Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული ქრონიკა


როცა კულტურა კრიზისიდან ვერ გამოდის,

კულტურის მუშაკებს წარსულის მიმართ ნოსტალგია უჩნდებათ... ეს კანონზომიერებაა, რომელიც განსხვავებულ ეპოქებში, განსხვავებულ კულტურებში ვლინდებოდა ხოლმე. არსებითად ამ კანონზომიერების ნიშნებს დღევანდელ ჰოლივუდშიც კი ვხედავთ... აბა, სხვაგვარად როგორ ავხსნათ დიდი ამერიკელი რეჟისორის მარტინ სკორსეზეს სურვილი აღადგინოს 30-40-იანი წლების ჰოლივუდი და ამერიკული კინოს “ოქროს ხანა” თავის “ავიატორში”... ოღონდ სკორსეზე სკორსეზე არ იქნებოდა, უბრალო რეტროფილმი რომ გადაეღო...

“ავიატორში” მან დისტანციაც დაიცვა “ოქროს ხანის” მიმართ, რათა დღევანდელი მაყურებელი დღევანდელობასთან დაებრუნებინა, გაეთავისუფლებინა იგი ყოველგვარი ილუზიისა და წარსულის მითების აღორძინების სურვილისგან...

წარსულის მუხრუჭებისგან რომ განთავისუფლდე, წარსული ახლებურად უნდა გაიაზრო - ესეც ფაქტია, შეიძლება ითქვას, “საზოგადოების განვითარების კანონია”, რომელიც, მოგეხსენებათ, ძნელად იმკვიდრებს ადგილს ქართულ კულტურაში... რადიო “თავისუფლების” კულტურულ მიმოხილვებში არაერთხელ გვისაუბრია იმ ადამიანებზე, რომლებმაც გაბედეს და დღეს ძველ კულტურულ მითებს გაემიჯნენ. საქართველოში ასეთ ხალხს მძიმე დღეში აგდებენ ხოლმე. სულ ერთია, ვინ იქნება იგი – ქალაქის მერი, ეროვნული ბიბლიოთეკის მოვალეობის შემსრულებელი თუ ჯერაც უცნობი რეჟისორი, რომელმაც “დავით აღმაშენებელი” უნდა გადაიღოს... “ოქროს ხანის” რევიზიას, ნებისმიერი სახის ინტერპრეტაციას და, მით უფრო, ამ ეპოქის მიმართ დისტანციის “დაჭერას” დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვება ხოლმე. თუმცა კულტურის ისტორია ასეთ შემთხვევებშიც გვთავაზობს გამოსავალს: თუ გინდა, რომ ხალხს მითები გაააზრებინო, გააძლიერე, გაამძაფრე ეს მითი, “აახმაურე” და ასე გადააქციე აბსურდად. ვერავინ შეგედავება, თუმცა დაფიქრებით შეიძლება მართლაც დაფიქრდეს ხალხი... დღეს სტალინი არა გვყავს, ხელოვანს ამ “ეშმაკობას” რომ მიუხვდეს და დასაჯოს იგი... როგორც თავის დროზე დასაჯეს კოტე მიქაბერიძე ფილმისთვის “ბებიაჩემი” ან ძიგა ვერტოვი სურათისთვის “იავნანა”... ორივემ თითქოს ჰიმნი უმღერა “ახალ ცხოვრებას”, მაგრამ იმდენად ყალბი და “გაზვიადებული”, რომ უხერხულობის გრძნობა იმასაც კი დაეუფლა, ვისაც ეს ჰიმნი ეძღვნებოდა.

როგორც ჩანს, სწორედ ამ ხერხს მიმართა ნინო ჭანიშვილმა ამ დღეებში გალერეა “ტიემესში” მოწყობილ ექსპოზიციაზე “უკან, საბჭოთა კავშირში”... პროფესიით ხელოვნებათმცოდნემ, ჟურნალისტმა “ინტელექტუალური იმიჯის” სამხატვრო დარბაზი კიტჩად ქცეული საბჭოთა სიმბოლოებით – გობელენებით, პლაკატებით, ფერწერული ტილოებით - გაავსო. ამ ძალიან საინტერესო გამოფენაზე უახლოეს ხანში დაწვრილებით გიამბობთ რადიო “თავისუფლების” ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე”. დღეს კი ხელოვნებათმცოდნე ნინო გუნიას კომენტარი გვინდა შემოგთავაზოთ. აღმოჩნდა, რომ ასეთი ტიპის პროექტი საქართველოს კულტურის გადარჩენის ფონდს დიდი ხანია დაგეგმილი აქვს:

[ნინო გუნიას ხმა] “ჩვენი ჯგუფი, კულტურის გადარჩენის ფონდი, ერთი წელია მუშაობს თბილისის კულტურის კონცეფციაზე და ძაან ნიშანდობლივია, რომ ამ კონცეფციაში ჩადებულია სწორედ ისტორიის ახლებურად გააზრება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა – ეს იქნება 8 მაისი, 9 მაისი თუ ანექსიის დღე... და, შესაბამისად, საზოგადოებამ მოითხოვა, რომ იმ შეთავაზებულ ღონისძიებათა რიგი განხორციელდეს და ეს გამოფენა ამის კარგი მაგალითია.” (სტილი დაცულია)

თუმცა ჯერ კიდევ გასარკვევია – ასეთი ტიპის პროექტი ჩვენი საზოგადოების მოთხოვნაა თუ ერთი ადამიანის ინიციატივა.... და თუ მოთხოვნაა, არ არის გამორიცხული, საბჭოთა სიმბოლოების ხილვა იმ ადამიანებს სურდეთ, ვინც ისევ ოცნებობს “კლასობრივი მტრის” მხილებასა და კომუნისტურ კერპებზე... ან, უბრალოდ, კერპებზე, ან, “კლასობრივის” თუ არა, ეროვნული ღირებულებების მტრის მხილებაზე... რა მნიშვნელობა აქვს, როგორი ნიღბით მოგვევლინება “მტერი”... ნინო გუნია გვარწმუნებს, რომ ასეთი ადამიანები დღეს ცოტა გვყავს და რომ ხელისუფლება არა, მაგრამ ხალხი მზადაა წარსული კულტურის გადაფასებისთვის:

[ნინო გუნიას ხმა] “შეიძლება იმ კონცეფციას არ ჰქონდეს გამოხმაურება იმ წრეებში, ვისთვისაც იწერება, ანუ სახელისუფლო წრეებში, მაგრამ ის კონცეფცია გამომდინარეობდა იმ საზოგადოებრივი ტენდენციებიდან და სურვილებიდან, რომელიც კვლევის საშუალებით აღმოვაჩინეთ... ნინო ჭანიშვილმა ეს ინტუიციურად დროულად დაიჭირა და ვფიქრობ, რომ თანადროულად ეხმიანება მიმდინარე პროცესებს. ეს გარკვეული ეკლექტიზმი, ალბათ, ხერხია. კარგადაა შერჩეული ექსპონატები და ექსპოზიციურად საინტერესოა... განწყობა ეპოქის თვალნათლივაა გამოხატული.”

ეპოქის განწყობა გამოხატულია ლევან თუთბერიძის ფილმშიც “მოგზაურობა ყარაბახში”, რომლის პრემიერა 2 მარტს შედგა კინოთეატრ “ამირანში”. რადიო “თავისუფლება” ფილმის გადაღების, მონტაჟის პროცესშიც ესაუბრა სურათის ავტორს. აკა მორჩილაძის რომანის ეკრანიზაციის მიმართ ინტერესი თბილისში ძალიან დიდი იყო, რასაც “ამირანის” ხალხით გაჭედილი დარბაზიც მოწმობს. ბილეთის შოვნა იმ საღამოს შეუძლებელი იყო. გავრცელდა ხმა, რომ მთავრობა მოდიოდა, თუმცა პირადად მე კინოს დიდი მოყვარულის, ქალაქის მერისა, და კიდევ რამდენიმე პარლამენტარის გარდა, დარბაზში “ჩინოსნები” ვერ დავინახე. საბედნიეროდ, სურათის ავტორებს ეყოთ გემოვნება, რომ, თავიანთი სხვა კოლეგების მსგავსად, პრემიერა “პოლიტიკოსების შოუდ” არ გადაექციათ. “ამირანი”, ძირითადად, კინემატოგრაფისტებით შეივსო.

“გემოვნება” – ესაა ლევან თუთბერიძის ფილმის მთავარი ღირსება, რასაც ყველა აღიარებს... ახალი ქართული ფილმის ოპონენტებიც კი ამბობენ, რომ, ბოლოს და ბოლოს, იხილეს არა ცუდად დამონტაჟებული, ცუდად გახმოვანებული ქართული ფილმი, რომელშიც ყველაფერი ყალბია და თითიდან გამოწოვილი, არამედ კინო, რომელიც კინოს ჰგავს და რომელიც ყველანაირად შეესაბამება თანამედროვე ფილმის სტანდარტებს. სურათის პრემიერაზე რეზო ჩხეიძემ საგანგებოდ გადაუხადა ამისთვის მადლობა პროდიუსერებს:

[რეზო ჩხეიძის ხმა] “ამაში როლი ითამაშეს ჩვენმა ისეთმა წარმომადგენლებმა სწორედ ამ ფინანსიურ სფეროში, არა მარტო ფინანსიურად, არამედ თავიანთი თავდადებით ფილმის შექმნისათვის, როგორიც არის ლევან კორინთელი და ხარაბაძეები - მამა-შვილი.” [ტაში] [სტილი დაცულია]

მაგრამ სწორედ “სუფთად გაკეთებული” ფილმი გვაძლევს საშუალებას აღარ ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ უჭირს დღევანდელ ქართულ კინოს, რაოდენ კუსტარული გახდა კინორეჟისორის ნამუშევარი და დავინახოთ მხატვრული ხარვეზები, რომელიც, სამწუხაროდ, ამ ახალ საერთაშორისო პროექტს ბევრი აქვს – ესაა, პირველ რიგში, დრამატურგიული ეკლექტიკა, ეგრეთ წოდებული “ჩერნუხისა” და ლირიკულ-რომანტიკული ეპიზოდების, “ფლეშ-ბეკების” აბსოლუტური დაუკავშირებლობა, ესაა მუსიკა, რომელიც თავისთავად, შესაძლოა, მშვენიერია, მაგრამ ილუსტრაციის როლს ასრულებს, ესაა ვიზუალური ფონის, მეორე პლანის, არარსებობა და, რაც მთავარია, ესაა განზოგადების გარეშე დარჩენილი ამბავი, რომელიც აკა მორჩილაძის აბსურდულ, თითქმის კაფკიანურ რომანს აქცევს ჩვეულებრივ სათავგადასავლო ფილმად, რომლის იდეა რეზო ჩხეიძემ, აი, ასე ჩამოაყალიბა:


[რეზო ჩხეიძის ხმა] “თუმცა ისინი დღევანდელ ეპოქას ასახავენ, თანამედროვე ცხოვრების შვილები არიან, მოწყვეტილები არიან თითქოს დიდ არსს ცხოვრებისას, მაგრამ სიყვარული თითქოს და ჰარმონია ამ სურათის უკან ყოველთვის არსებობს. და, აი, ეს ამბავი, ეს არსი, რომ ქრისტიანული რწმენა აქ მონაწილეობს განუწყვეტლივ, ეს ჩვენი ლიტერატორის, აგრეთვე რეჟისორის და ჯგუფის დიდი დამსახურებაა.”

არც ისაა შემთხვევითი, რომ “მოგზაურობა ყარაბახში” სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმის” დირექტორმა წარმოგვიდგინა. პერსონაჟების ურთიერთობის ენა, მათი ინფანტილიზმი აუცილებლად გაგახსენებთ 80-იანი წლების ქართულ ფილმებს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ საქართველოში მას მერე არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ახლა ფილმებს “დოლბი-სტერეოზე” და კარგი ხარისხის “კოდაკზე” იღებენ, შეუძლიათ მოიწვიონ უცხოელი ოპერატორი (არად,ა ოპერატორების სკოლა ქართულ კინოში, ალბათ, ყველაზე ძლიერია) და აღარ მოსთხოვონ ფული სახელმწიფოს.

თუმცა “ყარაბახის” პრემიერაზე გაირკვა, რომ რაღაც ნამდვილად შეიცვალა ჩვენში – მაყურებელი... მთელი ფილმის მსვლელობის მანძილზე მას პატარა ბავშვივით უხაროდა, ნაცნობ სახეს როცა დაინახავდა ეკრანზე... და ხანდახან ტაშსაც დასცხებდა ხოლმე... ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ხალხი პირველად იყო კინოთეატრში ქართული ფილმის სანახავად... პირადად მე ქართველი მაყურებლის ასეთი რეაქცია მაიმედებს... ჩვენ ცოცხალი მაყურებელი გვყავს... ისევე როგორც მაიმედებს ახალი ქართული ფილმი “მოგზაურობა ყარაბახში”... ჯერ ჭუჭყი მოვწმინდოთ თანამედროვე ქართულ კინოს, სწორად გავანათოთ მსახიობი, სწორად დავამონტაჟოთ ფილმი, მერე კი შედევრებიც გაჩნდება. მთავარია, “შედევრად” არ მოვნათლოთ ის, რაც სულაც არ არის შედევრი და კიდევ – მთავარია, წარსულის აღდგენა არ მოვინდომოთ... გულის სიღრმეშიც კი არ ვთქვათ:“ცუდია, რომ ერთმანეთს დავერიეთ, ერთმანეთს ვესროდით, ცუდია, რომ თბილისი დავანგრიეთ, მაგრამ მაინც ხომ “არსებობდა” სიყვარული და ჰარმონია, მაინც ხომ არსებობდა “ქრისტიანული რწმენა”, მაინც ხომ კარგები ვიყავით.”
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG