Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


ზუსტად 70 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მოსკოვში, ცნობილი რეჟისორის,

სერგეი ეიზენშტეინის მიწვევით, ჩავიდა ამერიკელი მსახიობი და მომღერალი პოლ რობსონი. იგი მაშინათვე “საბჭოთა ხალხის მეგობრად” გამოაცხადეს. თავად რობსონმაც აღიარა, რომ “მხოლოდ საბჭოთა კავშირში სუნთქავს თავისუფლად”. საბჭოთა კავშირის ჰიმნიც იმღერა. რა მოეწონა ამერიკელ ბას-ბარიტონს სტალინური ეპოქის საბჭოეთში და რატომ ქმნიდნენ მისგან “გმირის ხატს” მოსკოვში. ამ თემაზე ვისაუბრებთ ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე”. გიამბობთ იმაზე, თუ როგორი იყო სტალინური ხელისუფლების დამოკიდებულება რასიზმის მიმართ.

[მუსიკა. პოლ რობსონი]

პოლ რობსონი 1898 წელს დაიბადა. 1923 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტი დაამთავრა და პირველი შავკანიანი ადვიკატი გახდა, რომელმაც ნიუიორკის ერთ იურიდიულ ფირმაში დაიწყო მუშაობა. თუმცა დამცირებას და შეურაცხყოფას იგი აქაც განიცდიდა – მაგალითად, თეთრკანიანმა მდივანმა ქალმა უარი განაცხადა დაებეჭდა ტექსტი, რომელსაც პოლ რობსონი კარნახობდა. ბოლოს თავი დაანება აქ სამსახურს და ბროდვეიზე დაიწყო მოღვაწეობა. პოლ რობსონს მიიჩნევდნენ საუკეთესო ოტელოდ ამერიკული თეატრის ისტორიაში. 1932 წლიდან პოლ რობსონს კინოშიც იღებენ. მან შეიძლება ითქვას პირველი რესპექტაბელური შავკანანის როლი განასახიერა ეკრანზე – 1933 წელს, ფილმში “იმპერატორი ჯონსი”. სწორედ ჰოლივუდში გაიცნო სერგეი ეიზენშტეინი, რომელმაც პოლ რობსონი მოსკოვში დაპატიჟა, ხოლო 1934 წელს, ამერკელი ბას-ბარიტონის პირველი კონცერტის დასრულების შემდეგ აღნიშნა: პროტესტის გამომხატველი სიმღერა! ამაზე უფრო რა უნდა გვაღელვებდეს ჩვენ, ხალხს, რომელიც მონობის ბორკილებისგან განთავისუფლდაო

ამბოხების ვნება პოლ რობსონს “სისხლში ქონდა” – მამამისი, პრინსტონის მღვდელი, ეკლესიიდან გააძევეს, რადგან სოციალური თანასწორობის იდეებს ავრცელებდა. შვილი უფრო შორს წავიდა – უყოყმანოდ მიიღო საბჭოთა კავშირის მოწვევა, რაც თავიდანვე ძვირად დაუჯდა – მისმა საყვარელმა, ბრიტანელმა მსახიობმა იოლანდა ჯექსონმა გაწყვიტა მასთან ყველანაირი კონტაქტი და რუს თავადს, ემიგრანტს გაჰყვა ცოლად. შავკანიანი ბელადები მაშინათვე გაემიჯნენ – პოლ რობსონი “კრემლის აგენტად” გამოაცხადეს. 1950 წელს, მაკარტიზმის ეპოქაში, “ანტიამერიკული მოღვაწეობის შემსწავლელმა კომისიამ”, მას მოგზაურობა აუკრძალა. თუმცა მანამდე რობსონი, რომელიც ომის დროს “მეორე ფრონტის” შექმნის იდეას ქადაგებდა, აბრამ ლინკოლნის ორდენით დააჯილდოვეს. მაკარტიზმის ეპოქაშიც კი მას უამრავი მხარდამჭერი ჰყავდა ამერიკაში. ამიტომ მოსკოვისთვის ამერიკელი შავკანიანების შემოქმედებისა და ცხოვრების წესის პროპაგანდა – შეერთებული შტატების წინააღმდეგ გამოხატულ პოლიტიკასაც ნიშნავდა. სტალინს იმედი ჰქონდა, რომ აფროამერიკელების დახმარებით ამერიკაში “მეხუთე კოლონას” შექმნიდა. ხალხი კი ეცნობოდა შავკანიანთა მდგომარეობას ამერიკაში “პრავდას” საშუალებით და სიამოვნებდა “რა კარგია, რომ სადღაც ვიღაც ჩვენზე უფრო ცუდად ცხოვრობს”

[მუსიკა. პოლ რობსონი]

პოლ რობსონი 25 ენაზე მღეროდა. მან ხანმოკლე დროში ისწვალა რუსული, ჩინური, აფრიკელი ხალხის ენები. 1936-37 წლებში ესპანეთში აღმოჩნდა. დაბრუნებისას აღნიშნა, რომ “ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა – მისი ცხოვრების მიზანია” აპირებდა აფრიკაში გამგზავრებასაც, რათა პირადად შეესწავლა აფრიკელი ხალხის ყოფა, წეს-ჩვეულებები. 1956 წელს, როცა ნიკიტა ხრუშჩოვმა სტალინის მითი დაანგრია, პოლ რობსონი დეპრესიაში ჩავარდა და სახლში გამოიკეტა. ამ მითის ნგრევა მისთვის პირადი ტრაგედია გახდა, მაგრამ არც ხრუშჩოვს აწყობდა რობსონის განაწყენება. 1961 წელს იგი კვლავ მოიწვიეს მოსკოვში. პოლ რობსონმა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირში გასტროლების დასრულების შემდეგ აპირებს ფიდელ კასტროსთან შეხვედრას და კუბის რევოლუციის მხარდაჭერას. თუმცა ეს მოგზაურება არ შედგა. მოსკოვში გამართული პირველი კონცერტის დასრულებისთანავე “პრავდამ” რობსონის თაყვანისმცემლებს აუწყა, რომ მომღერალს გულმა უმტყუნა და საავადმყოფოში მოხვდა. მხოლოდ 1977 წელს, რობსონი გარდაცვალების შემდეგ გაირკვა, რომ იმ დღეს, მოსკოვის სასტუმროს ნომერში მსახიობმა ვენები გადაიჭრა– როგორც ჩანს მას არა მარტო სტალინის, არამედ კომუნიზმის მითიც დაენგრა

[პოლ რობსონი მღერის საბჭოთა კავშირის ჰიმნს]

პოლ რობსონი რუსულადაც მღეროდა, თუმცა საბჭოთა კავშირში არასდროს უთარგმნიათ მისი ინგლისური სიმღერები. ასე რომ ყოფილიყო საბჭოთა მშრომელებს გაუკვირდებოდათ, რომ რობსონის სიმღერები ბიბლიური სიმბოლიკით არის სავსე. საბჭოთა კავშირში იგი ხომ ყველაზე ხანგრძლივად 1949 წელს გაჩერდა – ე.ი. სტალინური იუდოფობიის აღორძინების ეპოქაში. რუსებმა ამ ეპოქას “კოსმოპოლიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ხანა” უწოდეს... ე.ი. სტალინმა იმ ფასეულობებს დაუწყო ბრძოლა, რომელსაც პოლ რობსონი ამკვიდრებდა თავის შემოქმედებაში. როცა რობსონმა განაცხადა, რომ აპირებს იმღეროს ინგლისური, აგრეთვე შავკანიანთა და ებრაელთა სიმღერები”. კულტურის სამინისტროში უთხრეს ებრაული სიმღერები არ გვინდა – ებრაელები ცოტა გვყავსო... “და რა, ზანგები ბევრი გყავთ?” – გაიკვირვა რობსონმა.
ეს ის დროა, როცა მოსკოვში ებრაელი პოეტი იციკ ფეფერი დააპატიმრეს. სტალინთან საუბარში პოლ რობსონი თავისი მეგობრის ბედით დაინტერესდა. ფეფერის სასწრაფოდ გაანთავისუფლეს რამდენიმე დღით, რათა რობსონთან ერთად, კაგებეს თანამშრომლების თანხლებით, რესტორანში ექეიფა... იქეიფეს, სტალინის სადღეგრძელოც შესვეს, რობსონი ამერიკაში დაბრუნდა, ფეფერი ისევ ციხეში. ამერიკაში რობსონმა “იმპერიალისტური პროპაგანდა” უწოდა ინფორმაციას ებრაელი მწერლების, მათ შორის ფეფერის დაპატიმრების შესახებ... ჩვენ მშვენიერი დრო გავატარეთ მოსკოვის რესტორანშიო – ამტკიცებდა პოლ რობსონი.

მართლაც 40-იანი წლების ბოლოს გამძაფრებულ საბჭოთა იუდოფობიას თან ახლდა შავკანიანების რაღაც არაბუნებრივი სიყვარული და თანაგრძნობა. პრინციპში ერთ დროს სტალინს ებრაელებიც უყვარდა. 1948 წელს მხარი დაუჭირა ისრაელის სახელმწიფოს შექმნას, მაგრამ მას შემდეგ, რაც ებრაელები არ დამორჩილდნენ, ანტისემიტიზმი ლამის ოფიციალურად დაამკვიდრა. 1989 წელს ამერიკაში გამოვიდა ცნობილი პოლიტოლოგის, მწერლის, ეროვნულ და სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დამცველის, მარტინ დუბერმანის მონოგრაფია “პოლ რობსონი”, რომელშიც ავტორი დაწვრილებით ყვება როგორ მოატყუეს ამერიკელი მომღერალი რუსეთში და როგორ გამოიყენეს იგი “საბჭოთაA ინტერნაციონალიზმის” პროპაგანდისთვის. დუბერმანის აზრით, საბჭოთა ტოტალიტარიზმი მხოლოდ იმ ხალხის მიმართ გამოხატავდა ტოლერანტობას, რომელიც მის მანიპულაციას ემორჩილებოდა. დუბერმანი აღნიშნავს, რომ რუსულ-საბჭოთა იდეოლოგიისთვის
“შავი”, ებრაელისგან განსხვავებით, “გულუბყვილოა” და “სულელი”, ე.ი. არ არის საშიში და ადვილი სამართავია. დუბერმანი ამტკიცებს, რომ რუსმა-საბჭოთა იდეოლოგებმა მხოლოდ “პერესტროიკის” ეპოქაში გაიზრეს, რომ ეროვნული უმცირესობების მიმართ ასეთ დამოკიდებულებას მხოლოდ და მხოლოდ “აკვიატებული აზრი” განსაზღვრავს.

თუმცა, როგორც ჩანს, მაინცდამაინც კარგად ვერ გაიზრეს. დღეს, 70 წლის წინ პოლ რობსონის ჩასვლას მოსკოვში, რუსული პრესა ახალ სტატიებს უძღვნის და კვლავაც აღნიშნავს, პოლ რობსონი რუსი ხალხის მეგობარი იყო... დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, კვლავაც დაუპირისპრდებოდა ამერიკული ცხოვრების წესსო... რუსული რადიო სიამოვნებით ასმენინებს ხალხს საბჭოთა კავშირის ჰიმნს პოლ რობსონის შესრულებით და აცხადებს, პოლ რობსონი რუსეთის ჰიმნს ასრულებსო.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG