Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“წითელი ძახველი” – 30


30 წლის წინ საბჭოთა კავშირის ეკრანებზე ერთდროულად

გამოვიდა ორი ფილმი, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო არც ჟანრის, არც შინაარსის თვალსაზრისით. ერთადერთი, რაც ამ სურათებს - ელდარ შენგელაიას “შერეკილებსა” და ვასილი შუკშინის “წითელ ძახველს” - აერთიანებს, საპყრობილეა, საიდანაც ფილმის გმირები ცდილობენ განთავისუფლებას. “შერეკილებს” საბჭოთა კინოჩინოვნიკებმა დაბალი კატეგორია მიანიჭეს, მხოლოდ რამდენიმე ასლი დაბეჭდეს და სასწრაფოდ მოხსნეს ეკრანებიდან. ამასვე უპირებდნენ “წითელ ძახველსაც”, მაგრამ ცენზორები მოსკოველმა კინემატოგრაფისტებმა დააშინეს. ამიტომ მათ შუკშინის ფილმის რამდენიმე ასლი მაინც გადასცეს კინოთეატრებს. ფილმს ისეთი დიდი წარმატება ჰქონდა, რომ ხელისუფლებამ შუკშინის ფილმზე “ხუთწლედის გეგმის” შესრულება გადაწყვიტა. საბჭოთა კინოს ისტორიაში პირველად, საბჭოთა ფილმი 70-მა მილიონმა მაყურებელმა ნახა. რა იყო “წითელი ძახველის” ასეთი მოულოდნელი წარმატების მიზეზი?

გასულ წელს მოსკოვის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ინსტიტუტმა ძალზე საინტერესო გამოკვლევა ჩაატარა. სხვადასხვა თაობის მოსკოველებს დაუსვეს კითხვა: “რომელია თქვენი საყვარელი საბჭოთა ფილმი?” გამარჯვებული სურათების სათავეში მოხვდა 80-იანი წლების დასაწყისის მელოდრამა “მოსკოვს ცრემლის არ სჯერა”, ხოლო შუკშინის “წითელი ძახველი”, რომელიც წლების მანძილზე საბჭოთა კინოგაქირავების ლიდერად ითვლებოდა, საუკეთესო ოცეულის მიღმა დარჩა. “ახალი რუსეთისთვის”, როგორც ჩანს, აღარაა აქტუალური ვასილი შუკშინის ტრაგიკული გმირის ვნებები, მისი მოუწყობელი ცხოვრება. “ახალ რუსეთს” ის უფრო აინტერესებს, თუ როგორ შეიძლება “ცხოვრების მოწყობა” ისე, როგორც “ოსკაროსან” ფილმში “მოსკოვს ცრემლის არ სჯერა”... არადა, 1974 წელს მოსკოვის ერთ-ერთ კინოთეატრს, სადაც “წითელი ძახველის” პრემიერა გაიმართა, “ცხენოსანი მილიცია” იცავდა. შუკშინი წლის გმირი გახდა – სწორედ იმ წლისა, როცა მოსკოვში დისიდენტების დაპატიმრება, ქვეყნიდან გაძევება დაიწყო, როცა დაიხურა ლიტერატურული ჟურნალები, აიკრძალა ფილმები.

მოსკოვი თავდაპირველად “წითელი ძახველის” აკრძალვასაც აპირებდა. ამბავი ეგორ პროკუდინზე, ყოფილ პატიმარზე, რომელსაც ფინალში მეგობრები კლავენ, შეიძლება ითქვას, პრინციპულად არ უპასუხებდა იმ მოთხოვნებს, რომელთაც ახლად დაწყებული “ზასტოის” ეპოქის ხელისუფლება კინოს და, საერთოდ, ხელოვნებას უყენებდა. ცენზურამ, რა თქმა უნდა, იცოდა, რომ სწორედ ასეთი გმირი უნდოდა მაყურებელს – არაიდეალიზებული, ცოცხალი, ნაცნობი. ეს არ უნდა ყოფილიყო სახიფათო... სახიფათო უფრო ფილმის სიუჟეტი იყო – გლეხი, რომელიც ქურდი, რეციდივისტი გახდა, ვერ ახერხებს წარსულისგან განთავისუფლებას, ვერ პოულობს ადგილს სოციალისტურ სინამდვილეში და იღუპება. რეალურად არსებობდა საშიშროება, რომ ცენზურას შეეცვალა ფილმის ფინალი. მით უმეტეს, რომ ვასილი შუკშინი ერთხელ უკვე დამარცხდა ცენზურასთან ბრძოლაში. 1964 წელს მან სტეპან რაზინზე ფილმის გადაღება დაიწყო, მაგრამ საბჭოთა კავშირში სიტუაცია მოულოდნელად შეიცვალა: ხრუშჩოვი მოხსნეს – კრემლის უშუალო მითითებით, “მოსფილმმა” “სტეპან რაზინის” გადაღება შეაჩერა.

დასრულდა თუ არა “წითელი ძახველის” მონტაჟი, ვასილი შუკშინი კუჭის წყლულის შეტევით საავადმყოფოში დააწვინეს. ცენზურა ფილმის შემოკლებასა და გადაკეთებას შეუდგა. შუკშინი საავადმყოფოდან გამოიქცა და ფილმის ყოველი კადრისთვის დაიწყო ბრძოლა. ამბობენ, რომ მას ბრეჟნევთან დაახლოებულმა ბონდარჩუკმა უშველა. სერგეი ბონდარჩუკი შუკშინის გადაღებას აპირებდა ფილმში “ისინი სამშობლოსთვის იბრძოდნენ”. მან დაარწმუნა კრემლი, რომ “სახელმწიფო მნიშვნელობის ფილმს” წარმატება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ მაყურებელი ეკრანზე თავის საყვარელ მსახიობს დაინახავდა. შუკშინის პოპულარობა კი დღითი დღე იზრდებოდა. რუსეთში ზეპირად იცოდნენ მისი ბიოგრაფიაც – ის, რომ შუკშინი ალტაის მხარის ერთ პატარა სოფელში, გლეხის ოჯახში დაიბადა; მამამისი 1933 წელს, კოლექტივიზაციის დაწყებისთანავე, დააპატიმრეს;
ის, რომ მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში ჩაბარების დროს, გამოცდებზე, მიხეილ რომის კითხვაზე “შეგიძლიათ თუ არა გაგვირჩიოთ “ომი და მშვიდობა”, უპასუხა, “ომი და მშვიდობა” არ წამიკითხავს, მეტისმეტად სქელი წიგნიაო...” მანამდე მიაჩნდათ, რომ შუკშინი მხოლოდ და მხოლოდ ქალაქსა და სოფელს უპირისპირებს ერთმანეთს, სძულს ცივილიზაცია, ურბანიზაციის მტერია, “სოფლური ბუნებრიობის” აღორძინებისთვის იბრძვის. ამ იდეასაც ბევრი იზიარებდა დიდ რუსეთში. მაგრამ “წითელ ძახველში” იგი გასცდა რუსული “პოჩვენიკური” პრობლემების საზღვრებს და შექმნა მეტაფორა მთელი საბჭოეთისა. სიმღერა, რომელიც იან ფრენკელმა დაწერა შუკშინის ფილმისათვის, მართლაც რომ, მთელ საბჭოეთში დაიზეპირეს:

[ხმა. მუსიკა. “კალინა კრასნაია”]

“წითელი ძახველის” სანახავად ხალხი ჯერ კიდევ დადიოდა კინოთეატრებში, როცა ვოლგოგრადიდან, სადაც ბონდარჩუკი იღებდა ფილმს “ისინი სამშობლოსთვის იბრძოდნენ”, მოსკოვში ტრაგიკული ცნობა მოვიდა. 1974 წლის შემოდგომაზე შუკშინი გულის შეტევით გარდაიცვალა ძილში. იმ დღესვე ჭორები გავრცელდა, რომ შუკშინი მოკლეს. მისმა თაყვანისმცემლებმა გაიხსენეს ალტაის მხარის ერთი სოფლის მაყურებელთან შუკშინის შეხვედრა, როცა მან განაცხადა, რომ ის, რაც ხდება საბჭოთა კავშირში, “რუსი ხალხის გენოციდია”. როცა მსახიობმა გიორგი ბურკოვმა, რომელსაც აგრეთვე იღებდა ბონდარჩუკი თავის ფილმში, გარდაცვლილი შუკშინი ნახა, მოულოდნელად წამოსცდა: “მათ მაინც მოკლეს იგი”. მსახიობი ლიდია ფედოსეევა-შუკშინა ამტკიცებდა, რომ მის მეუღლეს გული არასდროს აწუხებდა, რომ იგი, შესაძლებელია, მართლაც მოკლეს.

ასე იყო, თუ ისე, ვასილი შუკშინის დაკრძალვა სახალხო გლოვად იქცა. ხალხი “წითელი ძახველის” შესავალ მელოდიას, “ვეჩერნი ზვონს”, მღეროდა და ერთდროულად ემშვიდობებოდა თითქოს “წითელი ძახველის” გმირს, ვასილი შუკშინსა და თავისუფლებას.

[ხმა “ვეჩერნი ზვონ”]

შუკშინი თავის საერთაშორისო აღიარებას ვერ მოესწრო.
“წითელი ძახველი” მხოლოდ კონკურსგარე პროგრამაში ჩართეს 1975 წლის ბერლინის ფესტივალზე. ფესტივალის ფორმატი დირექციას საშუალებას აძლევდა შუკშინის სურათი მხოლოდ ქრისტიან-კინემატოგრაფისტთა პრემიით აღენიშნათ. რაინერ ვერნერ ფასბინდერმა პროტესტი გამოთქვა ლარისა შეპიტკოს “ზეასვლის” გამარჯვების გამო. მან კატეგორიულად მოსთხოვა ჟიურის დაერღვიათ ფესტივალის ფორმატი და “წითელი ძახველი”, გამონაკლისის წესით, “ოქროს დათვით” აღენიშნათ. დიდი გერმანელი რეჟისორი ამბობდა, რომ “წითელი ძახველის” გმირი ეგორ პროკუდინი ძალიან ჰგავს მისი ფილმების გმირებს.

თუმცა დასავლელ რეჟისორთაგან შუკშინს ყველაზე მეტად მაინც პიერ-პაოლო პაზოლინის ადარებდნენ. დასავლური პრესა წერდა, რომ შუკშინის გმირები, რომლებიც სულ “გზაში არიან”, არა აქვთ სახლი, არა აქვთ ადგილი ამ ქვეყანაზე, პაზოლინის ლიუმპენების, ეგრეთ წოდებული “სუბპროლეტარიატის”, რუსი “ძმები არიან”.


საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ რუსმა კრიტიკოსებმა “წითელი ძახველი” შეაფასეს როგორც “ტრაგიკული მელოდრამა”... ჟანრი, რომელიც, ამავე დროს, “ზასტოის” ეპოქის სულს, მის განწყობილებას გამოხატავდა. 1974 წელს, როცა საბჭოთა კავშირიდან სოლჟენიცინი გააძევეს, დააპატიმრეს უამრავი დისიდენტი, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მთელ ნაციას საპყრობილეში ჩასმას უპირებდნენ. ქართველმა “შერეკილებმა” საპყრობილიდან გაქცევა მოახერხეს. რუსმა პატიმარმა კი ვერ იპოვა ადგილი თავის ქვეყანაში და არყის ხეზე მიბჯენილი დაიღუპა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG