Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ირაკლი ოქრუაშვილის კარიერა დასრულდებოდა


გიორგი კაკაბაძე, თბილისი გასულ კვირაში საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება არაერთი სერიოზული დაპირისპირებით აღინიშნა: კონსერვატიული პარტიის წევრები ფინანსური პოლიციის

უფროსის წინააღმდეგ გამოვიდნენ, რის შემდეგაც მოხდა დარბევა კონსერვატიული პარტიის ოფისში, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სახალხო დამცველი თავდაცვის მინისტრს დაუპირისპირდნენ.

გესაუბრებით ამ და ზოგიერთ სხვა საკითხთან დაკავშირებული წერილების შესახებ.

5 აპრილის გაზეთ ”რეზონანსის” თქმით, ”კონსერვატიული პარტიის წევრები ფინანსური პოლიციის უფროსს კორუფციაში ადანაშაულებენ. მათ მიერ ჟურნალისტებისთვის წარდგენილ აუდიომასალაზე ასახულია კეზერაშვილის საუბარი საკუთარ თანამშრომლებთან. საუბარი შეეხება სახელმწიფო მანქანებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოჰყავთ.”

გაზეთი წერს: ”კონსერვატორ კახა კუკავას განცხადებით, მანქანები ტენდერის მეშვეობით უნდა შერჩეულიყო, თუმცა კეზერაშვილი და მისი გუნდი ტენდერებს მხოლოდ ფორმალურად აფორმებენ და ამაში დიდ ფულს იღებენ.”

”კონსერვატორების განცხადებით, არის სხვა ჩანაწერიც, რომელიც გვიჩვენებს, რომ ფინანსური პოლიციის უფროსი კონტრაბანდის შემოტანაში მონაწილეობს. დავითაშვილი და ძიძიგური აპირებენ მოპოვებული მასალა პროკურატურას გადასცენ.”

”ზვიად ძიძიგურის თქმით, პრეზიდენტი სააკაშვილი, ყველაფრის მიუხედავად, ხელს აფარებს კეზერაშვილს, რაც ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებაში არსებობს გარკვეული გუნდი, რომელსაც ხელშეუხებლობის გარანტია აქვს.”

7 აპრილს, გამთენიისას, კონსერვატიული პარტიის სათავო ოფისი დაარბიეს. 8 აპრილის გაზეთ ”24 საათის” თქმით, “კონსერვატორთა” ლიდერები ამ შემთხვევას მათ მიერ ფინანსური პოლიციის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას უკავშირებენ. ”ყველაფერი ეს გათვლილი იყო ინფორმაციის მოპოვებაზე”,- განაცხადეს საგანგებო ბრიფინგზე ”კონსერვატორებმა”.

გაზეთი წერს: ”მიუხედავად იმისა, რომ პარტიის ოფისიდან გატანილია კომპიუტერული ტექნიკა და დისკები, ზვიად ძიძიგურის და კობა დავითაშვილის განმარტებით, ხელისუფლებისთვის საინტერესო ინფორმაცია კვლავ საიმედოდაა დაცული (იგულისხმება კონსერვატორების ხელთ არსებული ინფორმაცია ფინანსური პოლიციის საქმიანობის შესახებ).
კობა დავითაშვილი თავისი პარტიის ოფისის ძარცვის ფაქტს ”სპეცოპერაციას” უწოდებს. ზვიად ძიძიგური კი პირდაპირ აცხადებს: ”მოვუწოდებთ ვანო მერაბიშვილს, - მან უკვე ნახა კომპიუტერები და ისიც ნახა, რომ იქ არ არის მათთვის საჭირო მასალები, - დაგვიბრუნონ კომპიუტერები!”

გასული კვირის კიდევ ერთ ანტიგმირად საქართველოს თავდაცვის მინისტრი მოგვევლინა. მას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სახალხო დამცველი დაუპირისპირდნენ. 5 აპრილის გაზეთ ”ხვალინდელი დღის” თქმით, ”ისინი საგურამოს სამხედრო ნაწილის უფროსის, კაპიტან გია ლომსაძის დასჯასა და თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის, პასუხისმგებლობაზეც საუბრობენ.”

როგორც გაზეთი იუწყება: ”ხმაური ამჯერად საგურამოს სამხედრო ნაწილის ირგვლივ მიმდინარეობს. რიგითი არკადი კუკავა, ფილტვების ანთების დიაგნოზით, სამხედრო ჰოსპიტალში მოხვდა.”

”ოქრუაშვილის თქმით, საგურამოს სამხედრო ნაწილში ხელმძღვანელობა ჯარისკაცებს სასტიკად არ ეპყრობა. ლომსაძემ რიგითები ჩვეულებრივი საწესდებო ფორმით დასაჯა.”

”თავდაცვის მინისტრის პოზიციამ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აღაშფოთა. ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” ხელმძღვანელისა და სამხედრო ექსპერტის დავით დარჩიაშვილის თქმით, სამხედრო დისციპლინა ადამიანის უფლებების დარღვევას არ ნიშნავს, მით უფრო, როცა საქმე სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ ჯარისკაცს ეხება, და ამიტომ კაპიტან გია ლომსაძის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს.”

ახალგაზრდა იურისტების წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა კი აღნიშნა: ”ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, ირაკლი ოქრუაშვილის გუშინდელი არაკორექტული განცხადების შემდეგ, მისი კარიერა დასრულდებოდა. მისი განცხადებები კორექტულობის ფარგლებს სცილდება.”

გაზეთის ცნობით, ”თავდაცვის მინისტრის განცხადებებს სოზარ სუბარიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ოფიცერმა ლომსაძემ ავადმყოფი რიგითი არბენინა, დამამცირებლად და ღირსების შემლახავად ექცეოდა, რაც სახალხო დამცველის წარმომადგენელთა მიერ საგურამოს ბატალიონის ოფიცრებისთვის ჩამორთმეული ახსნა-განმარტებებიდანაც გამოჩნდა.”

”სახალხო დამცველისთვის გაუგებარია, რატომ განსხვავდება თავდაცვის მინისტრისა და ბატალიონის ოფიცრების განცხადებების შინაარსი. როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, მოგვიანებით ოფიცრებმა და რიგითმა კუკავამ ჩვენებები შეცვალეს, რაც, სუბარის აზრით, მათზე განხორციელებული ზეწოლის შედეგია.”

7 აპრილის გაზეთ ”24 საათის” თქმით, ”დაპირისპირება ”ახალ მემარჯვენეებსა” და თავდაცვის მინისტრს შორის კულმინაციას აღწევს...”ახლების” საგანგებო პრესკონფერენციაზე პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს სამხედრო დიქტატურის საფრთხე ემუქრება და ეს საფრთხე თავდაცვის მინისტრისგან მოდის. მეტიც, გუშინ გამყრელიძემ იმის გარკვევა მოითხოვა, რამდენად უკავშირდება ირაკლი ოქრუაშვილის სახელი ზურაბ ჟვანიას სიკვდილს.”

გაზეთი გვამცნობს: ”გამყრელიძე აცხადებს, რომ ოქრუაშვილი დაპირისპირებული იყო ყველა იმ ადამიანთან, ვინც ზურაბ ჟვანიას გუნდში იყო. მისი თქმით, როცა ოქრუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მაშინ, ფაქტობრივად, გადაწყდა იმდროინდელი ფინანსთა მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის, დაპატიმრების საკითხი, თუმცა ”მაშინ ნოღაიდელი ჟვანიამ გადაარჩინა”.

”გამყრელიძის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის მორიგი მსხვერპლი, გიორგი ბარამიძეც, რეპრესიებისგან სწორედ ზურაბ ჟვანიამ იხსნა. ამან კი ზურაბ ჟვანიასთან ოქრუაშვილის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბა.”

”რაც შეეხება სხვა ბრალდებებს. გამყრელიძე აცხადებს: ”ოქრუაშვილმა ჩათვალა, რომ ჯარი მისი პირადი საკუთრებაა, ჯარისკაცები კი - მისი მონები... არმიის განვითარების ფონდში, რომელსაც ანგარიშები ბანკ ”რესპუბლიკაში” აქვს, თანხებს ჯართისა და ნავთობის ექსპორტიორები და დაპატიმრებული ჩინოვნიკები რიცხავენ. ჩემი ინფორმაციით, შესყიდულია სათვალთვალო და მოსასმენი აპარატურა, ასევე, იარაღი, რომელიც ქვეყნის იმიჯისთვის სახიფათოა.”

სათაურით, ”ნოღაიდელის სიურპრიზი - არბიტრაჟი უქმდება”, 6-7 აპრილის გაზეთი ”ახალი ვერსია” ბეჭდავს წერილს, სადაც ნათქვამია, რომ ”ბოლო დღეებში საქართველოში გაუმჯობესებულ საინვესტიციო გარემოზე უცხოური გამოცემებიც ალაპარაკდნენ და, თუ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, ისინი საქართველოში უცხოური კაპიტალის შემოდინების არნახულ მასშტაბებზეც საუბრობენ. ეს კი თავისთავად უნდა ნიშნავდეს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი მიღწევებია.”

გაზეთი წერს: ”მსოფლიო მედიაში აგორებული ”პიარის” ფონზე კი, საქართველოს მთავრობა ახალ საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებებისთვისაც ემზადება. ცვლილებათა პროექტის თანახმად, სამეწარმეო დავების კერძო არბიტრაჟში განხილვა სამი წლით შეჩერდება. ექსპერტთა აზრით, ეს უკან გადადგმული ნაბიჯია. სახელმწიფო კი მეწარმეზე ზემოქმედების ისეთ ბერკეტებს იგდებს ხელში, როცა მოისურვებს, მაშინ გასრესს. იმის ნაცვლად, რომ მეწარმემ სახელმწიფოს თავი დააღწიოს, პირიქით, მის მარწუხებში აღმოჩნდება და იძულებული ხდება, ან მისი თამაშის წესებით ითამაშოს, ან გაკოტრდეს და ქვეყნიდან საერთოდ წავიდეს.”

7 აპრილის გაზეთ ”ახალი თაობის” ინფორმაციით, წინა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტი ამჯერადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ხელს შეუწყობს დღემდე არსებული პრობლემების ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას. მან, კერძოდ, განაცხადა: ”ჩვენ საზოგადოების შეკვეთას ვასრულებთ, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები, ხალხი დასაქმდეს და მთავრობა სწორედ ხალხის ამ შეკვეთას შეასრულებს.”

მთავრობის მეთაური პედაგოგებს ჰპირდება: ”წელს, შემოდგომაზე, განათლების დაფინანსებას გავზრდით და განათლების სფეროს მუშაკთა მინიმალური ხელფასი 115 ლარზე მეტი გახდება. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ განათლების სფეროში ანაზღაურება გაიცემა მუშაკთა შრომისა და კვალიფიკაციის მიხედვით.”
XS
SM
MD
LG