Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორუფციასთან ბრძოლა ახალი მეთოდებით და მისი შედეგები


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია კვირას კენიაში გაემგზავრა. ის იქ ისეთი ავტორიტეტული ანტიკორუფციული საერთაშორისო ორგანიზაციის

ყოველწლიურ კონგრესს ესწრება, როგორსაც “თრანსფერენს ინთერნეიშენელი” წარმოადგენს. ზურაბ ჟვანიამ კენიაში გამგზავრებამდე გამოთქვა იმედი, რომ უკან, სამშობლოში, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, საქართველოს მკვეთრად გაუმჯობესებული რეიტინგით დაბრუნდება. შეგახსენებთ: “თრანსფერენს ინთერნეიშენელის” გამოკვლევებში წინა წლებში საქართველო მოწინავე კორუფციული ქვეყნების პირველ ათეულში შედიოდა. რა შეიცვალა დღეისთვის, მართლაც მოიტანა თუ არა რეალური შედეგები კორუფციასთან ბრძოლის ახალმა მეთოდებმა?


კორუფციის შესამცირებლად აუცილებელი პირობაა დემოკრატიული რეფორმების გატარება, მთავრობის პასუხისმგებლობის დაყენება და გამჭვირვალობის დამკვიდრება - ასე მიაჩნიათ ორგანიზაციაში, რომელსაც “თრანსფერენს ინთერნეიშენელი” ჰქვია. ის სხვადასხვა ქვეყნებში - და, მათ შორის, საქართველოში - კორუფციის მასშტაბების შესამცირებლად რიგით მოქალაქეებთან, ბიზნესის წარმომადგენლებსა და მთავრობასთან მუშაობს. როგორც უკვე ვთქვით, აქამდე “თრანსფერენს ინთერნეიშენელის” ყოველწლიურ მოხსენებებში საქართველო წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე კორუფციულ ქვეყანას. კენიაში ამ ავტორიტეტული ანტიკორუფციული ორგანიზაციის ყოველწლიურ კონგრესზე დასასწრებად გამგზავრებამდე კი ზურაბ ჟვანიამ აღნიშნა, რომ, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, საქართველოს ბოლო 9 თვის მიღწევები აღიარებულია:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] “თრანსფერენს ინთერნეიშენელი” ბოლო წლების მანძილზე საქართველოს განიხილავდა ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დიდი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციამ აღიარა ის ცვლილება, რაც მოხდა საქართველოში ბოლო დროს, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ”

“კენიიდან თუ დავბრუნდებით მკვეთრად გაუმჯობესებული რეიტინგით, მაშინ ეს იქნება კიდევ ერთი მინიშნება მსოფლიოს ბიზნესმენებისთვის, რომ საქართველოში მათ შეუძლიათ ფულის დაბანდება,” - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. კორუციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, საქართველოში მიღწეულ შედეგებზე მისგან განსხვავებული შეხედულება აქვს დავით უსუფაშვილს. თავის დროზე ის წარმოადგენდა “შვიდკაცას”, რომელმაც შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ცნობილი ანტიკორუფციული პროგრამა შეიმუშავა.

[დავით უსუფაშვილის ხმა] “ანტიკორუფციული პოლიტიკის თვალსაზრისით, ახალმა ხელისუფლებამ დაიკავა სრულიად არასწორი პოლიტიკა. მათ ჩათვალეს, რომ თუ ზოგადად სახელმწიფო სტუქტურებში ჩინოვნიკები მეტი მონდომებით იმუშავებენ, სამშობლოს მეტი სიყვარულით, თუ პოროკურატურა გააქტიურდება და ბევრს დაიჭერს, ამით კორუფცია დამარცხდება. არადა, კორუფციას გაცილებით ღრმა ფესვები აქვს. “


“დაჭერებმა და ალაგ-ალაგ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გატარებულმა, განცალკევებულმა ღონისძიებებმა მოგვცა მიღწევები ერთ სფეროში და ჩავარდნები მეორე სფეროში,“ - ამბობს დავით უსუფაშვილი და სამაგალითოდ პოლიციას და სასამართლო ხელისუფლებას ასახელებს. აღნიშნავს, რომ პოლიციის რეფორმა კარგია, ის თითქოს წინ სწევს ქვეყანას, მაგრამ ქვეყანას უკან სწევს ის, რაც სასამართლო სისტემაში ხდება. ნათქვამში იგულისხმება პრობლემები, რაც სასამართლოსა და მოსამართლის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით შეიქმნა.

ასე რომ არ მომხდარიყო, ამისთვის პროგრამული მოქმედება იყო საჭირო, - აცხადებენ ექსპერტები. მაგრამ მაღალი რანგის ექსპერტების მიერ თავის დროზე შემუშავებული და ყველას მიერ მოწონებული პროგრამა თაროზე შემოიდო. ახალ ხელისუფლებას ახალი ანტიკორუფციული პროგრამა არ შეუმუშავებია. ის სამოქმედო პროგრამების ნაცვლად საანგარიშო მოხსენებებით მოქმედებს და აცხადებს, რომ, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, სერიოზულ შედეგებს მიაღწია. საინტერესოა როგორ შეაფასებენ მიღწეულს უცხოელი ექსპერტები, ქართველი ექსპერტები კი ფიქრობენ, რომ კორუფციასთან ბრძოლის ახალ მეთოდებს საქართველოში სერიოზული შედეგები ჯერ არ მოუტანია.
XS
SM
MD
LG