Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მიმოხილვა


ივლისის პირველ რიცხვებში

საქართველოს პრეზიდენტმა გვაცნობა, რომ პარლამენტში დასამტკიცებლად შეაქვს კანონი, რომელიც ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ქართული კანონი იქნება. მიხეილ სააკაშვილის საკანონმდებლო ინიციატივამ პოლიტიკოსთა შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თუმცა “კანონიერი ქურდების ინსტიტუტის” კანონიერი ნგრევის ამ ინიციატივას ოპოზიციის ქილიკი არ მოჰყოლია; საქართველოში არ არის დღეს პოპულარული “კანონიერი ქურდების” საჯაროდ დაცვა, რაც იმაზეც მიანიშნებს, რომ საზოგადოების ცნობიერებაში ძნელად, მაგრამ მაინც ხდება ცვლილებები.

პარლამენტმა პრეზიდენტის ინიციატივაზე მსჯელობა ვერ მოასწრო, თუმცა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კამპანია გაგრძელდა. 14 ივლისს რუსთავის ციხეში იუსტიციის სამინისტრომ, ევროკომიასიამ საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამამ და ორგანიზაციამ “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” მოაწყვეს მრგვალი მაგიდა თემაზე “ციხე-პატიმარი-საზოგადოება”.

არ არის გამორიცხული, დისკუსია თემაზე “კანონიერი ქურდები” კვლავაც გაგრძელდეს – ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი არ გამოეხმაურება. თუმცა ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა დროს დაინტერესდნენ “კანონიერი ქურდების” ინსტიტუტის სპეციფიკით საქართველოში, ამტკიცებენ, რომ ცვლილება კანონმდებლობაში ეფექტური არ იქნება, თუკი პარლამენტარები და, მთლიანად, საზოგადოება უფრო ღრმად არ ჩაწვდება ამ ინსტიტუტის შექმნის მიზეზებს და თუკი არ განიხილავს მოვლენას ეროვნული კულტურის, უფრო სწორად, როგორც ჟურნალისტი ნინო ბურჭულაძე აღნიშნავს “ეროვნული კონტრკულტურის” კონტექსტში

[ნინო ბურჭულაძის ხმა] “ადრე ეს კონტრკულტურა მდაბიოთა “გამოხატულებად” ითვლებოდა... ბოლშევიკებმა როცა “თეთრი ტერორი” დათრგუნეს, არისტოკრატიზმმა თავი შეაფარა ქურდულ კულტურას, როგორც არსებული რეჟიმის ანტიპოდს... აკრძალვების ფონზე გაჩნდა “დაუწერელი კანონები”, რომელზეც მთელი თაობა გაიზარდა საქართველოში... თუ რუსეთში კონტრკულტურა ვერ გასცდა კრიმინალურ წრეებს, ჩვენთან ინტელიგენციაშიც შეაღწია. გაჩნდა ცნება “თეთრი ქურდი” - პირი, რომელსაც დანაშაული არ ჩაუდენია, მაგრამ ცხოვრობდა ქურდად, ტრიალებდა ინტელიგენციაში და მისი აზრი გავლენიანად ითვლებოდა”

[სიმღერა: “ასეთია ქურდი კაცის ბედი”]

ნინო ბურჭულაძის აზრით, კონტრკულტურისა და კულტურის ასეთი დაახლოება ტიპიურად ქართული მოვლენაა. თითქოს ქართული კულტურის იმ მუშაკებს, რომლებმაც “ქურდულ ცხოვრებას” სიმღერები, რომანები, პიესები, ფილმები მიუძღვნეს, 60-იან, 70-იან წლებში “მუზები გაექცნენ” და დარჩათ ერთი მუზა, ძლევამოსილი, ეგზოტიკური, გარკვეული თვალსაზრისით “ეროტიკულიც” – ქურდი და ქურდული სამყარო. არსენა ყაჩაღი “მდიდარს ართმევდა და ღარიბს აძლევდა”... კანონიერი ქურდი ართმევდა სახელმწიფოს და, არც თუ ისე იშვიათად, “აძლევდა ინტელიგენციას”. ნინო ბურჭულაძის აზრით ასეთი გაერთიანება სრულიად კანონზომიერია – კულტურაც და კონტრკულტურაც იმხანად ერთნაირად უპირისპირდებოდა საბჭოთა იდეოლოგიას, მაგრამ ეს პროცესი არც თუ ისე დიდხანს გაგრძელდა...

[ნინო ბურჭულაძის ხმა] “კონტრკულტურის კომერციალიზაცია როცა მოხდა, როცა გამოვიდა ფილმები ქურდებზე, როცა სიმღერები შექმნეს მათზე, საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს კონტრკულტურა მიმზიდველია...საძმოები ჩამოყალიბდა, დაიღვარა სისხლი და კრიმინალურ სამყაროში გაძნელდა იმის დადგენა, თუ ვინ იყო ქურდი და ვინ “ცრუქურდი”... ის, რითაც თავს იწონებდა ქურდული კონტრკულტურა, ამ ინსტიტუტმა კვდომა დაიწყო და მხოლოდ სახელი შემორჩა... ესაა დამახინჯებული სახე დასავლური მაფიისა”.

თუმცა, სანამ ქურდული კონტრკულტურა “საძმოდ” ჩამოყალიბდებოდა, 80-იან წლებში საქართველოში დისიდენტები გაჩნდნენ. ქართულ პოლიტიკურ და კულტურულ სივრცეში სწორედ დისიდენტებს უნდა შეექმნათ მოქმედი კონტრკულტურა, რომელიც არა მარტო დაუპირისპირდებოდა საბჭოთა სისტემას, არამედ მის დანგრევას დაიწყებდა. რამდენად უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, ქურდულმა სამყარომ ლამის თანამოაზრეებად შერაცხა ის ხალხი, ვინც ლიბერალურ დემოკრატიასა და საზოგადოებაში ქურდული მენტალიტეტის დაძლევაზე ოცნებობდა. აი, რას გვიამბობს ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე:

[ნანა კაკაბაძის ხმა] “დისიდენტები მართლაც იქცნენ ავტორიტეტებად კრიმინალურ სამყაროში. ჩვეულებრივ, ანუ არაკაგებეს ციხეში დიდი ხანი არ ვყოფილვარ, მაგრამ პირველივე დღიდან ვიგრძენით განსაკუთრებული ყურადღება მათი მხრიდან. ციხეში ჩვენი სიტყვა ისევე ფასობდა, როგორც კრიმინალური ავტორიტეტების სიტყვა. ვიგრძენით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქალი არ შეიძლება იყოს კრიმინალური ავტორიტეტი, ყურადღებით უსმენდნენ ჩვენს რჩევებს. პრაქტიკულად, ყოველდღე აკონტროლებდნენ ჩვენს მდგომარეობას და გვიცავდნენ ხელისუფლებისგან”

ქურდები დისიდენტებს საბჭოთა ხელისუფლებისგან იცავდნენ. მაგრამ ვის იცავენ დღეს "კანონიერი ქურდები"? და თუ მათ წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია შესაბამისი კანონით დარეგულირდება, რა ბედი ეწევათ იმათ, ვისაც კრიმინალური სამყარო იცავდა?

იურისტი ბესო აბაშიძე მიიჩნევს, რომ “ქურდული მენტალიტეტის” დაძლევა ქვეყანაში მაშინ მოხდება, როცა გაძლიერდება ზედამხედველობის ინსტიტუტი ციხეებში:[ბესო აბაშიძის ხმა]: “რისთვის შეიქმნა ეს კანონიერი ქურდის ინსტიტუტი? სახელმწიფომ შექმნა...იმისთვის, რომ ციხე ეკონტროლებინა... დაესვა იქ კანონიერი ქურდი და ამით მართავდა ციხეს... ავიღოთ იგივე “ობშიაკი”, ანუ ბიუჯეტი, იგივე “სხოტკა”... ნათლობა, როცა არჩევა ხდება. სახელმწიფოსთვის ყოველთვის იქნება საჭირო, რომ ციხე "აკონტროლოს”. რომ არ იყოს რეკეტი, კანონმდებლობა უნდა დაიხვეწოს... ძალიან ხშირია, რომ იციან – არის კანონიერი ქურდი და ძალიან ხშირად იარაღს უდებენ, რომ დაიჭირონ, მაგრამ სხვანაირად ვერ იჭერენ”

ეს მოსაზრება საკმაოდ გავრცელებულია საქართველოში, თუმცა, მას ყველა არ იზიარებს. ნინო ბურჭულაძის თქმით, კანონიერი ქურდების ინსტიტუტი ქვეყანაში იმიტომ ჩამოყალიბდა, რომ ქართველებს სახელმწიფო არ გვქონდა. კრიმინალური მენტალიტეტის აღმოფხვრას კი ხელს შეუწყობს არა იმდენად კანონმდებლობის შექმნა, რამდენადაც ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენება

[ნანა ბურჭულაძის ხმა] “ქართული ქურდული კონტრკულტურის ისტორია არის ქართული “არასახელმწიფოებრიობის” ისტორია... უბრალო ქართველს სჯეროდა ქურდული სამართლის და არა სახელმწიფო სამართლის, ქართველისთვის მეორე ქართველი იყო “ჩვენი ძმა” და არა “თანამოქალაქე”...

ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას ისტორია თითქმის არა აქვს, მაგრამ ისტორია აქვს “კრიმინალურ საზოგადოებას”, უფრო სწორად “კრიმინალურ კულტურას”. ჩვენი თანამოსაუბრეების აზრით, ამ ინსტიტუტის დასამარცხებლად, აუცილებელია იმ ტაბუდადებულ თემაზე მსჯელობაც, რასაც ქურდული სამყარო და რელიგია ჰქვია...

ცნობილია, რომ კანონიერი ქურდები თავიანთ თავს ხშირად ეკლესიის მრევლად მიიჩნევენ, ჰყავთ მოძღვარი და უფრო მეტიც, აშენებენ ეკლესიებს. ნინო ბურჭულაძის თქმით, “ქურდული კონტრკულტურის” ასეთი დაახლოვება ეკლეიასთან, სავსებით ბუნებრივი პროცესია. ამ კავშირს, ყველაფერთან ერთად, თავისებური “ისტორიული ხსოვნაც” აძლიერებს – როცა ბოლშევიკები ეკლესიებს ანგრევდნენ, სასულიერო პირებს მხარში ამოუდგნენ სწორედ ე.წ. “კრიმინალი ავტორიტეტები”.

[ნანა ბურჭულაძის ხმა] “ვერ დავეთანხმები, რომ ქურდული კულტურა შექმნა სახელმწიფომ, რადგან ის არსებობდა რევოლუციამდეც – კინტოსა და ყარაჩოღლის ინსტიტუტში...20-იან, 30-იან წლებში ისინი იმოსებოდნენ შავად, იყვნენ უქონელნი, არ ჰყავდათ ცოლი... ამ დროს მოხდა ქურდული ასკეტიზმის გამიჯვნა საზოგადოებისაგან, გარიყვა. ერთადერთი, ვინც მიიღო, ეს იყო ეკლესია... რელიგიური სიმბოლიკის ეს სიმრავლე სწორედ ბოლშევიკური ათეიზმის მიმართ გამოხატული პროტეტსტი იყო... ამიტომაა, რომ “ქურდად კურთხევის” ცერემონია “მღვდლად კურთხევის” ცერემონიას წააგავს”

“სუსტი არ დაჩაგრო, ინვალიდი არ გააუპატიურო, მეგობარს არ მოპარო, ციხეში არ მოიპარო” – ესაა ე.წ. “ქურდული კოდექსის” ძირითადი მუხლები, რომლებიც უდავოდ მომხიბვლელია და მიმზიდველი ისეთ საზოგადოებაში, სადაც ჰუმანიზმის კატასტროფული დეფიციტია.

ქვეყანაში შეიძლება მართლაც დაიხვეწოს კანონები, შემოდგომიდან გამოცხადდეს “კანონიერ ქურდებთან” ბრძოლის ახალი კამპანია, მაგრამ ჰუმანიზმის პრობლემას მხოლოდ ხელისუფლება ვერ მოაგვარებს. მხოლოდ ხელისუფლება ვერ მოაგვარებს ვერც კულტურის და, მითუმეტეს, ვერც კონტრკულტურის პრობლემას.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG