Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულოს ოპოზიციურმა ნაწილმა დედაქალაქის მერის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო


საქართველოს დედაქალაქის ახალი მერი, გიგი უგულავა, ორიოდე თვეა, რაც ამ თანამდებობაზე დაინიშნა. ამ ხნის მანძილზე მან არაერთი ისეთი გადაწყვეტილება მიიღო,

რომელმაც საზოგადოების ერთი ნაწილის მწვავე პროტესტი გამოიწვია. მათ შორის ყველაზე აქტუალურად დგას ”მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის” პრობლემა და დედაქალაქის ცენტრში ეგრეთ წოდებული “მარშრუტკების” მოძრაობის აკრძალვა. თბილისელთა უკმაყოფილება უყურადღებოდ არ დატოვა ოპოზიციამ და 9 სექტემბერს დედაქალაქის მერის გადაყენების პროცედურა დაიწყო.

”მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის” ირგვლივ ატეხილმა აჟიოტაჟმა, ”მარშრუტკების” აკრძალვამ თუ ასფალტის დაგების მიზნით ქუჩების გადაკეტვამ თბილისის მერის, გიგი უგულავას, მომხრეებიც კი მის მოწინააღმდეგეებად აქცია. აი, რას ამბობენ დედაქალაქის მერის შესახებ ქუჩაში გამვლელი მოქალაქეები. ჯერ ახალგაზრდების აზრი მოვისმინოთ:

[სტუდენტების ხმა] ”ჩემი ახლობელია და ცუდს ვერ ვიტყვი ვერაფერს. -არც მე კარგს არაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ “მარშრუტკები” მომიხსნა. ვაკეში რითი ვიარო, ყვითელი ავტობუსით? ხალხი წიხლებით უნდა შეტენო შიგნით...”(სტილი დაცულია)

ნაკლებად ემოციურ პასუხებს იძლევა უფროსი თაობა, თუმცა ისინიც ვერ ფარავენ, რომ იმედები გაუცრუვდათ:

[მოქალაქის ხმა] ”ვეღარ გაიგებ ადამიანი. გგონია, რომ სასიკეთოს აკეთებს. მე, მაგალითად, ძალიან დიდი იმედი მქონდა, იმიტომ რომ თბილისელია, მთაწმინდელია, და სასიკეთო საქმეებს გააკეთებდა, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან გულგატეხილები ვართ.”(სტილი დაცულია)

თბილისელთა განწყობა მხედველობის მიღმა არ დარჩენიათ თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს, ძირითადად, ახალი მემარჯვენეების და ლეიბორისტების პოლიტიკური გაერთიანებებიდან. ამ პარტიების წარმომადგენლებმა 9 სექტემბერს თბილისის მერის მიმართ უნდობლობის გამოსაცხადებლად საკრებულოს წევრების ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. სათანადო დოკუმენტზე პირველად ხელი მოაწერა ლეიბორისტმა გიორგი გუგავამ და თან, აი, ასეთი განცხადება გააკეთა:

[გიორგი გუგავას ხმა] ”არცთუ დიდი ხნის წინ ამ კაბინეტიდან გააძევეს ქალაქის მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი. დადგა ჟამი, დადგა დრო, იგივე ბედი გაიზიაროს უგულო უგულავამ, რომლის უგულო გადაწყვეტილებამ დაამწუხრა ათასობით ბავშვი, მშობლები, მასწავლებლები და საფუძვლიანად აღაშფოთა მთელი საზოგადოება.”

9 სექტემბერს გიორგი გუგავას ამ სიტყვებს საკრებულოს მხოლოდ 10 წევრი დაეთანხმა, მერის მიმართ უნდობლობის საკითხის დღის წესრიგში შესატანად კი 17 ხელმოწერაა საჭირო. ახლებს და ლეიბორისტებს იმედი აქვთ, რომ მომავალ კვირაში საჭირო 7 ხელმოწერასაც შეაგროვებენ. შემდეგ კი საკითხს განიხილავს საკრებულოს სხდომა, რომელზეც მერისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად 25 ხმაა საჭირო. დედაქალაქის მერის აპარატის უფროსის, მამუკა ახვლედიანის, კომენტარი:

[მამუკა ახვლედიანის ხმა] ”ის განცხადება, რომ საკრებულოს წევრთა შესაბამის ხმებს მოაგროვებენ, სრულებით უსაფუძვლოა და ეს არის წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადებები - ქულების დასაწერად მხოლოდ და მხოლოდ.”

საკრებულოს უმრავლესობის ერთსულოვნებაში დარწმუნებულია საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ბეგაშვილიც:

[ზაზა ბეგაშვილის ხმა] ”ქალაქ თბილისის მერია წარმოადგენს ერთიან გუნდს და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულად მეჩვენება მსჯელობა იმის შესახებ, რომ მერი გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოსთან შეთანხმების გარეშე.”(სტილი დაცულია)

დავუშვათ, ზაზა ბეგაშვილის სიტყვები არ გამართლდა, ანუ ოპოზიციურმა ფრაქციებმა საკრებულოს უმრავლესობაში ბზარის შეტანა შეძლეს და მერს უნდობლობა მართლაც გამოუცხადეს, გიგი უგულავა მაინც საკუთარ თანამდებობაზე დარჩება. კანონმდებლობის მიხედვით, იგი მხოლოდ მას შემდეგ დატოვებს თანამდებობას, რაც საკრებულოს გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი დაეთანხმება.
XS
SM
MD
LG