Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის თავმჯდომარეობას იწყებს


ლუქსემბურგელი მიდის, ბრიტანელი მოდის, კრიზისი კი რჩება: ასე შეიძლება შეჯამდეს ევროკავშირსა და მის ხელმძღვანელობაში ამჟამად მიმდინარე მოვლენები.

1 ივლისს იწყება ევროკავშირში ბრიტანეთის მორიგე თავმჯდომარეობა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი იბარებს წინა მორიგე თავმჯდომარისაგან - ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრ ჟან-კლოდ იუნკერისაგან. რაც შეეხება კრიზისს, ის ერთ-ერთი უმძიმესია ევროკავშირის ისტორიაში და ახალ თავმჯდომარეს, რომელმაც, ბუგებრივია, კრიზისის დაძლევაზე უნდა იზრუნოს, იოლი ამოცანა ნამდვილად არ მოელის.

უარეს შემთხვევაში, ყველაფერი გაუთავებელი კამათით გაგრძელდება და განხეთქილებებით დამთავრდება. უკეთეს შემთხვევაში შესაძლოა, რეფორმირებული, მოდერნიზებული ევროკავშირისაკენ მიმართული გეზი გამოიკვეთოს.

ტონი ბლერი ახალ როლში საქმიანობას ჩვეული ენერგიულობით იწყებს : ლაპარაკობს 50-წლიანი გაერთიანების განახლების საჭიროებაზე. ბლერის რწმენით, რომელიც მან 23 ივნისს, ევროპარლამენტის წინაშე საპროგრამო მოხსენებაში გამოთქვა, ევროკავშირს, თუ ფეხი არ აუწყო თანამედროვე მსოფლიოს, დიდი მომავალი არ უწერია. [ბლერის ხმა]

მაგრამ, ზოგის შეფასებით, ტონი ბლერი ბევრს ლაპარაკობს ზოგად მიზნებსა და იდეალებზე და ნაკლებს - კონკრეტულ ზომებზე. ასე ფიქრობს ბრიუსელში განთავსებული ინსტიტუტის - ევროპის პოლიტიკის კვლევის ცენტრის თანამშრომელი მარიო ინჩერტი. მისი თქმით, ბლერი თავისი საპროგრამო მოხსენებით არც კი მიმართავდა ევროკავშირის ლიდერებს, რომლებთან მისი, ბლერის უთანხმოებაც კრიზისის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

ვიდრე ექსპერტის ამ მოსაზრებას დავუბრუნდებოდეთ, მოკლედ შეგახსენებთ ევროკავშირში ამჟამინდელი კრიზისის არსს - ამ თვეში ჩაიშალა ევროკავშირის გრძელვადიან ბიუჯეტზე მოლაპარაკება იმის გამო, რომ ბრიტანეთს არ სურს, უარი თქვას შეღავათებზე (წელიწადში მილიარდობით ევროზე), რომელსაც 20 წელია იღებს ევროკავშირისაგან. არადა, ამ შეღავათების გაუქმებას ემხრობა ევროკავშირის ყველა დანარჩენი, ანუ 24-ვე წევრი. თავის მხრივ, ბრიტანეთი მოითხოვს ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ფერმერებისათვის განკუთვნილი მსხვილი სუბსიდიების შეკვეცას. მაგრამ ამის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე სხვა ქვეყანაა, უწინარეს ყოვლისა საფრანგეთი.

და აი, ბრიუსელში მოღვაწე ექსპერტი, მარიო ინჩერტი აცხადებს, რომ ბლერს საპროგრამო მოხსენება არ გაუკეთებია იმავე საფრანგეთის, ან გერმანიის ამჟამინდელი ლიდერების საყურადღებოდ - ამ ქვეყნებში მალე ხელისუფლების შეცვლაა მოსალოდნელი და ბლერიც, უწინარეს ყოვლისა, მმართველთა ახალ თაობას მიმართავს. ბლერი ლაპარაკობს გრძელვადიან გეგმებზე: მოდერნიზებულ ევროპაზე, რომელშიც ამჟამინდელზე გაცილებით მეტ ფულს დახარჯავენ განათლებაზე, მეცნიერებაზე და გაცილებით ნაკლებს - ფერმერების სუბსიდიებზე, ან მშრომელთა სოციალურ უზრუნველყოფაზე. იმავდროულად, ტონი ბლერი ემხრობა ევროკავშირში ახალი წევრების, მათს შორის თურქეთის მიღებას - ნაბიჯს, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, აღტაცებას არ იწვევს ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყნის მოქალაქეეში.

პოლიტოლოგი ინჩერტი პარადოქსზე ლაპარაკობს, როცა 29 მაისს საფრანგეთში ელექტორატი კონსტიტუციაზე უარს ამბობს იმის გამო, რომ ის არასაკმარისად სოციალურად მიაჩნია - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეკ სტრო კი ტელევიზიით აცხადებს, რომ მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინების გარდა საჭიროა ევროპის ლიბერალიზაციაზე ზრუნვა. [ინჩერტის ხმა]

გამოდის, ერთნი ევროკავშირის სოციალური მხარის გაძლიერებას, მეორენი - პირიქით, ევროკავშირის ლიბერალიზაციას ემხრობიან. რა იქნება შედეგი, ზუსტად ნახევარ წელიწადში გვეცოდინება.

ნახევარ წელიწადში იმიტომ, რომ 6 თვე გრძელდება ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობა, რომელსაც 1 ივლისს შეუდგება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი.
XS
SM
MD
LG