Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესაში ისევ აქტუალურია საქართველოში არსებული კონფლიქტების თემა. გარდა ამისა


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის პრესაში ისევ აქტუალურია საქართველოში არსებული კონფლიქტების თემა. გარდა ამისა, განსჯის საგანს წარმოადგენს საქართველოსადმი რუსეთის დამოკიდებულების საკითხი.


როგორც ცნობილია, გაეროს გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. ნიუ-იორკში იგი შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კოლინ პაუელს.

როგორც 24 სექტემბრის გაზეთი “კომერსანტი” წერს, “ბატონებმა ლავროვმა და პაუელმა აგრეთვე განიხილეს რეგიონალური კონფლიქტების მოწესრიგების პრობლემა, პირველ რიგში კი, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური პრობლემები. “კომერსანტის” ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა მიანიშნა თანამოსაუბრეს, რომ ვაშინგტონმა საქართველოს ხელმძღვანელობას ურჩია, ეკონომიკურ რეფორმებს მოახმაროს ძალისხმევა და არა იმის მცდელობას, რომ ნებისმიერ ფასად და უმოკლეს ვადებში აღადგინოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ვაშინგტონის აზრით, აუცილებელია შემუშავდეს პოლიტიკური მექანიზმი, რომლითაც მოხერხდება კონფლიქტების მოწესრიგება ისე, რომ არ შეიქმნას დაძაბულობა მოსკოვსა და თბილისს შორის.”

რაც შეეხება თვალსაზრისს ეკონომიკისა და პოლიტიკის ურთიერთკავშირზე. 28 სექტემბრის “გაზეტა სნგ”-ს თქმით, “რუსეთს ჰქონდა შესაძლებლობა შეესყიდა პრაქტიკულად ყველა მსხვილი ობიექტი საქართველოს ტერიტორიაზე.”

გაზეთი წერს: “თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი გულითადად ეპატიჟებოდა რუსეთის ბიზნესმენებს. მიდიოდა მოლაპარაკება ბათუმის პორტის ყიდვაზეც კი, რაც რუსეთის უკიდურეს დაინტერესებას იწვევდა. მაგრამ ქართულ-სამხრეთოსური კონფლიქტის გამწვავებამ ბოლო მოუღო ამ გეგმებს. არადა, თუ იმ დროისთვის ყველა უმნიშვნელოვანესი ობიექტი რუსეთის ხელში იქნებოდა, მაშინ, როგორც ამას ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, თავად კონფლიქტი, შესაძლოა, აღარც იარსებებდა.”

ერთი კვირის წინანდელ მიმოხილვაში ჩვენ გაგაცანით ნაწყვეტი პოლიტოლოგ მიგრანიანის წერილიდან, რომელიც გაზეთ “იზვესტიაში” დაიბეჭდა. 22 სექტემბრის ნომერში კი გამოქვეყნდა ცნობილი პოლიტოლოგისა და ჟურნალისტის ლეონიდ რადზიხოვსკის საპასუხო წერილი, სათაურით “ქართველოფობია, ანუ ორმაგი სტანდარტების ეტალონი”.

რადზიხოვსკი, კერძოდ, წერს: “საქართველოს ინტერესი - ქვეყნის მთლიანობის აღდგენაა, რუსეთის ინტერესი - ესაა კავშირი საქართველოსთან ტერორისტების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მიზნით. ვარიანტი ასეთია: რუსეთი წყვეტს სეპარატიზმის მხარდაჭერას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იმ პირობით, რომ იარსებებს ამ რესპუბლიკების ეთნიკური წმენდისგან დაცვის გარანტია. ეს, სხვათა შორის, ნიშნავს, რომ იქ აღდგება საქართველოს კანონებისა და ხელისუფლების მოქმედება (რასაკვირველია, საქართველოს სახელმწიფოს არა უნიტარულ, არამედ ფედერაციულ რეჟიმში), მაგრამ წესრიგისა და აფხაზების, ოსებისა და ქართველების უფლებების დაცვის გარანტად იქცევა რუსული ჯარი (ასევე, სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ნატოს, აშშ-ის, დსთ-ის ჯარები იყოს).

ლეონიდ რადზიხოვსკის თქმით, “ასე იშლება სივრცე რეალური პოლიტიკისთვის ამიერკავკასიაში, დღევანდელი უაზრო დუნე კინკლაობის ნაცვლად. კავშირი საქართველოსთან მკვეთრად აძლიერებს რუსეთის პოზიციებს კავკასიაში. შეუძლებელია, რომ ეს კავშირი ანტიამერიკული იყოს. ფაქტობრივად, საუბარია სამმხრივ კავშირზე, იმაზე, რომ საქართველო იქცეს რუსეთისა და აშშ-ის არა გამთიშველ, არამედ შემაკავშირებელ ქვეყნად.”
XS
SM
MD
LG