Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას უჩივიან საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენები


მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეწარმეებისთვის ლიცენზირებისა და სახელმწიფო კონტროლის სხვა მექანიზმების გამარტივების

ინიციატივით გამოვიდა, სამთავრობო უწყებასა თუ საკანონმდებლო ორგანოში ამ ინიციატივის რეალიზების გზების ძიება დაიწყეს. 7 აპრილს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ბიზნესმენებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ლიცენზირებისა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების საკითხები განიხილეს. აღმოჩნდა, რომ მეწარმეთა დიდი ნაწილი არ ემხრობა ლიცენზირების სისტემის სრულ გაუქმებას.

საქართველოში თავისუფალი მეწარმეობის განვითარებას უწინდელივით დიდი წინააღმდეგობები ხვდება. იმდენად დიდია კერძო ბიზნესში სახელმწიფო ორგანოების ჩარევის ხარისხი, რომ კორუფციის შემცირება შეუმჩნეველი რჩება და საქმე ხშირად საპროტესტო აქციებამდე მიდის. ასე იყო 7 აპრილს ზუგდიდში, სადაც ბაზარში მოვაჭრე წვრილმა ბიზნესმენებმა პროტესტი ხმაურით გამოხატეს.

[ისმის აქციის ხმა]

[აქციის მონაწილის ხმა] ”რა ვქნათ, გვშია, შვილებს რა მივუტანოთ, რა ვქნათ. თვითონ მაძღრები არიან და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ვიკისრებთ იმიტომ, რომ გვშია.”

აქციის მონაწილენი ხელისუფლებისგან ბაზრის მთავარი შესასვლელის ჩაკეტვას აპროტესტებდნენ. ასეთი ხმაური არ ისმოდა, თუმცა არანაკლები საყვედურები გამოითქვა საქართველოს პარლამენტში, სადაც, იურიდიული კომიტეტის მიწვევით, ბიზნესმენები შეიკრიბნენ. მათ კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები წარუდგინა, რომლებიც სანიტარული, სტანდარტიზაციის, ლიცენზირების თუ კონტროლის სხვა ორგანოების ან გაუქმებას, ან კიდევ უფლებების შეკვეცას ითვალისწინებს.

[ლევან ბეჟაშვილის ხმა] ”დავტოვოთ მხოლოდ და მხოლოდ, აი, საზოგადოებრივად აუცილებელი და საჯარო ინტერესის მქონე სფეროები, რომელთა ლიცენზირებას კვლავ აწარმოებს სახელმწიფო. სფეროების ნაწილი, რომელზეც შეიძლება მოხდეს დერეგულაცია, ეს გავათავისუფლოთ სახელმწიფო რეგულირებისგან და ავტომატურ რეჟიმში ხდებოდეს ამა თუ იმ საქმიანობის წარმართვა და დაწყება.”(სტილი დაცულია)

ლევან ბეჟაშვილის ამ განცხადებას მეწარმეები სიხარულით შეხვდნენ. მათ საქმიანობას უკვე წლების მანძილზე აფერხებს სტანდარტიზაციის დეპარტამენტის საქმიანობის სტილი და მოძველებული საბჭოური სტანდარტები. ბიზნესმენებს საწარმოების გაფართოებაში ხელს უშლის სანიტარული სამსახურებისგან ნებართვის აუცილებლობა - ნებართვისა, რომლის აღება საჭირო ხდება ყოველი ახალი პროდუქციის გამოშვების შემთხვევაში. საბაჟო პროცედურებს ართულებს ფიტოსანიტარული შემოწმებები და სხვ. მეწარმეები ამ სამსახურების გათანამედროვებას ითხოვენ და არა გაუქმებას.

[გიორგი ისაკაძის ხმა] ”ძალიან კარგია ზედმეტი დოკუმენტების წარდგენის მოხსნა...
... ასე რომ, მეწარმეები ერთიანი კონტროლის მოხსნას არ მოითხოვენ. ისინი ითხოვენ თანაბარ პირობებს. აი, ეს უზრუნველყონ მაკონტროლებელმა ორგანოებმა, მეტი არაფერი.”(სტილი დაცულია)

ეს არის გიორგი ისაკაძე, ბიზნესმენთა ფედერაციის წარმომადგენელი. იგი ამბობს, რომ ნორმალურად მოქმედი სერტიფიცირების სისტემა ბიზნესმენების დაცვის მექანიზმიც კი არის. ასე მაგალითად, პურის მცხობელი სანიტარული სამსახურების მიერ უმოწყალოდ ჯარიმდება, რადგან მისი პროდუქცია სანიტარულ ნორმებს არ შეესაბამება. არადა, ეს პროდუქცია დამზადებულია იმპორტირებული ფქვილით, რომელიც სანიტარულ შემოწმებას არ ექვემდებარება. ეს მდგომარეობა ფქვილის ადგილობრივ მწარმოებლებსაც აზარალებს, რადგან ისინი არაკონკურენტუნარიან გარემოში იმყოფებიან.

ასეთი ვითარებაა ქართული ბიზნესის თითქმის ყველა სფეროში და თუ ამას სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების რეიდების გახშირებასაც დავუმატებთ, ადვილი წარმოსადგენი ხდება, რატომ არ ვითარდება ქართული ეკონომიკა.
XS
SM
MD
LG