Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის თემაზე გადაღებული ორი კინოშედევრი


“საიდუმლო უნდა გაგანდოთ,

ფილმის ჩვენებისას რამდენჯერმე ავტირდი. ჯერ უხერხულად ვიგრძენი თავი. მერე გავიხედ-გამოვიხედე: ასევე ტიროდა ჩემს გვერდით მჯდარი კუბელი სტუმარი და ცნობილი ფრანგი მსახიობი მარინა ვლადი”... ასე იგონებს რეზო ჩხეიძის ფილმის, “ჯარისკაცის მამის”, პრემიერას ცნობილი რუსი მსახიობი ტატიანა სამოილოვა, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა მიხეილ კალატოზიშვილის ფილმში “მიფრინავენ წეროები”. კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზით აღნიშნული “წეროების” და “ჯარისკაცის მამის” პრემიერებს ერთმანეთს 8 წელი აშორებს... მაგრამ ამ ორ სურათს საერთო ბევრი აქვს – ქართველმა რეჟისორებმა მეორე მსოფლიო ომის ტრაგედია სრულიად განსხვავებულად გამოხატეს, ვიდრე მათმა რუსმა კოლეგებმა: ორივე სურათში გმირი ხდება არა ჯარისკაცი, არამედ ომისგან მეტ-ნაკლებად გამიჯნული ადამიანი, ორივე სურათში პირადი დრამა ზოგადსაკაცობრიო ტრაგედიაში გადაიზრდება. ჩვენი ყოველკვირეული პროგრამა “ოქროს საუკუნე” დღეს ქართველი რეჟისორების ამ ორ კინოშედევრს ეძღვნება. “ჯარისკაცის მამა” ფილმი-იუბილარია: რეზო ჩხეიძის სურათის პრემიერიდან 40 წელი გავიდა.


უცნაური კანონზომიერებაა: ქართულ მიწამდე მეორე მსოფლიო ომს არ მოუღწევია, მაგრამ საბჭოთა კინოში სწორედ ქართველმა კინორეჟისორებმა შექმნეს ეგრეთ წოდებული “ჰეროიკული სტილი”, რომელმაც 50-იანი წლების ბოლომდე დაიმკვიდრა ადგილი და შემდეგ ისევ ქართველებმა თქვეს უარი ჰეროიკასა და ფილმ-პლაკატებზე.

40-იან, 50-იან წლებში საბჭოთა კინორეჟისორებმა “სწორება” მიხეილ ჭიაურელზე აიღეს. მეორე მსოფლიო ომის თემაზე გადაღებულ ფილმებს, როგორც წესი, ერთი გმირი ჰყავდათ – იოსებ სტალინი, უბრალო ადამიანები კი სტატისტების როლს თამაშობდნენ - არც ხასიათი ჰქონდათ, არც ბიოგრაფია და არც შეცდომის დაშვების უფლება.

1957 წელს მოსკოვის კინემატოგრაფიულ წრეებში დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა მიხეილ კალატოზოვის (კალატოზიშვილის) ახალი ფილმის, “მიფრინავენ წეროების”, გამო. მართალია, სტალინი უკვე ცოცხალი აღარ იყო, მართალია, ციმბირის ბანაკებიდან უკვე ბრუნდებოდნენ რეპრესირებულები, მათ შორის, ის ადამიანები, რომლებიც ნაცისტებს ტყვედ ჩაუვარდნენ, მეორე მსოფლიო ომის თემაზე გადაღებული ფილმი, რომლის მთავარი გმირია არა სტალინია ან ფრონტზე გმირულად დაღუპული ჯარისკაცი, არამედ ახალგაზრდა ქალი, – ყველაფერთან ერთად, ფრონტზე წასულ შეყვარებულს რომ არ დაელოდა, – “უცხო სხეულად” უნდა აღექვათ საბჭოთა კულტურის ჩინოვნიკებს... ასეც მოხდა: კომისიამ, რომელსაც პირადად ნიკიტა ხრუშჩოვი ხელმძღვანელობდა, სურათი დაიწუნა. ცეკას რომელიღაც მდივანს პირდაპირ უთქვამს, როგორ შეიძლება ჩვენება დიდი სამამულო ომის თემაზე გადაღებული ფილმისა, რომლის მთავარი გმირი... ბოზიაო.

მიხეილ კალატოზიშვილის ღვაწლი არც მოსკოველმა კოლეგებმა დააფასეს. კულუარებში და შემდეგ პრესაში, როცა სურათი ეკრანებზე გამოვიდა, უფრო მეტად ოპერატორის, სერგეი ურუსევსკის, დამსახურებაზე საუბრობდნენ. როგორც მიხეილ კალატოზიშვილის რძალი, ქალბატონი ჯინა კალატოზიშვილი გვიამბობს, იმხანად არავის ახსოვდა საქართველოში ჯერ კიდევ 20-იანი წლების მიწურულს გადაღებული კალატოზიშვილის ფილმი “ჯიმ შვანთე”:

[ჯინა კალატოზიშვილის ხმა] “ჯიმ შვანთეს” რომ უყურებ, – “ჯიმ შვანთე” ხომ მთლიანად მიშას გადაღებულია, – მერე ურუსევსკის “41-ეს”, სულ სხვა სტილია და სხვა სტილია “მიფრინავენ წეროები”... ამის მიჩქმალვა უნდოდათ.”(სტილი დაცულია)

მაგრამ მოსკოვში ჩამოვიდა კანის კინოფესტივალის შემრჩევი კომისია და “მიფრინავენ წეროები”, ყველასთვის მოულოდნელად, მსოფლიოს ნომერი პირველი კინოფორუმის კონკურსში ჩართო. საბჭოთა ფილმი პირველად და უკანასკნელად აღინიშნა კანის ფესტივალის მთავარი პრიზით – “ოქროს პალმის რტოთი”.

[ჯინა კალატოზიშვილის ხმა] “ჯერ ერთი, სურათს არ უშვებდნენ, მერე გაუშვეს “უდარნიკში”... მერე იძულებულნი გახდნენ, რომ კანის კინოფესტივალზე გაეშვათ, მიშა კალატოზოვს კი, გამოაცხადეს, ინფარქტი აქვსო... არავითარი ინფარქტი არ ჰქონია, ამიტომ ჩამოვიდა კანის კინოფესტივალის თავმჯდომარე და პირადად გადასცა ეს პრიზი... მე მაქვს წერილი სარტრის, პიკასოსი, რომლებიც აღფრთოვანებით წერენ მიშას ამ ფილმზე."

პიკასო, სარტრი და მსოფლიოს ყველაზე სახელგანთქმული კრიტიკოსები კალატოზიშვილის ამ ფილმს ჩაპლინის, უელსის, რენუარის, ვიგოს შედევრებს ადარებდნენ. “შეყვარებულების თვალით დანახული ომი” – ეს სრულიად ახალი თემა იყო მსოფლიო კინოში... “წეროების” პრემიერიდან ორი წლის შემდეგ სწორედ ასე გამოხატავს ომს ფრანგი რეჟისორი ალენ რენე ფილმში “ჰიროსიმა - ჩემი სიყვარული”. ყოველდღიურობიდან – ამაღლებულისაკენ, პროზიდან – პოეზიისკენ, ჩვეულებრივიდან – ეპოსისკენ... მიხეილ კალატოზიშვილის ამ ფილმმა ეპოქა შექმნა – “წეროებს” ბაძავდა, ფაქტობრივად, ყველა საბჭოთა რეჟისორი, რომელსაც კინოს გადაღება 50-იანი წლების მიწურულს და 60-იანი წლების დასაწყისში მოუხდა... ზოგი კალატოზიშვილისა და ურუსევსკის პანორამებს იმეორებდა, ზოგი “სუბიექტურ კამერას” იყენებდა, ზოგიც ცდილობდა ბატალური ეპიზოდები ომის დროს ზურგში მომხდარი დრამებით შეეცვალა, მაგრამ ვერ მოხერხდა კონკრეტულის, ე.ი. ერთი “ადამიანური დრამის”, უფრო სწორად, მელოდრამის ისეთი მასშტაბით განზოგადება, როგორც მიხეილ კალატოზიშვილმა შეძლო.... ვერ მოხერხდა 1965 წლამდე, როცა მოსკოვის კინოფესტივალზე რეზო ჩხეიძის “ჯარისკაცის მამის” პრემიერა შედგა.

[პირველი ნაწილის დასასრული]

[ხმა. “ჯარისკაცის მამა”]

[სერგო ზაქარიაძის მოგონებიდან]: “ყველგან, სადაც ჩვენს ფილმს უჩვენებდნენ, – უნგრეთში იქნებოდა, საბერძნეთში, იაპონიასა თუ სხვა ქვეყნებში, - მაყურებელი გიორგი მახარაშვილში თავის ხალხს ხედავდა და გვიმტკიცებდა, რომ ასეთი შესანიშნავი მოხუცები მათაც ჰყავთ.”

ასე იგონებდა “ჯარისკაცის მამის” საერთაშორისო პრემიერებს სერგო ზაქარიაძე. თავდაპირველად ამბობდა, “ქართვლის მამის” სახეს ვქმნიდიო, მერე კი, როცა დაინახა, როგორ “ითავისებდნენ” ამ პერსონაჟს ფრანგები, იაპონელები, ბერძნები, როგორ უმტკიცებდნენ მსახიობს, თქვენი გმირი მამაჩემს ჰგავსო, შეიცვალა თავად მსახიობის დამოკიდებულება გიორგი მახარაშვილის მიმართ.

არადა, ისტორია, რომ მამა შვილს ეძებდეს, სცენარის ავტორის ავტობიოგრაფიიდან იყო აღებული. ომის დროს სულიკო ჟღენტი ჰოსპიტალში იწვა და მამამ მიაკითხა ჩამოსაყვანად - ეძება, ეძება და, როგორც იქნა, აღმოაჩინა. ასე განზოგადდა ერთი კონკრეტული ისტორია. თუმცა თავდაპირველად “ჯარისკაცის მამის” სცენარი კინაღამ დაიწუნეს... რეზო კვესელავა იგონებს, “თბილისში შეეშინდათ, მეტისმეტად პათეტიკური არ გამოვიდეს ფილმიო”... მერე სარგო ზაქარიაძეც არ მოეწონათ – ძალიან თეატრალურია და დამაჯერებლობა აკლიაო... რეზო ჩხეიძემ და სულიკო ჟღენტმა მაინც თავისი გაიტანეს. მათ უკვე იცოდნენ, როგორ შეიძლებოდა “დამიწებულიყო” ეს პათეტიკა, როგორ შეიძლებოდა ყოფა შეზრდილიყო ჰეროიკულს, პროზა – პოეტურს, როგორ შეიძლებოდა კახელი გლეხი – “მსოფლიო მოქალაქე” გამხდარიყო.

[ხმა “ჯარისკაცის მამა”]

დღეს, როცა თავად რუსებიც აღიარებენ, რომ მეორე მსოფლიო ომის თემაზე გადაღებული საუკეთესო საბჭოთა ფილმები “მიფრინავენ წეროები” და “ჯარისკაცის მამაა”, შეგვიძლია დავფიქრდეთ კიდეც: რამ განაპირობა მიხეილ კალატოზიშვილისა და რეზო ჩხეიძის გამარჯვება - მხოლოდ ამ ორი ავტორის ნიჭმა, კარგმა მსახიობებმა, ოპერატორებმა... თუ ქართული კულტურის, ეროვნული მხატვრული ფორმის ერთმა ტრადიციამ, რომელიც ჩვენს არქიტექტურაში, მხატვრობაში, ლიტერატურაში წარმოჩნდა... იმან, რასაც გურამ ასათიანი პოეზიისა და პროზის ორგანული ერთიანობის თანდაყოლილ გრძნობას უწოდებდა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG