Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი თვე ახალი საგადასახადო კოდექსის ამოქმედებიდან


თვეზე მეტია საქმიანი საქართველო ახალი საგადასახადო კოდექსით ცხოვრობს. რა შეიცვალა ამ ერთი თვის განმავლობაში კერძო თუ იურიდიული პირებისთვის?

იგრძნეს თუ არა მათ საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება და რა ახალი ბარიერების გადალახვა უწევთ საგადასახადო ინსპექციაში მისულ ადამიანებს?

“ჩვენ ამ საგადასახადო კოდექსით იანვრიდან ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ,“ - ასეთი იმედი გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით, რომელიც ძალაში ერთი თვის წინ, 2005 წლის პირველი იანვრიდან, შევიდა. კოდექსის მიხედვით, შემცირდა როგორც გადასახადების რაოდენობა, ასევე მათი პროცენტული განაკვეთი.

[ქალბატონის ხმა] “ნამდვილად გამარტივდა. ბუღალტრებს გაცილებით ნაკლები სამუშაოს შესრულება უწევთ.”

[მამაკაცის ხმა] “რა თქმა უნდა, გამარტივდა. სამეწარმეო აღარ არის, არც საგზაო... ვერ ვიგებდი ამ სამეწარმეო გადასახადს საერთოდ რისთვის ვიხდიდით. ადრე, როცა საბჭოთა კავშირი იყო, კიდევ რაღაც აზრი ჰქონდა, მაშინ ყველაფერი ცენტრალიზებული იყო, მაგრამ მერე აზრი დაკარგა...”

ეს ადამიანები პროფესიონალი ბუღალტრები არიან. მე მათ მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ საგადასახადო ინსპექციის შენობაში ვესაუბრე. ბუღალტრები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ახალი საგადასახადო კოდექსი, მთელი რიგი მიზეზების გამო, წინაზე უკეთესია. თუმცა, მათივე თქმით, ახალი წლიდან მნიშვნელოვნად გართულდა საგადასახადო დეკლარაციების ჩაბარების მექანიზმი.

[ქალბატონის ხმა] “ინსპექტორი იბარებდა ფორმებს ჩვეულებრივად, გვიწერდა ხელს და გვიშვებდა. ახლა გვიწევს ინსპექტორთან დგომა, რის შემდეგაც ეს საბუთები მოგვაქვს აქ, რომ აქაც ხელი მოგვიწერონ და კომპიუტერულ განყოფილებაში ჩავაბაროთ. ორმაგად ვწვალობთ და ვკარგავთ დროს, მეტი არაფერი.”

[მამაკაცის ხმა] “ერთი საბუთი რომ ჩააბარო, სამ რიგში გიწევს ჩადგომა. იმის მაგივრად რომ სამუშაო ადგილები შექმნან, კადრებს ამცირებენ და ხალხი წვალობს.”

საგადასახადო დეკლარაციების ჩასაბარებლად ბუღალტერს, სულ ცოტა, სამი რიგის გავლა მაინც უწევს - ინსპექტორთან, მომსახურების ინსპექტორთან და კომპიუტერულ განყოფილებასთან. ამას ემატება კადრების ოპტიმიზაციისა და რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც ბოლო დროს საგადასახადო სამსახურებში მიმდინარეობს.

[ქალბატონის ხმა] “ამჯერად რეორგანიზაციის შედეგად გავერთიანდით და ოთხი რაიონი შეიქმნა. ამას ემატება ქონების, ყიდვა-გაყიდვის, ავტომანქანები, უკვე ქონებრივი დეკლარაციები შემოდის ნელ-ნელა და ამიტომ ხალხი ჯერჯერობით მოიმატებს.”(სტილი დაცულია)

საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ისიც აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში რაიმე სახის ცვლილებები, რაც მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებდა, არ იგეგმება. ასე რომ, ბუღალტრებს ისღა დარჩენიათ, მოთმინებით შეიარაღდნენ და, საკუთარი რიგის მოლოდინში, გული დაბალი გადასახადებით გაიმაგრონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დეკლარაციის დაგვიანებისთვის 200 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG