Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დივერსია მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე


გასულ უქმეებზე საჩხერის რაიონში მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე მომხდარი აფეთქების შედეგად, ქვეყნის ენერგეტიკა ავარიულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა შექმნილი აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც ელექტროენერგია შეუზღუდავად მხოლოდ ეგრეთ წოდებულ სასიცოცხლო ობიექტებს თუ მიეწოდება. რა მოხდა საჩხერეში? იყო თუ არა ეს დივერსიული აქტი და როდის მოხერხდება აფეთქებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაცია?

საქართველოს ენერგოსისტემა მესამე დღეა ავარიულ რეჟიმში მუშაობს. სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო კიკაჩეიშვილის ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა აღმოსავლეთ საქართველოშია შექმნილი.

[ნინო კიკაჩეიშვილის ხმა] “აღმოსავლეთ საქართველო არის შეზღუდული, ძირითადად. მოსახლეობას, ფაქტობრივად, არ მიეწოდება ელექტროენერგია, მარტო ქარხნები და სასიცოცხლო ობიექტები იტვირთება. თბილისი იზღუდება მხოლოდ პიკის საათებში. 20 მეგავატით შეიზღუდა დილით, 60 მეგავატით, ალბათ, საღამოს პიკზე შეიზღუდება.”

და, მართლაც, გადამცემ ხაზზე მომხდარმა აფეთქებამ მყისიერი ასახვა პოვა ქვემო ქართლის მხარესა და კახეთში მცხოვრები ადამიანების ყოფაზე. თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბნის გამგებელი დავით ონიკაშვილი შექმნილ მდგომარეობას ასე აღწერს:

[დავით ონიკაშვილის ხმა] “ამ 3-4 დღის განმავლობაში დენი ფიზიკურად აღარ არის. საერთოდ არ მოსულა… რაიონში უფრო მეტად არის. სოფელში, რაც ეს აფეთქდა, დენი ძალიან იშვიათად მოგვეწოდება… დილას მოვიდა 11 საათზე, 1-2 საათში გაითიშა.”

ყოველივე ამის მიზეზი კი 9 ოქტომბერს საჩხერის რაიონის ტერიტორიაზე, სოფელ ჭერათხევთან გამავალი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე მომხდარი აფეთქებაა. საჩხერის რაიონის გამგებლის ზურაბ ცერცვაძის განცხადებით, “ქართლი-2”-ის 500 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის ორი ანძა უცნობმა პირებმა 9 ოქტომბერს, ღამის პირველ საათზე, ააფეთქეს. რაიონის გამგებელი მომხდარში დივერსიის ნიშნებს ხედავს.

[ზურაბ ცერცვაძის ხმა] “აქ შემთხვევა გამორიცხულია. იმ დღეს პრეზიდენტი გვსტუმრობდა, რეზერვისტთა ბატალიონი მოინახულა და - მე არ ვიცი, ვინ შეშფოთდა ამ სტუმრობით - იმ საღამოს მოხდა ეს ყველაფერი, პრეზიდენტის წასვლის მერე. ვფიქრობ, ძალიან ბევრი ხელმოცარული ადამიანია დღეს საქართველოში, რომლებსაც არ უხარიათ ჩვენი ქვეყნის წარმატებები არც ერთ სფეროში და რაღაც წინააღმდეგობებს ამზადებენ ამ ზამთრისთვის, რომ ხალხი დარჩეს ელექტროენერგიის გარეშე.” (სტილი დაცულია)

დივერსიის შესაძლებლობას არ გამორიცხავს საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელია. თუმცა, როგორც იგი განმარტავს, აფეთქების ადგილის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვართან სიახლოვის მიუხედავად, მომხდარში ერთმნიშვნელოვნად სეპარატისტების დადანაშაულება გამოძიების დასრულებამდე შეუძლებელია.

[ბათუ ქუთელიას ხმა] “ბევრი არის დაინტერესებული იმით, რომ დაიძაბოს ურთიერთობა ქართველებსა და ოსებს შორის და გამოიყენოს სწორედ ასეთი ტიპის ქმედებები. ასევე ბევრი არის დაინტერესებული საქართველოს ენერგეტიკული სისტემის მოშლითა და გარკვეული ზიანის მიყენებით. აქედან გამომდინარე, ერთ ვერსიასაც აქვს საკმაოდ ძლიერი საფუძველი და მეორესაც, მაგრამ სანამ კონკრეტული ფაქტები არ იქნება, იმაზე მსჯელობა, თუ რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ამის კვალიფიკაციას ჩვენ ვერ მოვახდენთ.”(სტილი დაცულია)

ბათუ ქუთელიას განცხადებით, სწორად ჩატარებული გამოძიება ქართულ სპეცსამსახურებს ეფექტური პრევენციული ღონისძიების გატარების საშუალებას მისცემს. მანამდე კი “საქრუსენერგომ”, რომლის ბალანსზეც მწყობრიდან გამოსული ხაზი ირიცხება, აფეთქებული კონსტრუქციების დემონტაჟი დაიწყო. კომპანიის გენერალური დირექტორი შოთა მაისურაძე მიყენებული ზარალისა და ჩასატარებელი სამუშაოს მოცულობის შესახებ საუბრობს:

[შოთა მაისურაძის ხმა] “რას ჰქვია, კაცო, ორი ანძაა წაქცეული და მისი აღდგენა დაჯდება 300-400 ათასი ლარი… ჩვენ სამუშაოებზე დაგვჭირდება, მინიმუმ, 20 დღე… მთიანი ადგილია, უკვე აცივდა, შეიძლება მოთოვოს, ათასი გაუთვალისწინებელი შემთხვევა გამოხტება… ამიტომ ვამბობ: შესაძლოა, 20-25 დღე დაგვჭირდეს.”

მაისურაძის თქმით, აღდგენითი სამუშაოები, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდება. იქნება თუ არა ეს საკმარისი ენერგოკრიზისის აღმოსაფხვრელად, დრო გამოაჩენს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG