსში, რომელსაც წაიკითხავენ თეატრალურ ინსტიტუტში, მაგრამ ჩვენ, რასაკვირველია, ვერევით და ეს ჩვენ გვევალება, კორუმპირებული ლექტორატის საკითხი როცა ისმება, მაშინ ჩავერევით, საამისო ჩარევის მექანიზმებიც, ქმედითი ბერკეტები, ზოგ შემთხვევაში გვაქვს, ზოგ შემთხვევაში - არა.”(სტილი დაცულია)

თეატრალურ ინსტიტუტში, რომელსაც ახლა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი ჰქვია, ისევე როგორც თბილისის კონსევატორიაში, მისაღებმა გამოცდებმა შედარებით უმტკივნეულოდ ჩაიარა. რევოლუციის შემდეგ ამ სასწავლებლების ხელმძღვანელობა არ შეცვლილა, შესაბამისად, “ძველი” და “ახალი” ერთმანეთს არ დაპირისპირებია. თუმცა ახალი ხალხი აქაურ დირექციაშიც მოვიდა. მაგალითად, თეატრმცოდნე ლევან ხეთაგური, რომელიც საუბრობს არა მარტო ინსტიტუტის გაუმართავ, მოძველებულ ტექნიკურ ბაზაზე, არამედ უფრო სერიოზულ პრობლემაზე – პროფესიული კადრების დეფიციტზე:

[ლევან ხეთაგურის ხმა] “რამდენიმე წელიწადში სერიოზული პრობლემა დაგვიდგება კულტურის სფეროში მოღვაწე კადრებთან დაკავშირებით... ბოლო 12, 14 წლის განმავლობაში ვერც ერთი სახელოვნებო სფერო ვერ იტყვის იმას, რომ ჩვენ ვუშვებთ კვალიფიციურ კადრებს...”

კვალიფიციური კადრების მოუმზადებლობის მიზეზი ის არაა მხოლოდ, რომ იმავე თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტს, მაგალითად, სამონტაჟოები, კამერები, კომპიუტერები აკლია. საქართველოში უკვე იგრძნობა ხელოვნების სფეროში დასაქმებული კვალიფიციური პედაგოგოგების დეფიციტიც. რეჟისორები, მსახიობები, მხატვრები, მუსიკოსები, რომლებმაც 60-იან, 70-იან წლებში ქართული კულტურა ააღორძინეს, ან ცოცხლები აღარ არიან, ან საქართველოში აღარ მოღვაწეობენ. თეორიულად შესაძლებელია, რომ გია ყანჩელმა თბილისის კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტს უხელმძღვანელოს, მოსკოვში გადახვეწილმა ლევან პაატაშვილმა ქართველი ოპერატორების ახალი თაობა აღზარდოს, ოთარ იოსელიანი ქართულ კინოსკოლას დაუბრუნდეს და მომავალ რეჟისორებს თუნდაც კინომონტაჟის საფუძვლები ასწავლოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამის არც ნებაა და არც ფული. მსოფლიო კულტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. კულტუროლოგები დღეს იკვლევენ გენდერულ პრობლემებს, სწავლობენ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციფიკას, საბაზრო ეკონომიკის პირობებში მნიშვნელოვანი ხდება კულტურის მენეჯმენტის სფერო, მაგრამ, მცირე გამონაკლისის გარდა, ხელოვნების უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროგრამა არ იცვლება. ლევან ხეთაგურის თქმით, საბჭოთა ეპოქაში დამტკიცებული ეს პროგრამა აბიტურიენტებისგან რუსული ენის ცოდნას მოითხოვს:

[ლევან ხეთაგურის ხმა] “ჩვენ დღეს გვყვავს 90 პროცენტი სტუდენტებისა, რომლებმაც არ იციან რუსული ენა... ლიტერატურის 99 პროცენტი კი დღემდე გვაქვს რუსულ ენაზე... უნდა მოვახერხოთ ის, რომ სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე ითარგმნოს... კინოს ისტორია იქნება ეს თუ მუსიკის ისტორია, ქართულ ენაზე უნდა გამოიცეს.”

ასეა თუ ისე, ხელოვნების უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტობა საქართველოში კვლავ პრესტიჟულად მიიჩნევა. ერთი რამ შეიცვალა მხოლოდ – მოდაში დღეს რუსული კი არა, ინგლისურია.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG