Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ფორმით ამერიკული, შინაარსით – ანტიამერიკული”


საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის,

საქართველოს და ყოფილი საბჭოეთის სხვა რესპუბლიკების “სატელევიზიო სივრცეში” ერთი ტრადიცია დამკვიდრდა: 4 ივლისს თანამეგობრობის ქვეყნების ტელეარხები ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ჰოლივუდის ფილმებს უჩვენებენ. არადა, უწინ პირიქით იყო: სწორედ იმ დროს, როცა ამერიკელები თავიანთ მთავარ დღესასწაულს აღნიშნავდნენ, საბჭოთა ტელემაყურებელს ანტიამერიკულ ფილმებს სთავაზობდნენ – როგორც წესი, კინოსტუდია “მოსფილმსა” და გორკის სახელობის საყმაწვილო ფილმების კინოსტუდიაში გადაღებულ იმ სურათებს, რომელთა ავტორები ამერიკულ ცხოვრების წესს “ამხელდნენ”. პარალელურად კინოთატრებში ახალი ანტიამერიკული ფილმების პრემიერებიც იმართებოდა: ზუსტად 40 წლის წინ თბილისის ეკრანებზე გამოვიდა კინოსტუდია “ქართულ ფილმში” გადაღებული სრულმეტრაჟიანი სურათი “დრო იწურება განთიადისას” – ქართული კინოსთვის სრულიად არატიპიური ფილმი, რომელიც მალე დაივიწყა მაყურებელმა. დღეს მინდა ეს და კიდევ რამდენიმე ანტიამერიკული ფილმი გავიხსენო და საბჭოთა კინოში ანტიამერიკული მითის ისტორიაზე გესაუბროთ.

60-იანი წლების საბჭოთა კავშირი თითქოს ქრისტეფორე კოლუმბის ეპოქაში დაბრუნდა – ამერიკას ცუდად იცნობენ, მაგრამ ამერიკის სჯერათ. გაზეთებში იბეჭდება ამერიკისადმი მიძღვნილი, თითქმის ელეგიურ-ნოსტალგიური ტონით დაწერილი სტატიები, ჯაზი აღარ ითვლება “კაპიტალისტური კულტურის კრიზისის” გამოხატულებად, ელა ფიცჯერალდი საბჭოთა სატელევიზიო ეთერში იმკვიდრებს ადგილს.

[ხმა. ელა ფიცჯერალდი]

ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად იცვლება საბჭოთა კინოშიც. უფრო სწორად, “ამერიკული თემა” საერთოდ ქრება, მაშინ როდესაც ჰოლივუდი ფილმებში “დოქტორი სტრეინდჟლავი” და “რუსები მოდიან!” დასცინის ანტისაბჭოთა პარანოიას და უარს ამბობს “საბჭოელის”, როგორც “მტრის ხატის”, მითის დამკვიდრებაზე.

ხრუშჩოვის ეპოქა საკმაოდ სწრაფად სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ “იდეოლოგიური ომი” საბჭოთა კავშირსა და ამერიკას შორის ბრეჟნევის ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ განახლდა, 1965 წელს საბჭოთა ეკრანებზე კვლავ გამოდის ანტიამერიკული ფილმი... რამდენად უცნაურიც უნდა იყოს, ეს სურათი, სახელწოდებით “დრო იწურება განთიადისას”, არა მოსკოვსა ან ლენინგრადში, ანდა ბალტიისპირეთში, არამედ საქართველოშია გადაღებული. ეს იყო აშკარა სიახლე ანტიამერიკული კინოს ისტორიაში. მით უმეტეს მაშინ, როცა ქართული კინო აღორძინებას განიცდიდა და ნელ-ნელა თავისუფლდებოდა იდეოლოგიური ზეწოლისგან. 1965 წელს ოთარ იოსელიანი “გიორგობისთვის” გადაღებას შეუდგა. არ არის გამორიცხული, კინოსტუდია “ქართული ფილმის” დირექციას ანტიამერიკული ფილმი წარმოებაში “გიორგობისთვის” გადასარჩენად ჩაეშვა. მომავალში სწორედ ბალანსის ამ პოლიტიკით გახდება შესაძლებელი ალექსანდრე რეხვიაშვილის, ელდარ შენგელაიას, თენგიზ აბულაძის ფილმების გადაღება. “ქართული ფილმის” გეგმა ისე იქნება აგებული, რომ ორ ან სამ პროპაგანდისტულ ფილმზე “მოვა” ერთი კარგი ფილმი. მაგრამ რეჟისორების ნელი ნენოვასა და გენო წულაიას “დრო იწურება განთიადისას” მაინც სრულიად განსხვავებული მოვლენა იყო ქართულ კინოში. სურათის ავტორები ამერიკას თავად ამერიკელი მწერლის უილამ აირიშის ამავე სახელწოდების მოთხრობით დაუპირისპირდნენ. “ფილმი მოგვითხრობს ორი ახალგაზრდის ტრაგიკულ ბედზე კაპიტალისტურ სამყაროში” – აღნიშნულია სურათის ანოტაციაში. ლაპარაკია უმუშევარ ჭაბუკზე, ტონიზე, იმ პერიოდის ქართული კინოს ახალი ვარსკვლავის, მერაბ თავაძის, შესრულებით, და მის შეყვარებულზე, ბრიეკზე, რომლის როლში კიდევ ერთი მაშინდელი ვარსკვლავი, არიადნა შენგელაია, მოგვევლინა. მათი დრო განთიადისას იწურება – ტონის დაპატიმრება ელის. მელოდრამის ჟანრში გადაღებული სურათი, კინოსტუდია “ქართული ფილმის” ერთ პავილიონში “აშენებული” ამერიკით, ოთარ გორდელის ჯაზური მუსიკით, საუკეთესო საშუალება გახდა ქართველი და, საერთოდ, საბჭოთა მაყურებლის გულის ასაჩუყებლად.

[მუსიკა. რუსული ანსამბლის, “ლუბეს”, ანტიამერიკული სიმღერა]

ეს – რუსული ანსამბლის, “ლუბეს”, პოპულარული ჰიტია. ამ ანტიამერიკულ შლიაგერზე დღეს რუსეთის ქალაქებისა და სოფლების დისკოტეკებზე ცეკვავენ. ანტიამერიკულ ფილმებს რუსეთში აღარ იღებენ, თუმცა 2002 წელს ჩატარებული ერთი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთში კვლავაც პოპულარულია 60-იან, 70-იან წლებში გადაღებული ფილმები, რომელშიც “კაპიტალისტური ჯოჯოხეთია” ნაჩვენები. უფრო მეტიც, კომუნისტური სისტემის ნგრევის პროცესში ამ ფილმების მიმართ ნოსტალგია კიდევ უფრო გამძაფრდა. მოუგვარებელმა სოციალურმა პრობლემებმა აქტუალური გახადა ის, რასაც საბჭოთა ეპოქაში საზოგადოება ჩვეულებრივ პროპაგანდად აღიქვამდა. ამას მოწმობს 1972 წელს რეჟისორების ომარ გვასალიასა და ალექსანდრე სტეფანოვიჩის მიერ გადაღებული ფილმის, “ცხოვრების უფლების”, პოპულარობა. ფილმის გმირი ლენინგრადელი ექიმია, რომელიც დასავლეთში ტურისტული საგზურით მიემგზავრება და უკან აღარ ბრუნდება. იგი დარწმუნებულია, რომ აქ ბრწყინვალე კარიერა ელის, მაგრამ დასავლურ ცხოვრებას ვერ ეგუება, სამსახურს კარგავს. მას სთავაზობენ სწავლა დაიწყოს სპეციალურ სკოლაში, სადაც დივერსანტებსა და ჯაშუშებს ამზადებენ. ეგრეთ წოდებული “კონტრპროპაგანდის ეპოქაში” ომარ გვასალიას დებიუტი, გადაღებული კინოსტუდია “მოსფილმში”, კინოკრიტიკოსთა ქილიკის საბაბი გახდა, მაგრამ ქართველი კინემატოგრაფისტების ამ ორივე სურათით საბჭოთა კინოში ახალი მიმართულება ჩაისახა: ანტიამერიკულ ფილმებში ცალკეული ადამიანები, დიპლომატები, მეცნიერები, მსახიობები თავდაპირველად უსუსურად გამოიყურებიან ფულის, ნარკოტიკების, პორნოფილმების, საღეჭი რეზინის, ტყუილისა და ძალადობის წინაშე, მაგრამ დროთა განმავლობაში მათში “საბჭოთა პატრიოტიზმი” იღვიძებს – მტკიცე კომუნისტური ნებისყოფა მათ კაპიტალისტური ჯოჯოხეთიდან თავის დახსნაში ეხმარება.

[მუსიკა. ანტიამერიკული რუსული ტექნო]

1989 წელს, როცა საბჭოთა სისტემას სერიოზული ბზარი გაუჩნდა და როცა კინოკრიტიკოსებმა ახლა უკვე პრესაში დაიწყეს ქილიკი ანტიამერიკულ ფილმებზე, რუსულ ჟურნალში “მოლოდაია გვარდია” იბეჭდება მწერალ ნიკოლაი კუზმინის სტატია “ომიდან – ომამდე”, რომელსაც მოგვიანებით არაერთხელ დაეყრდნობიან რუსი ნაციონალისტები.

[ტექსტი] “ამერიკელები წუთიერ სიამოვნებას ქადაგებენ, მათ როკ-მუსიკითა და შიდსით მოწამლეს კაცობრიობა. მაგრამ რუსეთი მათ არ დაუთმობს თავის კულტურულ ტრადიციებს.”

ეს ტექსტი ზუსტად იმეორებს ანტიამერიკული საბჭოთა ფილმების რიტორიკას, რომელიც 90-იანი წლების მიწურულს საქართველოშიც აღორძინდა. პრესა - მათ შორის, შევარდნაძის ეპოქის სახელისუფლო გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” -ანტიდასავლური ისტერიის გაღვივებას შეეცადა: დაიბეჭდა ალან დალასის ეგრეთ წოდებული “საიდუმლო დოკუმენტი”; ისევ დაიწყო მსჯელობა ამერიკაზე, რომელიც ჩვენს უმანკო კულტურას წაბილწვით ემუქრება. ანტიამერიკული მითი ისევ ამუშავდა – სწორედ ის მითი, რომელიც პირველად საბჭოთა კინოში ისევ და ისევ ქართველმა კინემატოგრაფისტებმა დაამკვიდრეს ივანე პერესტიანის ფილმით “წითელი ეშმაკუნები”. ერთი კვირის შემდეგ პროგრამაში “ოქროს საუკუნე” უფრო დაწვრილებით გიამბობთ ამ მითის ჩასახვის ისტორიაზე.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG