Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მენინგიტის ეპიდემიის საფრთხე არ ემუქრება


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, შარშან საქართველოში თავისა და ზურგის ტვინის გარსის ანთებით, ანუ მენინგიტით, დაავადების 55 შემთხვევა აღირიცხა,

მიმდინარე წელს კი ექიმებმა ანალოგიური დიაგნოზი 44 ადამიანს დაუსვეს. მიუხედავად იმისა, რომ შეიმჩნევა აშკარა კლების ტენდენცია, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც ავი წინათგრძნობით ცხოვრობს - ხომ არ ემუქრება საქართველოს მენინგიტის ეპიდემია?

მენინგოკოკური ინფექცია, სეფსისი, ინფექციურ-ტოქსიკური შოკი - ამგვარი დიაგნოზით ორიოდე კვირის წინ ინფექციური პათოლოგიების ცენტრში მარნეულიდან ჩამოყვანილი ბავშვი გარდაიცვალა. მანამდე ანალოგიურ შემთხვევას ადგილი ჰქონდა გურჯაანის რაიონში, მოგვიანებით კი - თბილისში. კერძო სკოლას, სადაც ბავშვი სწავლობდა, დეზინფექცია ჩაუტარდა. ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოსდა ეპიდემიის გავრცელების მაღალი რისკის გამო დედაქალაქში სკოლები და ბაღები იკეტება, თბილისის მერიის განათლების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ინეზა ლომთაძე არ ადასტურებს:

[ინეზა ლომთაძის ხმა] “არავითარი სკოლები არ დახურულა. ეს არის ჭორი. მხოლოდ და მხოლოდ ერთ სკოლაში იყო ერთი შემთხვევა და ისიც კერძო სკოლაში… 25-დან ისედაც არდადეგები ეწყებათ… ისე, დეზინფექცია ჩატარდა სკოლებში, ექიმები მივიდნენ… კერძო სკოლაშიც მივედით. მეტიც, ახლომახლო რაც კი საბავშვო ბაღები და სკოლები იყო, ყველგან გავაკეთეთ დეზინფექცია.”

ექიმთა განმარტებით, დაავადების გამომწვევი მენინგოკოკი გარემოში ნაკლებად გამძლეა და ის სადეზინფექციო ხსნარების ზემოქმედებით ადვილად იღუპება. თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე განმარტავს, დაავადების ძირითადი გადამტანი ადამიანის ორგანიზმია:

[პაატა იმნაძის ხმა] “ყოველი 100 ათასი კაციდან 1000 არის მატარებელი. 1000-ს არაფერს არ უშავებს, არც ავად გახდება და არც არაფერი მოუვა. 2-3 კვირა იქნება მატარებელი, მერე სხვაზე გადავა, 2-3 კვირა ის იქნება… და, აი, ამ სიარულში ამ ყოველი 1000-დან დაახლოებით 100 კაცს შეიძლება პატარა ყელი შეუწითლდეს და დაემართოს ნაზო ფარინგიტი. მაგრამ ერთს, აი, ამ 1000-დან დაემართება გენერალიზებული ფორმა, ანუ ან მენინგიტი, ან მენინგოკოკცემია.”

იმნაძის თქმით, მენინგიტი შედარებით ადვილად იკურნება, განსხვავებით მენინგოკოკცემიისაგან, რაც სხვა არაფერია, თუ არა მენინგოკოკური მიკრობით ადამიანის სისხლის მოწამვლა. ოფიციალური მონაცემებით, წელს აღნიშნული დაიგნოზით 13 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამგვარ სტატისტიკას საკმაოდ მშვიდად უყურებენ:

[პაატა იმნაძის ხმა] “შარშან იყო დაავადების 55 შემთხვევა, წინა ხუთი წლის საშუალო წლიური მაჩვენებელი კი არის 72 შემთხვევა.”

ზომიერების ფარგლებს არ გასცილებია გრიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვიც. ოფიციალური მონაცემებით, ნოემბერში გრიპით 3 ათას 700-მა თბილისელმა იავადმყოფა. ქართველი მედიკოსები გრიპის გავრცელების პიკს, ტრადიციულად, თებერვლის პირველ ნახევარში ელოდებიან.

[პაატა იმნაძის ხმა] “ზამთარი უგრიპოდ არ არსებობს. მატება მაქსიმალური იქნება თებერვლის პირველ ნახევარში, მაგრამ ეპიდემიურ ზღვარს არ გადასცილდება, ანუ ეპიდემიის სახეს არ მიიღებს.”

ის, რომ, გრიპის გავრცელების თვალსაზრისით, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ინფექციურ საავადმყოფოშიც დამიდასტურეს:

[საავადმყოფოს თანამშრომლის ხმა] “დღესდღეობით საგანგაშო მასიური შემოსვლა რომ გრიპის რესპირატორული ვირუსული ინფექცია ყოფილიყო, არა, არ ყოფილა! წინა წელს ამ დროს უფრო ხშირი იყო, მაგრამ წელს იმდენად აღარ არის!” (სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG