Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რთვლის ზეიმი კახეთში მევენახეებს პრობლემებს ვერ ავიწყებს


კახეთში, საქართველოს ღვინის სამშობლოში, სასწავლო წლის დაწყება და რთველი ერთმანეთს დაემთხვა. გადატანილი სეტყვის, გვალვებისა და უხარისხო

შხამქიმიკატების მიუხედავად, მევენახეები, საერთო ჯამში, წელს ყურძნის კარგ მოსავალს ელიან. თუმცა ზოგიერთი გლეხი შიშობს, რომ მოსავლის დიდ ნაწილს ღვინის ქარხნები უწინდებურად ისევ ძალიან დაბალ ფასში ან საერთოდ არ შეისყიდიან, რის გამოც რთვლის სიხარულს სევდიანი განწყობაც დაჰყვება.


[გათენების ხმაური]

კისისხეველი თამაზ ზაალიშვილი ვენახში ყოველ სისხამ დილით მიდის. ტრადიციული მევენახის ოჯახში გაზრდილი ბატონი თამაზი წელს კარგ მოსავალს ელოდება, თუმცა განიცდის იმათ მდგომარეობას, ვისაც ვაზი სეტყვამ და გვალვამ გაუნადგურა.

[თამაზ ზაალიშვილის ხმა]

სხვებთან შედარებით, მოსავალს არც გიორგი ლაზარიაშვილი ემდურის. მან ამ დღეებში 3 ტონა ყურძენი უნდა მოკრიფოს, მაგრამ თადარიგიანი მევენახე აქედანვე იწყებს იმაზე ფიქრს, თუ რა იქნება მომავალში. გიორგი ლაზარიაშვილს აწუხებს ის, რომ წლების განმავლობაში არ მოხერხდა საქართველოში ხარისხიანი შხამქიმიკატების დამზადება, რის გამოც ყურძნის მოსავალი კლებულობს.

[გიორგი ლაზარიაშვილის ხმა]

ნავთობზე ფასის აწევის გამო კახელ გლეხებს წლეულს საწვავის შესყიდვაც გაუჭირდათ, რის გამოც ზოგმა მიწის დახვნა ვერ მოახერხა, ზოგმა კი - მოსავლის აღება. არადა, კისისხეველმა შაქრო ზაალიშვილმა ნახირი გაყიდა ტრაქტორის შესაძენად, რათა თანასოფლელებს მომსახურებოდა და პურის ფულიც ეშოვა.

[შაქრო ზაალიშვილის ხმა]

თუ გვალვას, სეტყვას, უხარისხო შხამქიმიკატებსა და უსაწვავობას გადაურჩნენ, შემდეგი პრობლემა ყურძნის გაყიდვაა. თამაზ ზაალიშვილის თქმით, გლეხებმა რთვლის დაწყების წინაც კი არ იციან, თუ რა ფასი დაედება და ჩაიბარებენ თუ არა ყურძენს ღვინის ქარხნები.
[თამაზ ზაალიშვილის ხმა]

კახეთის ტერიტორიაზე განლაგებული 10-მდე ღვინის ქარხანა კერძო საკუთრებაშია და მათ მფლობელებს ხელისუფლება ვერ დაავალდებულებს ჩაიბარონ ყურძენი იმ ფასად, რაც გლეხებს აწყობთ. თუმცა თელავის რაიონის გამგებელი გოჩა მამაცაშვილი დარწმუნებულია, რომ ყურძენზე მოთხოვნა არსებობს და მოსავალი გლეხებს არ გაუფუჭდებათ.

[გოჩა მამაცაშვილის ხმა]

თუ ეს პროგნოზები არ გამართლდა და, ადგილობრივი ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, ღვინის ქარხნებმა არ შეისყიდეს წლევანდელი ყურძნის მოსავალი, კახელ გლეხებს ერთი გამოსავალიღა რჩებათ:

[თამაზ ზაალიშვილის ხმა]

ჩემს თანამოსაუბრეს არ დავიწყებია, დაეზუსტებინა, რომ ლაპარაკია ჭარბ ღვინოზე, რომელიც იმაზე მეტია, რაც გლეხკაცს მოსავლიდან მოსავლამდე ჭირისა თუ ლხინის სუფრაზე სჭირდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG