Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ვეტო – იმპულსი ალტერნატივის ძიებისთვის


რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ეუთოს მონიტორინგის მისიის

გაგრძელების შესახებ ეუთოს გადაწყვეტილების პროექტის ჩავარდნის შემდეგ რუსეთ-საქართველოს შორის ამ თემაზე დიპლომატიური კინკლაობა გაღვივდა. მაშინვე, როცა რუსეთმა დოკუმენტის პროექტს ვეტო დაადო, არაოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეუთოს წევრები განაგრძობდნენ რუსეთთან მოლაპარაკებას იმისათვის, რომ ის ბოლოს და ბოლოს დათანხმებულიყო საზღვრის მონიტორინგის მისიის გაგრძელებაზე. დღესაც შეუძლებელი აღმოჩნდა ოფიციალური განმარტების მიღება იმაზე, თუ რა სტატუსშია მოლაპარაკებები რუსეთთან (ვგულისხმობ ვეტოს მოხსნის თაობაზე მოლაპარაკებებს). ფაქტია, რომ ასეთი მოლაპარაკებები მიმდინარეობს და იმედია, მისი შედეგებიც მალე გახდება ცნობილი. პროცესის მიმდინარეობაზე მეტყველებს თუნდაც ის მისასალმებელი დოკუმენტი, რომლითაც ეუთოში საქართველოს დელეგაციამ ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარეს – სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი რუპელს მიმართა და დღევანდელ ვითარებაში საქართველოსთვის უმთავრეს პრიორიტეტად სწორედ საზღვრის მონიტორინგის მისიის მანდატს გაგრძელება დაუსახელა. საქართველოს მუდმივმოქმედმა დელეგაციამ გამოთქვა იმედი, რომ საკითხის დადებითად გადაჭრა ჯერ კიდევ შესაძლებელია. "თუკი მისიის მანდატის გაგრძელებაზე კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდება, სხვა თანმდევი პრობლემების გარდა, ჩვენ სამართლებრივი ვაკუუმის პირობებში აღმოვჩნდებით, რაც არეულობისა და არასტაბილურობის კიდევ ერთ ფაქტორს წარმოადგენს", - ნათქვამია ეუთოში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის მიმართვაში ეუთოს ახალი თავმჯდომარის მიმართ. ნაკლებად მოსალოდნელია, რუსეთი ახლა ეუთოს მონიტორინგის მისიის გაგრძელებას, თუმცა, ვნახოთ.

მთელს ამ ვითარებაში ყურადღებას იქცევს ვითარების ალოგიკურობა: ერთის მხრივ რუსეთი ვეტოს ადებს ეუთოს გადაწყვეტილებას, მეორეს მხრივ კი სწორედ საზღვრის იმ მონაკვეთზე არსებულ პრობლემებს წამოსწევს წინ, რომელზე საერთაშორისო მონიტორინგსაც ის აღარ მიიჩნევს საჭიროდ. რუსეთის საელჩოს მიერ 17 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში ხომ სწორედ იმაზე იყო საუბარი, რომ პანკისში ჩეჩენი ტერორისტები აფარებენ თავს და საჭიროა რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის ქმედითი თანამშრომლობა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა 17 იანვრისავე ბრიფინგზე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ბოლო დროს რუსეთის მხრიდან პანკისის თემის წინ წამოწევა "ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ რუსეთის ფედერაცია მიზეზების გამოგონებაშია საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. პრევენციული დარტყმების ჯერ განსახორციელებლად და შემდგომ, ამ ნაბიჯების გასამართლებლად". საგარეო საქმეთა მინისტრმა აგრეთვე შენიშნა, რომ რუსეთის პოლიტიკა დღეს საკმაოდ გაურკვეველია და თავს უფლებას ვერ მისცემს რაიმე ლოგიკა მოარგოს ამ პოლიტიკას. ამ ლოგიკის ძიებაში დავუკავშირდი რუსეთის დუმის თანამეგობრობის საქმეთა კომიტეტის წევრს, დეპუტატ – კონსტანტინ ზატულინს, რომელმაც ასე განმიმარტა რუსეთის პოზიციის ლოგიკა:

[ზატულინის ხმა]
"მიმაჩნია, რომ რუსეთს სწორედ იმის გამო არ უნდოდა ეუთოს მისიის მანდატის გაგრძელება ხეობაში, რომ უკვე გარკვეული ხანია ეუთომ დაკარგა შინაგანი ბალანსი კონფლიქტის მხარეებთან ურთიერთობაში და რუსეთის აზრით, უმრავლეს შემთხვევაში არაობიეექტურად აწარმოებს მონიტორინგს. ანუ ეუთო არის მიკერძოებული, მისი ყველა წარმომადგენელი, რომელიც კონფლიქტის ზონებში მუშაობს, ხელმძღვანელობს არა კონფლიქტის ჩაცხრობის, არამედ რაღაც სხვა ინტერესებით, რომელიც ცალკეულ შემთხვევაში განსხვავებულია. ერთ შემთხვევაში ყურადღებას აქცევენ შეცდომებს, მეორე შემთხვევაში კი უგულვებელყოფენ მათ. ეუთო არ ჩარეულა, მაგალითად, აჭარის ავტონომიის ამბავში მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზაცია [ეუთო] საქართველოში წარმოდგენილია. ეუთო, ძალიან რთულ პირობებში, საქართველოში მომხდარი გადატრიალების შემდეგ პარლამენტის წევრთა ერთი ნაწილის ხელახლა არჩევისას, იღებდა რეზოლუციებს ამ პროცესის დემოკრატიულობის შესახებ. ახლაც ეუთო - უკრაინაში იქნება ეს, თუ მოლდავეთში - მისდევს ერთ გარკვეულ ხაზს, რომელსაც მისი ემისრები გამოხატავენ. რუსეთის ფედერაცია ამაზე ამახვილებდა ყურადღებას და რუსეთის ფედერაციას არ სურს, რომ აქვე, მის მეზობლად მოქმედებდეს ორგანიზაცია, რომელიც არანაირად არ ითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს და არად დაგიდევთ რუსეთის წუხილს ამა თუ იმ საკითხზე. სულ ეს არის."

მართლაც, "სულ ეს არის". კონსტანტინ ზატულინის განმარტება შეიძლება წინააღმდეგობრივი იყოს, მაგრამ გულწრფელად ჟღერს. დიაც, რუსეთს აღარ მოსწონს ეუთო და ამიტომ არ უჭერს მხარს მისი მონტორინგის მისიის გაგრძელებას რუსეთ-საქართველოს საზღვარზე.

ორშაბათის ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა შენიშნა ისიც, რომ მოხდა ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება შიშობდა – რუსეთის ფედერაციის მხრიდან ბრალდებები და ძალის გამოყენების მუქარა გააქტიურდა ეუთო-ს საზღვრის მონიტორინგის ოპერაციის მანდატის შეწყვეტისთანავე. საქართველოს ხელისუფლება აპირებს მიმართოს ყველა დამატებით ზომას, რომ საქართველო-რუსეთის საზღვრის ეს მონაკვეთი საერთაშორისო მეთვალყურეობის გარეშე არ დარჩეს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეშფოთებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც იზიარებს. 18 იანვარს ნინო ბურჯანაძემ საერთაშორისო საზოგადოებრიობას მოუწოდა ყურადღება მიაქციონ იმას, რაც ახლა რუსეთ-საქართველოს შორის ხდება:

[ბურჯანაძის ხმა]
"მინდა მივმართო საერთაშორისო თანამეგობრობას – ევროკავშირს, ევროპარლამენტს, ეუთოს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და მივმართავ, ცხადია, საქართველოს ხელისუფლების სახელით, რომ მაქსიმალური ზომები იქნას მიღებული იმისათვის, რომ საზღვრის მონაკვეთი არ დარჩეს საერთაშორისო მეთვალყურეობის გარეშე, რომ უსწრაფესად იქნას გამოძებნილი მექანიზმები, რომ საზღვარი, რუსეთ-საქართველოს საზღვარი კონტროლდებოდეს არა მხოლოდ ქართული და რუსული ძალების მხრიდან, არამედ იყოს მონიტორინგი განხორციელებული საერთაშორისო ძალების მხრიდან".

საქართველოს პარლამენტის სპიკერმა გაახმიანა სწორედ ის ალტერნატივა, რომლის ძიების გარდაუვალობის წინაშეც თავად რუსეთი აყენებს საქართველოს. ცნობილია, რომ ეუთოს გადაწყვეტილებაზე ვეტოს მოხსნის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებების გარდა საქართველოს ხელისუფლება მუშაობს სხვა პარტნიორებთანაც საზღვრის ამ მონაკვეთზე საერთაშორისო მონიტორინგის უზრუნველსაყოფად, მათ შორის – ევროკავშირთან, რომლის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა სალომე ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ დეკემბერში ჩააყენა საქმის კურსში და არ არის გამორიცხული საზღვარზე მონიტორინგში დახმარება ეთხოვოს შეერთებულ შტატებსაც.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG