Accessibility links

ახალი ამბები

ლონდონის პოლიციის მიერ 24 ივლისს

ლონდონის პოლიციის მიერ 24 ივლისს, საღამოს, გაკეთებული განცხადების მიხედვით, დაკავებულია მე-3 პირი, რომელსაც

ლონდონის პოლიციის მიერ 24 ივლისს, საღამოს, გაკეთებული განცხადების მიხედვით, დაკავებულია მე-3 პირი, რომელსაც
სავარაუდოდ კავშირი აქვს გასული ხუთშაბათის შეუმდგარ აფეთქებებთან. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი 23 ივლისს ანტი-ტერორისტული კანონმდებლობის საფუძველზე დააკავეს, თუმცა დეტალები ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა. შეგახსენებთ, რომ შეუმდგარი ტერორისტული აქტები ლონდონის საზოგადოებრივ ტრანსპორტში 21 ივლისს აღირიცხა, ანუ ძლიერი აფეთქებებიდან ზუსტად 2 კვირის შემდეგ. 7 ივლისს მომხდარმა აფეთქებებმა კი, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში სულ მცირე 52 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ყველა ახალი ამბავი

უილიამ ბარი: მიულერის ანგარიშის თანახმად, ტრამპს და მის გარემოცვას არ ჰქონიათ რუსეთთან გარიგება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ის სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის გამოძიების ანგარიში, რომლის დასკვნები დღეს აშშ-ის კონგრესს გადაეგზავნა, ცხადყოფს, რომ არც აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს და არც მისი საარჩევნო კამპანიის ოფიციალურ პირებს შეგნებულად არ ჰქონიათ გარიგება რუსეთთან საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში. მიულერი და მისი ჯგუფი ორი წლის განმავლობაში იძიებდნენ რუსეთის შესაძლო კავშირს აშშ-ის 2016 წლის არჩევნებთან. მიულერი ასევე ცდილობდა იმის დადგენას, უშლიდა თუ არა ტრამპი ხელს გამოძიებას.

მას შემდეგ, რაც მიულერმა დაასრულა გამოძიება, მან 22 მარტს, კანონის მიხედვით, აშშ-ის გენერალურ პროკურორ უილიამ ბარს გაუგზავნა გამოძიების ანგარიში. კვირას საღამოს ბარმა ანგარიშის ძირითადი დასკვნები კონგრესს გადაუგზავნა.

უილიამ ბარი აშშ-ის კანონმდებლებისადმი მიწერილ წერილში აცხადებს, რომ სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის თანახმად, გამოძიება პრეზიდენტ ტრამპს არც ამართლებს და არც მის დამნაშავეობას ადასტურებს.

როგორც უილიამ ბარი წერს კონგრესისადმი გაგზავნილ წერილში, სპეცპროკურორი რობერტ მიულერი აღნიშნავს, რომ მის „გამოძიებას არ დაუდგენია, რომ ტრამპის საარჩევნო კამპანიის წევრები რუსეთის მთავრობასთან კონსპირაციას ან კოორდინაციას აწარმოებდნენ არჩევნებში მისი ჩარევისკენ მიმართულ საქმიანობაში“.

ბარის წერილში ასევე ნათქვამია, რომ მან და მისმა მოადგილემ, როდ როზენსტაინმა „დაასკვნეს, რომ მტკიცებულებები რომლებიც მოპოვებულ იქნა“ მიულერის გამოძიების მსვლელობაში, „საკმარისი არ არის იმის დასადგენად, რომ [პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა] მართლმსაჯულების ობსტრუქციის დანაშაული ჩაიდინა“.

დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ მიულერის გამოძიება წარმოადგენს „მის სრულ და ტოტალურ გამართლებას“.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯერი ნადლერმა შეშფოთება გამოხატა მიულერის ანგარიშის მიხედვით ბარის მიერ გაკეთებული დასკვნების გამო და განაცხადა, რომ მისი კომიტეტი გამოკითხვისთვის მიიწვევს უილიამ ბარს.

გამოძიების მსვლელობისას რობერტ მიულერმა სხვადასხვა ბრალდება წაუყენა ოცდაათზე მეტ ადამიანს და იურიდიულ პირს. ამ მომენტისთვის არცერთი ეს საქმე პირდაპირ არ უკავშირდება საკითხს, ჰქონდათ თუ არა ტრამპსა და მის მოკავშირეებს რუსეთის ოფიციალურ პირებთან გარიგება.

მიულერის სრული ანგარიშის შინაარსი კვლავაც კონფიდენციალურად რჩება. გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა, იუსტიციის სამინისტრომ, კონგრესმა და თეთრმა სახლმა ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ, მისი რა ნაწილები შეიძლება გასაჯაროვდეს.

საოკეანო ლაინერმა Viking Sky-მ მოლდეს პორტს მიაღწია ქარიშხლისა და მგზავრთა ნაწილის ევაკუაციის შემდეგ

ნორვეგიის საოკეანო სამგზავრო ლაინერმა Viking Sky-მ ნორვეგიის ნაპირებთან ქარიშხლისა და მგზავრთა ნაწილის ევაკუაციის შემდეგ მოლდეს პორტს მიაღწია.

შაბათს მუშაობა შეწყვიტა გემის ძრავამ და Viking Sky-მ დრეიფით დაიწყო მოძრაობა ნაპირისკენ, სადაც შეიძლება ავარია მოსვლოდა. ეკიპაჟმა და სანაპირო დაცვის სამსახურებმა ცუდი ამინდის პირობებში მოახერხეს 400-მდე ადამიანის ევაკუირება ვერტმფრენებით. მთლიანობაში გემზე 1400-ზე მეტი მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა.

გარკვეული ხნის შემდეგ ეკიპაჟმა მოახერხა ძრავის ამუშავება. ამის გამო ევაკუაცია შეწყდა და ლაინერი მოლდესკენ გაემართა ტექნიკური მხარდაჭერის რამდენიმე ხომალდთან ერთად.

აშშ-ის კანონმდებლები ელოდებიან რობერტ მიულერის ანგარიშის დასკვნებს

აშშ-ის სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი.

აშშ-ის კანონმდებლები ელოდებიან სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის ანგარიშის დასკვნებს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის როლზე. მათთვის წინასწარი ინფორმაციის მიწოდება 24 მარტისთვისაა მოსალოდნელი.

მას მერე, რაც აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა 22 მარტს მიიღო მიულერისგან ანგარიში, მან კონგრესისთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ შეიძლება კანონმდებლებს ამ კვირის ბოლომდე შეატყობინოს ანგარიშის ძირითადი დასკვნები. როგორც აშშ-ის მედია იტყობინება, ბარი გულდასმის ეცნობა დოკუმენტს, რომელიც მიულერისა და მისი ჯგუფის ორწლიანი გამოძიების შედეგებს შეიცავს.

იუსტიციის სამინსიტროს არ გაუკეთებია კომენტარი, როდის მიიღებს კონგრესი ანგარიშის შესახებ ინფორმაციას. ბარი, იუსტიციის სამინისტრო, კონგრესი და თეთრი სახლი გადაწყვეტენ, მიულერის ანგარიშის რა ნაწილები შეიძლება გახდეს ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.

მრავალი კანონმდებელი ორივე პარტიიდან აცხადებს, რომ ანგარიში სრულად უნდა გამოქვეყნდეს. დემოკრატები მოითხოვენ, რომ თეთრ სახლს არ მიეცეს ანგარიშის რედაქტირების ან მისი გასაჯაროებისთვის ხელის შეშლის საშუალება.

სომხეთში გაიმართა მამუკა ბახტაძისა და ნიკოლ ფაშინიანის არაფორმალური შეხვედრა

სომხეთის სოფელ ენოქავანში გაიმართა საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების, მამუკა ბახტაძისა და ნიკოლ ფაშინიანის არაფორმალური შეხვედრა. როგორც სომხეთის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება, მხარეებმა განიხილეს ქართულ-სომხური ურთიერთობების საკითხები. ბახტაძემ და ფაშინიანმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი შეხვედრების მნიშვნელობას როგორც ოფიციალურ, ისე არაოფიციალურ დონეზე. ეს ბახტაძის და ფაშინიანის მეორე შეხვედრა იყო. პირველი შეხვედრა იანვარში გაიმართა ბოლნისში.

რუმინეთი ისრაელში საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანს

იერუსალიმი

რუმინეთი აპირებს, ისრაელში თავისი საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანოს. პრემიერ-მინისტრმა ვიორიკა დენჩილემ ამის შესახებ კვირას განაცხადა ვაშინგტონში, ამერიკა-ისრაელის საზოგადოებრივი კავშირების კომიტეტში გამოსვლისას. რუმინეთის პრემიერმა პირობა დადო, რომ შეეცდება, ევროპის კავშირში რუმინეთის თავმჯდომარეობა გამოიყენოს „ისრაელსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განსამტკიცებლად“.

ამერიკა-ისრაელის საზოგადოებრივი კავშირების კომიტეტი არის გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს აშშ-სა და ისრაელს შორის თანამშრომლობას. ყოველწლიურ კონფერენციებში მონაწილეობენ მსოფლიოს მაღალი რანგის პოლიტიკოსები.

2017 წლის დეკემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და იქ საელჩოს გადატანის შესახებ გამოაცხადა. დიპლომატიური წარმომადგენლობის ოფიციალური გახსნა 2018 წლის მაისში ჩატარდა.

ბრიტანეთის პრესა: მინისტრები ორშაბათს აპირებენ ტერეზა მეის გადადგომა მოითხოვონ

ტერეზა მეი

დიდი ბრიტანეთის სულ მცირე 11 მინისტრი აპირებს ორშაბათს პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის გადადგომის მოთხოვნას იმ ვითარების გამო, რაც შეიქმნა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებით. ამის შესახებ იტყობინება გაზეთი The Sunday Times-ი. გამოცემის თანახმად, მინისტრები აპირებენ, ნებაყოფლობით გადადგომა მოსთხოვონ მეის. პრემიერის თანამდებობაზე მის ყველაზე რეალურ მემკვიდრედ ასახელებენ დევიდ ლიდინგტონს, რომელიც ამჟამად მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს ხელმძღვანელობს.

როგორც The Sunday Times-ი წერს, მეის ბრალს სდებენ როგორც უუნარობისთვის, დაარწმუნოს პარლამენტი ევროკავშირიდან გასვლის შესახებ შეთანხმების მოწონების აუცილებლობაში, ასევე მის მიერ გასულ კვირაში გაკეთებული რიგი გამონათქვამებისთვისაც, რომლებიც პარლამენტის დეპუტატებმა და კომენტატორებმა კონფრონტაციულად აღიქვეს.

პრემიერ-მინისტრის პოსტზე პრეტენზია შეიძლება ჰქონდეთ სხვა ცნობილ კონსერვატორებსაც, მაგალითად, საგარეო საქმეთა მინსტრ ჯერემი ჰანტს და გარემოს დაცვის მინისტრ მაიკლ ჰოუვს.

თავად ლიდინგტონმა კვირას განაცხადა, რომ „არავითარი სურვილი არა აქვს“, დაიკავოს პრემიერ-მინისტრის პოსტი და რომ არაა „შეთქმულებების მოწყობის“ დრო. მან და რიგმა სხვა მინისტრებმა სააგენტოებს განუცხადეს, რომ კაბინეტი ახლა იმაზეა კონცენტრირებული, რომ პარლამენტში მიაღწიოს ევროკავშირიდან გასვლის აქამდე ორჯერ უკუგდებული შეთანხმების მოწონებას.

ლადო აფხაზავა: მეც თავს გამარჯვებულად ვგრძნობ

"ვულოცავ პიტერ ტაბიჩის 2019 მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მიღებას. ის ნამდვილად გამორჩეული მასწავლებელი და პიროვნებაა და დღეს მისი გამოცდილება და სიტყვა ყველაზე მეტად სჭირდება სამყაროს.
მეც თავს გამარჯვებულად ვგრძნობ რადგან შევძელი მსოფლიოსათვის გადამეცა ქართველი მასწავლებლის სათქმელი მე მოვახერხე ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა მსოფლიოს წინაშე.
ამიერიდან ჩემი ცხოვრება გარკვეულ წილად შეიცვლება და ჩემი მასწავლებლობის მიღმა ყველაფერს გავაკეთებ. მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის, როგორც საქართველოში ასევე მსოფლიო ასპარეზზე.
" - წერს მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოზე ნომინირებული ქართველი მასწავლებელი სოფელ ჩიბათიდან, ლადო აფხაზავა FACEBOOK-ის საკუთარ გვერდზე დაჯილდოების დასრულებიდან რამდენიმე წუთში.

​პიტერ ტაბიჩი კენიელი მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელია და სწორედ ის გახდა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს მფლობელი.

დაჯილდოების ცერემონიალს უყურებდნენ ლადო აფხაზავას სკოლის მოსწავლეები და კოლეგებიც.

ვენესუელაში კვლავ ჩავიდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავები

რუსეთის თვითმფრინავები კარაკასის აეროპორტში. 2018 წლის 10 დეკემბრის ფოტო.

ვენესუელაში კვლავ ჩავიდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავები - ორი ილ-62 და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სატრანსპორტო თვითმფრინავი ან-124. ინტერნეტში გაჩნდა ფოტოები, რომლებზეც ჩანს თვითმფრინავები ასაფრენ ბილიკზე და მამაკაცების ჯგუფი.

ადგილობრივი გამოცემის, NoticieraDigital-ის თანახმად, ვენესუელაში ჩავიდა რუსეთის 99 სამხედრო მოსამსახურე და კერძო სამხედრო კომპანიების მებრძოლები რუსეთის არმიის სახმელეთო ძალების მთავარი შტაბის უფროსის, გენერალ ვასილი ტონკოშკუროვის მეთაურობით. ამის შესახებ ასევე იტყობინებიან ბლოგერები, რომლებიც ვენესუელის მოვლენებს აშუქებენ. ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება სხვა დამოუკიდებელი წყაროებით. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ გაუკეთებია კომენტარი ვენესუელაში რუსეთის სამხედროების ჩასვლის შესახებ. საავიაციო ტრეკერების მონაცემების მიხედვით, კარაკასში თვითმფრინავები სირიიდან ჩავიდნენ დაკარის გავლით.

რუსეთის ეს თვითმფრინავები ადრე უკვე იმყოფებოდნენ ვენესუელაში. იმის შესახებ, თუ რა იყო მათი მისია, არ იტყობინებიან. მას მერე, რაც ოპოზიციონერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, როიტერსი წერდა, რომ ქვეყანაში პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დასაცავად ჩავიდა რუსეთის რამდენიმე ასეული დაქირავებული მებრძოლი. მაგრამ სააგენტოს წყაროს სანდოობა ეჭვქვეშ დააყენეს.

ვენესუელაში უკვე მესამე თვეა გრძელდება დაპირისპირება გუაიდოსა და ნიკოლას მადუროს მომხრეებს შორის. გუაიდო მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა, ცნო ქვეყნის პრეზიდეტის მოვალეობის შემსრულებლად.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თბილისშია

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკვე თბილისშია. ნატოს გენერალური მდივანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს: საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის წევრებთან.

სტოლტენბერგი ასევე ეწვევა ნატოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და დაესწრება მის მიერ ორგანიზებულ ნატო-საქართველოს სწავლებას.

საქართველოში ნატოს გენერალურ მდივანს დახვდა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომლის თქმითაც: "დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ვიზიტს იქიდან გამომდინარე, რომ ვიზიტი იმართება ნატოს საიუბილეო მინისტერიალის წინ და მთლიანად ერთი კვირა არის უაღრესად ინტენსიური ნატოსთან ურთიერთობის კონტექსტში."

​სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში 25 მარტს დასრულდება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთში გასამართლებული პავლო ჰრიბის გათავისუფლებას მოითხოვს

პავლო ჰრიბი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო რუსეთში უკრაინის მოქალაქის, პავლო ჰრიბისთვის გამოტანილი განაჩენი და მისი გათავისუფლება მოითხოვა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რობერტ პალადინომ განაცხადა, რომ ჰრიბი გახდა დევნის მსხვერპლი იმის გამო, რომ წინ აღუდგებოდა უკრაინაში რუსეთის აგრესიას.

„რუსეთმა უნდა დაუყოვნებლივ დააბრუნოს ის უკრაინაში და მოუხსნას ბრალდებები“, ნათქვამია განცხადებაში. მასში აგრეთვე აღნიშნულია, რომ აშშ შეშფოთებულია 20 წლის ჰრიბის ჯანმრთელობის მდგომარეობით.

უკრაინელი სტუდენტი პაველ ჰრიბი 2017 წლის აგვისტოში გაუჩინარდა ბელარუსის ტერიტორიაზე. იქ ის თავის ნაცნობთან შესახვედრად იყო ჩასული. მოგვიანებით ჰრიბი კრასნოდარის საგამოძიებო იზოლატორში იპოვეს. ჰრიბის ნათესავები და ადვოკატი მიიჩნევენ, რომ ის რუსეთის სპეცსამსახურებმა მოიტაცეს.

ლადო აფხაზავამ „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდო“ ვერ მოიპოვა

ლადო აფხაზავა

„მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ (Global Teacher Prize) 2019 წლის მფლობელი გახდა მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელი კენიიდან. დაჯილდოების ცერემონია 24 მარტს გაიმართა დუბაიში.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ათ ფინალისტს შორის 21 თებერვალს დაასახელეს. მისი კონკურენტები იყვნენ პედაგოგები დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდიდან, ბრაზილიიდან, იაპონიიდან, არგენტინიდან, აშშ-დან, კენიიდან, ინდოეთიდან და ავსტრალიიდან. ლადო აფხაზავა დუბაიში 21 მარტს გაფრინდა.

ლადო აფხაზავას ჩიბათის სკოლაშიც გულშემატკივრობდნენ:

​დაჯილდოებამდე ფინალისტები მასწავლებელთა ფორუმის ფარგლებში ატარებდნენ მასტერკლასებს და სხვადასხვა ქვეყნის პედაგოგებს საკუთარ გამოცდილებას აცნობდნენ. შაბათს ლადო აფხაზავამ ერთ-ერთი ღონისძიების ფარგლებში სახალისო პრეზენტაცია გამართა.

კონკურსის ორგანიზატორები გამარჯვებულის გამოსაცხადებლად სხვადასხვა ორიგინალურ ხერხს მიმართავენ. შარშან გამარჯვებული კოსმოსიდან გამოაცხადეს. ხოლო ერთ-ერთი გამარჯვებული რომის პაპმა დაასახელა.

დუბაიში დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი და მისი მოადგილე. დაჯილდოების შემდეგ გავრცელდა მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის გამოხმაურება:

„მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ მიზანია ყველაზე შთამაგონებელი და მონდომებული მასწავლებლის პოვნა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. გამარჯვებული ჯილდოდ მიიღებს მილიონ დოლარს.

გრიგოლ ვაშაძე: აბსოლუტური უმრავლესობა შიმშილში და უიმედობაში არის

„წარმატებული, სხვებისთვის სამაგალითო სახელმწიფო, ევროპაში გამორჩეული სახელმწიფო გადაიქცა უიმედობის და ნიჰილიზმს ბუდედ და კორუფციონერების და კრიმინალის სათარეშო ასპარეზად. აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც ოლიგარქთან არის დაკავშირებული, დაკავებულია სახელმწიფო ბიუჯეტის ათვისებით, აბსოლუტური უმრავლესობა შიმშილში და უიმედობაში არის, ნაწილი უკვე ემიგრაციაში წავიდა და ნაწილი ოცნებობს იმაზე, რომ ემიგრაციაში წავიდეს,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე, სადაც ის პარტიის ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს.

"2012 წლის დეკემბერში ვამბობდი ამას და აუცილებლად გავიმეორებ. ამ პარტიის წევრებმა, თქვენ, ამ დარბაზში მყოფებმა, ჩვენმა მხარდამჭერებმა, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, გეოგრაფიულ ტერიტორიად გადაქცეული, ჩამოშლილი საქართველოსგან შექმნეს წარმატებული, რეფორმატორული ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა სრულიად ახლებური, ეფექტური ინსტიტუციები,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ, რომლის თქმითაც, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი იყო და ყოველთვის იქნება.

მიხეილ სააკაშვილმა პარტიის თამჯდომარეობის თანამდებობის დატოვების შესახებ ინიციატივა თვითონ გამოთქვა.

სააკაშვილი: პუტინმა ვერ გვაპატია სწორედ ის, რომ ეს იყო ყველაზე წარმატებული 9 წელი

„ეს 9 წელი იყო არა სისხლიანი 9 წელი, ეს არის რუსული კლიშე და ვინც ამას იმეორებს, ის არის პუტინის გოშია და მონა. პუტინმა ვერ გვაპატია სწორედ ის, რომ ეს იყო ყველაზე წარმატებული 9 წელი საქართველოს მთელს მრავალ საუკუნეების ისტორიაში, თავისი დიდი მიღწევებით და თავისი შეცდომებით, თასი გადამეტებებით. აბა როგორ გინდათ როცა რამე განსაკუთრებულს ქმნით?!,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე ჩართვისას, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს ირჩევენ.

„საქართველო დიდ განსაცდელშია. ყოველი დღე, როდესაც ივანიშვილი აგრძელებს საქართველოს ძარცვას, ყოველი დღე გვაახლოებს საქართველოს განადგურებას და ჩვენი ქვეყნის აღსასრულს. ეს მოჯადოებულ წრე ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირღვეს. თუ მოვახერხებთ ამის გაკეთებას ერთ კვირაში უნდა გავაკეთოთ, ერთ კვირაში. თუ მოვახერხებთ ამის გაკეთებას ერთ თვეში, უნდა გავაკეთოთ ერთ თვეში. თუ მოვახერხებთ ამის გაკეთებას სამ თვეში, უნდა გავაკეთოთ სამ თვეში. ჩვენ აღარ გვაქვს დასაკარგი დრო,“-განაცხადა მიხელ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ 2012 წლის არჩევნების შედეგები რომ არა, დღეს საქართველო გაცილებით წარმატებული იქნებოდა.

სააკაშვილი: ივანიშვილი შეპირდა ხალხს 100 ქარხანას და რამიშვილი-ყანდიაშვილის ტროლების ფაბრიკა შექმნა

"ივანიშვილი შეპირდა ხალხს 100 ქარხანას და 100 საწარმოს და ამის ნაცვლად შექმნა რამიშვილი-ყანდიაშვილის ტროლების ქარხანა" - თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე ჩართვისას, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს ირჩევენ.

"საქართველო გაყიდდა ყოველ წელიწადს ერთი მილიარდი დოლარის მაღალტექნოლოგიურ იარაღს მთელ მსოფლიოში. ივანიშვილმა დახურა დელტა და გახსნა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყანდიაშვილის ტროლების ქარხანა. დელტა იყო მთელ რეგიონში ყველაზე წარმატებული საწარმო და მისი ერთ-ერთი მთავარი შემქმენელი დღეს ზის ციხეში" - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა იმაზე საუბრისას, რა შესაძლებლობები ჰქონდა ქვეყანას, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" არ გამოიყენა. მისი თქმით, ქვეყანაში შესაძლოა განხორციელებულიყო ბევრი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, განვითარებულიყო ეკონომიკა და დემოკრატია.

"გუშინ ვუყურებდი CNN-ზე სინგაპურის რეკლამას. 2012 წელს ეს კატასტროფა, რომ არ მომხდარიყო, საქართველო დღეს იქნებოდა სინგაპურივით. არავის აჯეროდა მაშინ, მაგრამ ჩვენ რეალურად ვხდებოდით თანამედროვე სინგაპური ჩვენს რეგიონში. როდესაც იძახიან, რომ წარსულს მისტირიან ესენიო, ამას იძახიან ჭაობის პოლიტიკოსები. მე მინდა უბრალოდ ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, 2012 წელს რომ არ მომხდარიყო ეს კატასტროფა, სად იქნებოდა დღეს საქართველო, საქართველო იქნებოდა მინიმუმ აღმოსავლეთ ევროპაში განათლების მთავარი კერა, იმიტომ რომ ამერიკულ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იქნებოდა უკვე არა მხოლოდ ამოქმედებული, არამედ გამოუშვებდა ძალიან ბევრს სტუდენტს. საქართველო იქნებოდა ინფრასტრუქტურულად ბევრად უფრო წინ. ჩვენ გვექნებოდა სვანეთის, გომბორის და გოდერძის გვირაბები, დამატებით ფოთი-ზუგდიდის საერთაშორისო აეროპორტი, ბათუმის ახალი აეროპორტი და ახალციხე-ბორჯომის აეროპორტი და გვექნებოდა ბევრად უფრო სწრაფი რკინიგზა და ესტაკადა გომბორზე. თბილისი იქნებოდა ქალაქი საცობების გარეში, შემოვლითი გზა სწორედ ამას აკეთებდა. " - თქვა მიხეილ სააკაშილმა, რომლის თქმითაც დღეს საქართველო დიდ განსაცდელშია.

ნიკა მელია: „ოცნება“ შეგვპირდა მშვიდობას და სანაცვლოდ მივიღეთ ოკუპანტების მიერ მოკლული ადამიანები

„ჩვენ ვიხილეთ გაბოროტებული ოლიგარქი, რომელიც ფეხქვეშ თელავს სახელმწიფო ღირსებას. „ოცნება“ შეგვპირდა მშვიდობას და სანაცვლოდ მივიღეთ ოკუპანტების მიერ მოკლული მეტი და მეტი ადამიანები. ოკუპაციის ხაზის მუდმივი გადმოწევა ხდება. სულ უფრო მეტ ჩვენ თანამოქალაქეს არ ეძლევა საშუალება ოჯახის წევრების საფლავებზე მისვლის,“- თქვა ნიკა მელიამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე, რომელიც სასტუმრო "ბილტმორში" იმართება და სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს ირჩევენ.

პარტიის თავმჯდომარე ამ დრომდე საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იყო, დღეს კი ამ თანამდებობაზე გრიგოლ ვაშაძეს უყრიან კენჭს.

„ნაციონალური მოძრაობა არის პოლიტიკური ოჯახი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით შექმნა ახალი ქართული სახელმწიფო,“- თქვა ნილა მელიამ ყრილობაზე და აღნიშნა, რომ ენმ-მ ჩაიბარა ქვეყანა, სადაც არ იყო სახელმწიფო ინსტიტუციები, ჯარი, პოლიცია, ხელფასი.

„არ იყო იმედი, რომ ოდესმე შეიცვლებოდა ის, რაშიც ჩვენ ვცხოვრობდით. ეს იყო შეუმდგარი სახელმწიფო, სადაც უცხოელისთვის სტუმრად ჩამოსვლაც კი იყო საშიში. ელემენტარულად არსებობდა რისკი რომ მას ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცებდნენ და ეს საქართველოში ერთ ერთი წარმატებული ბიზნესი გახლდათ და ამის შემdეგ ამ პოლიტიკურმა ოჯახმა ისე განავითარა ტურიზმი და ტურისტული პროექტები რომ წელს უკვე ვსაუბრობთ რომ ამ ქვეყანაში 9 მილიონი ტურისტი შემოდის. “

ნატომ დაადასტურა, რომ გეგმავს პოლონეთში საწყობების შექმნას

ნატოს შტაბბინა ბრიუსელში.

ნატომ დაადასტურა, რომ გეგმავს პოლონეთში საწყობების შექმნას ამერიკული ჯავშანტექნიკის, იარაღისა და საბრძოლო მასალისთვის, რის მოცულობაც მთელი ბრიგადისთვის იქნება საკმარისი. ნატოს წარმომადგენელმა დაადასტურა „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ცნობა იმის თაობაზე, რომ დაგეგმილია საცავების მშენებლობა ავიაბაზაზე პოვიძაში, ვარშავის დასავლეთით.

ობიექტების მშენებლობა 260 მილიონი დოლარი დაჯდება. მშენებლობა დაიწყება 2019 წელს და ორ წლამდე გასტანს. გადაწყვეტილება მიღებულია ალიანსის ყოფნის გასაძლიერებლად აღმოსავლეთ ფლანგზე, რაც პასუხია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე და კონფლიქტზე აღმოსავლეთ უკრაინაში - იტყობინება ფრანს პრესი.

პოლონეთის მთავრობა მოითხოვს ქვეყნის ტერიტორიაზე ამერიკის სამხედრო ბაზის განთავსებას. პოლონეთის პრეზიდენტი გამოვიდა წინადადებით, მას „ფორტ ტრამპი“ ეწოდოს. მისი განთავსებისთვის ვარშავა მზადაა, ყოველწლიურად გაიღოს 2 მილიარდი დოლარი. აშშ-ში განიხილავენ ამ იდეას. ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, პოლონეთში იარაღის საწყობების მშენებლობამ „ხაზი უნდა გაუსვას იმ ფაქტს, რომ პოლონეთში აშშ-ის ყოფნა გაიზარდა“.

„ევროპულმა საქართველომ“ მარნეულში მერის შუალედურ არჩევნებში კანდიდატად აჰმედ იმამყულიევი წარადგინა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ, მარნეულში მერის შუალედურ არჩევნებში პარტიის კანდიდატი, აჰმედ იმამყულიევი წარადგინა. ბაქრაძემ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა და წარმატებები უსურვა.

„ცვლილებების გზა „ევროპული საქართველოსთვის“ გადის პოლიტიკურ პროცესებზე, გადის არჩევნებზე და გადის იმ გზაზე, რასაც ჰქვია ევროპულად, მშვიდობიანად, არჩევნების გზით ყოველგვარი არეულობის გარეშე ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა, ახალი ხელისუფლების მოსვლა, ქვეყნის წინ წაყვანა და ხალხის პრობლემის გადაწყვეტა. ამიტომ, თითოეული არჩევნები უნდა გამოვიყენოთ ქვეყანაში ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად და ჩვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. თითოეული არჩევნები არის შანსი, გავხადოთ ჩვენი ცხოვრება უკეთესი და ამისთვის უნდა გამოვიყენოთ შუალედური არჩევნები. ამისთვის, ჩვენ გვყავს მარნეულში კანდიდატი, რომელიც რეალურად იბრძოლებს გამარჯვებისთვის და იბრძოლებს იმისთვის, რომ მარნეულში ცხოვრება იყოს უკეთესი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

აჰმედ იმამყულიევის თქმით, მარნეულში, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, არაფერი გაკეთებულა.

„ქართული ოცნება აუცილებლად უნდა დამარცხდეს არა მარტო მარნეულში, არამედ მთელ საქართველოში, სადაც იქნება შუალედური არჩევნები და მარნეულელები ვიქნებით პირველები, ვინც დაამარცხებს დღევანდელ ოლიგარქიულ მმართველობას საქართველოში,“ – აღნიშნა იმამყულიევმა.

განცხადება გააკეთა პარლამენტში, მთაწმინდის მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ, რომელმაც მოსახლეობას მარნეულში, შუალედურ არჩევნებში მერობის კანდიდატად აკმამედ იმამყულიევის წარდგენა მიულოცა. მან იმამყულიევს ღირსეული და პროგრესული ადამიანი უწოდა.

ბრალდება მოუხსნეს 13 წლის რუსთაველი მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულს

რუსთავის სასამართლოს მოსამართლემ მადონა მაისურაძემ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულ ბიძას შეურაცხაობის გამო ბრალდება მოუხსნა და მას ორწლიანი იძულებითი მკურნალობა დაუნიშნა.

ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, მოზარდის ბიძა "მკვლელობის დროს არ იყო ადეკვატური​".

„ექსპერტიზამ ავადმყოფს ეპილეფსიური ფსიქოზი დაუდგინა, მკვლელობის დროს ის არ იყო ადეკვატური“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურაში. მათივე თქმით, სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ბრალდებულის შეურაცხაობის შემთხვევაში, პროკურატურა ვალდებულია სისხლის სამართლის დევნა შეწყვიტოს და საქმე დახუროს.

სასამართლო პროცესი 21 მარტს გაიმართა. მოკლული მოზარდის ბიძა სასამართლო დარბაზიდან ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

13 წლის ბიჭი რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში, 10 თებერვალს, დილით, თავის ბინაში დანით მოკლეს. მკვლელობა მოზარდის 29 წლის ბიძას დაბრალდა. ტრაგედიის შემდეგ, გამოძიების ჩვენებებში ავადმყოფის მეგობრები ამტკიცებდნენ, რომ მოზარდის ბიძა მკვლელობის წინა დღეებში არაადეკვატურად იქცეოდა და ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

შშმ პირთათვის განკუთვნილ ადგილებზე მანქანების პარკირებაზე ჯარიმა შესაძლოა გაიზარდოს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ ადგილზე მანქანების პარკირების შემთხვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შესაძლოა გამკაცრდეს და ფინანსური სანქცია გაეზარდოს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 25 მარტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებისას მოქმედი 10-ლარიანი ჯარიმა იზრდება და განისაზღვრება 50 ლარით, როგორც დედაქალაქის, ასევე თვითმმართველი ქალაქების ტერიტორიაზე და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

“პრობლემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საზოგადოების ცნობიერების გარდა, ჯარიმის ის სახეა, რაც მსგავს დარღვევაზე “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ არის გათვალისწინებული. კერძოდ, 10 ლარის ოდენობით. მართალია, აღნიშნული დარღვევა, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს ავტოსატრანსპორტი საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას, მაგრამ ფაქტები იმდენად ხშირია, რომ არსებული საკანონმდებლო ნორმები ეფექტურად ვერ ხორციელდება. სურათი კიდევ უფრო მძიმდება მეორეხარისხოვან ქუჩებზე და ავტოსადგომებზე. ამდენად, ერთნაირი მიდგომის გავრცელება - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებასა და პარკირების წესების სხვა სახის დარღვევებზე არ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს, სადაც პირველი სახის დარღვევა რამდენჯერმე აღემატება მეორეს“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ცოტნე ზურაბიანი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ყრილობას მართავს

24 მარტს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა გაიმართება, სადაც პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას უყრიან კენჭს.

ენმ-ს თავმჯდომარის პოსტზე გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ვიდეო-მიმართვაში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა, სადაც ასევე თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა" ფართო ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად ქვეყნის გადარჩენაზე და ქვეყნის მმართველობაზე პასუხისმგებლობის ასაღებად ემზადება.

მიხეილ სააკაშვილმა 18 მარტს გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში აღნიშნა, რომ მას არ ეძლევა ქვეყანაში შემოსვლის საშუალება, რაც დამაბრკოლებელი ფაქტორია პარტიულ საქმიანობაში. მისივე განმარტებით, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა კარგად აჩვენა გაერთიანებული ოპოზციის ერთიანი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პოტენციალი. თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მიუხედავად მისი პირადი სიმპატიებისა, ახალი ლიდერი პარტიამ საყოველთაო კენჭისყრით უნდა აირჩიოს.

პარტიაში აცხადებენ, რომ გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურის ირგვლივ მსჯელობა პარტიაში კარგა ხანია მიმდინარეობდა. ყრილობა 14:45 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება.

ტოჩინოშინმა ოძეკის წოდება დაკარგა

პროფესიული სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ლევან გორგაძემ მარტის ბაშო უარყოფითი ბალანსით - მაკე კოშით დაასრულა და სუმოს იერარქიის მეორე საფეხური - ოძეკის წოდება დაკარგა.

ტოჩინოშინის შიკონათი (ზედმეტსახელით) ცნობილი ქართველი სუმოისტის ანგარიშზე, სეზონის მეორე სუპერტურნირის დასკვნითი - მეთხუთმეტე ტურის წინ შვიდ-შვიდი მოგება და წაგება იყო და 24 მარტს, გადამწყვეტ შეხვედრაში წყდებოდა, რა წოდებით შეხვდებოდა ქართველი გოლიათი მაისის ბაშოს.

სეკივაკე ტაკაკეიშოსთან დაპირისპირება წარუმატებელი აღმოჩნდა. ტოჩინოშინი დამარცხდა და მეტოქეს ოძეკობისკენ გაუხსნა გზა. თავად კი სეკივაკეს რანგში ჩაატარებს მომდევნო ბაშოს და თხუთმეტი ბრძოლიდან მინიმუმ ათის მოგება დასჭირდება, ოძეკის წოდების დასაბრუნებლად.

ლევან გორგაძემ ბოლო ორი ბაშო ფეხის საკმაოდ მძიმე ტრავმით ჩაატარა და სპეციალისტთა აზრით, ოძეკის წოდების დაკარგვის უმთავრესი მიზეზი სწორედ ეს პრობლემა იყო.

რანგით მეორე - ჯურიო დივიზიონში, გაგამარუს შიკონათი მოჭიდავე თეიმურაზ ჯუღელმა ტურნირი დადებითი ბალანსით - კაჩი კოშით (8:7) დაასრულა.

ბათუმის საავადმყოფოში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ნათესავებმა აქცია შეწყვიტეს

აქციის მონაწილეები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმმა სამსახური დატოვა.

ბათუმში გამართული აქციის მონაწილეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ 29 წლის მელანო ფუტკარაძე ექიმის დაუდევრობით დაიღუპა, მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმმა თავისი სურვილით სამსახური დატოვა.

გარდაცვლილის ნათესავმა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან და კლინიკის ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ოჯახის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ექიმს, რომელსაც, მისივე თქმით, ბრალი მიუძღვის ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებაში, უფლებამოსილება შეუჩერდა:

„ვიდრე გამოძიება არ დაადგენს ექიმის ბრალეულობას, უფლებამოსილება დროებით ექნება შეჩერებული. ჩვენ მთავარი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. ახლა კი ველოდებით გამოძიებას, რომლის დასრულების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, აქციას გავაგრძელებთ თუ არა“, - განაცხადა ზაურ დარჩიძემ, გარდაცვლილის ბიძამ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, რომ ექიმის საქმიანობის შესახებ რეგულირების სააგენტოში გაგზავნილია მოთხოვნა:

„შსს-მ დაიწყო გამოძიება. რომლის დასრულების შემდეგ დაისჯება დამნაშავე. მანამდე კი ექიმი თავისი სურვილით ჩამოშორდა საქმიანობას“.

ექიმის კლინიკიდან გათავისუფლებას 29 წლის გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრები 23 მარტს მთელი დღის განმავლობაში ითხოვდნენ. მათ თავდაპირველად მდუმარე აქცია ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალთან მოაწყვეს. შემდეგ კი ქალაქის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს, რაც პოლიციამ აღკვეთა.

29 წლის მელანო ფუტკარაძე გარდაიცვალა 21 მარტს ბათუმის „მედცენტრში“, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მანამდე პაციენტს ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობდნენ. ისინი ამ ჰოსპიტლის ექიმს სდებენ ბრალს, რომელმაც მათივე თქმით, შესაბამისი დახმარება არ გაუწია პაციენტს.

ხვალ გაირკვევა, მოიპოვებს თუ არა ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“

ლადო აფხაზავა

კვირას, 24 მარტს დუბაიში გამოვლინდება „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ (Global Teacher Prize) 2019 წლის მფლობელი. ათ ფინალისტში შედის ლადო აფხაზავა - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი.

დაჯილდოებამდე ფინალისტები მასწავლებელთა ფორუმის ფარგლებში ატარებენ მასტერკლასებს და სხვადასხვა ქვეყნის პედაგოგებს საკუთარ გამოცდილებას აცნობენ.

შაბათს აფხაზავამ ერთ-ერთი ღონისძიების ფარგლებში სახალისო პრეზენტაცია გამართა.

ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ათ ფინალისტს შორის 21 თებერვალს დაასახელეს.

მისი კონკურენტები არიან პედაგოგები დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდის სამეფოდან, ბრაზილიიდან, იაპონიიდან, არგენტინიდან, აშშ-დან, კენიიდან, ინდოეთიდან და ავსტრალიიდან.

დუბაიში დაჯილდოების ცერემონიას ესწრებიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი და მისი მოადგილე.

„მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ მიზანია ყველაზე შთამაგონებელი და მონდომებული მასწავლებლის პოვნა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილილში. გამარჯვებული ჯილდოდ მიიღებს მილიონ დოლარს.

ლონდონში ათასობით ადამიანმა გამართა მარში ბრექსიტზე მეორე რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით

ლონდონის ცენტრში ათასობით ადამიანმა გამართა მარში ევროპის კავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის თაობაზე მეორე რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანელების პეტიციაზე, რომელიც პარლამენტს ბრექსიტის გადადებას სთხოვს, ოთხი მილიონი ხელმოწერა მოგროვდა.

ლონდონის მერმა ტვიტერით გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ის აღბეჭდილია დემონსტრანტებთან ერთად. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ითხოვენ, უკანასკნელი სიტყვა ხალხს დაუტოვოს.

ახლახან ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, ბრექსიტი ორი შესაძლო სცენარით გადაიდოს - იმის მიხედვით, მოახდენს თუ არა დიდი ბრიტანეთის პარლამენტი კავშირიდან გასვლის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციას. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ მიიღო პირობები, რომლებიც მას ბრიუსელის სამიტზე შესთავაზეს. მან თემთა პალატას მოუწოდა, ხმა მისცენ ევროკავშირთან შეთანხმებას და დაასრულონ „გაურკვევლობის“ პერიოდი.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისში შვეიცარიის ნაკრებთან დამარცხდა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წაგებით გახსნა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოარენაზე შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

სტუმრებმა ორივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს. ანგარიში 57-ე წუთზე ცუბერმა გახსნა. საბოლოო შედეგი კი ზაკარიამ დააფიქსირა მე-80 წუთზე.

D ჯგუფში მეორე ტურის შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები 26 მარტს გამართავენ - დუბლინში, ირლანდიის ნაკრებთან. ასევე D ჯგუფში გამოდიან დანია და გიბრალტარი.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG