Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10 წლის წინ ჩეჩნეთში რუსეთის ჯარები შევიდნენ


1994 წლის 11 დეკემბერს ჩეჩნეთში რუსეთის ჯარები შევიდნენ. ოფიციალურად მათი მისია სეპარატისტულ რესპუბლიკაზე მოსკოვის კონტროლის აღდგენა იყო.

რუსეთის მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა პაველ გრაჩოვმა დაარწმუნა რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი, რომ ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს ორ საათში აიღებდა პარაშუტისტთა ორი პოლკი. მას შემდეგ 10 წელი გავიდა, ჩეჩნეთში 2 სამხედრო კამპანია განხორციელდა, მაგრამ ომი მაინც დაუსრულებლად მძვინვარებს. დღეს მინდა 10 წლის წინ მომხდარი ის მოვლენები შეგახსენოთ, რომლებმაც რუსეთი და ჩეჩნეთი მეოცე საუკუნის ბოლოს ყველაზე მწვავე კონფლიქტამდე მიიყვანა.

საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ ეგრეთ წოდებული სუვერენიტეტების აღლუმი დაიწყო და სწორედ ამ დროს მოვიდა ჩეჩნეთის სათავეში საბჭოთა საავიაციო ძალების გენერალი ჯოხარ დუდაევი.

მომდევნო 3 წლის მანძილზე დაძაბულობა მოსკოვთან სულ უფრო მწვავდებოდა, რადგან დუდაევმა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად ჩეჩნეთის შეიარაღებული ძალების მშენებლობა დაიწყო. რუსეთის იმჟამინდელ პრეზიდენტს ბორის ელცინს ვერ გადაეწყვიტა, თუ როგორ მოეთვინიერებინა ურჩი გენერალი ჯოხარ დუდაევი.

თავად დუდაევი კი დარწმუნებული იყო, რომ ელცინი ჩეჩნეთის წინააღმდეგ ჯარებს არ გამოიყენებდა. ეს ლონდონში პოლიტიკურ დევნილობაში მყოფმა ახმედ ზაკაევმა რადიო “თავისუფლების” ჩრდილო-კავკასიურ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა:

[ახმედ ზაკაევის ხმა ] ”მან თქვა: არა, არ იქნება ომი, მსოფლიო არ დაუშვებს რომ ომი დაიწყოსო. მე არ ვიცი რატომ, მაგრამ ჯოხარ დუდაევი ნამდვილად დარწმუნებული იყო, რომ ომი არ დაიწყებოდა.”

როგორც ჩანს, დუდაევი მთელ იმედებს იმაზე ამყარებდა, რომ 1993 წელს მან, მოსკოვში თეთრი სახლის აღებისას, მხარი ელცინს დაუჭირა. თუმცა ეს ბევრს არ გახსენებია 1994 წლის 29 ნოემბერს კრემლში, როდესაც რუსეთის უშიშროების საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. მან ჩეჩნეთის ხელისუფლებას მოსთხოვა, განიარაღებულიყო და მოსკოვს დამორჩილებოდა; წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალისმიერი ზეწოლით დაემუქრა.

იმ დროს ივან რიბკინი რუსეთის სახელმწიფო დუმის ქვედა პალატის სპიკერი იყო და, შესაბამისად, უშიშროების საბჭოს 29 ნოემბრის სხდომასაც ესწრებოდა. რადიო “თავისუფლების” რუსულ სამსახურთან ინტერვიუში ივან რიბკინმა ის ვითარება გაიხსენა, რომელიც უშიშროების საბჭოს მაშინდელ სხდომაზე სუფევდა. მისი მონაწილეების უმრავლესობამ ჩეჩნეთისთვის ულტიმატუმის წაყენებას დაუჭირა მხარი, ელცინი კი ყოყმანობდა:

[ივან რიბკინის ხმა] ”ბორის ნიკოლაევიჩმა რატომღაც მე შემომხედა პირდაპირ თვალებში და თქვა: ძალიან ვშიშობ, ეს მეორე ავღანეთად არ იქცეს.”

მოგვიანებით ელცინმა აღიარა, რომ ჩეჩნეთში შეიარაღებული შეჭრა ”სერიოზული შეცდომა” იყო. როგორც ჩანს, მისი წინათგრძნობაც, რომ ჩეჩნეთი შეიძლება მეორე ავღანეთად ქცეულიყო, საფუძველს მოკლებული არ იყო. ავღანეთში 10 წლიანი სამხედრო კამპანიის დროს საბჭოთა კავშირმა დაახლოებით 13 ათასი ჯარისკაცი დაკარგა. ჩეჩნეთის პირველი ომის დაწყებიდან დღემდე კი ორჯერ მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. რაც შეეხება მოსახლეობას, როგორც ჩეჩნეთის სეპარატისტი ლიდერები ამბობენ, დაღუპულია ნახევარი მილიონი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის - 40 ათასი ბავშვი, ათიათასობით კი ლტოლვილად იქცა. ეს დაუზუსტებელი ციფრებია, რადგან მათი გადამოწმება შეუძლებელია.

10 წლის წინ საომარი კამპანიის ასეთ შედეგებზე ფიქრით რუსეთის ხელისუფლებაში თავს არავინ იწუხებდა.

[ემილ პეინის ხმა] ”გეგმა, როგორც ასეთი, მათ არ ჰქონდათ და ის, რომ ომის დაწყებას მასობრივი შეიარაღებული წინააღმდეგობა მოჰყვებოდა, - თითქოს მარტივი ჭეშმარიტებაა, - მეტწილად, არ იყო გათვალისწინებული.”

ეს იყო ეთნო-პოლიტიკური და რეგიონალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, ჩეჩნეთის ომის დაწყების დროს ელცინის მრჩეველი, ემილ პეინი.

პირველი ომის დასრულება ვერც ჯოხარ დუდაევის დაღუპვამ დააჩქარა - დუდაევისა, რომელიც რუსულმა რაკეტამ გამოასალმა სიცოცხლეს. ჩეჩენთა შეიარაღებულმა ძალებმა მაინც შეძლეს დედაქალაქ გროზნოს დაბრუნება და, ასლან მასხადოვის ხელმძღვანელობით, მოსკოვი აიძულეს ხელი მოეწერა სამშვიდობო შეთანხმებისათვის.

შეთანხმება 1999 წელს ელცინის მემკვიდრედ გამზადებულმა პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა დაარღვია და, ტერორიზმთან ბრძოლის ეგიდით, რუსეთის ჯარები ისევ დაბრუნდნენ ჩეჩნეთში.
რუსი უფლებადამცველი ალექსანდრ პოდრაბინეკი ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლებას ხელს აძლევს დაუსრულებელი საომარი მდგომარეობა:

[ალექსანდრ პოდრაბინეკის ხმა] ”მთავარია ის, რომ ომის მდგომარეობა საშუალებას იძლევა, საზოგადოება დაძაბულ მდგომარეობაში ამყოფონ; მიღებული იქნეს კანონები, რომლებიც ზღუდავს სამოქალაქო თავისუფლებებს; ის იძლევა იმის საშუალებას, რომ არმია და ძალოვანი სტრუქტურები გაძლიერდეს და, ბოლოს და ბოლოს, სამხედროებმაც ხელი მოითბონ ამ ომით.”

პოდრაბინეკი აღნიშნავს, რომ ჩეჩნეთში გაუთავებელმა ომმა, რომელმაც უზარმაზარი მსხვერპლი მოიტანა, ამავე დროს, ჩეჩნეთი ტერორიზმის ბუდედაც აქცია.
XS
SM
MD
LG