Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა კრიმინალი იმალება საუტილიზაციოდ გამზადებული საბრძოლო მასალის უკან


მეორე კვირაა, საქართველოს უშიშროების სამინისტროს

ოპერ-მუშაკებმა ძლიერ ააფორიაქეს ქვეყნის მთავარი სამხედრო უწყება. გასული კვირის ბოლოს უშიშროების სამინისტროში ერთდღიან დაკითხვაზე ჰყავდათ თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკის სამმართველოს ხელმძღვანელობა. უშიშროების გამომძიებლებს სურდათ გაეგოთ, ხომ არ ხდებოდა ვარგისი საბრძოლო იარაღის ჯართად ჩამოწერა და უტილიზაცია დედოფლისწყაროს სამხედრო ბაზაში. თუ რა დასკვნებს გამოიტანენ გამომძიებლები, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია. თუმცა, როგორც ბოლო დროს არაერთხელ მომხდარა, გამომძიებლებზე ადრე დასკვნა ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გააკეთა და საბრძოლო მასალის ჯართად ჩამოწერას ღალატის კვალიფიკაცია მისცა. თუმცა, როგორც გაირკვა, საექსპერტო დასკვნას გარკვეული ტიპის შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის უტილიზაციის შესახებ ხელი სწორედ პრეზიდენტის კანცელარიაში მოეწერა.

საქართველოს უშიშროების სამინისტროს მუშაკებმა, რომელთაც სპეცოპერაციაზე, ნიღბიანი მებრძოლების გარდა, რამდენიმე ტელეკომპანიის ჟურნალისტიც ახლდათ, დაჭრილი და ჯართში ჩასაბარებლად გამზადებული საზენიტო ქვემეხები და ჭურვები დედოფლისწყაროს სამხედრო ბაზის საწყობში “აღმოაჩინეს.” ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ კადრებს უმალვე მოჰყვა სახელმწიფოს უმაღლესი პირების კომენტარი. თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ, რომლის უშუალო დაქვემდებარებაშიცაა, სხვათა შორის, ზემოხსენებული ბაზა, განაცხადა: “ვინც სამხედრო ტექნიკას ჰყიდდა, ქვეყნის ღალატში ედება ბრალი და მწარედ ინანებსო.” ანალოგიური იყო უშიშროების მინისტრის გამოხმაურებაც. ვანო მერაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ჯართად მოქმედი საბრძოლო ტექნიკა ჩამოიწერა და თანაც მაშინ, როცა “ სამხრეთ ოსეთში სიტუაცია დაიძაბა და ქართულ ჯარს იარაღი ჰაერივით სჭირდებოდა.” უშიშროების მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელია ჩვენთან სატელეფონო საუბარში შეეცადა კვალიფიკაცია მოეძებნა ღალატის ამ ვერსიისათვის:

[ბათუ ქუთელიას ხმა] “თუ უმაღლესი პოლიტიკური პირების ან აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირების დონეზეა ეს გაადწყვეტილება მიღებული, მაშინ უკვე ასეთი რამეც შეიძლება გამოიკვეთოს.”

ახლა კი უფრო კონკრეტულად: რუსეთის არმიის დანატოვარი ზენორმატიული, ანუ საბრძოლოდ გამოუსადეგარი, შეირაღებისა და საბრძოლო მასალების უტილიზაციისა და დაშლის შემდეგ მათი რეალიზების შესახებ განკარგულება თავდაცვის სამინისტროში მომზადდა. საფუძვლად კი იქცა წინა ხელისუფლების დროს უშიშროების საბჭოს ექსპერტთა დასკვნა, რომელსაც ყველა პირველმა პირმა დაუჭირა მხარი. უტილიზების პროგრამა, საქართველოს ხელისუფლების თხოვნით, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ 400 ათასი დოლარი ფარგლებში დააფინანსა, პროგრამის განხორციელება კი დაევალა “გამა-ცენტრს”, რომელიც სამუშაოებს მეორე წელია აწარმოებს დედოფლის წყაროს ბაზაზე, სწორედ იმ ტერიტორიაზე, რომელიც უშიშროების მუშაკებმა გასულ კვირას აღმოაჩინეს. თანაც, ამ სამუშაოებს სამხედრო მიმომხილველმა “კვირის პალიტრიდან” ირაკლი ალადაშვილმა რამდენიმე საგაზეთო სტატია მიუძღვნა:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] “მე, როგორც სამხედრო ჟურნალისტს, დაინტერესებულს ამ თემით, თითქმის ამომწურავი ინფორმაცია მქონდა და მე ვაშუქებდი ამ თემას. მახსოვს, ორჯერ ვიმყოფებოდი დედოფლისწყაროში და ვნახე თვითონ ეს ცენტრი, სადაც ხდებოდა უტილიზაცია ამ ჭურვების. ეს ხდებოდა ეუთოს პროგრამის გათვალისწინებით.”

უშიშროების საბჭოს ლიცენზიით, სამხედრო პროფილის სამეცნიერო დაწესებულება “გამა-ცენტრის” სპეციალისტებს უტილიზაციისა და გადამუშავებისათვის გადაეცათ რამდენიმე ათასი საარტილერიო ჭურვი და 122 ერთეული კს -19 ტიპის, საბჭოთა წარმოების, 100 მილიმეტრიანი ქვემეხი, რომელიც ექსპლუატაციაში 50 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. მაგრამ რაკი ლიცენზიის გადაწყვეტილებას წინა ხელისუფლების დროს მოეწერა ხელი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა გენერალმა გივი იუკურიძემ 4 თვის წინ სთხოვა უშიშროების საბჭოს ხელახლა შეესწავლათ საკითხის კანონიერება:

[გივი იუკურიძის ხმა] “კომისიამ კიდევ ერთხელ გამოიტანა დასკვნა, რომ კი, მიზანშეწონილია, ეს გამოუსადეგარია, ზენორმატიულია, ყველანაირი ექსპლუატაციის პირობები დარღვეულია და ამიტომ მიზანშეწონილია გადაეცეს საუტილიზაციოდ.”

მაგრამ უშიშროების სამინისტროში აცხადებენ, რომ ეუთოს პროგრამა არ ითვალისწინებდა კს - 19 ტიპის საზენიტო ქვემეხების უტილიზაციას და რომ “ძაღლის თავი” სწორედ იმაშია დამარხული, თუ როგორ მოხდა ზენორმატიული შეიარაღების სიაში ამგვარი ტექნიკის შეტანა.

[ბათუ ქუთელიას ხმა] “რაც შეხება ეუთოს პროგრამას, ის ითვალისწინებდა მხოლოდ საბრძოლო მასალების და არა ქვემეხების უტილიზებას. აქედან გამომდინარე, საჭიროა დადგინდეს, რამდენად სამართლიანად ჩამოწერა თვითონ ეს საბრძოლო ტექნიკა იმ უწყებამ, ვისი პასუხისმგებლობაც ეს იყო და მერე - რამდენად სამართლიანად იყო გაცემული ლიცენზია მათ დაჭრასა და ჯართად გაყიდვაზე.”

უშიშროების მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელია აღნიშნავს, რომ ამ საქმის ბოლომდე მისაყვანად, ანუ დანაშაულის კატეგორიის დასადგენად, ჯერ კიდევ უამრავი სამუშაოა ჩასატარებელი. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები დარწმუნებულები არიან, რომ საქმე გვაქვს ღალატთან, რაც დამოუკიდებელ ექსპერტთა გაოცებას იწვევს:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] “იცით, რა არის, ყველას გული გვტკივა, როცა ჭურვი ნადგურდება ან ქვემეხი დაიჭრება, იმიტომ რომ საქართველოში მუდამ იმაზე ვფიქრობთ, სად რა ვიყიდოთ. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ ამ პროგრამის შეჩერება იყო საჭირო, ცოტა სხვანაირად უნდა მომხდარიყო და კაბინეტებში გადაწყვეტილიყო.”

კიდევ უფრო შორს მიდის ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ყოფილი უშიშროების მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება ეძებს მეისრეებს, რათა მათზე გადატეხოს ჯოხი საკუთარი პოლიტიკური შეცდომების გამო.

[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] “რა თქმა უნდა, ეს არის სიმპტომატური და ცხინვალის კამპანიის წარუმატებლობა მძიმე ტვირთად რომ აწევს ამ ხელისუფლებას, ეს ფაქტია და მათ აწუხებთ ეს ფაქტი და მუდმივად ექნებათ სურვილი ვიღაცაზე გადაბრალების.”



“მოღალატეები და ღალატი” - ეს სიტყვები ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად ისმის საქართველოს ხელისუფლების განცხადებებში. მაგრამ სასამართლო ხელისუფლებას, როგორც ეს პოლკოვნიკ ქებაძის შემთხვევაში გამოჩნდა, სულ უფრო უჭირს ამგვარი დასკვნების გაზიარება, საქმის რეალური ვითარებიდან გამომდინარე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG