Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ჟურნალ-გაზეთები ჯორჯ ბუშის ვიზიტის შესახებ


დავით პაიჭაძე, თბილისი ცხადია, გასული კვირის ქართული პრესა პუბლიკაციებს, ძირითადად, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის, საქართველოში ვიზიტსა

და ამ ვიზიტის მომდევნო მოვლენებს უძღვნიდა, მაგრამ სხვა საკითხებსაც არ დაჰკლებია ბეჭდვითი მედიის ყურადღება.

ჯორჯ ბუშის საქართველოში ჩასვლამდე იყო 9 მაისი – მესამე რაიხის დამარცხების 60 წლისთავი, მრავალი ხალხისთვის გამარჯვების დღე, რომლის აღსანიშნავ ზეიმზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსკოვში არ ჩავიდა. გაზეთ “ალიას“ მოჰყავს 4 მიზეზი, რაც სააკაშვილს, შესაძლოა, ჰქონოდა მოსკოვში ჩაუსვლელობის სასარგებლოდ: “პირველი საქართველოდან ჯარების გაყვანაა, რაც თავისთავად საკმარისია სერიოზული უთანხმოებისათვის, მეორე – საზღვრების საკითხია, რომელიც მოსკოვსა და თბილისს შორის, უკვე დიდი ხანია, მწვავედ დგას: რუსეთი საქართველოს ჩეჩენი ბოევიკებისათვის დერეფნების შექმნაში ადანაშაულებს. მესამე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაა: რუსეთი სეპარატისტულ რეჟიმებს არაპირდაპირი გზით ეხმარება, როცა იქ თავისი მარიონეტული მთავრობა ჰყავს. მეოთხე და არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა რუსეთის მხრიდან თავისი ენერგორესურსებით მანიპულირებაა: ის ხშირად უკეტავს გაზს საქართველოს და გაზსადენს პოლიტიკურ ბერკეტად იყენებს,” – წერს გაზეთი “ალია”.

“ანშლაგი თავისუფლების მოედანზე” – ამ სათაურით აღწერს 10 მაისის მოვლენებს თბილისში გაზეთი “ახალი თაობა”. “ბუშის ვიზიტი არა მარტო დღევანდელი საქართველოსთვის არის მხარდაჭერა, არამედ მან საქართველოს მომავლის მონახაზი გააკეთა. ამ ვიზიტს შეიძლება “დამაპროგრამებელი” ვუწოდოთ. ეს შეხვედრა არა მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ საქართველო და ამერიკა მჭიდრო პარტნიორები არიან, არამედ თუ რა სფეროშია ეს პარტნიორობა განსაკუთრებით საინტერესო ამერიკისათვის, რა როლს აკისრებს ამერიკა საქართველოს თავის მომავალ გეგმებში. საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, ფუნქციას ამ ეტაპზე დაემატა და მოინიშნა უკვე საქართველოს პოლიტიკური ფუნქცია, როგორც დემოკრატიის გამტანისა დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. ასე რომ, ეკონომიკურად საქართველოს ერთ-ერთი ფუნქციაა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ნედლეულის გატარება, ხოლო პოლიტიკურად - დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ დემოკრატიის გადატანა,” – წაიკითხავთ გაზეთ “ახალ თაობაში”.

თავისუფლების მოედანზე პრეზიდენტ ბუშის გამოსვლის ასეთ ინტერპრეტაციას სთავაზობს მკითხველს გაზეთი “24 საათი”: “ეს იყო მიმართული საქართველოში ე.წ. ომის პარტიის წინააღმდეგ, რომელიც ფიქრობდა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების გადაწყვეტა შეიძლება სამხედრო გზით. ბუშის გამოსვლა პირდაპირი მინიშნება იყო იმაზე, რომ კონფლიქტების მოგვარების ერთადერთი გზა არის მშვიდობიანი. აშკარაა ისიც, რომ ამერიკის პრეზიდენტს კარგად ესმის – მშვიდობიანი და დემოკრატიული მეთოდებით კონფლიქტების გადაწყვეტისას უნდა არსებობდეს ორი მონაწილე მხარე, შიდა მხარეები, ანუ ქართველები და აფხაზები და ქართველები და ოსები. და როცა ბუში ამას ამბობს, ესე იგი, რუსეთის ფაქტორს გამორიცხავს. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული, ამერიკამ რუსების განეიტრალება თავად იტვირთოს, რათა საქართველოს შიგნით მხარეებმა დიალოგი დაიწყონ,” – წერს “24 საათი”.

“ქვეყნის უპირველესი საფრთხე საქართველოს საზღვრებში მოქცეული უკონტროლო ტერიტორიებია. ძირითადი აქცენტი საერთაშორისო ტერორიზმზე, ტრანსნაციონალურ დანაშაულზე, უკონტროლო საზღვარსა და კონტრაბანდაზე კეთდება,” – ამ სიტყვებით იწყებს გაზეთი “რეზონანსი” საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის მიმოხილვას. დოკუმენტი იმ რისკებს განსაზღვრავს, რომლის წინაშეც საქართველო დგას. კონცეფციაში მათი მინიმუმამდე დაყვანის გზებია დასახული. მისგან გამომდინარე ჩამოყალიბდება სტრატეგია, რომელიც კონკრეტულ საფრთხეებთან ბრძოლას მოიცავს. ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად ხელისუფლება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას ასახელებს. “პირველ ადგილზე დგას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია, შემდეგ - ევროკავშირი. საშინაო პრიორიტეტია ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცება და კონსტიტუციური წესრიგის დამყარება უკონტროლო ტერიტორიებზე” – პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნიკოლოზ რურუას ამ სიტყვებს იმოწმებს “რეზონანსი”. უსაფრთხოების კონცეფციაზე მუშაობა ქვეყანაში 7-8 წლის წინათ დაიწყო, მაგრამ საქმე ბოლომდე არ მისულა. 2004 წლის დასაწყისში გაკეთდა გარკვეული მონახაზი, რომელიც დღევანდელ დოკუმენტს დაედო საფუძვლად. თუმცა ახალმა ხელისუფლებამ მისი ძირეულად შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, – ასრულებს გაზეთი “რეზონანსი”.

მოლაპარაკება ნდობის გარეშე; კრიმინალთან ბრძოლა ჯერჯერობით აფხაზებისა და ქართველების ერთადერთი საერთო ინტერესია, – აუწყებს მკითხველს გაზეთი “ხვალინდელი დღე”. მიუხედავად იმისა, რომ გაერო, რომელიც ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ნდობისა და ეკონომიკურ ურთიერთობათა განვითარების მომხრეა, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში გააქტიურდა, ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების მორიგი ეტაპი გალში უშედეგოდ დასრულდა. აფხაზურმა მხარემ თბილისის არც ერთი შეთავაზება არ მიიღო. სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა აფხაზური მხარისგან ქართველი სამართალდამცავებისათვის სპეციალურ საშვებს მოითხოვდა, რათა პოლიციელებს, რაიმე ინციდენტის შემთხვევაში, აფხაზეთის ტერიტორიაზე ოპერატიულად გადასვლის უფლება და საშუალება ჰქონოდათ. ერთადერთი, რაზეც ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, კრიმინალური ფაქტების შესახებ ინფორმაციის გაცვლაა. სხვა საკითხებთან დაკავშირებით - მათ შორის, ზუგდიდსა და გალს შორის სამგზავრო ავტობუსის დანიშვნასა და გალში მცხოვრები ქართველობისათვის უფასო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის თაობაზე - მხარეებმა კომპრომისი ვერ გამონახეს, – იუწყება “ხვალინდელი დღე”.

გაზეთი “ახალი ვერსია” კი მიმოიხილავს ადამიანის უფლებათადაცვითი საერთაშორისო ორგანიზაციის, “ჰიუმან რაითს ვოთჩის“, 2004 წლის შემაჯამებელ მოხსენებას საქართველოს შესახებ. ვარდების რევოლუციის შემდეგ ადამიანთა წამების აღმოფხვრის მცდელობისას ყველაზე დიდი იმედგაცრუება ის იყო, რომ მთავრობამ დანაპირები არ შეასრულა და არ დასაჯა ის პირები, ვინც ადამიანის წამებაში იყო მხილებული. გენერალურ პროკურატურაში პოლიციის ზოგიერთი ოფიცრის საქმის გამოძიება დაიწყეს, მაგრამ წამებისა და ცუდად მოპყრობის ასეულობით ფაქტზე ჯერ კიდევ არ არის პასუხი. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები სისტემატურად ახერხებენ კრიმინალური პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას”. გაზეთს მოჰყავს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გიგა ბოკერიას სიტყვებიც: “კრიტიკა ლოგიკურია და უმრავლესობა იმ პრობლემებისა, რომლებიც მოხსენებაშია დასმული, სამართლიანია. ჩვენების გამოძალვა სამართლებრივი სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება. სახელმწიფოს პასუხი ამ კრიტიკაზე იქნება მხოლოდ გამამტყუნებელი ვერდიქტები სამართალდამცავი ორგანოების იმ წარმომადგენლებზე, ვინც სამართალდარღვევა ჩაიდინა”.
საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით შექმნილ დაძაბულობას ეხმიანება პუბლიკაცია გაზეთ “24 საათში”. “რუსეთს რომ საქართველოდან სამხედრო ბაზების გაყვანის თანმიმდევრული, მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა არ გააჩნია, ის განცხადებებიც ცხადყოფს, რომელიც მოსკოვში ბაზების გაყვანის ვადების გამო ისმის. ჯერ 11, შემდეგ 8, ახლა 4 - ციფრთა ამ უწყვეტი კასკადის მიხედვით ძნელია პროგნოზირება, რა თარიღს დაასახელებს კრემლი ხვალ,” წერს გაზეთი და ჩამოთვლის ზომებს, რომელთა გატარებითაც დაემუქრა რუსეთის დუმა საქართველოს: “გამკაცრდეს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის პროცედურები. დაუყოვნებლივ შეწყდეს ვიზების გაცემა რუსეთში მიმავალ საქართველოს მოქალაქეებზე. საქართველოსთვის ენერგომატარებლების მიწოდება მოხდეს მსოფლიო ბაზრის ფასების მიხედვით და საგრძნობლად შემცირდეს საქართველოში ელექტროენერგიისა და გაზის ექსპორტი.” გაზეთი მკითხველს აცნობებს, რომ “საქართველოს ხელისუფლება დათმობაზე წასვლას არ აპირებს, თუმცა პოზიციებს, შედარებით, არბილებს. ბაზების თემაზე მუშაობა ორი ქვეყნის საგარეო უწყებათა დონეზე განახლდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო უწყებისგან სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტი მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამ დოკუმენტში მხარეთა პოზიციები უფრო დაახლოებულია, ვიდრე 9 მაისამდე, როცა მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა,” - წერს გაზეთი “24 საათი”.
XS
SM
MD
LG