Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დაიძაბა ურთიერთობა აზიის ორ წამყვან სახელმწიფოს შორის?


ჩინეთისა და იაპონიის ურთიერთობა გამორჩეულად ახლო და კარგი არც აქამდე ყოფილა, მაგრამ ბოლო ხანს საგრძნობლად გაუარესდა.

ჩინეთის ოფიციალური წარმომადგენლის აღიარებით, ბოლო 30 წელია იაპონიასთან ურთიერთობა ასე პრობლემური არ ყოფილა. კრიზისი ვერ მოგვარდა ვერც პეკინში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისას, რომელიც სამშაბათს დასრულდა. ამდენად, გამორიცხული არ არის, ჩინეთში მომავალ შაბათ-კვირასაც გაიმართოს ანტიიაპონური გამოსვლები, რომლებიც ბოლო სამი კვირა ტარდებოდა ჩინეთის ქალაქებში.

[დემონსტრანტების ხმები]
ეს - ჩინეთში ანტიიაპონურ დემონსტრაციაზე ჩაწერილი ხმებია: ხმაური და მოთხოვნები, რომლებიც შაბათ-კვირას შანხაიში, ტიანძინში, ჰან ჟუსა და სხვა მსხვილ ქალაქებში ისმის ხოლმე. და დემონსტრანტები მოთხოვნებსა და ანტიიაპონურ ლოზუნგებს არ ჯერდებიან - საპროტესტო გამოსვლების ზოგმა მონაწილემ ქვები და ბოთლები დაუშინა იაპონიის საკონსულოს, იაპონურ რესტორნებსა და მაღაზიებს...

პროტესტის მიზეზი? როგორც აცხადებენ იაპონიაში შემოღებული ახალი სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებშიც არ არის ასახული სასტიკი დანაშაულები, ჩადენილი იაპონელების მიერ ჩინეთში 30-იან და 40-იან წლებში... [ვუ დავეის ხმა] “იაპონიის მთავრობას არ შესწევს უნარი, თვალი გაუსწოროს ისტორიას. საუბარია ისტორიის იმ პერიოდზე, როცა ჩინეთში იაპონელი სამხედროები შეიჭრნენ”, განაცხადა ორშაბათს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვუ დავეიმ.

არადა, იაპონია ირწმუნება, რომ უკვე რამდენჯერმე მოიხადა ბოდიში ომისდროინდელი დანაშაულებისათვის. და ტოკიო იქით ედავება ჩინეთს: არც ისტორიის ჩინური სახელმძღვანელოებია ობიექტურობის განსახიერება - არაფერია ნათქვამი, თუნდაც, კომუნისტური რეპრესიებისას დახოცილ მილიონობით ადამიანზეო...

მაგრამ ფაქტია, ჩინეთში დემონსტრაციებს ისტორიის არა ჩინური, არამედ იაპონური სახელმძღვანელოები იწვევს. ჩინელების ეს პროტესტი, ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, რანა მიტერი, მართალია, გულწრფელია, მაგრამ თან, ხელსაყრელი და მანიპულირებადი ოფიციალური პეკინისათვის. კერძოდ, პეკინი ცდილობს, არ დაუშვას გაეროს უშიშროების საბჭოში იაპონიის მუდმივ წევრად შესვლა (რაც იაპონიას სურს) და თან უკმაყოფილოა ტაივანის საკითხზე იაპონიის განცხადებებით ... ახლა კი პეკინი სახელმძღვანელოების საკითხს იყენებს იაპონიის წინააღმდეგ არგუმენტად.

თუმცა, საბოლოოდ, აღნიშნავს რანა მიტერი, პეკინი დაძაბულობის განმუხტვას შეეცდება ეკონომიკური და პოლიტიკური მოსაზრებების გამო: [რანა მიტერის ხმა] “გრძელვადიან პერსპექტივაში, ეჭვს არ იწვევს, რომ ჩინეთი დაინტერესებულია იაპონიასთან ურთიერთობის გაუმჯობესებით. ჩინეთის ეკონომიკური ზრდა, რაც უნდა შთამბეჭდავი იყოს, საფრთხისაგან დაცული არ არის სხვადასხვა მიზეზის გამო. და საერთაშორისო დესტაბილიზაციამ, შესაძლოა, ძალიან ავნოს ამ ეკონომიკურ ზრდას. ამიტომ (...) ჩინეთის მთავრობა, ალბათ შეეცდება, ცოტა უკან დაიხიოს და არ დაუშვას ძალიან მასშტაბური საჯარო ანტიიაპონური დემონსტრაციების გამეორება. იმავდროულად კი საერთაშორისო ფორუმებზე განაგრძობს მკაცრი ტონით ლაპარაკს”.

გამეორდება თუ არა ჩინეთში მასშტაბური, ნაწილობრივ აგრესიული ანტიიაპონური გამოსვლები, რამდენიმე დღეში შევიტყობთ - თუ დემონსტრაციები გაიმართება, ეს ბოლო კვირების ტრადიციით, შაბათ-კვირას უნდა მოხდეს. მაგრამ ამასობაში მოხდა ის, რაც ხელს ნამდვილად არ შეუწყობს აზიის ორ წამყვან ქვეყანას შორის დაძაბულობის განმუხტვას: ტოკიოში სასამართლომ უარყო 10 ჩინელის სააპელაციო სარჩელი, რომლითაც მოითხოვდნენ კომპენსაციას მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონურ ბანაკში მათზე ესქპერიმენტების ჩატარების გამო.

დაბოლოს, ანგარშიგასაწევია ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო დავაც, რომელიც უკავშირდება ნავთობისა და გაზის რესურსებს. ასეა თუ ისე, იაპონიის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი სწორედ ჩინეთი გახლავთ, რომელმაც შარშან განდევნა ამ პოზიციიდან აშშ.
XS
SM
MD
LG