Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინის ფილარმონიის კამერული მუსიკის დარბაზში ჟღერდა შოპენი, ქართველი პიანისტის შესრულებით


ბერლინი ევროპის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი ცენტრია,

“გერმანელები კი, - თუკი ერთ ქართველ მწერალს დავესესხები, - მუსიკის ღმერთები არიან”. გასულ კვირას “მუსიკის ღმერთების” დედაქალაქის, ბერლინის, ფილარმონიის კამერული მუსიკის დარბაზში ბერლინის მუსიკის თავისუფალი სკოლის საიუბილეო კონცერტი გაიმართა - ფრედერიკ შოპენის მეორე საფორტეპიანო კონცერტს უკრავდა, ბერლინის “ორფეოსის” ორკესტრთან ერთად, ანანო გოკიელი, პიანისტი, რომელიც, კონცერტის პროგრამის თანახმად, თბილისის ტრადიციული მუსიკალური ოჯახიდანაა. ანანო გოკიელმა შოტლანდიის - გლაზგოს - მუსიკისა და დრამის სამეფო აკადემიის დიპლომის, ასევე საკონცერტო სიმწიფის დიპლომის მოპოვების შემდეგ სწავლა გააგრძელა ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში, პროფესორ პასკალ დევუაიონთან. ის გამარჯვებულია არაერთ საერთაშორისო კონკურსში. ერთი-ორის დასახელებაც კმარა: ლონდონის ბეთჰოვენის კონკურსის ოქროს მედალი, უოტფორდის მუსიკის ფესტივალზე, კრისტოფერ დიუკის სახელობის კონკურსში, პირველი პრემია. სხვადასხვა ორკესტრთან ერთად მას დაუკრავს, ბრიტანეთისა და გერმანიის გარდა, შვეიცარიაში, შვეციაში, ისლანდიაში, დანიაში, საბერძნეთში, არგენტინაში და, ცხადია, საქართველოში. იმ დღეს ბერლინის სახელგანთქმული ფილარმონიის კამერული მუსიკის დარბაზში დირიჟორობდა შტეფან მაინეკე. დარბაზი სახელგანთქმულია, პრესტიჟულია, მაგრამ, როგორც ირკვევა, პიანისტისთვის ეს გარემო უჩვეულო იყო. მე თვითონ ვიყავი მოწმე იმისა, თუ რეპეტიციის დროს დირიჟორმა და ერთ-ერთმა ორკესტრანტმა, ფაგოტისტმა, როგორ მოხადეს თავი როიალს და იქვე ფრთხილად მიაყუდეს. ბერლინის ფილარმონიის კამერული მუსიკის დარბაზში სცენა ცენტრშია, მაყურებელი მას ყოველი მხრიდან უზის, მუსიკა ყველა მიმართულებით იფანტება და მუსიკოსში ეს უჩვეულო შეგრძნებას იწვევს.

(გოკიელის ხმა )

კონცერტმა წარმატებით ჩაიარა, მაყურებელი დიდხანს არ ცხრებოდა და მან ანანო გოკიელი დაიყოლია ბისზე დაეკრა. ანანო აღწერს, თუ როგორ იყო თვითონ კონცერტზე:

(გოკიელის ხმა )

შოპენი ის კომპოზიტორია, რომელსაც დღეს მსოფლიოში ძალიან ხშირად უკრავენ და ამბობენ, რომ თითქმის აღარ არის მისი ინტერპრეტირების საშუალება. მაგრამ, ჩანს, ყოფილა. ორკესტრის დირიჟორი შტეფან მაინეკე:

“რაც შოპენმა წარმოიდგინა, ის ანანომ განახორციელა. მარცხენა ხელი მშვიდადაა, მარჯვენა კი - სრულიად თავისუფლად იმპროვიზაციას აკეთებს. და ეს მან განახორციელა ისე, რომ ძირითადი პულსი შეინარჩუნა, არ უღალატა. ეს მისი მთავარი ღირსებაა.”
ასე ფიქრობს დირიჟორი, რომელმაც შესთავაზა პიანისტს დაეკრა ამ კონცერტზე, თუმცა ძალიან გასჭირვებოდათ ნაწარმოების შერჩევა.

(გოკიელის ხმა )

დირიჟორ შტეფან მაინეკეს 22 წლის პიანისტისთვის ადრეც მოუსმენია. ახლა მას საშუალება აქვს ანანო გოკიელის წინსვლაზეც ილაპარაკოს:

(მაინეკეს ხმა)
“განსაცვიფრებელია ის, რასაც იგი ინსტუმენტთან აკეთებს. მისმა ბგერამ სიღრმე და ძალა შეიძინა. მის მიერ დაკრული ბრამსი მოვისმინე. რამდენიმე წლის წინ ეს შეუძლებელი იქნებოდა. ის, ასე ვთქვათ, როიალს ამღერებს - არსებითად ესეც დასარტყამი ინსტრუმენტია - და ეს მშვენიერია.”

კონცერტის შემდეგ მსმენელი ვერ დაშოშმინდა - იყო უსაზღვრო ტაში და სიხარული.
პიანისტთან საუბრისას შევიტყვე, რომ მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი ამ ნაწარმოებში ფაგოტისა და ფორტეპიანოს ნაზი დუეტია.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG