Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ფაშიზმის ბიბლია” 80 წლისაა


თარიღი, რომელსაც ცივილიზებული სამყარო არ აღნიშნავს

– ადოლფ ჰიტლერის წიგნის, “ჩემი ბრძოლის” გამოცემიდან 80 წელი გავიდა... წიგნი, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია აკრძალული. წიგნი, რომელსაც თბილისში ერთ ლარად შეიძენთ; “ფაშიზმის ბიბლიად” წოდებული “მაინ კამპფი” საქართველოში თავისუფლად იყიდება. მაინც, რას წარმოადგენს “მაინ კამპფის” ქართული თარგმანი და ვინ კითხულობს დღეს 80 წლის წინ გამოცემულ წიგნს?

თბილისის წიგნის მაღაზიებში ჰიტლერის “ნაშრომს” ვერ აღმოაჩენთ, სამაგიეროდ 1991 წელს გამოცემულ ბროშურას გადაეყრებით ქუჩაში, ყველგან, სადაც რუსეთიდან ჩამოტანილი წიგნები იყიდება. აღმაშენებლის პროსპექტზე, მაგალითად, 70 ლარად შეფასებული “ჩემი ბრძოლის” რუსული თარგმანი თომას მანის, რომენ როლანისა და ზიგმუნდ ფროიდის წიგნებთან ერთად დევს. ჰიტლერი, მოგეხსენებათ, ამ წიგნების განადგურებას მოითხოვდა. მაგრამ “ხელნაწერები არ იწვის”... “არ იწვის” არც ნაციონალ-სოციალისტების “ბიბლია” – თბილისში ჰიტლერის წიგნს ისეთივე ფასი აქვს, როგორც პრუსტის თუ ფროიდის თხზულებებს.

თუმცა რატომ... 70 ლარი თუ არა გაქვთ, ან, რუსულად ვერ კითხულობთ, ან, უბრალოდ, ვერ იმეტებთ ფულს 80 წლის წინ გამოცემული წიგნისთვის, ანდა – პირდაპირ ვთქვათ, ნორმალური ადამიანი ხართ და თომას მანის რომანი გირჩევნიათ ჰიტლერის პარანოიდულ ბოდვას, აქვე, ქუჩაში, ერთ ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ 1991 წელს, ქართულად თარგმნილი “ჩემი ბრძოლა”, უფრო სწორად, წიგნის შემოკლებული ვარიანტი, რომელიც ვინმე ბუტა ტალახაძემ 1935 წელს, შანხაიში დაბეჭდილი შემოკლებული ვარიანტიდან თარგმნა. ბროშურაზე გამომცემლობის სახელი მითითებული არ არის, სამაგიეროდ მითითებულია ტირაჟი – 1000 ცალი. როგორც ჩანს, ეს ბროშურა მოგვიანებით თავიდან გამოსცეს... აბა 1991 წელს 1000 ცალი “ჩემი ბრძოლა” როგორ არ გაიყიდებოდა საქართველოში? იმ პათოსს, რომელიც ბროშურის შესავალში წარმოჩინდება, მთარგმნელის დამოკიდებულებას ნაციონალ-სოციალისტების ბიბლიის მიმართ, 1991 წლის საქართველოში ათასზე მეტი ადამიანი ნამდვილად იზიარებდა.

[მთარგმნელის შესავალი]: “კომუნისტური, ინტერნაციონალური ტოტალიტარიზმისგან თავდახსნილი საქართველო დიდი ტანჯვით მიიკვლევს გზას სახელმწიფოებრიობის აღდგენისაკენ. ამიტომ სრულიად ბუნებრივია ძლიერი ნაციონალისტური ტალღის აგორება, რომელსაც მკვეთრად დაუპირისპირდა დასავლური, კოსმოპოლიტური ყაიდის დემოკრატიის ადეპტთა ბანაკი.”

წიგნის გამყიდველმა, შუა ხნის მამაკაცმა, რომელსაც ვკითხეთ, იყიდება თუ არა ეს ბროშურა დღევანდელ საქართველოში, ინტერვიუზე უარი გვითხრა. “ვიცი “რადიო თავისუფლება”... ინტერვიუს ჩაიწერთ და მერე ჩემზე იშაყირებთო – ასე გვითხრა... ასეთი სახელი გვაქვს “დასავლური ყაიდის დემოკრატიის ადეპტებს”. არ გვიყვარს ფაშიზმის პროპაგანდისტები... არადა, იმ მეღორე ქალბატონს ხომ არ დავემსგავსებით, 50-იანი წლების ბოლოს “პრავდაში” რომ დაწერა – პასტერნაკის “დოქტორი ჟივაგო” არ წამიკითხავს, მაგრამ ვიცი, რომ ცუდი წიგნია და უნდა აიკრძალოსო?

ჰოდა, იმის შიშით, რომ “მეღორე ქალს” არ დავმსგავსებოდით, ჰიტლერის წიგნის იუბილეს ერთი ლარი შევწირეთ – ბროშურა შევიძინეთ და უმალვე აღმოვაჩინეთ “მარგალიტები”, რომელსაც, ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსი, როგორც სამკაულს, 2005 წლის საქართველოშიც ატარებს. ასეთი:

[ჰიტლერის ციტატა]: “საკმარისი იყო თვალი შეგევლო თეატრისა და კინოს აფიშებისათვის, გენახა, თუ როგორი დრამებითა და ტრაგედიებით რყვნიდნენ საზოგადოებას ებრაელი ავტორები, რომ ანტიპათიით განსჭვალულიყავი მათდამი. სულიერი ბაცილა, რომელსაც ისინი ავრცელებდნენ, შავ ჭირზე უფრო საშიში იყო.”

ანდა, ასეთი:

[ჰიტლერის ციტატა]: “მოძრაობის მომავალი დამოკიდებულია იმ ფანატიზმზე და შეურიგებლობაზე, რომლითაც მისმა მონაწილემ უნდა დაიცვას თავისი მრწამსი. მოძრაობის დამცველს არ უნდა ეშინოდეს ჩვენი ერის მტრების ზიზღისა, პირიქით, ამ ზიზღს თავად უნდა ეძებდეს.”

ან ასეთი:

[ჰიტლერის ციტატა]: “გერმანიის ტრაგედია ის იყო, რომ მას ჰყავდა უამრავი ჩინოვნიკი, ინჟინერი, ქიმიკოსი, იურისტი, ლიტერატორი, პროფესორი და ძალზე ცოტა ნამდვილი მამაკაცი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით.”

პირველ მსოფლიო ომში განცდილი დამარცხების შემდეგ გერმანული საზოგადოება რევანშის იდეით ცხოვრობდა. ასეთ სიტუაციაში ჰიტლერის მილიტარისტული იდეები სულ უფრო მეტად პოპულარული ხდებოდა.

[მუსიკა. ფაშისტური მარში]

1924 წლის აპრილში ეგრეთ წოდებული “ლუდის პუჩის” დამარცხების შემდეგ ადოლფ ჰიტლერი დააპატიმრეს. იმხანად ნაციონალ-სოციალისტური პარტია მხოლოდ 55 წევრს ითვლიდა.. აუცილებელი იყო რეკლამა, რომლის შექმნა პარტიის ქარიზმატულ ლიდერს დაავალეს – ლანდსბერგის ციხეში ჰიტლერმა სამ თვეში დაწერა “ჩემი ბრძოლის” პირველი ნაწილი. თავდაპირველად წიგნს სხვა სათაური ჰქონდა: “ოთხნახევარი წელი – სიცრუის, სიმხდალისა და სისულელის წინააღმდეგ ბრძოლაში”, მაგრამ მოგვიანებით, სათაური გაამარტივეს - ჰიტლერის წიგნს “ჩემი ბრძოლა” დაარქვეს. ჰიტლერის პოპულარობამ “ჩემი ბრძოლა” ბესტსელერად აქცია. 1932 წელს “მაინ კამპფის” 2,5 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. წიგნი 11 ენაზე ითარგმნა. “ჩემი ბრძოლის” ყველაზე ორიგინალური გამოცემაა ხბოს ტყავში დამზადებულ პერგამენტის ქაღალდზე აკინძული წიგნი, რომელიც სპეციალურ მავზოლეუმში მოათავსეს. “ჩემი ბრძოლის” ამ ეგზემპლიარს მავზოლიუმში ათასი წლით უნდა დაედო ბინა. მაგრამ “ფაშისტურ ბიბლიას” ბედმა უმუხთლა.

ნიურნბერგის პროცესის შემდეგ ჰიტლერის წიგნი აიკრძალა ყველა ევროპულ ქვეყანაში, დიდი ბრიტანეთის გარდა.
ოფიციალურად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, “ჩემი ბრძოლა” არავის აუკრძალავს. თუმცა რამდენიმე წლის წინ რუსეთში დახურეს გამომცემლობა, რომელმაც “ჩემი ბრძოლა” რუსულად თარგმნა და გაავრცელა... სასამართლოს გადაწყვეტილებით “ეროვნული შუღლის პროპაგანდისთვის”... რაც არაფერს ნიშნავს, ჰიტლერის წიგნი დღესაც თავისუფლად შეგიძლიათ შეიძინოთ რუსეთში. უფრო მეტიც, ამას წინათ, ფრანგული გაზეთის, “ლიბერასიონის” ჟურნალისტმა დაწვრილებით უამბო მკითხველს, თუ როგორ სთავაზობდნენ “ჩემს ბრძოლას” სორბონის მახლობლად გახსნილ წიგნის მაღაზიაში... ოღონდ, თბილისისგან განსხვავებით, “მაინ კამპფი” იქ დახლსქვემოთ ჰქონდათ შენახული.

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის სტუდენტები, რომელთაც ჩვენ გავესაუბრეთ, დარწმუნებულები არიან, რომ წიგნი, რასაც არ უნდა ეხებოდეს, რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს ავტორის პოზიცია, არავითარ შემთხვევაში არ უნდა აიკრძალოს

[ხმა] “არ უნდა იყოს აკრძალული, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რატომ არ უყვართ ჰიტლერი”

“ნათია ამირეჯიბი გვეუბნებოდა, კომუნისტები რა წიგნებსაც კრძალავდნენ, იმ წიგნების წაკითხვის სურვილი გვიჩნდებოდაო.”

საინტერესოა, რომ 12 სტუდენტს შორის, რომელთაც ვესაუბრეთ, უმრავლესობას წაკითხული ჰქონდა 1991 წელს ათას ცალად გამოცემული ბროშურა.

[ხმა] “მე იცით სად წავაწყდი ამ წიგნს? ხარაგაულში, ძველ წიგნებში იყო... მერე მეზობლებმაც წაიღეს.”

“არ მიყიდია, სახლში აღმოვაჩინე შემთხვევით, როგორც სხვა წიგნები...

“ჩემთან, მაგალითად, არც სახლში და არც სკოლაში არასდროს არ ყოფილა ლაპარაკი არც კომუნიზმზე და არც ნაციზმზე. თხელი წიგნი რომ იყო, ვიფიქრე, მალე დავამთავრებ მეთქი – მაინტერესებდა... მაინტერესებს, ვთვლი, რომ ყველაფერი უნდა გქონდეს წაკითხული, რომ კარგი და ცუდი გაარჩიო. წავიკითხე, დიდი არაფერი არ წერია, ჩვეულებრივი პათოლოგიური ადამიანის ჩანაწერებია.”

საუბარში კიდევ ერთი სტუდენტი, ლუკა ჩაერთო. მან გვითხრა, რომ ასეთი, “ჩვეულებრივი, პათოლოგიური ადამიანები” საქართველოში, როგორც წესი, რუსეთიდან ჩამოდიან ხოლმე.

[ხმა] “ესენი არიან სკინჰედები... თავგადაპარსულები... “ჩვენ მაგიტომ ვერ ვიტანთ ებრაელებსო, რომ ქრისტე ჯვარზე აცვესო” “კრება აქვთ—ყრილობა ჰქვია. არის წრეები ახალგაზრდა ადამიანების, ყველანი სტუდენტები არიან... არიან რუსები. 20 აპრილს აქვთ ზეიმი. მოსკოვიდან ჩამოდიან ხოლმე თბილისში, 3-2 კაცი, ლიტერატურა ჩამოაქვთ ებრაელების წინააღმდეგ... “საქართველო ქართველებისთვის” – რუსებს ჩამოაქვთ ეს ლიტერატურა [რეპლიკა] “გაიგოს ბადრი ბიძიამ!”

შედგება თუ არა აპრილში რუსი და ქართველი ნეონაცისტების მორიგი ყრილობა? “ჩემი ბრძოლის” რომელ გამოცემას წაიკითხავენ ამჯერად თავგადაპარსულები? ე.ი. არა “ჩინოვნიკები, ინჟინრები, ქიმიკოსები, იურისტები, ლიტერატორები, პროფესორები, არამედ “ნამდვილი მამამაკაცები” “რადიო თავისუფლება” შეეცდება მოიპოვოს ეს ინფორმაცია და შეაღწიოს კიდეც “ნამდვილი მამაკაცების” ყრილობაზე, თუკი, რა თქმა უნდა, “დასავლური, კოსმოპოლიტური ყაიდის დემოკრატიის ადეპტებს” თავი არ გაგვიტეხეს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG