Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ჰქვია ”თამადა” პრაღაში მოქმედ ჩეხურ-ქართულ რესტორანს


ვაგრძელებთ რეპორტაჟების ციკლს ”ქართველები პრაღაში” და ამჯერად ელგუჯა ჩოჩიას გაგაცნობთ. იგი თითქმის 3 წელია, რაც თავის ოჯახთან ერთად პრაღაში ცხოვრობს.

მან თბილისი 1993 წელს აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ დატოვა, რადგან მისმა პატარა თბილისურმა ოჯახმა 12-მდე აფხაზეთიდან დევნილი შეიკედლა. ელგუჯა ჩოჩია, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად, საქართველოდან წასვლის შემდეგ მოსკოვში ცხოვრობდა და იქ ბატონმა ელგუჯამ მცირე ბიზნესიც გამართა. სამიოდე წლის წინ ის და მისი ოჯახი პრაღაში მოგზაურობამ ისე მოხიბლა, რომ აქ გადმოსვლა გადაწყვიტეს და ერთი წლის წინ ჩეხურ-ქართული რესტორანი ”თამადაც” გახსნეს. მინდა ამ რესტორანში მიღებული შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ.



[ისმის რესტორანში შესვლის ხმა]

“თამადაში” შესვლისთანავე გაოცებული დავრჩი იქ მყოფი ხალხის სიმრავლით. ყველა მაგიდა დაკავებული იყო და პირველი, რა კითხვაც გამიჩნდა, ეს იყო: ნუთუ ამდენ ხალხს - და თანაც, უმეტესწილად, ჩეხებს - ქართული სამზარეულო იზიდავს-მეთქი. თუმცა აღმოჩნდა, რომ საქმე სხვაგვარადაა. ”თამადა” მხოლოდ ქართული რესტორანი არ არის და იქ ხალხის სიმრავლე იმითაცაა გამოწვეული, რომ რესტორანს არ დაუკარგავს ძველი პროფილი. იგი ჩეხურ სამზარეულოსთან ერთად თავის ძველ კლიენტებს შედარებით იაფფასიან ლუდსა და ”ქანთრი” მუსიკასაც სთავაზობს.

[ელგუჯა ჩოჩიას ხმა] ”ამას უფრო შეიძლება ლუდხანა დავარქვათ, ამ დაწესებულებას. მართალია, დედაჩემი ხანდახან სასადილოს ეძახის...
... პროფილი შევინარჩუნეთ, არ გვინდოდა ჩვენი ჩეხი კლიენტურის დაკარგვა...”

ეს არის ელგუჯა ჩოჩია, ჩეხურ-ქართული რესტორნის, ”თამადის”, სულის ჩამდგმელი. მისი რესტორანი შეიძლება, პრაღის სტანდარტებით, მართლაც, წააგავდეს ლუდხანას, თორემ, თბილისურ რესტორნებთან შედარებით, მას ლუდხანას ძნელად თუ უწოდებ. ხოლო მენიუში ჩეხური და ქართული სამზარეულოს ერთმანეთთან შერწყმა კარგი მარკეტინგული მიგნებაა, რადგან მხოლოდ ქართული სამზარეულოს მქონე რესტორნებმა პრაღაში ვერ გაამართლა, რადგან მასზე არსებული მოთხოვნა და ხარჯები ერთმანეთს ამ ეტაპზე ვერ აბალანსებს.

მე ელგუჯა ჩოჩიასთან საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, იმით დავინტერესდი, თუ ვინ არის ქართული კერძების ძირითადი მომხმარებელი - ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მოქალაქეები თუ პრაღელები.
მან მითხრა, რომ ქართველების შემდეგ ჩეხები უფრო ინტერესდებიან ქართული კერძებით:

[ელგუჯა ჩოჩიას ხმა] ”თანაც ცდილობენ რამდენჯერმე მოვიდნენ, რომ სხვადასხვა კერძი გასინჯონ. დღეს შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ჩვენებურად გაკეთებული ლობიო ისეთი მოთხოვნით სარგებლობს, რომ თითქმის ყოველდღე გვაქვს პრობლემა, არ გვყოფნის ხოლმე. ხანდახან ჩემთვისაც არ რჩება ხოლმე. ასეა ხაჭაპურზეც.”

ქართული კერძები რომ პრაღელების დიდ მოწონებას იმსახურებს, ეს ჩოჩიას ოჯახის წევრებმა, რესტორნის სამზარეულოში მოფუსფუსე ქალბატონებმა, მარინამ და რუსუდანმა მითხრეს.

[ქალბატონების ხმა] ”ხშირად მოდიან ძალიან. თავიდან უჭირთ ჩეხებს, მაგრამ ვინც იცნობს, ხშირად მოდიან... - მაინტერესებს, არ გიჭირთ ქართული კერძების მომზადება? მაგალითად, ყველი ისეთი არ არის როგორიც საქართველოში... - არა, ჩვენ აქ შევარჩიეთ ყველაფერი ისე კარგად, რომ თითქმის 90 პროცენტი იგივეა. მთავარია, ქართველებს მოსწონთ, ესე იგი რახან ქართველებს მოსწონთ...” (სტილი დაცულია)

[ისმის ხმაური]

“თამადაში” ქართული კერძები, მართლაც, ხარისხიანია და სამშობლოს მონატრებულ ქართველებს გულის მოოხების კარგ საშუალებას აძლევს; ასევე აქ, პრაღაში, საქართველოს პოპულარიზების საქმეშიც თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს.

მე ბატონ ელგუჯას ისიც ვკითხე, თუ რატომ მაინცდამაინც ”თამადა” დაარქვა ჩეხურ-ქართული შერეული სამზარეულოს მქონე რესტორანს.

[ელგუჯა ჩოჩიას ხმა] ”ერთი მსახიობი მოვიდა ჩეხი და მითხრა, რომ 80-იან წლებში ყოფილა პრაღაში ქართული რესტორანი “თამადა”, რომელიც შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო დახურულა. და თუ ვინმე იცნობს ქართულ კერძებს, ამ რესტორნის სახელით იცნობსო. კარგი იქნება ამ სახელს თუ აღადგენთ - ვინც იცოდა, გაიხსენებს და ვინც არა, ჩვენ ავუხსნითო...”

მართლაც, ბევრი უცხოელი თუ ადგილობრივი იხსენებს საქართველოს “თამადაში” მომზადებული ქართული კერძების დაჭაშნიკების შემდეგ და ქართული სიმღერების მოსმენის სურვილსაც ხშირად გამოთქვამენ ხოლმე.

[ელგუჯა ჩოჩიას ხმა] ”რამდენიმე ჩეხმა სულიკოს ჩაწერაც გვთხოვა. რა თქმა უნდა, გადავუწერეთ და გავატანეთ...

[სულიკო]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG