Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ვითარდება საქართველოში ლუდის ბაზარი


29 სექტემბერს საქართველოში კიდევ ერთი ლუდის ქარხანა გაიხსნა. ლუდსახარში ”ნატახტარი” - ასე ჰქვია ჩეხური ტექნოლოგიით აღჭურვილ ლუდის ამ ახალ საწარმოს.

დღეიდან მის პროდუქციას ადგილის დამკვიდრებისთვის ბრძოლა მოუწევს ბაზარზე, რომელიც გაჯერებულია ქართული ლუდის ფირმების ნაწარმით. ამ ბოლო დროს მათ შეემატა და ბაზარზე ფეხი მყარად მოიკიდა რუსულმა და უკრაინულმა ლუდმაც. უფრო იშვიათად შეხვდებით ჩეხური, გერმანული და ჰოლანდიური ლუდის პროდუქციას. რომელი ლუდი უფრო მოსწონთ ქართველებს და რა მდგომარეობაა ქართულ ბაზარზე?

[ისმის ლუდის ხმა]

ცივ ლუდთან ერთად, ხინკალი და ქაბაბი - ანდაც თევზი - ბევრი თბილისელის საყვარელი მენიუა თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე გახსნილ სახინკლესა თუ ლუდხანაში. ჯერ კიდევ სადილობის დრო არ დამდგარიყო, მე რომ თბილისის კვების ობიექტებში შევიარე, თუმცა ლუდის მოყვარულთა პოვნა არ გამჭირვებია. ძირითადად, მაინტერესებდა, რომელი ლუდი იყიდება და რომელს მიირთმევენ ყველაზე მეტად.

[ბარმენის ხმა] ”’ყაზბეგი’, ‘ლომისი’, ‘არგო’, ‘ალუდა’. უცხოურიდან - ‘ბიტბურგერი’, ‘ბუდვაიზერი’ და ‘ბალტიკა’, რუსეთის. ყველაზე მეტად ‘ყაზბეგზეა’ მოთხოვნა, იმიტომ რომ, ალბათ, კარგი ლუდია.”

აი, ასეთი პასუხი გამცა ქალბატონმა თინათინმა, ერთ-ერთი თბილისური რესტორნის ბარმენმა. მე ამავე რესტორნის სტუმრებსაც გავესაუბრე, რომლებიც ლუდის დასალევად შეკრებილიყვნენ.

[ლუდის მსმელების ხმა] ”’ყაზბეგის’ ლუდს ვსვამთ, გემრიელია და იმიტომ. აქ უცხოური არ ჰქონდათ, თორემ... გარდა მაგისა, ფასიც ფიგურირებს...”

ფასით ქართული ლუდი, მართლაც, მნიშვნელოვნად განსხვავდება იმპორტირებული, გაცილებით მაღალხარისხიანი, ლუდისგან. სწორედ ამ მიზეზით, ქართული ბაზრის მნიშვნელოვანი სეგმენტი სწრაფად დაიკავა უკრაინულმა და რუსულმა ლუდმა.
აი, რას ამბობს ქუჩაში ლუდით მოვაჭრე ქალბატონი ლია, რომელიც ქართულ ლუდს 1 ლარად ყიდის:

[ლიას ხმა] ”რუსულები ცოტა ძვირია - 1,2 ლარი, 1,3 ლარი. ისე, რუსულებიც კარგად იყიდება, მაგრამ უფრო მეტად - ‘ყაზბეგი’...”

იმის გასარკვევად, ჩემ მიერ გამოკითხულ მოქალაქეებში ასე პოპულარულ კომპანია “ყაზბეგის” ლუდს ბაზრის რა მოცულობა უკავია, ამ კომპანიის მარკეტინგის მენეჯერს ლადო გაწერელიას დავუკავშირდი. მისი ინფორმაციით, საშუალოდ ”ყაზბეგის” ლუდს ბაზრის დაახლოებით 62-65 პროცენტი უკავია. მე მას ისიც ვკითხე, ბაზრის რა ნაწილი ეკუთვნის იმპორტული ლუდის პროდუქციას.

[ლადო გაწერელიას ხმა] ”5 პროცენტიდან 10 პროცენტამდე გაიზარდა იმპორტული ლუდის წილი და ეს არის მზარდი ტენდენცია...”

ამ ტენდენციასთან ერთად, იზრდება ქართული ლუდის ბაზარი, ანუ მომხმარებელთა რაოდენობაც. ახლა ცოტა რამ იმის შესახებაც, იცვლება თუ არა ლუდის სმის ტრადიციები.

როგორც მთა და ბარი, ისე განსხვავდება ლუდის სმის წესი საქართველოს მთიანეთში და ქალაქად. მთიანეთში ლუდის ხარშვა-დამზადება წმინდა რიტუალს წარმოადგენს და მის მიმართ მოწიწება არც ახლა დაუკარგავთ. ასევე უფრთხილდებიან ლუდის სმის წესებსაც. აი, ქალაქად კი დღემდე შემორჩა საბჭოთა დროინდელი ლუდის სმის მახინჯი ტრადიცია. თბილისის რესტორან-სახინკლეებში ლუდით ახლაც ამბობენ უხამს სადღეგრძელოებს.

[ლუდის მსმელების ხმა] ”ლუდით სადღეგრძელოს როგორ დავლევ...”

”მაშინ თქვენს სადღეგრძელოს დავლევ, გაუმარჯოს რადიო ‘თავისუფლებას’.”

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG