Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


560-ე გამოშვება.


ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 560-ე გამოშვებას. დღეს გესაუბრებით ახალი საგადასახადო კოდექსის კანონპროექტზე; მოგითხრობთ არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციაზე თამბაქოს მოხმარების პრობლემისადმი; თქვენს ყურადღებას გავამახვლებთ ქართულ ოჯახებში აგრესიის მატების ფენომენზე; ვისაუბრებთ აგრეთვე ნობელის პრემიასა და მის წლევანდელ ლაურეატებზე; გადაცემას დავასრულებთ სიუჟეტით ფრედერიკ ოგიუსტ ბარტოლდიზე - თავისუფლების ქანდაკების ავტორზე.
პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.


ახალი საგადასახადო კოდექსის კანონპროექტის შეფასებები

ბიძინა რამიშვილი:
საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსის მიმართ საკმაოდ ბევრი შენიშვნა აქვთ მეწარმეებს, ექპერტებს, ეკონომისტებს...შესაძლოა, იმდენივე და უფრო მეტი მოცულობისაც იმასთან შედარებით, რასაც თვითონ ეს 145-გვერდიანი დოკუმენტი შეიცავს.
ჩვენი თბილისელი კოლეგა გიორგი კაკაბაძე შეეცადა იმის გარკვევას, თუ, ერთი მხრივ, რითაა გამოწვეული ბიზნესმენებისა და სპეციალისტების შენიშვნები და, მეორე მხრივ, რა დადებითი სიახლეებია ჩადებული ახალი საგადასახადო კოდექსის კანონპროექტში.

გიორგი კაკაბაძე:
მცირე და საშუალო სავაჭრო-სამრეწველო მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარე ნინო მამუკელაშვილი მონაწილეობდა ახალი საგადასახადო კოდექსის საპარლამენტო განხილვაში, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ გუდაურში გაიმართა. ქალბატონი ნინო პრინციპში იზიარებს ეკონომიკის ექსპერტის ზურაბ ხარატიშვილის მიერ ამ შეხვედრაზე გამოთქმულ შეფასებას, რომ ახალი კოდექსი ესაა “ერთი ნაბიჯი წინ და ორი ნაბიჯი უკან”. ამასთან თავად ბიზნესმენსაც არა ერთი შენიშვნა აქვს ახალი დოკუმენტის მიმართ. მაგალითად ის, რომ კოდექსის ბევრი მუხლი მეტად ბუდოვნადაა დაწერილი, რაც, მისი თქმით, არა ერთ კონფლიქტურ სიტუაციას შექმნის.

[მამუკელაშვილის ხმა]“იქ არის ერთ-ერთი პუნქტი, რომ საგადასახადო ინსპექტორის შემოსვლის დროს თუ არაკორექტულად მოიქეცი, -ასე ვიტყოდი მოკლედ, - მას შეუძლია დაგაჯარიმოს ათასი ლარით. მაგრამ ვინ იქნება ამის მოწმე, ვინ ვის დაუჯერებს, სასამართლო ინსპექტორს თუ მეწარმეს? აი, ეს ძალიან რთულადაა გადმოცემული კოდექსში”.

სხვა არერთ შენიშვნასთან ერთად ნინო მამუკელაშვილი ამბობს:

[მამუკელაშვილის ხმა]“ყველაზე დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ფიზიკური პირების დაბეგვრას სახლთან და მანქანასთან დაკავშირებით. მე ვიტყოდი, რომ დღეს საქართველო არ არის მზად, რომ ამხელა გადასახადი გადაიხადოს სახლზე”.

ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ კოდექსის კანონპროექტი ვერანაირად ვერ აკამყოფილებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნებს, თუმცა კარგად არის მორგებული მსხვილი ბიზნესის ინტერესებზე. “ამდენად, თუ ახალ კოდექსში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ შეიტანენ, მაშინ არც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას უნდა ველოდეთ და არც მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას”, - ამბობს ნინო მამუკელაშვილი.

ეკონომიკის ექსპერტის, პროფესორ მიხეილ ჯიბუტის თქმით, ახალი საგადასახადო კოდექსის შეფასება მარტივ აქსიომას უნდა ეფუძნებოდეს: ახალი უნდა სჯობდეს მოქმედს. ეს კი ორ საკითხში უნდა გამოვლინდეს: ჯერ-ერთი, მოსალოდნელი უნდა იყოს ფისკალური ეფექტი, გადასახადები არ უნდა გაიზარდოს და მეორე, - ახალი კოდექსი მოქმედთან შედარებით უფრო მეტად უნდა უწყობდეს ხელს ეკონომიკის განვითარებას.

რა გვაქვს რეალურად? მიხეილ ჯიბუტი ამბობს, რომ ახალი დოკუმენტი ბევრ დადებით ნოვაციას შეიცავს. ექსპერტი უპირველესად საშემოსავლო გადადასახადების მოწესრიგებას აღნიშნავს:

[ჯიბუტის ხმა]“თუმცა ეს სტრუქტურა სწორია თუ არა, ამაზე ბევრია საკამათო და მეც მაქვს ჩემი შეხედულება”.

ამასთან ბატონი მიხეილი ამბობს, რომ კოდექსში[ჯიბუტის ხმა]“ბევრი ისეთი ცუდი და ბუნდოვანი მუხლია, რომელიც საბოლოო ჯამში იმის დასკვნის საშუალებას ვერ იძლევა, რომ ეს ახალო კოდექსი თავისი ეფექტურობით აჯობებს მოქმედ კოდექსს, უფრო სწორედ უნდა ვთქვათ, რომ ამ სახით ახალი საგადასახადო კოდექსის მიღება არ შეიძლება”.

ექსპერტი კონსტიტუციური სამართლის საკითხებში ვახტანგ ხმალაძე საგადასახადო კოდექსის პროექტის იმ მხარზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც უკავშირდება გადასახადების ადმინისტრირებას ანუ ურთიერთობას სახელმწიფოსა და გადასახადის გადამხდელს შორის:

[ხმალაძის ხმა]“ამ მხრივ, ჩემდა სამწუხაროდ, პროექტი ვერ აკმაყოფილებს იმ უმთავრეს მოთხოვნას, რომ ნებისმიერი კანონი, მათ შორის საგადასახადო კოდექსიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას და ამ საზოგადოების წევრებს, ადამიანებს”.

ნათქვამის დასტურად ექსპერტს არაერთი მაგალითი მოჰყავს, მათ შორის ასეთიც:

[ხმალაძის ხმა]“თუ საგადასახადო სამსახურის უფროსმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელი აპირებს გადასახადის გადახდისგან თავის არიდებას, - აი, უბრალოდ, ასე მიიჩნია, შეცდომოთ თუ სწორად, ამას არ აქვს მნიშვნელობა, -მას შეუძლია მოსთხოვოს გადასახადის გადამხდელს გადასახადის ვადაზე ადრე გადახდა, რაც ისევ მისი საკუთრების უფლების შეზღუდვაა. და თუ იგი არ გადაიხდის ვადაზე ადრე, გამოიყენოს ყველა ის ღონისძიება, რაც შეიძლება იქნეს გამოყენებილი თუ გადასახადის გადამხდელი დააგვიანებს გადასახადის გადახდას. ეს არის იძულებითი იპოტეკა, გირავნობა, ყადაღა, ანგარიშებიდან თანხის ჩამოჭრა და სხვა და სხვა. ასეთი მიდგომა, უდავოდ, არაკონსტიტუციურია”.

საერთოდ, ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ ახალ კოდექსში, ასე ვთქვათ, ინკვიზიტორული იდეებია ჩადებული.

და მაინც უამრავი შენიშვნის არსებობის მიუხედავად, ჩვენი რესპონდენტები მაინც იტოვებენ იმედს, რომ პარლამენტი შეძლებს ახალი კოდექსის იმ სახით მიღებას, რომელიც სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობისთვის სასარგებლო იქნება.

გიორგი კაკაბაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას თამბაქოს მოხმარების პრობლემისადმი უყურადღებობის გამო ადანაშაულებენ

ბიძინა რამიშვილი:
თამბაქო საქართველოს მომავალს ანადგურებს - ასე აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები მოსახლეობაში სიგარეტის მწეველთა რაოდენობის ყოველწლიური ზრდის ტენდეციას. განსაკუთრებით შემაშფოთებლად გამოიყურება მწეველი მოზარდებისა და ორსული ქალების სტატისტიკა. როგორც ირკვევა ნიკოტინის აქტიურ მომხმარებელ ორსულ ქალთა რაოდენობა ორმოც პროცენტ აჭარბებს. არასამთავრობოთა თქმით წინანდელის მსგავსად ეს პრობლემა არც ახალ ხელისუფლებას აწუხებს. ასე მაგალითად - წელს ჯანსაღი ცხოვრების წესის რეკლამისათის ბიუჯეტით ათი ათასი ლარი იყო გამოყოფილი, რაც რეალურად ორი სარეკლამო ბილბორდის დამზადებასაც არ ეყოფა. არასამთავრობოები მთავრობას მეტი გულისხმიერებისაკენ მოუწოდებენ

ალექსანდრე ელისაშვილი:
კარტოფილისა და წიწაკის ოჯახის წარმომადგენელი თამბაქოს ბუჩქი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი მტერია - ასე ფიქრობენ თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნულ ცენტრში. ამ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ თუ ასე გაგრძელდა რამდენიმე წელიწადში ქვეყანას ჯანმრთელი თაობა აღარ ეყოლება. ამის საილუსტრაციუოდ მათ უამრავი მონაცემი მომიყვანეს. ბევრი მათგანი ბუნებრივია ვერც დავიმახსოვრე, მაგრამ იმას კი მივხვდი, რომ ამ მხრივ მართლაც კატასტროფული ვითარებაა. ამჟამად სიგარეტის აქტიური მწეველი საქართველოში მილიონ 700 ათასი ადამიანია, ანუ მოსახლეობის თითქმის ნახევარი. მამაკაცი მწეველების რაოდენობით ევროპის ხუთეულში სტაბილური, “საპატიო”, ადგილი უკვე კარგა ხანია გვიჭირავს, ქალების მხრივ კი ოდნავ ჩამოვრჩებით, თუმცა როგორც თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ გელა კობეშავიძემ გვითხრა, საქართველოში ყველაზე ინტენსიურად სწორედ ქალი მწეველების რაოდენობა იზრდება

[გელა კობეშავიძის ხმა - ნახტომისებური ზრდა არის ქალებში. 92 წელთან შედარებით. 9,1 ჯერ გაიზარდა ქალებში მწეველთა რაოდენობა. როცა მამაკაცებში გაიზარდა 1,8 ჯერ. თუ 98 წელს ორსულობის პერიოდში თამბაქოს 26 პროცენტი მოიხმარდა, უკვე წელს 40, 3 მეათედი მოიხმარს თამბაქოს. ანუ ის რომ მოზარდი გოგონები ეწევიან, მერე ვერ აგდებენ და ორსულობის პერიოდშიც აგრძელებენ. ეს უკვე არის კატასტროფა და ჩვენი მომავალი თაობის განადგურება]

ის, რომ ყველაზე ხშირად თამბაქოს მოზარგი გოგონები მოიხმარენ რუსთაველის გამზირზე ერთ-ერთმა სიგარეტის გამყიდველმა ქალბატონმა მზიამაც დაგვიდასტურა.

[ქ-ნ მზიას ხმა - (ისმის კითხვა-ვინ ყიდულობს ყველაზე ხშირად სიგარეტს) პასუხი - სიგარეტს უფრო ქალები, ახალგაზრდა გოგონები, კაცები უკვე გადავიდნენ და ღერებით ყიდულობენ სიგარეტს. ახალგაზრდები უფრო მეტად ყიდულობენ, გოგონები, სტუდენტები. სკოლის მოსწავლეებიც მოდიან თითო ოროლა, მაგრამ მე თვითონ მათზე არ ვყიდი სიგარეტს]

მაინც რატომ ეწევიან ახალგაზრდა გოგოები სიგარეტს. ამის გარკვევა ვცადე ერთ თბილისურ პარკში, სადაც მრავლად იყვნენ სიგარეტის წევითა და საუბრით გართული გოგოები. უნდა ითქვას, რომ მათი პასუხები თითქმის იდენტური იყო. ორ ყველაზე ტიპიურ პასუხს შემოგთავაზებთ

[გოგოების ხმები - როცა დავიწყე მაშინ ძაან რთულ მდგომარეობაში ვიყავი, ისე რავიცი ჩემს გარშემო ყველა ეწეოდა და მეც დავიწყე. მეორე ხმა - რომ გავშინჯე თავიდან არ მომეწონა, მაგრამ მერე შევეჩვიე და უკვე ვეღარ ვანებებ თავს]

ეს ორი, ცხრამეტი წლის სტუდენტი გოგონა, ჯერ გათხოვილი არ არის. მათ გაუჭირდათ თქმა შესძლებენ თუ არა მომავალში ფეხმძიმობის დროს სიგარეტზე თავის დანებებას. ისიც რთული სათქმელია, რამდენად დაარწმუნებს ამ მავნე ჩვევაზე უარის თქმაში ის გაფრთხილება, რომელიც სიგარეტის თითოეულ კოლოფზეა წარწერილი. ამ გაფრთხილების ეფეტქურობაზე საუბარი უჭირს საქართველოში სიგარეტის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორის ბრიტანულ-ამერიკული თამბაქოს კომპანიის წარმომადგენელს ზურაბ აღნიაშვილს. იგი არ იზიარებს ბევრის სკეპტიციზმს და აცხადებს, რომ თამბაქოს მწარმოებლები და ექსპორტიორები ნადვილად არიან დაინტერესებულნი საზოგადოების ჯანმრთელობით

[ზურაბ აღნიაშვილის ხმა - ის, რომ ითქვას, თითქოს თამბაქოს კომპანიებს არ სურთ ბაზარი შემცირდეს. ეს მომენტი არის ძალიან სუბიექტური. არი უამრავი სხვადასხვა აქციები, რომლებიც ვთქვათ. თუნდაც უკეთესად ავუხსნათ ადამიანებს რა რისკებთან აქვს საქმე. ჩვენ ვებსაიტზე არის ლინქები იმ საიტებზე, იგივე ჯანდაცვის ორგანიაციებთან, რომლებიც რეკომენდაციას უწევენ ხალხს, თუ როგორც დაანებონ თავი სიგარეტის მოწევას. ამიტომ, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვართ განწყობილი მოვიქცეთ პასუხისმგებლურად.]

თამბაქოს ბიზნესით დაინტერესებულ კომპანიებზე მეტ პასუხისმგებლობას არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას აკისრებენ. თამბაქოს საწინააღმდეგო ორგანიზაციის წარმომადგენლების ბოლო ინიციატივის თანახმად სიგარეტის რეკლამა სრულად უნდა აიკრძალოს, ხოლო აქციზის გადასახადიდან მიღებული ყოველი 5 თეთრი ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას უნდა მოხმარდეს. მით უმეტეს, რომ პარლამენტში წარდგენილი ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი ამ გადასახადის გაზრდას ითვალისწინებს. ამ ინიციატივასთან დაკავშირებით მთავრობის რეაქცია ჯერ-ჯერობით უცნობია.

ალექსანდრე ელისაშვილი, რადიო თავისუფლისათვის, თბილისი.


ქართულ ოჯახებში აგრესიამ იმატა

ის, რომ ბოლო წლებში საქართველოში მომხდარი ცვლილებები ოჯახურ ურთიერთობებზეც აისახა - ამას არაერთი სოციოლოგიური კამოკითხვა ადასტურებს. ამ გამოკითხვებით, შეიცვალა არა მხოლოდ „როლური“ გადანაწილება ოჯახის წევრებს შორის - როგორც ირკვევა, ბოლო დროს ე.წ. მარჩევალის როლში სულ უფრო ხშირად ქალი გამოდის - არამედ ოჯახის შექმნის მოტივაციაც - პარტნიორები სულ უფრო ხშირად „სიყვარულის“ გვერდით ერთნაირი ინტერესების ან მსგავსი ფასეულობების არგუმენტს ასახელებენ. თუმცა, ამჯერად ერთ ისეთ ტენდენციაზე მოგითხრობთ, რომელიც თითქოს საქართველოსთვის დამახასიათებელი არ იყო. ოჯახურ ძალადობას ვგულისხმობთ, რომლის შემთხვევები, ფსიქოლოგთა აზრით, ბოლო წლებში ძალიან იმატა. თამარ ჩიქოვანი ესტუმრა არასამთავრობო ორგანიზაცია „ საფარს“, რომლის სწორედ ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციაზე მუშაობს. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო მახაშვილმა დაადასტურა, რომ, სამწუხაროდ, ძალადობა ქართულ ოჯახში უკვე სერიოზულ პრობლემად იქცა.

იხ. აუდიოვერსია

ბიძინა რამიშვილი:
ეს გახლდათ ინტერვიუ არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელთან ნინო მახაშვილთან.


ნობელის პრემია და მისი წლევანდელი ლაურეატები

ბიძინა რამიშვილი:
რამდენიმე დღეა, სტოკჰოლმიდან ვრცელდება ცნობები, რომლებსაც განსაკუთრებული ინტერესით მეცნიერთა წრეებში მოელიან - ეს ცნობები ეხება, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს, რაც კი შეიძლება მედიცინის, ფიზიკის, ქიმიის დარგებში მოღვაწე მეცნიერს მთელი თავისი კარიერის მანძილზე ერგოს. მსმენელმა იცის - ლაპარაკია ნობელის პრემიაზე და ისიც იცის, რომ მისი ლაურეატები მხოლოდ საბუნებისმეტყველო დარგებით არ არიან დაკავებული. დანარჩენ პრემიებს მარიამ ჭიაურელი შეგახსენებთ და თქვენს ყურადღებას ერთ-ერთ ლაურეატზე შეაჩერებს....

მარიამ ჭიაურელი:
უკვე ნახსენები პრემიების გარდა გაიცემა პრემიები ეკონომიკის, ლიტერატურის დარგებში, გაიცემა სამშვიდობო პრემია. ყოველი მათგანის ლაურეატს, ფაქტობრივად, გარანტირებული აქვს მთელი მსოფლიო საზოგადოების ყურადღება და პატივისცემა. მათ შორის ორ ამერიკელს, რომელთა გამოცხადებითაც დაიწყო ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატების დასახელება.
[ჰანს იორნვალის ხმა] “სამეფო ინსტიტუტის ნობელის საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში 2004 წლის ნობელის პრემია მიანიჭოს რიჩარდ აქსელს და ლინდა ბაკს ყნოსვის რეცეპტორებისა და ოლფაქტორული სისტემის ორგანიზაციის კვლევაში გაკეთებული აღმოჩენებისათვის” , გამოაცხადა ორშაბათს, 4 ოქტომბერს სტოკჰოლმში სამეფო ინსტიტუტის ნობელის აკადემიის მდივანმა ჰანს იორნვალმა. სამშაბათს და ოთხშაბათს კი ცნობილი გახდა ფიზიკისა და ქიმიის დარგებში დაჯილდოვებულების ვინაობა. უნდა ითქვას - უმეტესობა ამერიკელები არიან, რაც არავის უკვირს: ბოლო წლებში საბუნებისმეტყველო დარგებში შეერთებული შტატების სამეცნიერო სკოლა ლიდერობს. მაგრამ აი, რაც შეეხება თუნდაც ლიტერატურას - აქ ოსტატობა, როგორც ცნობილია, არ არის დამოკიდებული ლაბორატორიის აღჭურვილობაზე, და ფავორიტების სპექტრიც გაცილებით უფრო ფართოა. მეტია ცნობისმოყვარეობის ელემენტიც - ასეა თუ ისე, მხატვრულ ლიტერატურას მეტი მკითხველი ჰყავს, ვიდრე, დავუშვათ, გენიალური ფიზიკოსის ნაშრომებს.

ეს ცნობისმოყვარეობა ხუთშაბათს დაკმაყოფილდა, როცა სტოკჰოლმში სამეფო აკადემიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ჰორაცე ენგდალმა გამოაცხადა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატის ვინაობა [ჰორაცე ენგდალის ხმა]

მაშ ასე, პრემია ერგო ავსტრიელ მწერალს, დრამატურგსა და პოეტს, ელფრიდე იელინეკს - ქალს, რიგით მეათე ქალს ნობელის სალიტერატურო პრემიის ლაურეატთა შორის. იელინეკის ნაწარმოებებიდან უცხო ენებზე ბევრი არ არის თარგმნილი, ამდენად არაგერმანულენოვან ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, მას, შესაძლოა, ნაკლებად იცნობდნენ, მაგრამ გერმანულენოვან ქვეყნებში იელინეკს ფართო აღიარება და ურიცხვი პრემია აქვს მოპოვებული. თუმცა ელინეკის ნაწარმოებებს (მათ შორის გახმაურებულ რომანს “ფორტეპიანოს მასწავლებელი”) არც კრიტიკა დაჰკლებია - და ეს, უწინარეს ყოვლისა, მწერლის მშობლიურ ავსტრიაში! უნდა ითქვას - საპასუხო კრიტიკა, ვინაიდან თვით იელინეკი, ინტერვიუებში თუ ნაწარმოებებში, დაუნდობლად აკრიტიკებს ავსტრიის საზოგადოებას, მასში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს, ქალებისადმი დამოკიდებულებას, თანამემამულეების (მისი შეფასებით) გულგრილობას ნაცისტური წარსულისადმი.

იელინეკის ყურადღების მიღმა არც საერთაშორისო პოლიტიკის თემები რჩება. აი, რას ამბობს მისი გამომცემლობის, “როვოლტის” დირექტორი, ჰელმუტ დენე ...
[დენეს ხმა] “ის პოლიტიკური თემებისადმი დიდი ინტერესით გამოირჩევა - განსაკუთრებით საყურადღებოა მისა პიესა “ბემბილანდი”, რომელიც ერაყის ომს ეხება. იელინეკი ძალიან აქტიურია პოლიტიკური თვალსაზრისით და ვფიქრობ, მის ნაწარმოებებებს სწორედ ეს გამოარჩევს”.

ელფრიდე იელინეკი რომ არა მარტო გამორჩეული მწერალი, არამედ უჩვეულო პიროვნებაცაა, ნობელის პრემიაზე მისი რეაქციითაც ჩანს - ავსტრიელი მწერალი, პირველი ავსტრიელი, რომელსაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა, მართალია, გახარებულია მორიგი აღიარებით, მაგრამ არ აპირებს ჩასვლას სტოკჰოლმში 10 დეკემბრის საზეიმო ცერემონიაზე, რომელზეც ლაურეატებს ნობელის პრემიებს გადასცემენ.

ბიძინა რამიშვილი:
რაც შეეხება ცერემონიის თარიღსა და ადგილმდებარეობას, გამონაკლისია მშვიდობის დარგის ლაურეატი - მას, კენიელ გარემოს დამცველ ქალს, ვანგარი მათაის ნობელის პრემიას ოსლოში, 10 დეკემბერს გადასცემენ. მათაი პირველი აფრიკელი ქალია, რომელსაც ეს პრესტიჟული პრემია გადაეცემა.


ფრედერიკ ოგიუსტ ბარტოლდი - თავისუფლების ქანდაქების ელზასელი მამა

ბიძინა რამიშვილი:
თავისუფლების ქანდაკება, შესაძლოა, მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ქანდაკებაა. ქანდაკება, რომელსაც ყველაზე ხშირად აღბეჭდავენ ფოტოზე, რომელსაც ბოლო ხანებში, განსაკუთრებით 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, პატრიოტიზმის ახალი სული შთაბერეს. მაგრამ დღეს ბევრმა აღარ იცის, რომ ნიუ იორკში, მანჰეტენის წინ პატარა კუნძულზე აღმართული ეს უზარმაზარი ფიგურა, ერთ ხელში ჩირაღდნით და მეორეში - ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციით, სულაც არ არის ამერიკული წარმოშობის. იგი, შეერთებული შტატების დღევანდელი მთავრობის ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ, ე.წ. "ძველი ევროპიდან" არის. მისი ავტორი გახლავთ ფრანგი მოქანდაკე ელზასის ქალაქ კოლმარიდან, ფრედერიკ ოგიუსტ ბარტოლდი, რომელიც ზუსტად ასი წლის წინ, 1904 წლის 4 ოქტომბერს გარდაიცვალა.
თავისუფლების ქანდაკებას თავიდან "ბარტოლდის ქანდაკებას" უწოდებდნენ, მაგრამ იგი ისე სწრაფად იქცა ამერიკის შემადგენელ ნაწილად, რომ მოქანდაკის ბიოგრაფი ლუდვიგ კიუბლერი უკვე 1912 წელს წერდა: "ბარტოლდი და მისი დრო წავიდაო."
ბარტოლდების ოჯახი მე-18 საუკუნეში გადასახლდა ზემო იტალიიდან ჯერ სამხრეთ გერმანიაში და შემდეგ ელზასში. იურისტის ოჯახში დაბადებულმა მომავალმა მოქანდაკემ მამის სიკვლიდის შემდეგ პარიზს მიაშურა და იქ სწავლობდა ხატვას და ფერწერას. მონუმენტალიზმისკენ მიდრეკილება უკვე მის მეორე სერიოზულ ნაშრომს ეტყობა. ეს გახლდათ ნაპოლეონის გენერლის, ჟან რაპის ქანდაკება, რომელიც სიდიდის გამო საგამოფენო დარბაზში ვერ შეეტია.
1856 წელს ბარტოლდიმ ეგვიპტეში იმოგზაურა. მთელი მისი შემდგომი ცხოვრება იქ ნანახითა და განცდილით იყო აღბეჭდილი. ამ მოგზაურობის შემდეგ ჩნდება მისი ახალი პროექტი: მაშინ სუეცის არხის შენება იგეგმებოდა და ბარტოლდიმ გადაწყვიტა არხის ჩრდილო შესასვლელთან დაედგა უზარმაზარი ფიგურა - ეგვიპტელი ქალი ხელში ჩირაღდნით. მაგრამ ეგვიპტის მმართველთა მხარდაჭერის მოპოვება ვერ შეძლო და პროექტი ვერ განხორციელდა.
ბარტოლდის მონუმენტალისტურ ოცნებებს განხორციელება სრულიად სხვაგან, ოკეანის გაღმა ელოდა. იმხანად საფრანგეთის რესპუბლიკელთა წრეებში გაჩნდა იდეა, შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის ას წლისთავთან დაკავშირებით ამერიკისთვის ეჩუქებინათ უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც თავისუფლებისმოყვარე სულს განასახიერებდა და მნახველს შეახსენებდა, რომ ასი წლის წინათ სწორედ საფრანგეთი დაეხმარა ამერიკის 13 შტატს ბრიტანეთის კოლონიური ბატონობიდან განთავისუფლებაში.
ქანდაკება უნდა ყოფილიყო კოლოსალური მასშტაბის, რომლის მსგავსი ისტორიას არ ხსომებია. 35 წლის ბარტოლდიმ კვლავ განაახლა თავის ეგვიპტელ ქალზე მუშაობა. მაგრამ პროექტს ისევ შეექმნა დაბრკოლებები. ამჯერად მიზეზი გახდა 1870 წელს საფრანგეთსა და პრუსიას შორის დაწყებული ომი, რომელშიც ბარტოლდი ოფიცრად გვევლინება და თავის მშობლიურ ქალაქ კოლმარს იცავს გერმანელების შემოტევებისგან.
ომის ბოლო ფაზას ბარტოლდი აღარ შესწრებია. იგი ამ დროისთვის უკვე შეერთებულ შტატებშია და თავისი იდეა ფიქსად ქცეული პროექტის განხორციელებაზე ზრუნავს. ქანდაკების აღსამართად პოულობს ადგილს მანჰეტენის წინ მდებარე პატარა კუნძულზე, რომელსაც დღეს თავისუფლების კუნძული ჰქვია.
პარიზში დაბრუნებული ბარტოლდი თავისუფლების ქანდაკების პირველ ერთმეტრიან ვარიანტს თიხისგან ამზადებს 1875 წელს. ამის შემდეგ მალევე ამზადებს მოზრდილ, თერთმეტ მეტრამდე სიმაღლის თაბაშირის მოდელებს. სამგანზომილებიანი აზომვის მეშვეობით იგი ქანდაკების ნაწილებს ცალ-ცალკე ადიდებდა. შემდეგ დამზადდა ცალკეული ნაწილების ხის მოდელები, რომლებზეც გადაეკრა ორნახევარ მილიმეტრიანი სპილენძის ფირფიტები - ასე ვთქვათ, ქანდაკების გარეკანი. ქანდაკების შიგთავსი კი რთული კონსტრუქციით იქნა გამაგრებული. საბოლოო სახით თავისუფლების ქანდაკება 80 ტონას იწონის. თავიდან მასში კიბის მეშვეობით შეიძლებოდა ასვლა ჩირაღდნის დონემდე, შემდეგ მხოლოდ ქანდაკების თავამდე, რომლის დიადემაში 25 ფანჯარაა დატანებული. გვირგვინის 7 სხივი შვიდ კონტინენტს განასახიერებს.
200 ყუთში განაწილებული "თავისუფლების ანგელოზი", როგორც მას მწერალმა ვიქტორ ჰიუგომ უწოდა, ფრანგი ხალხის სახელით საჩუქრად გაეგზავნა ამერიკელ ხალხს. არსებობს ლეგენდა, რომ თავისუფლების ქანდაკების სახე ბარტოლდის დედისას ჩამოჰგავს. მაგრამ ქანდაკება იმდენად სტილიზებულია, რომ ძნელია მასში რეალური ადამიანის ნაკვთების ამოცნობა. თუკი იგი ვინმეს ჰგავს, ალბათ ყველაზე მეტად იმ ეგვიპტელ ქალს, რომელსაც გემებისთვის სუეცის არხისკენ უნდა ეჩვენებინა გზა.
46-მეტრიანი ქანდაკება დღეს დგას დაახლოებით ამავე სიმაღლის კვარცხლბეკზე, რომლის აგებას დიდი ციებ-ცხელება უსწრებდა წინ. საქმე ისაა, რომ ამერიკელებმა, მართალია, თავად ქანდაკება საჩუქრის სახით მიიღეს, მაგრამ კვარცხლბეკი თავად უნდა აეგოთ. საამისოდ კი არ იყო ფული. საქმეს უშველა უნგრეთიდან ემიგრირებულმა ჟურნალისტმა ჯოზეფ პულიცერმა, რომელმაც ენერგიული საქველმოქმედო კამპანია გააჩაღა. 121 ათასმა ადამიანმა საბოლოო ჯამში 100 ათას დოლარს მოუყარა თავი.
ქანდაკების გახსნა 1886 წლის 26 ოქტომბერს გაიმართა. პრეზიდენტმა გროვერ კლივლენდმა მის იტალიური წარმოშობის ელზასელ ფრანგ ავტორს, "ამერიკის უდიდესი ადამიანი" უწოდა.


ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.
მომავალ პარასკევამდე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG