Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“კავკასიის კინომითები”


24 აპრილს თბილისში, გოეთეს ინსტიტუტში,

ცნობილმა გერმანელმა კინომცოდნემ, პუბლიცისტმა, სოციოლოგმა, დოქტორმა ჰანს-იოახიმ შლეგელმა ჩაატარა კინოსემინარი “კავკასიის კინომითები”, რომელიც თავიდანვე გასცდა კინოს ისტორიის საზღვრებს და პოლიტიკისა და კულტურის ურთიერთობის თემაში გადაიზარდა. სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა, ეთნოგრაფებმა, სოციოლოგებმა და ჩეჩენმა ლტოლვილებმა. მათთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა ყოფილიყო 20-იან წლებში ჩეჩნეთის თემაზე გადაღებული საბჭოთა ფილმების ნახვა. როგორ მკვიდრდებოდა რუსულ კინოში “ველური კავკასიელის” სახე? რამდენად განიცდის დღევანდელი დასავლეთი ამ მითის გავლენას? როგორ შეიძლება ცოცხალი ფოლკლორი გადაიქცეს ეთნოგრაფიულ მასკარადად, რომელსაც ეროვნულ კულტურასთან არაფერი აქვს საერთო?

სემინარის დღეებში ბატონმა შლეგელმა თბილისში გამოკრულ სარეკლამო ფარებს მიაქცია ყურადღება: “საქართველო ჩვენი სახლია” - შეგვახსენებენ ქართულ, სომხურ, რუსულ, აზერბაიჯანულ და სხვათა ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდები... სტუმარმა ეს სურათი საბჭოთა ეპოქაში ინტერნაციონალიზმის თემაზე შექმნილ ფერწერულ ტილოებს შეადარა და გაიკვირვა, ნუთუ კიდევაა საქართველოში კომუნისტური ეპოქის ნოსტალგიაო.

“ფოლკლორიზებული მასკარადი” უწოდა გერმანელმა ხელოვნებათმცოდნემ ასეთ სტილს, რომელიც, გოეთეს ინსტიტუტში ნაჩვენები საბჭოთა ფილმებით თუ ვიმსჯელებთ, ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ არ დამკვიდრებულა... პირიქით, 20-იანი წლების საბჭოთა კინოში ყალიბდება ერთგვარი უტოპია სამყაროსი, სადაც ყველა კულტურა, მას მერე, რაც განთავისუფლდება კოლონიალიზმის უღლისგან, კონკრეტულად კი, “ორთავიანი არწივისგან”, თავის იდენტურობას შეინარჩუნებს და, ამავე დროს, ეს კულტურები აღარ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. სწორედ ასე შეფასდა აქ ქართული ფილმები – ნიკოლოზ შენგელაიას “ელისო”, სიკო დოლიძის “უკანასკნელი ჯვაროსნები” და, ამ სემინარის ნამდვილი აღმოჩენა, უკრაინელი რეჟისორის ივანე კავალერიძის ფილმი “პრომეთეოსი”, რომლის გადაღება 1934 წელს დასრულდა, თუმცა რუსეთში დღემდე არ უჩვენებენ კავალერიძის სურათს.

მიზეზი მარტივია: კავალერიძე ძეგლს უდგამს შამილს, რომელთანაც ერთად იბრძოდა მისი ბაბუა ნიკოლოზ კავალერიძე და რის გამოც იგი უკრაინაში გადაასახლეს. ივანე კავალერიძე, პირველი პროფესიით მოქანდაკე, რომელსაც “იუნესკომ” “უკრაინელი მიქელანჯელო” შეარქვა, უკრაინაში დაიბადა და კავკასიასთან, ქართულ კულტურასთან თითქოს არაფერი ჰქონდა საერთო. მაგრამ “პრომეთეოსში” მან მართლაც დაიბრუნა იდენტურობა, რომელიც, დოქტორ შლეგელის თქმით, “ორთავიანმა არწივმა” წაართვა – დაანგრია მითი “ველურ კავკასიელზე”, რაც ძვირად დაუჯდა: კავალერიძე ამ “ფორმალისტური” ფილმისთვის კინაღამ დააპატიმრეს.

1934 წელს ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო ჩეჩენი ხალხის რეალისტური პორტრეტის შექმნა... თუნდაც ისე, როგორც სიკო დოლიძემ ასახა ეს ხალხი ფილმში “უკანასკნელი ჯვაროსნები”... აქ, ფილმის დასაწყისში, ხევსურს კლავენ, რომელიც გარდაცვალებამდე ერთადერთ სიტყვას იტყვას “კლასი”... მაგრამ ხევსურებს “კლასი” ჩეჩენი ჰგონიათ და შურისძიებას გეგმავენ... არადა, აქამდე “უკანასკნელ ჯვაროსნებში” ყველაფერი იდეალურად ვითარდებოდა: ჩეჩნებმა ხევსურებს სეპარატორი აჩუქეს - მათ, კავკასიელებს, ერთად უნდა დაეწყოთ მუშაობა. თორღვაი მხოლოდ ფილმის მეორე ნახევარში იგებს, რომ “კლასი” – ჩეჩენი არ არის.

“უკანასკნელი ჯვაროსნები” პირველად ნახეს საქართველოში მცხოვრებმა ჩეჩენმა ლტოლვილებმა, პანკისელმა ქისტებმა. სურათის განხილვაში მონაწილეობა მიიღო ჩეჩენმა ჟურნალისტმა ჰასან თუთუინმა.

[ჰასან თუთუინის ხმა] “თორღვაი მართალი იყო: “კლასი” – ერთია, ესაა რუსული კლასი, დავუმატოთ კიდევ ერთი ეპითეტი და - “ექსტრაკლასი”, აქტუალურია... დღეს ეს სეპარატორი არ გვიშველიდა, უბრალოდ, არ მოგვცემდნენ, რადგან ქართულ-ჩეჩნურ საზღვარზე დგას თოფიანი კაცი. თუმცა დღეს ვამაყობთ, რომ ამ სეპარატორთან ერთად ცივილიცაზია ხევსურეთში ჩეჩნეთიდან მოვიდა...”

ჰასან თუთუინის თქმით, “დაყავი და იბატონეს” პოლიტიკა რუსეთმა ყველაზე აქტიურად სწორედ კავკასიაში განახორციელა...

[ჰასან თუთუინის ხმა] “კარგისთვის ადგილი აღარ დარჩა. მთიანი ბილიკი დაკავებულია. კავკასიური – ყველაზე სუფთა, ღია ბილიკი, ამ “კლასმა” დაიკავა.”

მაგრამ კავკასიის კინომითებისადმი მიძღვნილ სემინარზე რუსეთისგან მტრის ხატი არ შეუქმნიათ. აქ გაიხსენეს ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც ნაკლებადაა ცნობილი ქართული საზოგადოებისთვის. 1932 წელს, სტალინის უშუალო მითითებით, ჰოლივუდში გაემგზავრა საბჭოთა ჩინოვნიკთა დიდი დელეგაცია, რომელსაც ამერიკული მუსიკალური ფილმის სტრუქტურა უნდა შეესწავლა. ასე შეიქმნა ეგრეთ წოდებული “სტალინური ჰოლივუდი”, რომლის ერთ-ერთი, შეიძლება ითქვას, “ეგზოტიკური” გმირი – კავკასიელი გახდა. ივანე პირიევის ფილმში “მეღორე ქალი და მწყემსი” სტალინური იდეოლოგიის ცინიზმი კულმინაციას აღწევს – დაღესტნელ მწყემსს მოსკოვში რუსი მეღორე ქალი შეუყვარდება... მეღორე ქალის პროფესია აქ შემთხვევით არ არის არჩეული – კომუნისტურ ქვეყანაში აღარ უნდა არსებობდეს “მუსულმანისა” და “ქრისტიანის” მცნებები... ხოლო ის ხალხი, ვინც წინააღმდეგობის გაწევას მოინდომებს, დატოვებს საკუთარ მიწა-წყალს. სტალინის ახალ კონსტიტუციას მიეძღვნა გრიგორი ალექსანდროვის ფილმი, რომლის ფინალში ამერიკიდან დევნილ შავკანიან ბიჭუნას “იავნანას” საბჭოთა კავშირის ხალხთა ენებზე უმღერიან (ებრაულზეც კი)... ეს უკვე სამუზეუმო ექსპონატად ქცეული “ინტერნაციონალიზმია”, მრავალფეროვნების გადაქცევა კიტჩად, ბუტაფორიად, თავისი “ულვაშიანი ქართველით”, რომელიც დუნაევსკის მელოდიას მღერის.

[მუსიკა კინოფილმ“ცირკიდან”]

სემინარზე იმსჯელეს იმ თემაზეც, რომელსაც დღევანდელი ქართული საზოგადოება, როგორც წესი, გვერდს უვლის... ამ თემაზე უფრო მეტად, რბილად რომ ვთქვათ, “ეგზოტიკური პოლიტიკოსები” საუბრობენ, როცა პოპულისტური განცხადებების გაკეთება სურთ: რამდენად მზადაა დღევანდელი კავკასიელი, რომელიც ზოგჯერ თავად ვერ თავისუფლდება საბჭოთა ეპოქაში შექმნილი მითებისგან, გაერთიანდეს ევროპელი ხალხის ოჯახში. დოქტორმა შლეგელმა გაგვაფრთხილა, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია არ უნდა მოხდეს ჩვენი იდენტურობის დაკარგვის ხარჯზე:

[ჰანს შლეგელის ხმა] “ავიღოთ, მაგალითად, “ახალი ევროპის” იდეოლოგია. “ევროკავშირის” იდეით... ჩვენ ვერთიანდებით, აღარ იქნება საზღვრები, რადგან ვიზები აღარაა საჭირო, მაგრამ რა ვუყოთ კითხვას, რომელიც ამ დროს იბადება – როგორ შეინარჩუნებს ეს ხალხი საკუთარ სახეს, საკუთარ კულტურას? რა ხდება მაშინ, როცა ბრიუსელში ადგენენ, თუ როგორი უნდა იყოს, მაგალითად, სატელევიზიო სახე, ასევე - ვარშავაში, ბერლინში... ამას დღეს ახალი ევროპელი ბიუროკრატები ადგენენ.”

ამ მოსაზრებამ სემინარში ჩართული ახალგაზრდების გაღიზიანებაც კი გამოიწვია – ვერავინ დამაკარგვინებს იდენტურობას, როცა ჩემი იდენტურობა ძლიერია... თანაც, ევროპასაც არ უნდა სჭირდებოდეს ერთნაირი კულტურები... ერთნაირი არსებები ხომ იღუპებიან ბუნებაში. მიუხედავად ამისა, გერმანელმა დოქტორმა კონკრეტული მაგალითები გაიხსენა – თუნდაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კინემატოგრაფის მდგომარეობა:

[ჰანს შლეგელის ხმა] “კირა მურატოვა ამბობდა, საბჭოთა ეპოქაში ჩემს ფილმებს არ აჩვენებდნენ, მაგრამ ცენზორები ჩემს საქმეში მაშინ ერეოდნენ, როცა ფილმი დასრულებული მქონდა, ახლა კი ფრანგებთან ერთად ფილმს ვიღებ და ფრანგი პროდიუსერი მასწავლის, რა არის წარმატებული სახე, როგორ უნდა მოვყვე ისტორიას, ე.ი. უკვე მუშაობის პროცესში ერევა... ამ ფილმებს მისამართი აღარა აქვთ, სახლი არა აქვთ, გაწყვეტილი აქვთ კავშირი საკუთარ კულტურასთან, რაც, ამავე დროს, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ფილმები უკეთესად იყიდება.”

ადამიანებს ყოველთვის ეშინოდათ “უსახლოდ” თუ “უმისამართოდ” დარჩენის. თუმცა ერთია “ხალხთა ერთიან ოჯახში” ძალით “შეთრევა” და მეორეა ხალხის, საზოგადოების ნებაყოფლობითი არჩევანი... გოეთეს ინსტიტუტში გამართულ სემინარზე “კავკასიის კინომითები” კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ ეს ნიუანსი ხშირად არ ესმით ევროპელ მემარცხენეებს და რომ ისტორიული ანალოგიებით გატაცება თავადაა ტოტალიტარული ეპოქის მენტალიტეტის გამოხატულება.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG