Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოღალატე ქმრების რისხვა ჩინეთში: ქალთა დეტექტიური სააგენტო


ბოლო ათი წელია, მსოფლიოში ეკონომიკური აღმასვლის ნიმუშად ხშირად მოჰყავთ ქვეყანა ყველა დანარჩენ ქვეყანაზე უფრო მრავალრიცხოვანი მოსახლეობით - ჩინეთი.

ლაპარაკობენ ეკონომიკურ ბუმზე, რომელიც სწრაფად უცვლის სახეს კომუნისტური რეჟიმის მიერ მართულ სახელმწიფოს და რომელიც ლამის დღითი-დღე აუმჯობესებს ჩინელების ცხოვრების პირობებს. ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, რასაკვირველია, კარგია, მაგრამ დღეს გვინდა მის ჩრდილოვან მხარეზე გიამბოთ, ვინაიდან, როგორც ირკვევა, კეთილდღეობას ჩინეთში გარკვეული პრობლემებიც მოაქვს. ყოველ შემთხვევაში ქალებისათვის - თუ დავაზუსტებთ, ცოლებისთვის.

მაგალითად ქალბატონი ლიუ გამოდგება. ის ეჭვიანობდა - იტანჯებოდა წარმოდგენით, რომ ქმარი ღალატობს, რომ მას საყვარელი ჰყავს. ბოლოს ქალბატონმა ლიუმ გადაწყვიტა, ყველაფერისთვის ნათელი მოეფინა და ასე აღმოჩნდა “ქალთა უფლებების დამცველ საგამოძიებო ცენტრში” - ჩინეთის პირველ სააგენტოში, რომელშიც მხოლოდ დეტექტივი ქალები მუშაობენ.

სააგენტომ სიამოვნებით შეასრულა ახალი კლიენტის თხოვნა - რა შედეგით, თვით ქალბატონი ლიუსგან მოისმინეთ: [ლიუს ხმა] “ახლა მაქვს სამხილები. ქმართან გაყრის მოთხოვნა სასამართლოში შემიძლია, რაკი სამხილები მაქვს. მზად ვარ, ვაპატიო, თუ აღიარებს, რომ არასწორად მოიქცა და ოჯახს დაუბრუნდება - ჩვენ ხომ შვილი გვყავს! მაგრამ საქმე ის არის, რომ დაბრუნება არ უნდა. ამიტომ ისღა დამრჩენია, სასამართლოს მივმართო”.

ქალთა უფლებების დამცველი საგამოძიებო ცენტრი წელს გაიხსნა სამხრეთ-დასავლეთი ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში და ქალებს ეხმარება, ისარგებლონ ბოლოხანს მიღებული კანონით, რომელიც ცოლებს აძლევს საშუალებას, მოითხოვონ განქორწინება და მსხვილი ფულადი კომპენსაცია მოღალატე ქმრისაგან.

სააგენტო დაკომპლექტებულია 30 გამომძიებელი ქალით, რომლებიც, როგორც უკვე არაერთმა უცხოურმა, მათ შორის ქართულმა ტელეარხმაც აჩვენა, შავი სათვალეებითა და დურბინდებით “შეიარაღებული” ასრულებენ თავიანთ მოვალეობას: უთვალთვალებენ ღალატში ეჭვმიტანილებს, აგროვებენ სამხილებს...

რატომ მაინცდამაინც ქალები, დეტექტივი ჟანი განმარტავს: [ჟანის ხმა] “დეტექტივი ქალისათვის ადვილია ბრბოში გაუჩინარება. ხალხს ვერ წარმოუდგენია, რომ ქალიც შეიძლება დეტექტივი იყო, ამიტომ მიმალვა ძნელი არ არის. ჩვეულებრივი ქალის იერი საქმეს ძალიან გვიადვილებს”.

არადა, საქმე არა-ჩვეულებრივ, მეტიც - სახიფათო ქალებს ეხება: ყოველ შემთხვევაში, სახიფათოს მოღალატე ქმრებისათვის. გამოძიება, ეს ქალები რომ აწარმოებენ, ჩვეულებრივ სასტუმროს ნომერში, თუ ნაქირავებ ბინაში შეჭრით მთავრდება ... საბოლოო, დამაგვირგვინებელი სამხილის მოსაპოვებლად. შემდეგ ყველა სამხილი კლიენტის ხელში გადადის, რაც არ ნიშნავს, რომ სააგენტოს ფუნქციები ამით ამოიწურება: ის შუამავლის როლსაც ასრულებს, თუ კლიენტმა მოისურვა, მისთვის ვექილს შოულობს.

საქმე, ჩვეულებრივ, განქორწინებითა და ქონების თანაბარი გაყოფით მთავრდება ქვეყანაში, სადაც მამაკაცები, ლაპარაკია იმათზე, ვინც ეკონომიკური ბუმის წყალობით შთამბეჭდავ კეთილდღეობას მიაღწია, არც თუ იშვიათად საყვარელს იჩენენ და მას, რომ იტყვიან, ჩიტის რძეს არ აკლებენ: არ აკლებენ არც ბინას, არც მანქანას, არც ყოველთვიურ შემოსავალს.

ამიტომ ქალთა დეტექტიური სააგენტოს დირექტორი ჟან გუილანი, რომელმაც საკუთარი გამოცდილებიდან იცის, რას ნიშნავს, გყავდეს მოღალატე ქმარი, საზოგადეობრივი ცვლილების საჭიროებას ხედავს: [გუილანის ხმა] “დღეს საზოგადოებაში სულ უფრო ხშირია შემთხვევები, როცა დაქორწინებული მამაკაცი იჩენს საყვარელს, “მეორე ცოლს”. ჩვენ, როგორც დეტექტივი ქალების სააგენტო, კლიენტების დაკვეთით ვაგროვებთ სამხილებს. ეს კი ხელს უწყობს საზოგადოების სტაბილიზაციას, შესაძლოა ხელი შეუშალოს ღალატის ჩვევას მამაკაცებში, მათ ღალატზე ხელი ააღებინოს”.

ძველად შეძლებული ვაჭრის, მემამულის ცოლს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა - უნდა შეგუებოდა კონკურენტის არსებობას, თუ საზოგადოებრივი პოზიციის შენარჩუნება სურდა. დღეს ასე აღარ არის - ყოველ შემთხვევაში, ჩინეთში.
XS
SM
MD
LG