Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება და ადამიანის უფლებათა დამცველები წამების საწონააღმდეგო პროგრამის ეფექტურ ამოქმედებაზე მსჯელობენ


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მხარდაჭერითა და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის ინიციატივით, წამების საწინააღმდეგო პროგრამის

ეფექტურ ამოქმედებაზე მსჯელობა განახლდა. ორი წლის წინ შემუშავებული პროგრამის მიმდინარეობას ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ომბუდსმენის ოფისში აფასებდნენ. მრგვალი მაგიდის მონაწილეთა ნაწილს მიაჩნია, რომ, ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, ვითარება შედარებით გამოსწორდა, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია; ნაწილი კი ფიქრობს, რომ ვითარება ისევ რთული რჩება. მინდა ამ მოსაზრებებისა და შეხვედრის მიმდინარეობის შესახებ უფრო დაწვრილებით გესაუბროთ.


საქართველოში წამების საწინააღმდეგო პროგრამა ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლების დროს, 2003 წელს, შემუშავდა. ორწლიანი პროგრამა წინასწარი პატიმრობის ადგილებში მონიტორინგის გაძლიერებას და კანონმდებლობაში ცვილილებების შეტანას გულისხმობდა. რევოლუციამ და ხელისუფლების შეცვლამ, სხვა პროგრამებთან ერთად, წამების საწინააღმდეგო გეგმის რეალური ამოქმედებაც შეაფერხა. ახლა კი, როგორც ჩანს, სახალხო დამცველის ოფისი, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, წამების წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას აპირებს. სამშაბათს გამართული შეხვედრის ინიციატორი, სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ფიქრობს, რომ ბოლო პერიოდში, ადამიანის წამების მხრივ, ვითარება შედარებით გამოსწორდა:

[სოზარ სუბარის ხმა] “ბოლო თვებში ვითარება დაიძრა. ერთი მხრივ, მონიტორინგი გახლდათ. ეს მონიტორინგი, პრინციპში, მანამდეც ტარდებოდა, - ჩვენც ვმონაწილეობდით ამ მონიტორინგში, - ეს იყო ეუთოსთან ერთად, მაგრამ ეს ატარებდა შემთხვევით ხასიათს. ცხადია, ეს არ იყო საკმარისი. გასული წლის ბოლოდან ჩვენმა ოფისმა მოახდინა ყველა რესურსის მობილიზება, რის შემდეგაც დავიწყეთ მონიტორინგი და პრაქტიკულად მინიმუმამდე დავიდა ცემისა და წამების შემთხვევები ან ამან გადაინაცვლა ქუჩაში.”

ამ აზრს იზიარებს საქართველოს გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, რომელმაც, ქართველ ჩინოვნიკთა ტრადიციისამებრ, ომბუდსმენის ოფისში გამართული მრგვალი მაგიდა თავისი მოსვლით დააფასა და მალევე დატოვა:

[ზურაბ ადეიშვილის ხმა] “საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება რაც იყო 2004 წელთან დაკავშირებით, ისევე, როგორიც იყო 2003 წელთან დაკავშირებით, ბუნებრივია, იყო მკაცრი და ამას ჩვენც ვიზიარებთ. მაგრამ ის პროგრესი, რომელიც ნოემბრის შემდეგ საქართველოში არის, 2004 წლის ნოემბრის, და ის პროგრესი, რომელიც 2005 წელს არის, ამას ყველა აღიარებს და, მათ შორის, ჩვენც.” (სტილი დაცულია)

განსხვავებული შეხედულება აქვს დეპუტატ ელენე თევდორაძეს, რომელიც შეხვედრის მიმდინარეობის დროს ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით მწვავე რეპლიკებს ისროდა. ელენე თევდორაძის მონაცემებით, ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობა ევროპაში საქართველოსადმი დამოკიდებულების შეცვლის მიზეზი ხდება:

[ელენე თევდორაძის ხმა] “უკვე ევროპაში ხდება იმედგაცრუება ჩვენი ხელისუფლების მიმართ, რომელიც მოვიდა რევოლუციის შემდეგ, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში. ძალიან გულისტკივილით მოვისმინე, მაგრამ ფაქტები არის დასახელებული, რომელიც ჩემთვის ახალი არ არის. მე იძულებული ვიყავი, პოზიციები დაემთხვა.”(სტილი დაცულია)

ოთხსაათიანი განხილვის შემდეგ სახალხო დამცველის ოფისში გამართული შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ წამების საწინააღმდეგო ორწლიანი პროგრამის პირობები აუცილებლად უნდა შესრულდეს, ხოლო მისი მოქმედება 2006 წელსაც უნდა გაგრძელდეს.
XS
SM
MD
LG