Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“პასტორალი” და ცენზურა


ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე”

დღეს ზუსტად 30 წლის წინ შექმნილ დოკუმენტებს გაგაცნობთ. ესაა მოსკოვისა და თბილისის კინოკომიტეტის რედაქტორების, იმავე “ცენზორების”, მიმოწერა, რომელიც ეძღვნება ოთარ იოსელიანის ფილმს “პასტორალი”. ამ წერილებით ნათელი ხდება, თუ როგორ მოახერხეს ქართველმა კინემატოგრაფისტებმა ბრეჟნევის ეპოქაში უკომპრომისო ფილმების გადაღება... და, რაც მთავარია, როგორ გახდა შესაძლებელი ამ ფილმების გამოსვლა ეკრანებზე იმ დროს, როცა არაერთი რუსული ფილმი იმავე კინოკომიტეტის რედაქტორებმა თაროზე შემოდეს.

ოთარ იოსელიანი არასდროს ჰყვარებიათ საბჭოთა კინორედაქტორებს. და არამარტო რედაქტორებს... თავის წიგნში “ცამეტი წელი კინოში” აკაკი ბაქრაძემ გვიამბო სკანდალზე, რომელიც 1966 წელს ოთარ იოსელიანის ფილმის, “გიორგობისთვის”, პრემიერამ გამოიწვია:

[აკაკი ბაქრაძის ტექსტი] “მოეწყო პროვოკაციული წერილების ორგანიზაცია. ცენტრალურ კომიტეტში წერილებს აგზავნიდნენ კოლექტიურად და ინდივიდუალურად. ვინ არ აწერდა ხელს ამ წერილებს: პარტიული რაიკომის მდივნები, რაიაღმასკომების თავმჯდომარეები, კომკავშირის რაიკომის მდივნები, მეცნიერებათა დოქტორები და კანდიდატები, გაზეთების რედაქტორები, ჩინიანთ და ხარისხიანთ არც უჩინონი და უხარისხონი ჩამორჩებოდნენ.”

“გიორგობისთვის” სცენარის ავტორი კინოდრამატურგი ამირან ჭიჭინაძე იყო. მას, ფილმის რეჟისორსა და კინოსტუდიის დირექციასთან ერთად, პირადად კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანთან, ვასილ მჟავანაძესთან, მოუწია თავის მართლება. მაგრამ ცოტა ხანში “გიორგობისთვე”, ოდნავ გადაკეთებული სახით, მაინც გამოვიდა ეკრანებზე. მერე საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა: 1972 წლიდან საქართველოს კომპარტიის ცეკას ედუარდ შევარდნაძე ჩაუდგა სათავეში. საქართველოში იოსელიანის დევნა დასრულდა. უფრო მეტიც, “გიორგობისთვის” სცენარის ავტორი თავად გახდა რედაქტორი – ამირან ჭიჭინაძემ საქართველოს კინოკომიტეტში დაიწყო მუშაობა.სწორედ იმ დროს, 1975 წელს, იოსელიანი ახალი ფილმის გადაღებას შეუდგა. თავდაპირველად სურათს “ზაფხული სოფელში” ერქვა. სცენარი, რომელიც სამეგრელოს ერთი სოფლის მკვიდრთა ცხოვრებას ასახავდა, საქართველოში ადვილად დამტკიცდა. თუმცა ყველამ იცოდა, რომ ფილმის ბედი მოსკოვში უნდა გადაეწყვიტათ. გადაღებული მასალის განხილვა მოსკოვის კინოკომიტეტში შედგა. ამ განხილვის ოქმი აღარ არსებობს, თუმცა მოგვიანებით გამოქვეყნდა “გოსკინოს” მთავარი რედაქტორისა და ამირან ჭიჭინაძის მიმოწერა... უფრო სწორად, ოფიციალური წერილები, რომელიც საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ, როგორ მიმდინარეობდა ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ფილმის, “პასტორალის”, განხილვა მოსკოვში.

წერილს, რომელიც კინოსტუდია ქართული ფილმის დირექტორმა რევაზ ჩხეიძემ მოსკოვიდან მიიღო, ხელს აწერს სარედაქციო კოლეგიის მთავარი რედაქტორი, ვინმე მარჩუკოვა.

[წერილის ტექსტი] “პატივცემულო რევაზ დავითის-ძევ,
ვუბრუნდები განხილვას რეჟისორ ოთარ იოსელიანის ფილმისა “ზაფხული სოფელში”, რომელსაც თავად რეჟისორიც ესწრებოდა. ფილმზე მუშაობის პროცესში ყურადღება უნდა მიექცეს:

პირველი: საკოლმეურნეო სოფლის პოზიტიური ატმოსფეროს შექმნას... მაყურებელმა უნდა იგრძნოს, რომ გოგონას მშობლების ჩაკეტილი სამყაროს მიღმა ჩქეფს სხვა ცხოვრება, სხვა ფასეულობებით და საზომებით... ფილმის ფინალში, როცა გოგონა სამუშაოდ კოლმეურნეობაში მიდის, მაყურებელი უნდა დარწმუნდეს, რომ ესაა გააზრებული ნაბიჯი ადამიანისა, რომელიც აქტიურ ცხოვრებისეულ პოზიციას ირჩევს არამარტო თავისთვის და არამარტო თავისი კეთილდღეობისთვის.”

ამ წერილზე უთუოდ გაეღიმება იმას, ვისაც ოთარ იოსელიანის “პასტორალი” კარგად ახსოვს... ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ იოსელიანმა შეასრულა “გოსკინოს” ჩინოვნიკების დავალება – ფილმში ედუკის მშობლების ჩაკეტილი სამყაროს მიღმა ცხოვრება მართლაც ჩქეფს, მაგრამ საქმეც ისაა, რომ ამ ორ სამყაროს შორის “პასტორალში” არ არის არავითარი კონტაქტი... ხოლო როცა კონტაქტი არ არის, არ არსებობს არც კონტრაპუნქტი... ე.ი. მხოლოდ ერთფეროვნებაა. მნიშვნელოვანია, რომ “გოსკინოს” ჩინოვნიკებმა იგრძნეს ეს “პასტორალის” მასალაში და მიუთითეს რეჟისორს გამოეკვეთა თავისი პოზიცია მუსიკოსების მიმართ:

[წერილის ტექსტი] “მეორე: როგორც განხილვაზეც ითქვა, ჯერჯერობით გაურკვეველია მუსიკოსების ფუნქცია, მათი პოზიცია. აქაც, აუცილებელია, მოიძებნოს სწორი გადაწყვეტა.”



ყველაზე საინტერესოა წერილი, რომელიც მოსკოვის “გოსკინოს” რედაქტორებს თბილისელმა კოლეგებმა გაუგზავნეს. ამ წერილს სწორედ ამირან ჭიჭინაძე აწერს ხელს. თბილისიდან გაგზავნილ ბარათში აღნიშნულია, რომ იოსელიანის ფილმის, “პასტორალის” (როგორც ხედავთ, ამასობაში ფილმს სათაურიც შეეცვალა), განხილვისას გათვალისწინებულია მოსკოველი რედაქტორების მიერ გამოთქმული შენიშვნები:

[წერილის ტექსტი] “ მეტი ყურადღებით გაუკეთდა რედაქცია ეპიზოდებს, რომელშიც კოლმეურნეთა შრომაა ასახული. ამ რედაქციით, ყოველ დილით, ბრიგადირის შეძახილზე, კოლმეურნეები სამუშაოზე გადიან (მათ საბარგო მანქანა ემსახურება). შრომობენ ახალგაზრდა ყმაწვილები და გოგონები, რომელთაც არდადეგები აქვთ. საკოლმეურნეო წარმოება უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი.”

ერთი შეხედვით, ქართველ რედაქტორს ტყუილი არ უთქვამს: “პასტორალში” კოლმეურნეები, მართლაც, ემორჩილებიან ბრიგადირის შეძახილს და, მართლაც, გადიან სამუშაოდ საბარგო მანქანით – როგორც ცხვრის ფარა, რომელსაც მიერეკებიან... თუმცა იმ ეტაპზე მოსკოველ ცენზორებს ჯერ არ აინტერესებთ ეს “როგორ”... ისინი ვერ ხვდებიან, რომ “ყოველ დილით სამუშაოზე გასვლა” – ერთფეროვანი ყოფის სიმბოლო გახდება იოსელიანის ფილმში... მერე რა, რომ
საქართველოდან გაგზავნილ წერილში აღნიშნულია - ავტორი ადვილად შეელია გაჭიანურებულ ეპიზოდებს, რომლითაც მაყურებელს მოწყენილობა დაეუფლებოდა, ფილმიდან ამოღებულია 265 მეტრი მასალა, რაც “პასტორალს” უფრო სანახაობრივს გახდისო... იოსელიანი, ქართველ რედაქტორებთან ერთად, რომლებიც ამ შემთხვევაში მისი თანამოაზრეები უფრო ჩანან, ვიდრე ცენზორები, დაემორჩილა მოსკოვის ბრძანებას – აჩვენა გლეხების შრომა... აჩვენა ისე, როგორც იყო, შეულამაზებლად... მართალია, რომელიღაც ეპიზოდები ამოიღო, გლეხების ყოფა-ცხოვრება იმდენად ზუსტად წარმოაჩინა, რომ მას ახლა ვეღარავინ შეედავებოდა... ასე შეიქმნა “პასტორალი” – ფილმი სამყაროზე, სადაც ყოველ დილით სამუშაოზე მიდიან, სადაც მონოტონურად გადიან რეპეტიციებს ქალაქიდან ჩამოსული მუსიკოსები და სადაც ერთადერთი სინათლის სხივი ანათებს – გლეხი გოგონა ედუკი, ავტორის ქალიშვილის, ნანა იოსელიანის, შესრულებით.

[წერილის ტექსტი] “ერთგვარი ორაზროვნების თავიდან აცილების მიზნით, გადაკეთდა ეპიზოდები, რომელშიც გლეხის გოგონა ედუკისა და ვიოლონჩელისტ ნიკოს ურთიერთობაა აღწერილი. ახალ რედაქციაში ეს ლირიკული ხაზი ამაღლებულად და წმინდად ჟღერს.”

ეს ისევ ამირან ჭიჭინაძის წერილის ფრაგმენტია. როგორც ჩანს, რეჟისორს მოსკოვში იმ “ორაზროვნებაზე” მიუთითეს, რომელზეც იოსელიანს, მის მსოფლმხედველობას, მის სტილს, მის გემოვნებას თუ გავითვალისწინებთ, არც კი უფიქრია... მაგრამ რაღაც პერვერსიული სოფლელი გოგონასა და ქალაქიდან ჩამოსული მუსიკოსის დამოკიდებულებაში შენიშნეს ცენზორებმა... ეს უკვე კლასიკური მაგალითია საბჭოთა იდეოლოგიის პარანოიისა, რომელსაც 70-იან წლებში არაერთი კარგი ფილმი შეეწირა - მათ შორის, “პასტორალიც”.... კინომცოდნე ნათია ამირეჯიბი შეგვახსენებს, რომ ფილმის დასრულების შემდეგ “გოსკინომ” კატეგორიული უარი თქვა “პასტორალის” ჩვენებაზე:

[ნათია ამირეჯიბის ხმა] “ყველა მისი ფილმი თითქმის დახურული იყო... “პასტორალი” საქართველოში აჩვენეს. შევარდნაძე ფილმის მომხრე იყო და ამიტომ საქართველოში აჩვენეს, მაგრამ რუსეთმა არ მიიღო... თუმცა ჟინი აქვს - სანამ არ გაიტანა "პასტორალი”, ვერ მოისვენა, არაფერი დადგა. იმ დროს, როცა არაფერს დგამდა, ძალიან უჭირდა.”(სტილი დაცულია)

როგორ “გაიტანა” ოთარ იოსელიანმა “პასტორალი”, რომელსაც მოგვიანებით “მესამე კატეგორია” მიანიჭეს, პატარა კინოთეატრებში ჩვენების უფლებით, ზუსტად არავინ იცის. არაა გამორიცხული, რომ აქ ისევ ქართველმა რედაქტორებმა შეასრულეს მნიშვნელოვანი როლი. საქართველოში მაშინ კარგად იცოდნენ, როგორ უნდა მოელაპარაკო რუსებს – კონიაკით, საჩუქრებით და წერილებით, რომელშიც ყველაფერში დაეთანხმები, მაგრამ შენსას მაინც გაიტან.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG