Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანსუღ კახიძე – 70


“ღვთით ნაკურთხი დირიჟორი” – ასე შეაფასეს ჯანსუღ კახიძე

მუსიკალურმა კრიტიკოსებმა 1990 წელს, მოსკოვის კონსერვატორიაში გამართულ კონცერტზე ჩაიკოვსკის მეექვსე სიმფონიის შესრულების შემდეგ. მაგრამ იგი მხოლოდ და მხოლოდ “ღვთით ნაკურთხი დირიჟორი” არ იყო. მეოცე საუკუნის მიწურულს სწორედ ჯანსუღ კახიძემ გაათავისუფლა ქართული მუსიკალური ცხოვრება ელიტარულობის მარწუხებისგან, დაუბრუნა მუსიკა ხალხს და ასე აამაღლა ეროვნული მუსიკის – საოპერო, სიმფონიური, კინო, ხალხური მუსიკის - დონე. ამიტომაც გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით მისი დაბადების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო, რომელიც 25 მაისს გაიმართა ჯანსუღ კახიძის მიერ დაარსებულ თბილისის მუსიკალურ ცენტრში.

საღამოს ორგანიზატორებს ჯანსუღ კახიძის შემოქმედებიდან რაღაც უნდა აერჩიათ – კახიძე როგორც მის მიერვე დაარსებული თბილისის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი, ჯანსუღ კახიძე როგორც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, კომპოზიტორი, მომღერალი, არაერთი ქართული ფილმის მუსიკის ავტორი. ამ საიუბილეო საღამოს წამყვანმა ვახტანგ კახიძემ უპირატესობა მიანიჭა იმ კინოფირებს, რომელზედაც ჯანსუღ კახიძეა აღბეჭდილი. ალბათ, იმიტომ რომ რუსთაველის პრემიის ლაურეატმა ჯანსუღ კახიძემ, პირველ რიგში, პიროვნება შემოიყვანა ქართულ მუსიკაში. საიუბილეო კონცერტზე ნაჩვენებ მუსიკალურ კლიპებში, რომელიც საგანგებოდ დამზადდა ამ დღისთვის, ჯანსუღ კახიძემ თავად გვიამბო, როგორ მოვიდა მუსიკაში, როგორ დააარსა, თბილისის კონსერვატორიის კურსდამთავრებულმა, ვოკალური ანსამბლი “შვიდკაცა” 1957 წელს, მერე, 1973 წელს, - სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, თბილისის სიმფონიური ორკესტრი, როგორ გამოაცოცხლა დედაქალაქის საოპერო ცხოვრება მას შემდეგ, რაც ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრს ჩაუდგა სათავეში.


[მუსიკა. “პირველი მერცხალი.” საღამოს დასაწყისი]

საიუბილეო საღამო დაიწყო ამ მარშით, ნანა მჭედლიძის ფილმიდან “პირველი მერცხალი”... რა თქმა უნდა, ორკესტრს შეეძლო ის ნაწარმოებები შეესრულებინა, რომელიც პირველად საქართველოში ჯანსუღ კახიძემ შეასრულა – თუნდაც სტრავინსკის “საღმრთო გაზაფხული”, გია ყანჩელის, სულხან ნასიძის სიმფონიები, შოსტაკოვიჩის მეოთხე სიმფონია, როდიონ შჩედრინის “ანცი შაირები” – ნაწარმოები, რომლის დირიჟორობის დროს ჯანსუღ კახიძე ცეკვას იწყებდა ხოლმე. მაგრამ საიუბილეო კონცერტის ერთგვარ ეპიგრაფად მაინც კინომუსიკა შეირჩა, თანაც - მარში... ჯერ ერთი, იმიტომ რომ მაესტროს იუბილე მაესტროს დატირებას არ დამსგავსებოდა – ჯანსუღ კახიძე ხომ სიცოცხლის განსაკუთრებული სიყვარულით, ტემპერამენტით, მართლაც რომ, ამოუწურავი ენერგიით გამოირჩეოდა... მეორეც, იმიტომ რომ სწორედ კინომუსიკამ მოუყარა თავი მისი, როგორც მუსიკოსის, მრავალმხრივ ინტერესებს. თავის დროზე ჯანსუღ კახიძის მეგობარი, მუსიკისმცოდნე გივი ორჯონიკიძე, აღნიშნავდა, რომ კინომუსიკაში ჯანსუღ კახიძემ ქართული საოჯახო მუსიცირების ტრადიცია აღადგინა – ე.ი. მუსიკა ყოფას დაუკავშირა და ამით შეამსუბუქა, ლირიკულობა და ირონიულობა ერთმანეთს დაუკავშირა სწორედ ისე, როგორც ეს ქართულ ყოფაშია. ასეთმა სინთეზმა შექმნა სრულიად ახალი მუსიკალური ენა – ხალხური სიმღერის ფორმა (კახიძე კი ქართული ხალხური სიმღერის ბრწყინვალე მცოდნე და ინტერპრეტატორი იყო) და ჯანსუღ კახიძისთვის დამახასიათებელი ინტონაცია, რომელიც ხალხური მუსიკის გაოხუნჯების ფარულ წადილსაც გამოხატავს.

[მუსიკა. “შერეკილები”]

საიუბილეო საღამოზე ნაჩვენები მასალა კიდევ ერთ კითხვას ბადებს – როგორ ასწრებდა მაესტრო განსხვავებულ მუსიკალურ ჟანრებში მუშაობას, რანაირად შეეძლო, მაგალითად, თითქმის ერთსა და იმავე დროს დაეწერა მუსიკა ქართული კინოკომედიებისთვის და ოპერის თეატრის სცენაზე დაედგა რიჰარდ შტრაუსის “სალომე”, მოცარტის “დონ ჟუანი”, მუსორგსკის “ბორის გოდუნოვი”, ორი ქართული ოპერა – ბიძინა კვერნაძის “იყო მერვესა წელსა” და გია ყანჩელის “და არს მუსიკა”... არ არის გამორიცხული, რომ მრავალფეროვნების მეხოტბეს, ადამიანს, რომელმაც მთელი ცხოვრება ძიებაში გაატარა, განსხვავებულ ჟანრში მუშაობა ძალას მატებდა. თუმცა მთავარი, ალბათ, ისაა, რომ ჯანსუღ კახიძისთვის “დაბალი” და “მაღალი” ჟანრები მუსიკაში არ არსებობდა - უამრავი დირიჟორისგან განსხვავებით, მას არასდროს გამოუხატავს ქედმაღლობა იმ მუსიკის მიმართ, რომელიც ხალხს უყვარდა... თითქოს მიზნად დაისახა, პოპულარული მუსიკის დონე აემაღლებინა და ასე დაებრუნებინა ხალხის ნდობა იმ მუსიკალური ჟანრებისადმი, რომელიც 70-80-იან წლებში უკვე ელიტარულად ითვლებოდა.


[მუსიკა. “ბიჭუნების გუნდი”]

ეს “ბიჭუნების გუნდია”, რომელიც ჯანსუღ კახიძემ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დააარსა. დღეს ეს კოლექტივი მაესტროს სახელს ატარებს. გუნდის წევრებს შორის ჯერ კიდევ არიან ყმაწვილები, რომლებიც ჯანსუღ კახიძის გაკვეთილებს დასწრებიან. საიუბილეო საღამოზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქართული ხალხური სიმღერა - თავისი ძირებით, თავისი ინტონაციით - ევროპული მუსიკის ნაწილია. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასე მღეროდა იმ საღამოს ჯანსუღ კახიძის სახელობის “ბიჭუნათა გუნდი”. იმღერეს იმათაც, რომლებიც 2002 წელს, როცა ჯანსუღ კახიძე გარდაიცვალა, ჯერ ძალიან პატარები იყვნენ და ამიტომ მაესტრო არ ემახსოვრებოდათ.

[მუსიკა “იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი”]

მაგრამ ეს საიუბილეო საღამო სწორედ ბავშვებით უნდა დამთავრებულიყო... ბავშვებით, ანსამბლ “რუსთავით”, თბილისის სიმფონიური ორკესტრით და, რა თქმა უნდა, “მრავალჟამიერით”, რომელიც მაესტროს ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტზე ისევე ოპტიმისტურად ჟღერდა, როგორც ჯანსუღ კახიძის მუსიკა “პირველი მერცხალის” ფინალში.

[მუსიკა. საღამოს ფინალი - “პირველი მერცხლის” ჰიმნი]

ასეთი ოპტიმიზმის საბაბს ისევ ჯანსუღ კახიძის შემოქმედება, მისი მუსიკა იძლევა –ქართველებისთვის ხალხური სიმღერა ცხოვრების შემადგენელი ნაწილიაო, უთქვამს ერთხელ მაესტროს...მან არა თქვა “მუსიკაო”, თქვა “ხალხური სიმღერაო”, მაგრამ ის კი შეძლო, რომ სუფრაზე ნამღერი სიმღერისთვის პროფესიული, თანამედროვე მუსიკის ჟღერადობა მიენიჭებინა და საქართველოს საზღვრებს გარეთ გაეტანა.

1997 წელს მაესტროს გულის მძიმე ოპერაცია უნდა გაეკეთებინა გერმანიაში. თავს შეუძლოდ გრძნობდა, სახლიდან არ გამოდიოდა და მთელი დღე ბოლთას სცემდა. უცებ როიალთან ახლოს გალაკტიონ ტაბიძის ლექსების კრებულს მოჰკრა თვალი. როიალს მიუჯდა და ორ საათში დაწერა სიმღერა, რომელიც არამარტო საქართველოში გახდა პოპულარული.

[მუსიკა. “ჯერ არასდროს ყოფილა მთვარე ასე ნაზი”]

სახელგანთქმული მუსიკოსი, საქსოფონისტი იან გარბარეკი ამ სიმღერამ ისე აღაფრთოვანა, რომ სასწრაფოდ ჩართო თავის ალბომში “წეს-ჩვეულებები”. დისკი 1998 წელს გამოვიდა. მაესტრო ავადმყოფობდა, როცა მსოფლიომ მისი ხმაც მოისმინა. იტალიაში კი, ვერდის მშობლიურ ქალაქ ბუსეტოში, დღესაც სათუთად ინახავენ ჯოხს, რომლითაც ჯანსუღ კახიძემ 1992 წელს აქ “აბესალომს” უდირიჟორა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG