Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესა ბუშის ვიზიტზე მსჯელობს


შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში რუსეთის პრესამ, შეიძლება ითქვას, გამადიდებელი შუშით შეისწავლა.

გაზეთების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც ერთი დეტალი: ვიზიტისთვის მზადება იქნება ეს, ხარჯები, ხალხის ემოციები თუ ჯორჯ ბუშის მიერ თბილისში მირთმეული კერძები. რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე, საგანგებოდ გაიშიფრა ჯორჯ ბუშის გამოსვლა თავისუფლების მოედანზე. მოსაზრებები, მართლაც, ჭრელია. წარმოგიდგენთ მიმდინარე კვირის რუსული პრესის ზოგიერთ პუბლიკაციას.

თბილისს, სადაც პრეზიდენტი ბუში მოსკოვიდან გამარჯვების აღლუმის დამთავრებისთანავე გაფრინდა, ”ვრემია ნოვოსტეიში” გამოქვეყნებული პუბლიკაციის ავტორი პოსტსაბჭოთა სივრცეში ყვავილების რევოლუციების აკვანს უწოდებს. სტატიის სათაურია “მომსახურება რევოლუციის ექსპორტის მიზნით”, ხოლო ქვესათაური ასე ჟღერს: “სააკაშვილმა ბუში ხინკლით გამოკვება, მაგრამ მისი დათრობა ვერ შეძლო”. გაზეთი წერს:

”ბუშმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ საქართველოში დაწყებული დემოკრატიული მოძრაობა ახლო აღმოსავლეთის ტრანსფორმაციას შეუწყობს ხელს. მაგრამ რატომ მაინცდამაინც ახლო აღმოსავლეთისას, ჯორჯ ბუშმა აღარ განმარტა.”

პრეზიდენტ ბუშის მიერ “ვარდების რევოლუციის” მაღალ შეფასებას ხაზს უსვამს ”ნეზავისიმაია გაზეტა”. სტატიაში, გასტრონომიული სათაურით “ბუში აღაფრთოვანა თბილისურმა ხინკალმა, მაგრამ ქართულმა ღვინომ ვერ აცდუნა”, გაზეთი წერს, რომ, შეერთებული შტატების პრეზიდენტის აზრით:

” ვარდების რევოლუცია” იქცა გლობალური ცვლილებების ერთგვარ კატალიზატორად უკრაინაში, ყირგიზეთში, ლიბანში, ერაყში და, ამავე დროს, გამოიწვია დიდი დადებითი ცვლილებები თავად საქართველოშიც.”

თუმცა “ნეზავისიმაია გაზეტაში” დაბეჭდილი სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ქართველები მაინც იმედგაცრუებულები დარჩნენ, რადგანაც პრეზიდენტმა ბუშმა თავის გამოსვლაში კონკრეტულად არაფერი თქვა კონფლიქტურ რეგიონებსა და საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით.

ამერიკელები მიანიშნებენ, რომ საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესში მატერიალური დახმარებისთვის მზად არიან, - წერს გაზეთი ”ვრემია ნოვოსტეი”, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ თბილისში მყოფმა პრეზიდენტმა ბუშმა ბაზების პრობლემას უშუალოდ რუსეთისა და საქართველოს ერთობლივად გადასაწყვეტი საკითხი უწოდა.

გაზეთ “კომერსანტის” აზრით კი, ბაზების თემისადმი შეერთებული შტატების პრეზიდენტის ამგვარი მიდგომა ის ერთადერთი ნუგეშია რუსეთისთვის, რაც ბუშის თბილისური ვიზიტის დროს გამოიკვეთა. თორემ სხვა მხრივ:

”თბილისური სამიტის რეზულტატები რუსეთის ხელისუფლებას შეშფოთების საბაბს აძლევს. მეთვალყურეთა აზრით, პრეზიდენტმა ბუშმა ჯერ მხოლოდ თბილისში ჩამოსვლით გამოხატა შეერთებული შტატების მზადყოფნა დაეხმაროს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს, რომლებიც მოსკოვისგან დახსნას ცდილობენ.”

”კომერსანტი” საგულდაგულოდ აღნიშნავს ყველა იმ პრობლემას, რომლის გადაწყვეტასაც ჯორჯ ბუში საქართველოს ხელისუფლებას ჰპირდება. შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ამ მხრივ გაკეთებული მნიშვნელოვანი განცხადებებიდან გაზეთის საგანგებო ყურადღებას კონფლიქტური რეგიონების თემა იპყრობს:

”პრეზიდენტმა ბუშმა დადო პირობა, რომ შეერთებული შტატები დაეხმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში, ჩაერთვება რა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების დარეგულირების პროცესში. მან ასევე დასძინა, რომ საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია ნებისმიერ დროს დაურეკოს მას და მხარდაჭერა სთხოვოს.”

დაბოლოს, რუსეთის თითქმის ყველა გაზეთი საგანგებო ყურადღებას უთმობს პრეზიდენტ ბუშის ნახვის მსურველი ადამიანების მიერ ბარიერის გარღვევისა და თავისუფლების მოედანზე შეჭრის თემას. მაგალითად, ”ვრემია ნოვოსტეი” წერს:

”ქართული ტემპერამენტი ამერიკის დაცვის სამსახურმაც იგრძნო, რომლის მოთხოვნითაც საგანგებოდ უნდა შემოწმებულიყო პრეზიდენტების გამოსვლის ნახვის მსურველი ყველა ადამიანი. ქართველებმა ბარიერი გაარღვიეს და თავისუფლების მოედანზე შეიჭრნენ. ამერიკელები დაიბნენ, მაგრამ ეს მათი პრეზიდენტის პატივისცემად მიიჩნიეს.”

გაზეთ ”კომერსანტის” ცნობით კი, მეტალოდეტექტორის აღებისა და მოზღვავებული ხალხის გატარების ბრძანება სწორედ პრეზიდენტ ბუშის პირადი დაცვის უფროსმა გასცა.

რაც შეეხება 10 მაისს თავისუფლების მოედანზე აღმოჩენილი ხელყუმბარის ისტორიას, რუსეთის გაზეთები მკითხველებს სხვადასხვაგვარად მოუთხრობენ. თუმცა ისინი, ძირითადად, მაინც ეყრდნობიან საქართველოს მხარის კომენტარს იმის თაობაზე, რომ ხელყუმბარა ასაფეთქებლად არ იყო მომზადებული და რომ ის პრეზიდენტ ბუშის მიმართულებით არავის უსვრია.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG