Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


შარშან, ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს”

ოფისში გამართულ შეხვედრაზე, იმხანად კულტურის, სპორტისა და ტურიზმის ახლად დანიშნული მინისტრი გიორგი გაბაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კულტურული პოლიტიკის პრიორიტეტებზე ესაუბრა. პრიორიტეტულ სფეროებს შორის ეროვნული უმცირესობებისთვის კულტურის განვითარების პირობების შექმნა დასახელდა:

[გიორგი გაბაშვილის ხმა] “ჩვენთვის პრიორიტეტია კულტურის თანაბარი ხელმისაწვდომობა, როგორც სოციალური მიკუთვნებულობის მიხედვით, ასევე ეთნიკური ნიშნის მიხედვით, ასევე გეოგრაფიული ლანდშაფტის მიხედვით. ჩვენ დავაფუძნეთ აზერბაიჯანული თეატრი, რასაც პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.”

აზერბაიჯანული თეატრი, მართლაც, გახსნეს. უფრო სწორად, აღადგინეს იქ, სადაც 1947 წლამდე ფუნქციონირებდა - მეიდანზე. თეატრს ახლა უკვე სახელმწიფო სტატუსი აქვს, თუმცა დარბაზი ჯერ კიდევ გასარემონტებელია. ამიტომ დასი სპექტაკლებს თბილისში ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში მართავს... და, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანლებით კომპაქტურად დასახლებულ საქართველოს ქალაქებში. თეატრის დასს, ძირითადად, თბილისის თეატრალური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები შეადგენენ, თუმცა ამ კვირაში დასრულდა მუშაობა ახალ წარმოდგენაზე, რომელიც აზერბაიჯანის ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ ჰუსეინაღა ათაქიშიევმა დადგა - თანამედროვე აზერბაიჯანელი დრამატურგის ალი იმერლის პიესა “მისი ორი ნეკნი”. გაზეთ “24 საათის” ინფორმაციით, აზერბაიჯანული თეატრი სამომავლოდ ქართულენოვანი სპექტაკლების დადგმასაც გეგმავს... რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანული “თეატრალური დიასპორა” ახლა უკვე თავად ცდილობს ნაციონალური კულტურული პოლიტიკის იმ სტერეოტიპის ნგრევას, რომელიც საბჭოთა ეპოქაში დამკვიდრდა ჩვენში და რომლის ტყვეობისგან, როგორც ჩანს, ვერა და ვერ თავისუფლდება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაც.

ხელისუფლებისთვის სომხური და აზერბაიჯანული თეატრების მხარდაჭერას ისევ “პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს”, ე.ი. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ კულტურული “გეტოს” მსგავსი სივრცის შექმნით მულტიკულტურულ გარემოს შეინარჩუნებს ქვეყანაში, ეროვნულ უმცირესობებს პრეტენზია აღარ ექნებათ, აღარ იტყვიან, საქართველოს ხელისუფლება ხელს არ გვიწყობს შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტურობაო და ყველაფერი ისე იქნება, როგორც საბჭოთა კავშირში იყო – საქართველოში მცხოვრები სომხები სომხური თეატრის სპექტაკლებს დაესწრებიან, აზერბაიჯანლები – აზერბაიჯანული თეატრის წარმოდგენებს, ქართველები – ქართულს... არადა, თავად აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში სულ სხვა პრობლემებზე საუბრობენ. ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველოს” წარმომადგენელი ემილია ხალილოვა, მაგალითად, ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ, პირველ რიგში, ეთნიკური უმცირესობების იზოლაციის პრობლემა უნდა გადაჭრას... აზერბაიჯანული თეატრი წარმატებით ჩაატარებს გასტროლებს თუნდაც ბოლნისსა და მარნეულში, მაგრამ განა ეს საკმარისია იმისთვის, რომ მოხდეს აზერბაიჯანლებით კომპაქტურად დასახლებული რაიონების ინტეგრაცია ცენტრთან? განა ეს საკმარისია იმისთვის, რომ აზერბაიჯანული დიასპორა აქტიურად ჩაერთოს ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში?

[ემილია ხალილოვას ხმა] “აბსოლუტურად იზოლირებულია უმრავლესობა. მხოლოდ მცირე ნაწილია ჩართული იმ პროცესებში, რომელიც ამ ქვეყანაში ხდება... შეიძლება ითქვას, რომ ეს ხალხი კი ცხოვრობს საქართველოში, მაგრამ მათ აქ სიტყვა არ ეთქმით, რადგან თუ არ იცი ენა, თუ ცხოვრობ სოფელში, სადაც შენ გარშემო არიან მხოლოდ აზერბაიჯანელები, თუ არა გაქვს ყოველდღიური, მაგრამ კვირაში ერთხელ მაინც კონტაქტი ქართველთან... თუ არა გაქვს საშუალება წაიკითხო ქართული გაზეთი, სად უნდა ისწავლოს ამ ადამიანმა ენა და რანაირად უნდა ჩაერთოს პროცესებში?”

კულტურის სფეროში ინტერნაციონალიზმის საბჭოთა ტრადიცია ყოველთვის გულისხმობდა ერთგვარი ფოლკლორიზებული მასკარადის შექმნას, რომელიც ვერა და ვერ წყვეტდა განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების ურთიერთობის პრობლემას. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კვლავაც შეახსენებენ ხელისუფლებას, რომ კულტურა არ არის მხოლოდ თეატრი და კინო, კულტურა ურთიერთობას ნიშნავს და არა კულტურული გეტოს შექმნას. ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ფილოსოფოსი დავით დარჩიაშვილი ურთიერთობების, როგორც კულტურის უმაღლესი სფეროს, დამკვიდრებას ევროპულ ტრადიციებს უკავშირებს და დღევანდელ ქართულ კულტურაში ჰუმანიზმის დეფიციტზე ლაპარაკობს:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] “ჩემთვის ეს არის არატოლერანტობის მუხტი, რომელიც არსებობს კულტურის სფეროში, რომელიც, იმედია, არ გადაწონის ყველაფერს, მაგრამ როდესაც ვლაპარაკობთ ევროპასთან ინტეგრაციაზე, ალბათ, საჭიროა კულტურის სამინისტრო ზრუნავდეს იმის პროპაგანდაზე, თუ რას ნიშნავს ევროპული კულტურა და რამე თუ ემუქრება ქართული კულტურის ინტეგრაციას ევროპულ ოჯახში.”

მაგრამ ევროპული კულტურა ისევ გაჭირვებით იმკვიდრებს ადგილს თანამედროვე ქართულ სივრცეში. ამაში რომ დავრწმუნდეთ, საკმარისია გადავხედოთ დედაქალაქის კინოაფიშას და თბილისის ორი წამყვანი კინოთეატრის, “რუსთაველისა” და “ამირანის”, რეპერტუარს. მოგეხსენებათ, რომ დედაქალაქში არ არსებობს მუნიციპალური კინოდარბაზი. კერძო კინოთეატრები კი მხოლოდ პუბლიკის მოთხოვნაზე მუშაობენ. მსოფლიოს ყველა კუთხეში პუბლიკას ერთი “მოთხოვნილება” აქვს – ჰოლივუდი. საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება, თუმცა თუ უწინ დედაქალაქის ორი კინოთეატრი განსხვავებულად გეგმავდა რეპერტუარს და, თუნდაც, ჰოლივუდის განსხვავებულ ფილმებს უჩვენებდა, ბოლო დროს კონკურენტები “დაამხანაგდნენ” და ამით სრულიად მოუსპეს არჩევანი მაყურებელს... ამ კვირაში, მაგალითად, თბილისის კინოაფიშაზე უალტერნატივოდ დომინირებდა ახალი ამერიკული ბლოგბასტერი, “ოუშენის 12 მეგობარი”, რომლის რეჟისორმა, სტივენ სოდერბერგმა, ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი ვარსკვლავების - ჯილია რობერტსის (იგი თავის თავს ასახიერებს), ჯორჯ კლუნის, ბრედ პიტის, მეტ დეიმონის, კეტრინ ზეტა-ჯონსის, ენდი გარსიას -თავშეყრა მოახერხა. შეგიძლიათ დააკვირდეთ, როგორ გამოიყურებიან დღეს ჰოლივუდის ვარსკვლავები და მოუსმინოთ მელოდიებს, რომელსაც სეანსის დასრულების შემდეგ სიამოვნებით უსტვენს ქართველი მაყურებელი.

[მუსიკა ფილმიდან]

კიდევ ერთი პოპულარული მსახიობია გადაღებული სოდერბერგის ფილმში – ვინსენ კასელი... ოღონდ თბილისელი ქალბატონების ეს კერპი ფრანგია და ფილმში “ოუშენის 12 მეგობარი” ევროპის ნომერი პირველი ქურდის, “შავი მელას”, როლს ასრულებს. სწორედ მას უპირისპირდებიან განგსტერი დენი ოუშენი და მისი მეგობრები, რომლებიც რომში, პარიზსა და ამსტერდამში სამ უმსხვილეს ძარცვას გეგმავენ. ოღონდ ძალიან გთხოვთ, ნუ იფიქრებთ, თითქოს სოდერბერგის სურათში ევროპისა და შეერთებული შტატების პოლიტიკურ ან, თუ გნებავთ, მენტალურ, კულტურულ დაპირისპირებაზე იყოს ლაპარაკი... ძარცვის წარმატებულად ჩატარებული ოპერაციის ხილვის იმედიც ნუ გექნებათ...რადგან “ოუშენის 12 მეგობარი” უფრო პაროდიაა სათავგადასავლო ფილმებზე და პაროდია ამერიკულ და ევროპულ მენტალურ დაპირისპირებაზე, რაც ბოლო დროს ქართველი ინტელექტუალებისა და, რა თქმა უნდა, ქართველი პოლიტიკოსების მსჯელობის საყვარელი თემა გახდა... რომელ გზას უნდა გაჰყვეს საქართველო – ამერიკულს თუ ევროპულს? მაგრამ ის მაყურებელი, რომელსაც სიამოვნებით მიჰყავს ბავშვები სოდერბერგის ფილმის სანახავად, ასეთ თემებზე კარგა მაგრად ამთქნარებს... ამ თემაზე ამთქნარებს, ალბათ, სტივენ სოდერბერგიც. “ოუშენის 12 მეგობარი” არ არის მისი საუკეთესო ფილმი, “ოუშენის 11 მეგობარზე” უარესიცაა, მაგრამ ერთი სიახლით ნამდვილად გამოირჩევა: სოდერბერგი აშკარად დასცინის კულტურის იმ იდეოლოგებს, რომლებმაც კულტურა პოლიტიკად აქციეს – ამერიკელები აქ ევროპელებზე არც უკეთესები არიან, არც უარესები... მძარცველებს შორის ამ შემთხვევაში არანაირი კულტურული თუ ენობრივი ბარიერი არ არსებობს... საქართველოში კი “ქურდულ ფილოსოფიას” ისევ უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს... და, აბა, რატომ არ უნდა უჩვენოს დედაქალაქის ყველა კინოთეატრმა ეს ფილმი ერთდროულად? უსმინეთ “ოუშენის 12 მეგობრის” მუსიკას და უსტვინეთ, სანამ არ მოგბეზრდებათ.

[მუსიკა]
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG