Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მიმოხილვა


ჯორჯ ბუშის საქართველოში ჩამოსვლამდე

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელოვნების მოღვაწეებს შეხვდა და ფაქტობრივად პირველად გაუზიარა მათ საჯაროდ თავისი ესთეტიკური შეხედულებები:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “რა არის ცუდი ფარშევანგი თუ იქნა და კუდი გაშალა, რა, აუცილებლად ყვავი უნდა იყოს და ჩხაოდეს? კიტჩი ზოგჯერ არის კარგი. და ძალიან გთხოვთ ნუ გადამიყვანთ იმ სფეროში, რომ მერე მაკრიტიკოთ სამი თვე”.

მას შემდეგ სამი თვე ჯერ არ გასულა, რაც საშუალებას გვაძლევს ან ჩვენი ეჭვი გამოვხატოთ საქართველოს პრეზიდენტის გულწრფელობაში, ანდა, უბრალოდ, გემოვნება დავუწუნოთ მას. ვფიქრობ, გემოვნებაზე დავა უფრო ღირს, რადგან 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძრვნილ კონცერტზე, საქართველოს პრეზიდენტს ეტყობოდა, რომ გულწრფელად უხაროდა ევროვიზიის შარშანდელი კონკურსის გამარჯვებულის, რუსლანას ჩამოსვლა. იღიმებოდა, როცა უკრაინელმა ბრიტნი სპირსმა მას პირადად უმღერა, თანაც, რუსლანასთვის უჩვეულოდ – ცოცხალი შესრულებით

[მუსიკა. რუსლანა ცოცხლად]

ჯორჯ ბუშის ვიზიტის დღეებში ჩვენმა პრეზიდენტმა აღიარა, რომ კარგი სმენით მაინც და მაინც არ გამოირჩევა, ამიტომაც ჩვენ, “მუსიკალურმა სნობებმა” გაგებითა და თანაგრძნობით უნდა შევაფასოთ მიხეილ სააკაშვილის მართლაც რომ ექსსტატიკური სიტყვა, რომელიც მან რუსლანას სიმღერის დასრულებისთანავე წარმოთქვა თავისუფლების მოედანზე… უფრო მეტიც, რუსლანას სიმღერამ პრეზიდენტი ისე აღაფრთოვანა, რომ მთლად ორჯერ ავიდა სცენაზე.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა. უკრაინულად “ლატვიის პრეზიდენტიც აქაა”]

ლატვიის პრეზიდენტს, რომელიც არ მიეკუთვნება მიხეილ სააკაშვილის თაობას, რუსლანას შესახებ აზრი არ გამოუთქვამს. სამწუხაროდ, ტელეკამერებმა თითქმის არ აღბეჭდეს, როგორი იყო ამ დარბაისელი ქალბატონის რეაქცია უკრაინელი მომღერლის ცეკვა-თამაშზე. თუმცა ძნელი მისახვედრი არ არის, როგორი იქნებოდა კიტჩის მოყვარულთა რეაქცია, ლატვიელ სტუმარს თუნდაც მცირეოდენი ეჭვი რომ გამოეთქვა შარშანდელი ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებულის ვოკალური შესაძლებლობების მიმართ. რუსლანას თაყვანისმცემლები მას და მის თანამოაზრეებს მაშინვე სნობებად შერაცხავდნენ, ეტყოდნენ ის მუსიკა, რომელსაც თქვენ უსმენთ, უბრალო ხალხს არ ესმისო.

მართლაც რას უსმენდნენ გასულ კვირას თბილისელი მუსიკის მოყვარულები? რიხარდ შტრაუსის “ვარდების კავალერს”, ბიძინა კვერნაძის სუიტას “მოლოდინი”, მეოცე საუკუნის კომპოზიტორების, ალბერტო ხინასტერას “ესტანცას” და ოტორინო რესპიგის სიმფონიურ სურათს “რომის ფიჭვები”. მუსიკა – სნობებისთვის. იტყოდა სწორედ კიტჩის მოყვარული მელომანი. Aრა და სწორედ ასეთი პროგრამით წარსდგა მსმენელის წინაშე საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი კონსერვატორიაში, სადაც 27 მაისს ეროვნული მუსიკალური ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. Aამავე დროს, ეს იყო სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ახალი დირიჟორის, დევიდ დელ პინო კლინგეს საქართველოში დაბრუნების აღსანიშნავი კონცერტიც. Kლინგემ, როგორც მოგეხსენებათ, ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრის ხელმძღვანელი, ვახტანგ მაჭავარიანი შეცვალა. თუმცა, ეროვნული მუსიკალური ცენტრის საპრეზენტაციო კონცერტით თუ ვიმსჯელებთ, გარკვეული თვალსაზრისით გააგრძელა ის გზა, რომელსაც ვახტანგ მაჭავარიანი მიჰყვებოდა – უპირატესობა მიანიჭა ქართველი მსმენელისთვის ნაკლებად ცნობილ, მეოცე საუკუნის მუსიკას, რომელიც ერთის მხრივ, შემსრულებელს საშუალებას აძლევს მსმენელმა შესრულების დონე ვერაფერს შეადაროს (შესაძლებელია, ამიტომაც დაუკრა ტაში “ესტანცას” ნაწილებს შორის კონსერვატორიაში შეკრებილმა საზოგადოებამ – ხალხს ეს ნაწარმოები აქამდე მოსმენილი არ ჰქონდა), მეორეს მხრივ, კი გაამდიდროს ორკესტრი, განსაკუთრებით ჩასაბერი ინსტრუმენტები, თანამედროვე მუსიკალური ენით. ხინასტერას საბალეტო სუიუტის შესრულების დროს, ორკესტრს ცოტათი გაუჭირდა. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ხანგრძლივმა შემოქმედებითმა პაუზამ მთლიანობის შეგრძნება დაუკარგა მუსიკოსებს

[მუსიკა. ხინასტერა]
მაგრამ სულ მალე ორკესტრი გონს მოვიდა და ოტორინო რესპიგის “რომის ფიჭვების” შესრულების დროს არა მარტო გაერთიანდა, არამედ საყვირების ჟღერადობის “გამოსწორებაც” შეძლო. იმპრესიონისტების აშკარა გავლენით დაწერილ ამ ნაწარმოებს, რომელშიც დრო და დრო ბულბულების გალობაც კი ისმის, დარბაზი სულგანაბული უსმენდა.

[მუსიკა. რესპიგი]

რაც მთავარია, ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიურ ორკესტრს ეტყობოდა, რომ სიამოვნებდა ასეთი ნაწარმოების დაკვრა, სიამოვნებდა, რადგან დირიჟორმა რაღაც ახალი შესთავაზა ორკესტრს და მუსიკის მოყვარულებსაც. სხვათა შორის, რესპიგის ნაწარმოების შესრულების დროსაც ორკესტრმა თითქოს ნელ-ნელა მოიკრიფა ძალ-ღონე და მშვენიერი ფინალი აჩუქა მუსიკის მოყვარულებს

[მუსიკა.რესპიგი]

კონსერვატორიაში, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის პრეზენტაციაზე, დაგვირიგეს პროგრამა, რომელშიც კონცერტის პროგრამის გარდა ჩართულია ოტორინო რესპიგის სიმფონიური სურათის მოკლე შინაარსი. Eეს სრული სიახლეა ქართულ მუსიკალურ ცხოვრებაში. კონცერტის ორგანიზატორებმა თითქოს თავიც გაიმართლეს – პროგრამაში აღნიშნეს, რომ 4 ნაწილიანი სიმფონიური სურათის შინაარსი დირიჟორის თხოვნით გაგვაცნეს. სიმფონიური მუსიკა, როგორც წესი, ვერ იტანს ლიტერატურულ ასოციაციებს, მაგრამ ჯერ ერთი რესპიგის თხრობით მუსიკას უხდება და მეორეც, შინაარსის გაცნობა, როგორც ჩანს მაინც იმიტომ მოხდა, რომ ქართველ მსმენელს მეოცე საუკუნის კომპოზიტორის უჩვეულო მუსიკის აღქმა არ გაჭირვებოდა. მართლაც, რა სჯობს, სნობურად აღფრთოვანდე იმაზე რაც არ გესმის, თუ მართლაც შეეცადო გაიგო რთული, მაგრამ არც ისე მიუწვდომელი

ისე, სნობებზე გამახსენდა – რა უფროა სნობიზმი, ერთი უსმენო უკრაინელი გოგონას სიმღერაზე გადარევა, მხოლოდ იმიტომ რომ მან ევროვიზიის შარშანდელ კონკურსში გაიმარჯვა, თუ ისეთი მუსიკით აღფრთოვანება, რომელიც ბულბულის გალობასავით ჟღერს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG