Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის “ნარინჯისფერი რევოლუციის” ინტერნაციონალური ხასიათი


გასულ კვირაში უკრაინის პოლიტიკურ კრიზისში კვანძის გახსნის ეტაპი დადგა.

ოპოზიციის მოთხოვნები დაკმაყოფილებულია: პრემიერ-მინისტრი ვიქტორ იანუკოვიჩი თანამდებობიდან გადააყენეს, გაუქმდა ხმის მიცემა საცხოვრებელი ადგილიდან ამოწერის ბარათით და ოპოზიციას საოლქო საარჩევნო კომისიებში თავისი კანდიდატურების წარდგენის უფლება მიეცა. თავის მხრივ, 24 დეკემბრამდე, ოპოზიციამ მოხსნა პიკეტი ადმინისტრაციულ შენობებთან. თუმცა კიევის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, ჯერ კიდევ რჩება კარვების ქალაქი, მასში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ადამიანებით, რომლებმაც უკრაინის “ნარინჯისფერ რევოლუციას” საერთაშორისო ხასიათი შესძინეს. გასულ კვირის მანძილზე კიევში ყოფნისას, სწორედ კარვებში მცხოვრები არაუკრაინელი ახალგაზრდების მოტივაციით დავინტერესდი.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ კიევის ქუჩებში დაწყებულ საპროტესტო აქციებზე უკრაინულის გვერდით, ერთ-ერთ პირველი, ქართული სახელმწიფო დროშა აფრიალდა. ქართული მედიასაშუალებებით ამ სცენის მრავალგზის რეტრანსლირებამ კი ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს საქართველოში ლამის ყველაზე მეტად იყვნენ დაინტერესებულნი უკრაინაში დემოკრატიის გამარჯვებით. მაგრამ კიევში - თავისუფლების მოედანზე გაშლილი კარვების ქალაქში - მოხვედრის შემდეგ რწმუნდები, რომ ეს ასე არ არის. იქ, უკრაინელი სტუდენტებისა და “პორას” აქტივისტების მხარდამხარ, საველე ვითარებაში ცხოვრობენ რუსეთიდან, ბელორუსიდან, მოლდოვეთიდან, პოლონეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან ჩასული სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები. ასეთ - ერთგვარ ინტერნაციონალურ - ჯგუფშია ბელორუსი ვიაჩესლავ სივჩიკი, როგორც თავად ამბობს, ბელორუსის წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი. ვიაჩესლავ სივჩიკი ფიქრობს, რომ კიევის ქუჩებში მისი ქვეყნის, ბელორუსის, ბედიც წყდება და განმარტავს:

[ვიაჩესლავ სივჩიკის ხმა] “იმიტომ რომ ბელორუსი ხალხი ბოლო რვა წლის განმავლობაში ლუკაშენკოს პრომოსკოვური დიქტატორული რეჟიმის პირობებში ცხოვრობს და, იანუკოვიჩის სახით, ანალოგიური რეჟიმი უკრაინაშიც რომ დამყარდეს, მაშინ მთელ აღმოსავლეთ ევროპას ერთი ოცი წლით მაინც შეგვიძლია ჯვარი დავუსვათ.”


პროტესტს საკუთარ ქვეყანაში გამეფებული დიქტატორული მმართველობის წინააღმდეგ კიევის ქუჩებში მყოფი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მხოლოდ დროშის ფრიალით არ გამოხატავენ, ისინი ბოლო დღეებამდე მონაწილეობას ღებულობდნენ ყველა ადმინისტრაციული შენობის პიკეტირებაში, მორიგეობდნენ კარვების ქალაქის პერიმეტრზე, საველე სამზარეულოებში, დემონსტრანტებს ურიგებდნენ შემოწირულ თბილ ტანსაცმელს, მშრალ საკვებსა და მედიკამენტებს. ამ ჯგუფში იმყოფება რუსეთის მოქალაქე სერგეი გლადკი. ერთადგილიან კარავზე, რომელშიც სერგეი ცხოვრობს, თვეზე მეტია რუსეთის სახელმწიფო დროშა ფრიალებს. სხვა თანამოქალაქეების მსგავსად, სერგეიც ოცნებობს იმ დროზე, როდესაც გამოღვიძება რუსეთშიც დაიწყება:

[სერგეი გლადკის ხმა] “მეც ვფიქრობ, რომ იგივე შეიძლება რუსეთშიც განმეორდეს, რომ ჩვენც გვექნება უფრო დემოკრატიული საზოგადოება, ვიდრე ახლაა. რადგან “ეფ-ეს-ბე”, “კაგებეშნიკები” და “ჩეკისტები” სულ უფრო გვიჭერენ ხელს. ჩვენი პრეზიდენტიც ჩეკისტია და ისინი, ყველა ერთად, დაძაბულ მდგომარეობაში გვამყოფებენ. ხალხს რუსეთში არ სურს ასე ცხოვრება, ხალხს სურს უფრო დემოკრატიულად და თავისუფლად ცხოვრება, როგორც, ვთქვათ, ევროპაშია.”

კიევში, თავისუფლების მოედანზე გაშლილ კარავ ქალაქში, სხვადასხვა დროის განმავლობაში ცხოვრობდნენ მოლდაველი, პოლონელი, ესპანელი და ამერიკელი სტუდენტებიც კი. თუმცა, როგორც გაირკვა, ყველაზე სტაჟიანი ამ ინტერნაციონალურ ბრიგადაში ქართველი სტუდენტი ირაკლი ჭეიშვილია, რომელიც ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს საკუთარი ხარჯით ჩავიდა ბათუმიდან და კიევში, თავისუფლების მოედანზე, დასცა კარავი:

[ირაკლი ჭეიშვილის ხმა] “ყველა საოცარი სითბოთი მეპყრობა და მეუბნებიან, რომ ქართულ დროშას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ნებისმიერი ქვეყნის დროშას.”

“ნარინჯისფერი რევოლუციის” დღეებში კიევის ქუჩებში გამოჩენილი ამ “ინტერნაციონალური ბრიგადის” მიმართ ბევრი უკრაინელი მოქლაქე სიმპათიით არის განწყობილი.

[მოქალაქის ხმა] “მე მათი ძალიან, ძალიან მადლობელი ვარ. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ფასი არა აქვთ. ისინი ჩვენი ხალხის გვერდით მთელი სულითა და გულით დგანან.”

თუმცა იანუკოვიჩის მომხრეები, რომლებიც კიევში, ძირითადად, მიხაილოვსკის დაღმართზე იკრიბებიან და მუსიკალურ შოუებს მართავენ, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ვიქტორ იუშჩენკოსა და მის მომხრე ახალგაზრდებს დასავლეთის ემისრებად ნათლავენ:

[იანუკოვიჩის მომხრე ახალგაზრდის ხმა] “ის გამოჭერილი ჰყავს, გამოჭერილი ჰყავს დასავლეთს, გაიმარჯვებს კი ჩვენი, უკრაინული, ხელისუფლება.”

ძნელი სათქმელია, შერჩათ თუ არა ამ ახალგაზრდებს ეს შემართება მას შემდეგ, რაც ვიქტორ იანუკოვიჩი არჩევნებამდე გადააყენეს თანამდებობიდან და ჩამოაშორეს ადმინისტრაციული რესურსი, რამაც, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მეორე ტურის არჩევნების შედეგების გაყალბებაში. ახალგაზრდებს კი კიევის თავისუფლების მოედანზე განლაგებული ინტერნაციონალური ბანაკიდან ენთუზიაზმი არ განელებიათ. ისინი 26 დეკემბერს გადამწყვეტი გამარჯვებისათვის ემზადებიან. 26 დეკემბერს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საპრეზიდენტო არჩევნების განმეორებითი ტური ჩატარდება. მანამდე კი კიევში, თავისუფლების მოედანზე, დროებით დაიშალა ტრიბუნა, აღებულია დეკორაცია, აპარატურა ტელევიზიისათვის და აღარ ჟღერს უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი, რომელსაც საღამოობით ასიათასობით იუშჩენკოს მომხრე მღეროდა თავისუფლების მოედანზე.
[უკრაინული ჰიმნის ნაწყვეტი]
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG