Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ნატვრის ხე” – 2004 წლის “თბილისობის” მხატვრული სახე გახდა.


“ნატვრის ხე” – 2004 წლის “თბილისობის” მხატვრული სახე გახდა.

“ჩაიფიქრე!” – მთელი კვირის მანძილზე გვირჩევდნენ “თბილისობისადმი” მიძღვნილი სატელევიზიო კლიპის ავტორები. “ევროპულ სტილში” გადაწყვეტილ კლიპს უნდა შეექმნა “ევროპული ზეიმის” განწყობილება, ზეიმისა, რომელსაც აღარაფერი ექნებოდა საერთო აღმოსავლურ ბაზრობასთან... ამ ზეიმისთვის მნიშვნელოვანი გახდა არა სოფლიდან ჩამოსული გლეხი, რომელსაც “თბილისობაზე” ქალაქის ცენტრში აძლევდნენ ხოლმე ვაჭრობის უფლებას, არამედ საპატიო სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. “თბილისობამდე” ცოტა ხნით ადრე თბილისის მთავრობის გასვლით სხდომაზე კულტურისა და სპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა წარმოადგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც დედაქალაქში დაგეგმილი “თბილისობის” დღესასწაულის მოსაწყობად გამოყოფილი 70 000 ლარი საკმარისი არ აღმოჩნდა სტუმრების მასპინძლობისთვის. თბილისის მთავრობამ ქალაქის ბიუჯეტიდან 110 ათასი ლარი გამოყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თანხა ქალაქის განათლების სამსახურს ჩამოაჭრეს, რასაც საკრებულოს სხდომაზე ლეიბორისტების, კერძოდ იოსებ შატბერაშვილის განრისხება მოჰყვა:

[იოსებ შატბერაშვილის ხმა] “რომელ შვიდას ლარზეა ლაპარაკი – მოდით, ოვანეს თუმანიანის პირველ ნომერში რამდენ სუჯუკს, რამდენ ბასთურმას და რამდენ ხინკალს მიირთმევენ პრეზიდენტი სააკაშვილი და ქოჩარიანი, ამაზე ნუ გამოვყოფთ ფულს.”

“თბილისობის” დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე მერიის კულტურის სამსახურს და, საერთოდ, მერიის ახალ ხელმძღვანელობას, არამარტო ლეიბორისტებმა შეუტიეს... დავით ოქიტაშვილს ქართველი კულტუროლოგების, ხელოვნებათმცოდნეების, კულტურის სოციოლოგების პრეტენზიების მოსმენაც მოუხდა ჰაინრიხ ბიოლის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც კულტურული პოლიტიკის პრობლემას მიეძღვნა.

თუმცა ამ დარბაზში მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა თადარიგი დაიჭირა - საკმაოდ თვითკრიტიკული იყო და იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რომელიც ჯერჯერობით ვერაფრით დაძლია ქალაქის კულტურის სამსახურმა:

[დათო ოქიტაშვილის ხმა] “იგივე კინო ავიღოთ, კინო მკვდარია. შეიძლება, რომ ქალაქს არ ჰქონდეს არც ერთი მუნიციპალური კინოთეატრი? კინო მკვდარია, ეს ქონება განიავებულია - ვისია, კაციშვილმა არ იცის. რაღაცის გაკეთება თუ გვინდა, ვიღაცას უნდა ვთხოვოთ: შეგვიშვით, რა, დაგვითმეთ დარბაზი.”

ამის შემდეგ დავით ოქიტაშვილმა იმ რეფორმებზე დაიწყო საუბარი, რომელიც გატარდა მერიაში “ვარდების რევოლუციის” შემდეგ. ქალაქის კულტურის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ მერია, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს ქალაქის კულტურის განვითარების კონცეფციაზე, რომლის პრეზენტაცია ნოემბერშია დაგეგმილი.


[დათო ოქიტაშვილის ხმა] “იმას, რასაც ქალაქი აფინანსებდა, ჩვენ აღარ დავაფინანსებთ იმ უმსგავსობას… ჩვენ დავაფინანსებთ იმას, რაც ღირებულია... მე გული მწყდება, რომ ქალაქის კულტურული სამსახური ასოცირდებოდა რაღაც კონცერტებთან, არავის უთქვამს, რომ ჩვენ 52 ბიბლიოთეკა, უამრავი მუზეუმი გადავარჩინეთ, უამრავი მუსიკალური სკოლა შევინარჩუნეთ, უამრავ ხელოვანს, რომელიც სიკვდილის პირას იყო და არავის აინტერესებდა, მივეხმარეთ.”

დამსწრე საზოგადოება დავით ოქიტაშვილის ანგარიშმა, როგორც ჩანს, არ დააკმაყოფილა. ის ხალხი, ვინც ხელისუფლებას კულტურის პოლიტიკის “უქონლობაში” ადანაშაულებს, არც წლევანდელი “თბილისობის” მომზადებით იყო კმაყოფილი. ზოგი იმას ამბობდა, თბილისი – აღმოსავლური ქალაქია, “ევროპულობაზე” აქცენტი კი - თუნდაც საგანგებოდ, “თბილისობის” წინ, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში “ევროპული დარბაზის” გახსნა - პროვინციალიზმია და მეტი არაფერიო...

[ლელა გაფრინდაშვილის ხმა] “ჩემთვის ამორალურია, როცა ხელისუფლება უფრო ზრუნავს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმზე, ვიდრე გამოჩენილი, მაგრამ მარგინალად ქცეული მეცნიერის გადარჩენაზე.”

ეს იყო ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი, რომლის რეპლიკამ ძალიან გააღიზიანა მერიის კულტურის სამსახურის უფროსი:

[დავით ოქიტაშვილის ხმა] “მე არ ვაკადრე იმ ადამიანებს, რომელთაც ჩვენ ვეხმარებით, ჩამოვთვალო მათი გვარები [ხმაური]. მობრძანდით, თუ გნებავთ, და ამ ხალხის სიას გიჩვენებთ.”

სიტყვა “პროვინციალიზმი” მრავალჯერ გაისმა “თბილისობის” წინ გამართულ ამ შეხვედრაზე. კულტუროლოგებს და ხელოვნების კრიტიკოსებს, როგორც ჩანს, ნაკლებად აღელვებთ, რა თანხა გამოიყო თუნდაც სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტების სადილზე, ან საიდან აიღო ქალაქის ხელმძღვანელობამ ეს თანხა... ამ ადამიანებს დღეს უფრო თბილისის ბედი აწუხებთ. ხელოვნების ინტერდისციპლინარული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ყიფიანი კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს:

[ნანა ყიფიანის ხმა] “რაც შეეხება “ივერიას”, ვერავინ ვერაფერს იტყვის ჯერ, იქ რა იქნება – იყო ლაპარაკი იმაზე, რომ აქ 50 სართულიანი შენობა უნდა აშენდეს… ეს ქალაქში ჩამოყალიბებულ ურბანულ სტრუქტურას რადიკალურად შეცვლის – პროვინციული ამბიციები, რომ ეს გახდება მსოფლიო ბიზნესცენტრი, პროვინციალიზმია და მეტი არაფერი.”

მიუხედავად იმისა, რომ “ივერიის” რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კორძახიას ინფორმაციით, მას ახლახან მოუხსნეს ძეგლის სტატუსი,რომელიც აქამდე ჰქონდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შენობა, რომელიც, ფაქტობრივად, ორად ყოფს ქალაქს, რომლის სახურავიდან კარგ ამინდში მყინვარწვერიც კი ჩანს, შეიძლება დაანგრიონ. ქართველ კულტუროლოგებს იმ უცხოელი სპეციალისტების იმედი აქვთ, რომლებიც ოთარ კალანდარიშვილის მიერ დაპროექტებული შენობის დანგრევას ან, თუნდაც, მის გადაკეთებას “შემინულ ბიზნესცენტრად” მიზანშეუწონლად მიიჩნევენ... მაგრამ რა ვუყოთ იმას, რაც უკვე დაინგრა? რატომ არ არის საჯარო განხილვის საგანი თუნდაც პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობა? – კითხულობს ხელოვნებათმცოდნე ნანა ყიფიანი:

[ნანა ყიფიანის ხმა] “პირველი მყვირალა ნიმუში უკანონო მშენებლობის არის პრეზიდენტის რეზიდენცია. როდის მიეცემა ამას ლეგალიზაცია, არავინ იცის... რამდენადაც ეს პრეზიდენტის სასახლეა და რამდენადაც მე, პირადად, ბევრი ვინერვიულე, სანამ სააკაშვილს ხმას მივცემდი, მე მინდა, რომ ამ მხრივ მას ყველა პრობლემა მოგვარებული ჰქონდეს, რათა მერე ყველა გამვლელ-გამომვლელმა არ მიაძახოს, როცა უკანონო მშენებლობაზე დაიწყება ლაპარაკი, თქვენ წადით და პრეზიდენტის სასახლეს მიხედეთო.”

“ნატვრის ხესთან”, რომელიც წლევანდელი “თბილისობის” სახე გახდა, საქართველოს ყველა მოქალაქემ, ყველა თბილისელმა ერთი ნატვრა უნდა ჩაიფიქროს. მაგრამ ხელოვნების კრიტიკოსს სწორედ იმიტომ ჰქვია “კრიტიკოსი”, რომ იგი არასდროს კმაყოფილდება იმით, რაც ხდება და, შესაბამისად, “ნატვრაც” უფრო მეტი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეს. ეს ხალხი მიესალმება წლევანდელი “თბილისობის” აღნიშვნას ძველ თბილისში, შარდენის ქუჩაზე, თუმცა იმასაც ამბობს, რომ თუ ქალაქის ცენტრის დაპროექტებაში არქიტექტურის თეორეტიკოსებმა არ მიიღეს მონაწილეობა, თუ ძველი თბილისის “გადაკეთება” თუ “გარემონტება” საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების გარეშე მოხდება, დადგება დრო, როცა “თბილისობას” ქალაქის ცენტრშიც ვერ აღვნიშნავთ. კულტუროლოგებმა გაიხსენეს ხელისუფლების წარმომადგენელთა ის განცხადებები, რომელიც ძველი თბილისის განახლებას ეხება. ბოლო დროს გახშირდა საუბარი ქალაქის ცენტრის გადაკეთებაზე საოფისე რაიონად და შეძლებული ხალხის საცხოვრებელ უბნად, რაც, სპეციალისტების უმრავლესობის აზრით, ღამის ძველ თბილისს გადააქცევს “მკვდარ ქალაქად” , დაამსგავსებს მუზეუმს, რომელიც მხოლოდ დღისით მუშაობს, ღამე კი “ბოქლომზე იკეტება”... და, რაც მთავარია, დაექვემდებარება კი თბილისური სახლი საოფისე ცენტრს? – კითხულობენ არქიტექტურის თეორეტიკოსები... განა შეიძლება სახლს, რომელსაც “დასავლურ-აღმოსავლური სახე” აქვს, “აღმოსავლური” იერი მთლიანად წავართვათ და ხელოვნურად გავხადოთ “ევროპული”?

“იტალიური სახლი”... ასე უწოდეს თბილისელებმა ქალაქის ძველ უბანში აშენებულ სახლებს ღია კიბეებითა და ხის დიდი აივნებით. თბილისელებს ყოველთვის სურდათ თავი “ევროპელებად” ეგრძნოთ. ამიტომაც ქილიკობდნენ შევარდნაძის ეპოქაში მოგონილ დღესასწაულზე – “თბილისობაზე”... ხან “კომუნისტურ დღესასწაულად” ნათლავდნენ, ხანაც - “ბაზრობად”... წელს თბილისელებს ერთი ნატვრა უკვე აუხდათ – “თბილისობა” – “ევროპული ზეიმი” გახდა, “უძველესი ევროპელების” ზეიმი.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG