Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკადრო ცვლილებები აშშ-ის მთავრობაში


საქართველოში ბოლო დღეების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკური თემა - მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებებია. საერთოდ,

საქართველოში პოლიტიკისადმი ინტერესი ფაქტებზე არანაკლებ პიროვნებებისაკენ არის მიმართული და ასეა, როგორც ჩანს, არა მარტო საქართველოში. მთავრობაში საკადრო ცვლილებების თემა ამჟამად აქტუალურია შეერთებულ შტატებშიც: მან ბუნებრივად იჩინა თავი პრეზიდენტად ჯორჯ ბუშის მეორე ვადით არჩევის შემდეგ. ეს ვადა, ოფიციალურად, მომავალ თვეში იწყება. თუმცა, ვინ ტოვებს და ვინ არა ბუშის გუნდს, რახანია საიდუმლო აღარ არის.

წამსვლელებს შორის უწინარეს ყოვლისა სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი და გენერალური პროკურორი ჯონ ეშკროფტი უნდა დასახელდნენ. რაც შეეხება ბუშის გუნდში დარჩენილებს - მათ შორის ყველაზე უკეთ უცხოეთში, ალბათ, თავდაცვის მინისტრ დონალდ რამსფელდისა და უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, კონდოლიზა რაისის სახელებს ვიცნობთ.

მთლიანობაში, თუ ერთი სიტყვით შეიძლება დახასიათდეს ჯორჯ ბუშის მთავრობა პრეზიდენტად მისი მეორე ვადით არჩევის შემდეგ, ეს სიტყვა “ერთგული” იქნება. ასე ფიქრობენ ექსპერტები, მათ შორის ვაშინგტონელი მკვლევარი პატრიკ ბაშემი, რომელიც ამბობს, რომ ბუშის ახალი გუნდი ძირეულად განსხვავდება ძველისაგან - ახალში პოლიტიკურ კურსზე დისკუსიები, სავარაუდოდ, აღარ გაიმართება. [ბაშემის ხმა] “პრეზიდენტის პირველი ვადით მმართველობის დროს იყო დებატები საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ მიმართულებაზე. და პრეზიდენტმა თავისი არჩევანი გააკეთა - ის ნეო-კონსერვატიულად მოაზროვნე მრჩევლებმა დაარწმუნეს გარკვეული კურსის უპირატესობაში. ის მთლიანად მათ მიემხრო, ასე რომ დებატები გაიმართა და დამთავრდა.”

ძველსა და ახალს შორის სხვაობას ყველაზე ნათელი მაგალითია სახელმწიფო დეპარტამენტი - ანუ აშშ-ის საგარეო უწყება. მისი ხელმძღვანელის პოსტზე ჯორჯ ბუშმა თავისი ერთგული კონდოლიზა რაისი შეარჩია კოლინ პაუელის შემცვლელად.

პაუელი, როგორც ეს არაერთხელ თქმულა, გასული 4 წლის მანძილზე საგარეო პოლიტიკური კურსის გარშემო ცხარე კამათში იყო ჩაბმული კონსერვატიული კურსის მომხრეებთან - რამსფელდთან და ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინისთან. რაც შეეხება კონდოლიზა რაისს, ექსპერტებს ვერ წარმოუდგენიათ, რომ მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს პრეზიდენტის რომელიმე საკვანძო გადაწყვეტილება - როგორც პაუელმა გააკეთა თუნდაც ერაყის ომის შემთხვევაში.

მაგრამ გუნდის შედგენამ უწინარეს ყოვლისა ერთგულების პრინციპით, პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა მთავრობაში სერიოზული დებატების გარეშე, შესაძლოა პრობლემები შექმნას - თუნდაც საგარეო პოლიტიკაში. [სპიტცერის ხმა]
“ბუშის ადმინისტრაცია, მცდელობისას, ერთმანეთს შეუთავსოს - ერთი მხრივ - ერთგული ადამიანები წამყვან თანამდებობებზე და - მეორე მხრივ - გულახდილი დებატები რთული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას, ვფიქრობ მეტისმეტად დიდ აქცენტს აკეთებს ერთგულებაზე, და საკმარის მნიშვნელობას არ ანიჭებს დებატებს. ამ მხრივ ერაყზე უკეთესი მაგალითი არ მეგულება,” ამბობს ამერიკელი პოლიტოლოგი რობერტ სპიტცერი.
მეორე მხრივ, პოლიტოლოგ ბაშემს, რომლის ერთი მოსაზრებაც წეღან მოისმინეთ, ბუნებრივად მიაჩნია ჯორჯ ბუშის, როგორც პრეზიდენტის სურვილი, გააკონტროლოს თავისი გუნდის მუშაობა. ვაშინგტონში საკადრო ცვლილებების მიზეზი, დასძენს ბაშემი, ზოგ შემთხვევაში თვით მთავრობის წევრის სურვილი იყო. [ბაშემის ხმა] “პრეზიდენტის მთავრობის რამდენიმე წევრმა პოლიტიკურად მძიმე პერიოდი გამოიარა და, ალბათ, ძალიანაც გაუხარდა სამუშაოდ სხვაგან წასვლა”.

თუ ვინმეს აქვს გამოვლილი მძიმე პერიოდი, ეს, ალბათ, პირველ რიგში დონალდ რამსფელდზე ითქმის - თავდაცვის მინისტრზე. მის გადადგომასაც კი მოითხოვდნენ აბუ-ღრაიბის სკანდალის გამო (მსმენელს ალბათ ახსოვს ბაღდადის მახლობლად, აბუ ღრაიბის ციხეში, ამერიკელების მიერ ერაყელი პატიმრების წვალებისა და დამცირების გახმაურებული ამბავი). მაგრამ რამსფელდი არ გადამდგარა და არც ახლა აპირებს გადადგომას- პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის თხოვნით, ის 4 წელი რჩება ამჟამინდელ თანამდებობაზე.

დაბოლოს - საკადრო ცვლილებები აშშ-ის მთავრობის 15-დან 9 წევრს ეხება.
XS
SM
MD
LG