Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''უნისეფი'' – ეკონომიკური ზრდა ბავშვთა სიღარიბის მასშტაბის შემცირებაზეც უნდა აისახოს


გაეროს ბავშვთა ფონდ – "უნისეფის" ბოლო ანგარიშში ნათქვამია, რომ ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში

მილიონობით ბავშვი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული რეგიონის ქვეყნები ეკონომიკურ ზრდას განიცდიან, მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენებისთვის არაფერი იცვლება. სიღატაკეში ყოფნა ბავშვებს ართმევს ჯანმრთელობას, განათლების მიღების საშუალებასა და უკეთესი მომავლის იმედს. მასალას, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, ტაჯიკეთის დედაქალაქის ცენტრალურ პარკში მათხოვარ ბავშვთან საუბრის ჩანაწერით ვიწყებთ:

[კორესპონდენტისა და მათხოვარი ბავშვის საუბარი ტაჯიკურად]
"ბავშვი:
მე ალიშერი მქვია. დუშანბეს ცენტრალურ პარკში ვმათხოვრობ
კორესპონდენტი:
რამდენი წლის ხარ?
ბავშვი:

11-ის.
კორესპონდენტი:

მშობლები თუ გყავს? დუშანბეში სახლი გაქვს?
ბავშვი:
კი, მშობლები მყავს. სახლიც გვაქვს. მამაჩემი ლოთია. ის უმუშევარია. დედაჩემიც არ მუშაობს. მარტო მე ვმუშაობ – პარკში ვმათხოვრობ.
კორესპონდენტი:

რას აკეთებ აქ?
ბავშვი:
გამვლელებს ვემათხოვრები. ზოგი ფულს მაძლევს, ზოგი საჭმელს. ღამით პარკში დარჩენა მირჩევნია. ხან აქ მძინავს, ხან სახლში მივდივარ. სახლში მამა მეკითხება ხოლმე "რა მოიტანე?"-ო, მერე კი მცემს ხოლმე. დედაჩემსაც ცემს ხოლმე და ჩემს ძმებსაც. არ მინდა სახლში წასვლა".

ალიშერი ერთ-ერთია იმ ასობით ბავშვს შორის, რომლებიც ტაჯიკეთის დედაქალაქში სიღატაკეში ცხოვრობენ. ქუჩაში ნაპოვნ დაგლეჯილ ტანსაცმელში გამოწყობილი ალიშერი მისი ყოველდღიურობის სასტიკ რეალობას ასახავს. უკვე რამდენიმე წელია მას სკოლაში არ უვლია.

ტაჯიკეთი, რასაკვირველია, გამონაკლისი არ არის. “უნისეფის” ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში მილიონობით ბავშვი სიღატაკეში ცხოვრობს, არ არიან უზრუნველყოფილი არც სამედიცინო მომსახურებით და არც განათლებით.

როგორც “უნისეფის” გამოკვლევა აჩვენებს, ბავშვების სიღატაკის დაძლევა გაცილებით რთულია, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მიღწევა.

უმრავლეს შემთხვევაში – როგორც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ისე ბალტიის ქვეყნებსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა ყველა დემოგრაფიულ ჯგუფზე არ ვრცელდება. ამის თაობაზე კარელ დე როი - “უნისეფის” წარმომადგენელი რუსეთსა და ბელორუსიაში ამბობს:

[დე როის ხმა]
“ეკონომიკური ზრდა არ აისახა ბავშვის კეთილდღეობასა და ბავშვთა სიღარიბის შემსუბუქებაზე. ეს არის სწორედ ამ ანგარიშის ერთ-ერთი მთავარი სიგნალი. მეორე საკითხი გახლავთ ის, რომ სიღარიბისა და ბავშვთა დაუცველობის თვალსაზრისით განსხვავებული ვითარებაა არა მხოლოდ ცალკეული სახელმწიფოს შიგნით, არამედ ერთი და იმავე რეგიონის ქვეყნებს შორის. მესამე პრობლემა კი არის ის, რომ მასობრივად გაიზარდა ნარკოტიკის, სიგარეტისა და ალკოჰოლის მოხმარება ახალგაზრდების მიერ”.

პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებში. “უნისეფის” საკვლევ ქვეყნებს შორის (ბოლო ანგარიშის გეოგრაფიას ვგულისხმობ) ისინი უღარიბესნი არიან და მათი მთავრობები ყველაზე ცოტას ხარჯავენ ჯანდაცვასა და განათლებაზე. ბავშვების დიდი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს და ამასთან შობადობა სხვა რეგიონის ქვეყნებთან შედარებით იქ სწრაფად იზრდება.

ბევრგან იზრდება უმუშევრობის დონეც. ეს პროცესი სულ უფრო სწრაფად მიდის ლიტვაში, პოლონეთში, სერბიასა და ჩერნოგორიაში. უმუშევარი მშობლების შვილები არა მხოლოდ აწმყოში არიან სიღარიბისთვის განწირულები, არამედ დაკარგული აქვთ სამომავლო პერსპექტივაც. კარელ დე როი ამბობს:

[დე როის ხმა]
“სიღარიბეში მყოფი ბავშვები, სავარაუდოდ, ტოვებენ სკოლას და ძალიან ადრე გამოდიან სამუშაო ბაზარზე. მათ არ გააჩნიათ თვითგანვითარების შესაძლებლობა. ისინი ისეთ საფრთხეებს ეჯახებიან, რომლებსაც სკოლასა და ნორმალურ პირობებში მყოფი ბავშვები არიდებულნი არიან. და ამრიგად, ჩვენ ხელში გვრჩება ბავშვების მთელი თაობა, რომლის უფლებები ილახება და ამავე დროს ის ვერ იქნება ისეთივე ქმედითუნარიანი საზოგადოებაში, როგორსაც ვისურვებდით”.

სიღარიბე და უმუშევრობა მასობრივი ეკონომიკური მიგრაციის მიზეზი გახდა. მოზრდილები და ბავშვები ხშირად დაურეგისტრირებლად და საბუთების გარეშე მოგზაურობენ, რაც მატი უფლებების დაცვას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.

ალბანეთი, სომხეთი, საქართველო და ტაჯიკეთი მიგრანტთა დიდ გადინებას განიცდიან. მიგრანტთა უმრავლესობა რუსეთსა და დასავლეთ ევროპას მიაშურებს. “უნისეფის” ანგარიშში ნათქვამია, რომ 1989 წლიდან მოყოლებული დღემდე სომხეთმა და ალბანეთმა მიგრაციის შედეგად მოსახლეობის 25 პროცენტი დაკარგეს.

მიგრანტთა შვილები, რომლებიც სამშობლოში რჩებიან, იღებენ არსებობისთვის აუცილებელ გარკვეულ თანხას, მაგრამ მშობლების ყურადღებისა და ზრუნვის გარეშე იზრდებიან. ეს ფაქტორები, “უნისეფის” წარმომადგენლის თანახმად, განაპირობებს ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მოხმარების ალბათობისა და თანმხლები აივ-ვირუსით ინფიცირებისა და სხვა დაავადებების რისკის ზრდას.

“უნისეფი” აცხადებს, რომ რეგიონის ქვეყნების მთავრობებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ ეკონომიკური ზრდა სიღარიბესა და უმუშევრობაში მყოფი ოჯახების სოციალურ დახმარებაზე აისახოს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG