Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრეტა გარბო - 100


მსოფლიო გრეტა გარბოს

ასი წლის იუბილეს აღნიშნავს.

“სკანდინავიელი სფინქსი”, ”ჰოლივუდის თოვლის დედოფალი”, “მიუკარებელი ანგელოზი”... რა აღარ უწოდეს, ვის აღარ შეადარეს... თუ ასეთი ცივი იყო, მაშ რატომ იქცა იგი კინოხელოვნების ლეგენდად? თუ ასეთი მიუკარებელი იყო, რატომ ეტრფოდნენ ჰოლივუდის საუკეთესო მამაკაცები? თუკი ემოცია აკლდა, რატომ იღებდნენ ყველაზე ვნებიანი ქალების როლებში? დიდი მსახიობის ქარიზმაზე დღეს კინომცოდნე ოლღა თაბუკაშვილი გვესაუბრება.

ახალგაზრდებს დღეს ეს სახელი აღარაფერს ეუბნება. საქართველოში დღეს არ უჩვენებენ ფილმებს, გრეტა გარბოს მონაწილეობით, - არც ”ნინოჩკას”, არც ”ანა კარენინას”, ”მატა ჰარის”, არც სხვა სურათებს. გრეტა გარბოს მხოლოდ უფროსი თაობა ახსენებს ხოლმე, ნიშნის მოგებით ამბობს: შენც ახლა გრეტა გარბო ხარ, რა! - ახალგაზრდებს ესმით ეს სახელი, მაგრამ, როგორც წესი, წარმოდგენა არა აქვთ, ვისზეა საუბარი.

ახლა დავუშვათ, რომ გრეტა გარბოს რომელიმე ქართველმა თაყვანისმცემელმა მოახერხა და თბილისში მისი ფილმების დიდი რეტროსპექტივა გამართა. როგორი იქნება ახალი თაობის რეაქცია, რას იხილავს იგი ეკრანზე? კინომცოდნე ოლღა თაბუკაშვილი ფიქრობს, რომ ასე, თუნდაც რამდენიმე ფილმის ერთად ნახვით, საეჭვოა, ხელახლა აღორძინდეს გრეტა გარბოს მითი. მისი შემოქმედება ხომ მისი ცხოვრების, მისი ბიოგრაფიის ნაწილია.

[ოლღა თაბუკაშვილის ხმა] ”მე მაინც ვფიქრობ, რომ მისი მითი დაიბადა მაშინ, როცა ის კინოდან წავიდა 36 წლის ასაკში. ... ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ პირველი ფილმები, რომელიც ჯერ კიდევ შვედეთში იყო გადაღებული, საკმაოდ დაბალი დონის ფილმებია. შემდეგ ჰოლივუდში მოსვლამაც ვერაფერი მოუტანა - ყველა დასცინოდა, გაცვეთილი ფეხსაცმელი ეცვა...” (სტილი დაცულია)

დასცინოდნენ, მაგრამ ვერაფრით ელეოდნენ. ამბობდნენ, რომ ეს ქალი, უბრალოდ, გაჩენილი იყო კინოხელოვნებისთვის. ნებისმიერ რაკურსში, ნებისმიერ განათებაში შეიძლებოდა მისი გადაღება. გარბოს ბიოგრაფები მის ფოტო თუ კინოგენურობას არა იმდენად მსახიობის ნიჭით ან ინტელექტით, რამდენადაც არაჩვეულებრივი ინტუიციით ხსნიან - იგი ბრწყინვალედ გრძნობდა სიტუაციას და იცოდა, რომელ მომენტში როგორ უნდა მოქცეულიყო. 30-იან წლებში იგი შვეციის პრინცმა ჰოლივუდის ერთ რესტორანში დაპატიჟა. მაგიდა ”სამეფოდ” იყო გაწყობილი, მაგრამ სტოკჰოლმში, ღარიბ ოჯახში დაბადებულმა და გაზრდილმა გრეტა გარბომ არ იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო ასეთ ტრაპეზაზე - მაგალითად, რომელი ჩანგალი როდის გამოეყენებინა. მოგვიანებით ჟურნალისტები, რომლებიც ამ ვახშამზე დაპატიჟეს, აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ: მიუხედავად იმისა, რომ ჩასაფრებულები ვიყავით, გვეგონა რომ დაიბნეოდა და თავს შეირცხვენდა, ისეთი ლამაზი იყო და ისე დახვეწილად იქცეოდა, გრეტა გარბოს ყურებაში დანა-ჩანგალი, მას კი არა, ჩვენ აგვერიაო. ჩვენს კითხვაზე, მაინც რა ქმნიდა გრეტა გარბოს ქარიზმას - მისი პლასტიკა? მისი ფანტასტიკურად დიდი წამწამები, მისი სიმაღლე? ულამაზესი ტანი?. ოლღა თაბუკაშვილის თქმით, გრეტა გარბოს ქარიზმა მის გარეგნობაში არ არის, მიმზიდველობას მას იდუმალება ანიჭებს:

[ოლღა თაბუკაშვილის ხმა] ”საიდუმლოებით მოცული... ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად გრძნობდა თავის წარმოშობას და წარმოშობის კომპლექსი ჰქონდა - დალაქი რომ იყო, მაღაზიაში რომ იდგა, მერე ფოტომოდელი კი გახდა.... ამ კომპლექსმა 17 წლამდე მთელი მისი ბიოგრაფია შექმნა. ამიტომ მკითხველიც, მაყურებელიც, ბიოგრაფიც ქმნის მითს, რომელიც დრომ მოიტანა. ის ხომ სულ თამაშობდა... განდეგილობას - მაინცდამაინც 7 საათზე უნდა მოსულიყო სახლში, 12-ზე უნდა გამოსულიყო და მოედანზე საათს აყენებდნენ მაგაზე, წვიმაში გამოდიოდა და სულ სახე ჰქონდა ცაში მიპყრობილი, იმიტომ რომ აგონებდა შვედეთს. მამაკაცის კოსტიუმი ეცვა, შავი სათვალე. ასობით თაყვანისმცემელი მამაკაცი ჰყავდა, მიჰყავდა ურთიერთობა რაღაც ეტაპამდე, მერე ისევ იხევდა უკან... იმიტომ კი არა, რომ არ უნდოდა, - თვითონ წერს, - იტოვებდა რაღაც საიდუმლოებას ურთიერთობაში.” (სტილი დაცულია)

თუკი გრეტა გარბოს მითი დრომ შექმნა, მაშინ გასაგები ხდება, რატომ გაემიჯნენ მას დიდი რეჟისორები, რატომ არ გადააფიქრებინეს კინოდან წასვლა 1941 წელს, როცა ეკრანებზე გამოვიდა უკანასკნელი ფილმი გარბოს ბიოგრაფიაში - რომანტიკული კომედია ”ქალი ორმაგი სახით”.

[ოლღა თაბუკაშვილის ხმა] ”მაგრამ გრეტა ვერ გამოიყენეს, ისევე როგორც ვერ გამოიყენეს ვერც ერთი მსახიობი, რომელიც უნდოდათ, რომ გაეხადათ მითად, მაგრამ...”

ჰოლივუდმა ვერ გამოიყენა, მაგრამ თვითონ რატომ წავიდა? ფილმში ”ქალი ორმაგი სახით” ხომ იგი ისეთივეა, როგორიც სხვა ფილმებში - არც უკეთესი, არც უარესი. რას ვერ შეეგუა ჰოლივუდის ლეგენდა? ოლღა თაბუკაშვილი ფიქრობს, რომ ახალი ვარსკვლავების გამოჩენა ჰოლივუდში, თუნდაც ქეთრინ ჰეპბერნის, ინგრიდ ბერგმანის პოპულარობა, არ შეიძლება მისი კინოდან წასვლის მთავარი მიზეზი ყოფილიყო. უბრალოდ, გარბომ ძალიან კარგად იცოდა თავისი ფასი:

[ოლღა თაბუკაშვილის ხმა] ”ახალი შემოსულია ხმა, ათი წელი არაფერია კინოში. მას საოცარი მეტყველებაც ჰქონდა... ძალიან გაჭიმულად ლაპარაკობდა, ვერ აიტანა ხმოვანმა სტრუქტურამ. თეატრში არსად არ მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ დრამატული სტუდია ჰქონდა დამთავრებული. თეატრში ვერ მიიღებდნენ მისი მეტყველების გამო. კინოში ვერ დამკვიდრდა... რაც მთავარია, მიხვდა, რომ მისი დრო წავიდა. უნდოდა დარჩენილიყო იმ დროში, როგორიც იყო... ამას ძალიან დიდი ნებისყოფა უნდა.”(სტილი დაცულია)

[გრეტა გარბოს ხმა]

მსახიობი-ლეგენდა ეკრანზე მკვიდრდება და ძველ ფირებზე რჩება. მაგრამ გრეტა გარბომ მოახერხა კინოდან წასვლის შემდეგაც შეენარჩუნებინა თავისი მითი. უფრო მეტიც: მას შემდეგ, რაც კინო და სცენა მიატოვა, მით უფრო მეტად მიიპყრო თაყვანისმცემლების ყურადღება.

[ოლღა თაბუკაშვილის ხმა] ”ბოლო წლები გატაცებული იყო იმპრესიონისტებით. ერთი სტატია მაქვს წაკითხული: ჟურნალისტები შეიპარნენ მის სახლში ღამე და დაეტაკნენ რაღაც საგნებს. როცა ფანარი აანთეს, აღმოჩნდა კედელზე მიყენებული სურათები - რენუარი, მოდილიანი, მანე... ყიდულობდაო იმიტომ კი არა, რომ მოსწონდა და უყვარდა, უბრალოდ, ფულს დებდა ამაში. ე.ი. იყო ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად თამაშობდა ამ მითს თავის ცხოვრებაშივე, მაგრამ მითმა ითამაშა უკვე მას შემდეგ, რაც იგი წავიდა კინოდან.” (სტილი დაცულია)

დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ გრეტა გარბოს ბიოგრაფიის ცოდნის გარეშე, ძალზე ძნელია სრული შთაბეჭდილება შეიქმნას ”ჰოლივუდის თოვლის დედოფალზე”, მის შემოქმედებაზე. მაგრამ როცა იცი, მისი გმირები უკვე სულ სხვანაირი გეჩვენება... ამიტომაცაა, ალბათ: მიუხედავად იმისა, რომ იგი 1990 წელს გარდაიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ გარბოს შემდეგ კინოში ახალი ვარსკვლავები გაჩნდნენ, ახალი იმიჯით, ”ახალი იდუმალებით”, ახალი სკანდალებით, მსოფლიოში მას კვლავაც განსაკუთრებული ადგილი უკავია კინოვარსკვლავებით მოჭედილ ცის კამარაზე.

[ოლღა თაბუკაშვილის ხმა] ”78 წელს ერთი კვირით უნდოდათ მისი ფილმების რეტროსპექტივა... ნიუ-იორკში... ეს იყო პოპმუსიკის, პოპავანგარდის პერიოდი. ფიქრობდნენ, რომ ვერ გაუძლებს დარბაზი გრეტა გარბოს ყურებას ერთი კვირის განმავლობაში. რეტროსპექტივა გაგრძელდა სამი თვე... ადამიანი მონატრებულია მითს, ადამიანს უნდა, რომ ჰქონდეს ან ჰყავდეს მითი.” (სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG