Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,Freedom Hous”-ის ტრადიციულ რეიტინგში, პრესის თავისუფლების მხრივ, საქართველოს წელს 4 ქულა


ნაწილობრივად თავისუფალი პრესის მქონე ქვეყნების კატეგორიაში საქართველო ბანგლადეშთან, ბოსნიასთან, კოლუმბიასთან, ფიჯისთან, ტანზანიასა და კიდევ

რამდენიმე სახელმწიფოსთან ერთად აღმოჩნდა.
თუკი გავითვალისწინებთ, რომ ორგანიზაცია ,,Freedom Hous” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში პრესის სრულ თავისუფლებას 1 ბალით აღნიშნავს, საპირისპირო ტენდენციას კი - 7 ბალით, საქართველოს მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა.მით უმეტეს, რომ, ,,Freedom Hous”-ის შეფასებით, 3 წლის წინ ქართული პრესა გაცილებით თავისუფალი იყო და სამ ქულას იმსახურებდა.
საზოგადოების კვლევის ცენტრის ექსპერტი მარინა მუსხელიშვილი ამბობს, რომ სიტუაციის გაუარესების ტენდენციას მაყურებლები და მკითხველები გრძნობენ:

[მარინა მუსხელიშვილის ხმა] ,,თუ ეს ტენდენცია არ გაგრძელდა, თუკი რაიმე გაუმჯობესებები მოხდა, შეიძლება კვლავ დავუბრუნდეთ შედარებით მაღალს, თუმცა, მთლად მაღალი არასდროს არ ყოფილა სიტყვის თავისუფლების მაჩვენებელი ჩვენთან.” (სტილი დაცულია)

მარინა მუსხელიშვილს მიაჩნია, რომ საქართველოში გასულ წელს მომხდარ რევოლუციამდე მასმედია ხელისუფლებისგან გაცილებით დამოუკიდებელი იყო.
განსხვავებას ხედავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილიც:

[იაგო კაჭკაჭიშვილის ხმა] ,,ორი წლის წინანდელთან შედარებით, მედიის თავისუფლება ახლა უფრო მეტად შეზღუდულია, მაგრამ ყურადღება მინდა გავამახვილო ერთ ძალიან მნიშვნელოვან გარემოებაზე. იმდენად ინსტიტუციურ შეზღუდვაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ საქართველოს მედიის სივრცეში გაჩნდა თვითცენზურის ფაქტი. ველი არის ისეთი შექმნილი, რომ ჟურნალისტებს განსხვავებული ან კრიტიკული აზრის გამოთქმის დაბრკოლება აქვთ, თვითდაბრკოლება, თუკი შეიძლება ასე ითქვას.” (სტილი დაცულია)




საქართველოში მასმედიის კიდევ ერთ პრობლემაზე - საზოგადოებისადმი მის დამოკიდებულებაზე - საუბრობს საზოგადოების კვლევის ცენტრის ექსპერტი მარინა მუსხელიშვილი:

[მარინა მუსხელიშვილის ხმა] ,,მაყურებელი ძალიან ძნელად ახდენს ზეგავლენას მასმედიაზე. მაშინაც კი, როდესაც ჟურნალისტები შედარებით თავისუფალნი არიან ხელისუფლების ზეწოლისგან, ისინი მაინც ახდენენ საზოგადოების იზოლირებას. საზოგადოება კარგავს კომუნიკაციის უფლებას და, ფაქტობრივად, არ ჩანს იმ სურათში, რომელსაც ხატავს მასმედია.”

მარინა მუსხელიშვილი მიიჩნევს, რომ მიუხედავად პრესაზე - განსაკუთრებით მცირერიცხოვან რეგიონულ გაზეთებზე - ხელისუფლების ზეწოლისა, საქართველოში ბეჭდური პრესა, ელექტრონულთან შედარებით, თავისუფალია.
თითქმის ანალოგიური სიტუაციაა რუსეთში, სადაც, ,,Freedom Hous”-ის შეფასებით, ვითარება,პრესის თავისუფლების მხრივ, საგრძნობლად გაუარესდა.
არსებობს აზრი, რომ საქართველოსაც რუსეთის მსგავსი ტენდენცია ემუქრება:

[იაგო კაჭკაჭიშვილის ხმა] ,,მე ვეთანხმები ამას. რუსეთშიც, ფაქტობრივად, ასე დაიწყო პროცესები, ანუ იქაც ალტერნატიული აზრის შეუწყნარებლობა გაჩნდა.”

სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს მიაჩნია, რომ ამგვარმა პროცესმა, შესაძლოა, მონოტენდენციური მედიასივრცის შექმნამდე მიგვიყვანოს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG