Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ვარდების რევოლუციიდან” ბოლშევიკური წარსულისაკენ - შეიქმნება თუ არა ახალი პოლიციურ-სადაზვერვო მონსტრი


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი შეიქმნება თუ არა ახალი ქართული “ენკავედე”? - ამ კითხვაზე პასუხი, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თბილისში დაბრუნების შემდეგ გაირკვევა.

საინფორმაციო საშუალებებს კი შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების გაერთიანება და ამ ახალი სტრუქტურის ხელმძღვანელად ვანო მერაბიშვილის დანიშვნა განსაკუთრებულ ინტერესს აღუძრავს. ახალი ე.წ. “ძალოვანი მონსტრის” შექმნის შესაძლებლობა, თავის მხრივ, ქართველი ექსპერტების შეშფოთებას იწვევს. ისინი ხელისუფლების ავტორიტარიზაციის შესახებ საუბრობენ.


[კრემლის კურანტების ხმა]

[ლავრენტი ბერიას ხმა]

ეს კაცი, ალბათ, ყველას გეცნობათ. მაინც შეგახსენებთ: იგი ლავრენტი პავლეს ძე ბერიაა. ვანო მერაბიშვილისა არ იყოს, თავდაპირველად არც ის გეგმავდა საკუთარი ბედის სპეცსამსახურებთან დაკავშირებას. თუმცა, ჩვენი მინისტრისაგან განსხვავებით, ბერიამ კარიერა სულ ქვედა საფეხურით - აგენტობით - დაიწყო. ბოლოს კი, მსოფლიოში ყველაზე ტოტალურ, პოლიციურ-სადაზვერვო უწყებას, ენკავედეს, იმავე შინსახკომს, ჩაუდგა სათავეში. ეს მონსტრი უწყება პირველად 1922 წელს შეიქმნა - მაშინ, როდესაც, ფელიქს ძერჟინსკის ხელმძღვანელობით, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი და საგანგებო კომისია გაერთიანდა. გაერთიანებული სამსახურის ძირითადი მიზანი საბოტაჟსა და კონტრრევოლუციასთან ბრძოლა იყო.

[ვანო მერაბიშვილის ხმა] “ეს არის მცდელობა კონტრრევოლუციის და, შესაბამისად, კონტრრევოლუციონერების მიმართ სახელმწიფო გამოიყენებს იმ მეთოდებს, რომლების ღირსებიც ესენი არიან. აი, ის, რომ რევოლუცია ბოლომდე მისული არ არის, აძლევს საშუალებას ზოგიერთ ადამიანს გამოთქვას ესეთი მოსაზრებები, როგორიც გამოთქმული იყო, სრულიად მცდარი, ცრუ და სრულიად არა...” (სტილი დაცულია)

ალბათ, მიხვდით, რომ ეს არც რკინის ფელიქსი და არც ლავრენტი პავლიჩია, იგი ჩვენი ივანე მერაბიშვილია. მართალია, მისი ბოლო სიტყვები, ასგზისი მოსმენის მიუხედავად, ვერაფრით გავარჩიე, მაგრამ ეს არცთუ ისე მნიშვნელოვანია. მთავარი ისაა, რომ ამიერიდან იგი, შესაძლოა, საქართველოში ყველაზე გავლენიანი ადამიანი გახდეს. მრავალათასიანი პოლიცია, კონტრდაზვერვა, დაზვერვა და გამოძიება სწორედ მას დაექვემდებარება. ყოველივე ამას მალე, შესაძლოა, ჟანდარმერიაც დაემატოს. სპეცსამსახურების ექსპერტი ირაკლი ბათიაშვილი შიშობს, რომ ხელისუფლება ავტორიტარიზმის გზას დაადგა.

[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] “ჩვენი ხელისუფლება, სამწუხაროდ, მართლაცდა, შეპყრობილია ასეთი ავტორიტარული მისწრაფებებით. რაღაც შიშებით არის შეპყრობილი და განუწყვეტლივ ფიქრობს თავისი ამ ძალოვანი სტრუქტურების გაზრდაზე, რომ აქციოს რაღაც უშველებელ მონსტრებად. თუმცა ამის ფინანსური რესურსები არა აქვს სახელმწიფოს.”

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველოში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრები ხელისუფლებას ურჩევდნენ რევოლუცია დაესრულებინათ და რეფორმებისათვის მიეყოთ ხელი. როგორც ჩანს, სტუმრებს დაავიწყდათ დაეკონკრეტებინათ, რეფორმების გატარება რომელი ანალოგის მიხედვით იქნებოდა უმჯობესი. უდავოდ, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების გაერთიანებაც რეფორმაა, მაგრამ ვაგლახ, რომ საბჭოური და არა თანამედროვე, დასავლური მოდელისა. არადა, თვით საბჭოთა კავშირშიც ერთ დროს მიხვდნენ და უზარმაზარი ენკავედე რამდენიმე სამსახურად დაანაწევრეს.
XS
SM
MD
LG