Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მრავალხმიანობა – მშვიდობას ნიშნავს


27 სექტემბერს თბილისში დაიხურა ტრადიციული მრავალხმიანობის მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც წელს საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით და

იუნესკოს ეგიდით ჩატარდა. სიმპოზიუმი დაიხურა, მაგრამ მისი სტუმრები საქართველოში რჩებიან. 28 სექტემბერს გურიაში ქართული ხალხური სიმღერის პირველი საერთაშორისო ფესტივალი ისხნება. ფესტივალის დასკვნითი კონცერტი 30 სექტემბერს დაბა ურეკში მოეწყობა.

[მუსიკა]

ეს გახლავთ ფრაგმენტი ტრადიციული მრავალხმიანობის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმის საზეიმო კონცერტისა, რომელიც 2002 წელს ჩატარდა თბილისში. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა ქართული სიმღერები შეასრულეს, თუმცა საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა არა იმდენად ამ კონცერტს, რამდენადაც ხალხური პოლიფონიისაადმი მიძღვნილ სიმპოზიუმს. მეორე სიმპოზიუმის გახსნაზე ამ პროექტის სულმა და გულმა, ანზორ ერქომაიშვილმა, აღნიშნა, რომ სწორედ პირველი სიმპოზიუმის წარმატებამ განაპირობა იუნესკოს აქტიური დაინტერესება ქართული ხალხური მუსიკით და წლევანდელ სიმპოზიუმზე მსოფლიოში ცნობილი მეცნიერების ჩამობრძანება:

[ანზორ ერქომაიშვილის ხმა] “პირველი სიმპოზიუმის შემდეგ დიდი ძვრა მოხდა – თბილისის კონსერვატორიაში დაფუძნდა მრავალხმიანობის საერთაშორისო კვლევის ცენტრი... თუ ადრე უცხოეთი მხოლოდ კონცერტებზე გამოხატავდა თავის აღტაცებას, დღეს ეს მუსიკოსები ჩამობრძანდნენ ჩვენთან იმისთვის, რომ შეისწავლონ ქართული პოლიფონია...”

სამეცნიერო სესიებში ამჯერად მონაწილეობა მიიღეს 16 ქვეყნის მეცნიერებმა, მათ შორის, ამერიკელმა ფოლკლორისტმა და ეთნომუსიკოლოგმა იზალი ზემცოვსკიმ, რომელმაც კონსერვატორიაში, ფესტივალის საზემო გახსნაზე, აღნიშნა:

[იზალი ზემცოვსკის ხმა] “რა გინდა თბილისში ასეთ მშფოთვარე დროში; საერთოდ, რატომ იკვლევ საქართველოს, ვერ დაეტევი შენს კალიფორნიაში? ასეთ კითხვებს როცა მისვამენ, მოკლედ ვუპასუხებ ხოლმე: “მიყვარს საქართველო”.… ისინი გაოცებულები მიყურებენ და მეკითხებიან: განა ეს მიზეზია იმისთვის, რომ იქ წახვიდე?”

[ხმა. მუსიკა]

მაგრამ მრავალხმიანობის შემსწავლელი მეცნიერები თბილისში მხოლოდ და მხოლოდ ქართული სიმღერისა და საქართველოს სიყვარულმა არ ჩამოიყვანა. ტრადიციული მრავალხმიანობის სიმპოზიუმზე უამრავმა ჩვენმა თანამოქალაქემ პირველად შეიტყო, რომ მრავალხმიანობა არსებობს არა მარტო ქართულ და, დავუშვათ, კორსიკულ სიმღერაში – მრავალ ხმაში მღერიან ბულგარეთშიც, ალბანეთშიც, ლიტვაშიც; უფრო მეტიც, ცნობილია მრავალხმიანობა აფრიკის ზოგიერთი ტომის მუსიკაშიც. ამ თვალსაზრისით, უაღრესად საინტერესოა იმავე იზალი ზემცოვსკის სამეცნიერო ნაშრომის კონცეფცია: ამერიკელი მეცნიერი ამტკიცებს, რომ მრავალხმიანი სიმღერა უნდა განიხილებოდეს არა მხოლოდ როგორც “მრავალთაზროვნება”, ე.ი. მუსიკალური დიალოგი, რომელიც ყველა მხარეს უნარჩუნებს დამოუკიდებლობას.… ზემცოვსკის აზრით, “მრავალხმიანობა” – “მრავალთქცევაცაა”, ერთგვარი “კოლექტიური შემოქმედება”, როცა ცალკეული იცვლება დიალოგში და, ამავე დროს, ინარჩუნებს დამოუკიდებლობას. როგორც ჩანს, ამერიკელი მეცნიერის კონცეფციას სიმპოზიუმის ორგანიზატორებიც იზიარებენ – მათ შორის, კონსერვატორიის რექტორი მანნა დოიჯაშვილი:

[მანანა დოიჯაშვილის ხმა] “მე ღრმად მწამს, რომ ის განძი, რომელიც ჩვენამდე მოუტანიათ ჩვენს წინაპრებს, თაობიდან თაობაში კვლავაც გადავა და უფრო გაბრწყინდება.”

[მუსიკა.]

“თაობიდან თაობაში” გადასული განძის “გაბრწყინება” თავისთავად ნიშნავს “მრავალთქცევას”. მრავალხმიანობის მეორე სიმპოზიუმი უფრო მასშტაბურად ჩატარდა, ვიდრე პირველი – თბილისში მეცნიერიც უფრო მეტი ჩამოვიდა და მუსიკოსიც. “მრავალთქცევის” პროცესი დაწყებულია.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG