Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მიმოხილვა, 19 სექტემბერი


პირველი რუსული ბლოგბასტერის, “ღამის გუშაგის”,

ავტორებს - მწერალ ლუკიანენკოს, კონორეჟისორ მეკმამბეტოვსა და პროდიუსერ ერნსტს, ეტყობა, მართლაც, უმართლებთ – 8 ივლისიდან, როცა მოსკოვში ფილმის პრემიერა გაიმართა, დღემდე “ღამის გუშაგმა” ამ ხალხს 15 მილიონი დოლარის მოგება მოუტანა. “ღამის გუშაგი” უკვე ხუთმა მილიონმა მაყურებელმა ნახა, რაც, რა თქმა უნდა, ჩამოუვარდება საბჭოთა კინოგაქირავების სარეკორდო მაჩვენებელს – ას მილიონს (სწორედ ასმა მილიონმა მაყურებელმა ნახა თავის დროზე ვლადიმირ მენშოვის ფილმი “მოსკოვს ცრემლის არ სჯერა”), მაგრამ “პერესტროიკის” შემდეგ ასეთ წარმატებას ჯერ ვერც ერთმა რუსმა კინემატოგრაფისტმა ვერ მიაღწია... “ღამის გუშაგის” ავტორები ამაყობენ, რომ ფილმის პრემიერას გამოეხმაურა “ვაშინგტონ პოსტი” და “დერ ველტი”, რომ “ნიუ-იორკ თაიმსმაც” კი აღიარა, რომ რუსულმა ფილმმა კინოგაქირავებას უფრო მეტი შემოსავალი მოუტანა, ვიდრე ფილმებმა - “ადამიანი-ობობა” და “ტროა”.

ასეთ წარმატებას რუსეთშიც არ ელოდნენ. “ღამის გუშაგი” ზაფხულში გამოვიდა ეკრანებზე. ზაფხული კი კინოსათვის მთელ მსოფლიოში “მკვდარ სეზონად” ითვლება – პროდიუსერები, როგორც წესი, უარს ამბობენ ხოლმე თავიანთი ფილმების “საზაფხულო პრემიერებზე”... მიუხედავად იმისა, რომ ფილმის სარეკლამო რგოლი რამდენიმე თვე ტრიალებდა რუსეთის ტელევიზიის პირველ არხზე( ე.ი. სურათის პროდიუსერის კონსტანტინ ერნსტის არხზე! ), განა წარმოიდგენდა ვინმე, რომ რუსული ფილმი “ბეჭდების მბრძანებელზე” უფრო შემოსავლიანი გახდებოდა.

წესით და რიგით, “ღამის გუშაგის” ავტორებს პირველი სერიოზული მარცხი საქართველოში უნდა ეწვნიათ. თბილისში ახალ რუსულ ფილმებს იშვიათად უჩვენებენ, ... ალბათ, იმიტომაც, რომ “პოტენციური მაყურებლები”, ე.ი. თინეიჯერები, რბილად რომ ვთქვათ, ვერ ერკვევიან რუსული ენის ნიუანსებში, ზოგმა კი საერთოდ არ იცის რუსული. გარდა ამისა, პირველი რუსული ბლოგბასტერის პრემიერა რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობის მორიგ გამწვავებას დაემთხვა... და, როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ არ ჩამოვიდნენ “ღამის გუშაგის” თბილისურ პრემიერაზე სურათის ავტორები, მიუხედავად დაპირებისა... წარმოიდგინეთ მათი რეაქცია, ქართველები დამპალი პომიდვრებით რომ შეიარაღებულიყვნენ უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე წარმატებული რუსული ფილმის პრემიერაზე, ფილმისა, რომელშიც “ნათელი ძალა” წარმატებით დაიხსნის სამყაროს ვამპირებისგან, კუდიანებისგან, ბოროტი ჯადოქრებისგან... ფილმისა, ღიად რომ უწევს რეკლამას იმ საქონელს, რომლის შემომტანი რუსულ ბაზარზე, როგორც ჩანს, “წილშია” სურათის ავტორებთან – მობილურ ტელეფონებს და ყავას “ნესკაფე”. საერთოდ, “ღამის გუშაგი” უფრო გრანდიოზულ სარეკლამო კლიპს ჰგავს, ვიდრე მხატვრულ ფილმს – მსახიობები ისე თამაშობენ, როგორც სარეცხი ფხვნილის რეკლამაში; გადაღების ტექნიკა, სპეცეფექტები - ყველაფერი რუსული ტელეარხის, “ორტეს”, სტილშია, სწორედ იმ ტელეარხისა, რომელიც სექტემბრის დასაწყისში საქართველოს მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა.

ყველანაირი ლოგიკის მიხედვით, ერთი დამპალი პომიდორი მაინც უნდა გვენახა “ღამის გუშაგის” პრემიერაზე. მაგრამ ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ არა მარტო ქართველების მიმართ რუსების დამოკიდებულება არ ემორჩილება არანაირ ლოგიკას, პირიქითაც იგივე ხდება ხოლმე...

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ქართველებს უყვართ რუსები, ქართველებს არა აქვთ რუსების მიმართ არანაირი მტრული გრძნობა და ეს არის ჩვენი სიძლიერე.”

“ქართველებს უყვართ რუსები” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზეთის დეპუტაციასთან შეხვედრის დროს, განაცხადა სწორედ მაშინ, როცა “ცივი ომი” რუსეთსა და საქართველოს შორის კინაღამ “ცხელ ომში” გადაიზარდა. ეს არ უნდა ყოფილიყო დიპლომატიური განცხადება. ყოველ შემთხვევაში, ქართველებს რუსები რომ უყვართ – ამას დედაქალაქის კულტურული ცხოვრებაც ადასტურებს. რადიო “თავისუფლების” არქივში “რუსულ-ქართული რომანის” ამსახველი უამრავი მასალა მოგვეპოვება.

[ხმა “რაშენ პართი”]
“იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პროექტი ისეთივე ხანგრძლივი იქნება, როგორც ჩვენს ხალხთა შორის მეგობრობა,” – აღნიშნავდნენ “ვარდების რევოლუციამდე” ეგრეთ წოდებული “რაშენ პართის” ავტორები. – იმ საღამოს ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა არაერთი სიმღერა შეასრულეს რუსულ ენაზე... იმღერეს პოპულარული რუსული ჰიტებიც, რომელსაც რუსი კინემატოგრაფისტები განუწყვეტლივ რთავენ თავიანთ ფილმებში იმისთვის, რომ ახალგაზრდობა კინოში, რუსული ფილმების სანახავად მიიზიდონ.

[ხმა. მუსიკა]

მოგების თვალსაზრისით, “ღამის გუშაგმა” გაუსწრო რუსული კინოგაქირავების ლიდერს, ფილმს “ძმა-2”, რომლის მუსიკასაც ახლა ისმენთ. რეჟისორ ბალაბანოვის ამ სურათში ჩართული სიმღერები ზეპირად იციან რუსმა ახალგაზრდებმა, მათ შორის, პროფაშისტურად განწყობილმა თმაგადაპარსულებმაც, რომლებიც “კავკასიელებზე” ნადირობენ და რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის შეთქმულებაზე გაჰყვირიან. 3 წლის წინ, როცა “ძმა-2” ეკრანებზე გამოვიდა, რუსული ლიბერალური პრესა შეშფოთებას ვერ მალავდა – რუსულ კინოში ისევ დაიწყო საუბარი “დაკარგული რუსეთის დაბრუნებაზე”, ისევ გამოჩნდნენ გენერალისიმუსისა და მისი ერთგული ჯარისკაცების პროტოტიპები, ისევ დაიწყო ქილიკი უცხოელზე, რომელსაც “ივანუშკა დურაჩოკი”, დღეს თუ არა ხვალ, აუცილებლად გაუსწორდება – მოსკოვშიც, ჩეჩნეთშიც, ვაშინგტონშიც კი... ყველგან, სადაც რუსეთის დაჩოქებას შეეცდებიან... ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ დღეს სწორედ რუსულ კინოში ვლინდება ყველაზე ნათლად არასრულფასოვნების კომპლექსი, რომელიც რუსულ კულტურას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაუმძაფრდა.

[ლაშა ბაქრაძის ხმა] “რუსულ კინოში მკვიდრდება უცხოელის სახე, რომელიც ვერ იგებს რუსებს და ჩვენ და რუსებს ამაზე გვეცინება...”

“ღამის გუშაგში”, რომელსაც თითქმის ანშლაგით უჩვენებენ კინოთეატრ “რუსთაველში”, ჩეჩნებს, ქართველებს თუ დასავლეთის ქვეყნების სპეცსამსახურების აგენტებს ვერ იხილავთ. აქ მხოლოდ ჯადოქრები და ვამპირები მოქმედებენ. თუმცა დღევანდელი რუსული კინოს ტენდენცია უცვლელია – ეკრანზე არ რჩება ადგილი ნახევარტონებისთვის... ომს “სინათლე” და “სიბნელე” აწარმოებს... ამ ომში მხოლოდ ქერათმიან რაინდს, იმავე “სინათლეს” შეუძლია გამარჯვება... და, აბა, როგორ შეიძლება არ აგაღელვოს ამ ომმა... ისე აგაღელვოს, რომ დაგავიწყდეს: ბილეთი, რომელიც ამ რუსული ფილმის სანახავად ვიყიდეთ, ასე თუ ისე, კიდევ უფრო გაამდიდრებს ანტიქართულად განწყობილი ტელეარხის მესვეურებს, ე.ი. “ღამის გუშაგის” დამფინანსებლებს.

მაგრამ მიხეილ სააკაშვილის სიტყვებისა არ იყოს, სიყვარულია “ჩვენი სიძლიერე”... “სიყვარულის ეფექტი” კი თვალსაჩინოა: ამ კვირაში ასტანაში, თანამეგობრობის ქვეყნების პრეზიდენტთა შეხვედრაზე, ვლადიმირ პუტინმა არა რუსული, არამედ ქართული ფილმის ციტირებას მიმართა:

[ხმა. პუტინი]: “ეკონომიკური და, მით უმეტეს, სამხედრო ზეწოლით პრობლემებს ვერ გადავწყვეტთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ის გზა არ არის, რომელიც ტაძრამდე მიგვიყვანს.”

დიახ, ვლადიმირ პუტინმა თენგიზ აბულაძის ფილმი “მონანიება” გაიხსენა – ფილმი-იგავი, რომელშიც ასევე არაა ნახევარტონები... არის მხოლოდ ეზოპეს ენა – იმ საზოგადოების ენა, რომელშიც სულიერი მონობა სუფევს. ხშირია, როცა ეს საზოგადოება მოვლენას სახელს უცვლის და “მონობას” – “სიყვარულს” უწოდებს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG