Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იალტის კონფერენციიდან 60 წლის შემდეგ: შვილიშვილების სამიტი


გერმანიის ქალაქ პოტსდამში, სადაც დღეს გერმანიის გაერთიანების მე-15 წლისთავისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება გაიმართა, 60 წლის წინ გერმანიის გაყოფაზე თათბირობდნენ.

პოტსდამის კონფერენცია აშშ-ის, ბრიტანეთისა და საბჭოთა ლიდერების მონაწილეობით, 1945 წლის ზაფხულში შედგა. ამ კონფერენციამდე რამდენიმე თვით ადრე კი - 1945 წლის თებერვალში - იალტაში ჩატარდა არანაკლებ ცნობილი კონფერენცია საბჭოთა, ამერიკელი, და ბრიტანელი ლიდერების მონაწილეობით.- მსმენელმა უთუოდ იცის, რომ საუბარია სტალნის, რუზველტის და ჩერჩილის შეხვედრაზე. ის კი, შესაძლოა, არ იცოდეთ, რომ იალტის კონფერენციიდან 60 წლის შემდეგ შვილიშვილების სამიტი შედგა - ჰოლანდიამ, ქალაქმა მაასტრიხტმა უმასპინძლა შეხვედრას იოსებ სტალინის, ფრენკლინ რუზველტისა და უინსტონ ჩერჩილის შთამომავალთა მონაწილეობით.

თუ იალტის კონფერენციის მონაწილეებმა - ამ 60 წლის წინ - მსოფლიოს მომავალ მოწყობაზე იმსჯელეს (პოსტფაშისტურ გერმანიასა და, ზოგადად, ევროპაში გავლენის სფეროების განაწილებაზე), შვილიშვილების სამიტზე საუბარი თვით კონფერენციას, იალტის კონფერენციას შეეხო.

დღეს გავრცელებულია იალტის კონფერენციისადმი კრიტიკა, რომ მან ჩაუყარა საფუძველი ცივ ომს, რომ ჩერჩილმა და რუზველტმა სტალინის ხელში ჩააგდეს აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ქვეყნები. კრიტიკოსებს შორის არის თვით ჯორჯ ბუში - აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი. მას არაერთხელ გამოუთქვამს სინანული იმის გამო, რომ სულ სამმა დიდმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება მომცრო ქვეყნების ბედზე, და ეს ქვეყნები სხვების გადაწყვეტილების გამო მრავალი მრავალი წელი იტანჯებოდნენ.

ჩერჩილის შვილიშვილი, უინსტონ ჩერჩილ მესამე გადაჭრით გმობს ამ კრიტიკას: [ჩერჩილის შვილიშვილის ხმა] “ხალხს ჰგონია, რომ ჩერჩილი, რუზველტი და სტალინი იალტაში როგორც სურდათ, ისე წყვეტდნენ ევროპის ბედს. არაფერია სინამდვილისაგან ისე დაშორებული, როგორც ეს წარმოდგენა. ევროპის ბედი რამდენიმე თვით უფრო ადრე გადაწყდა, როცა წითელმა არმიამ დასავლეთის მიმართულებით დიდი ტერიტორიები დაიპყრო, გერმანიის ვერმახტი დაამარცხა და აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ყველა ქვეყანა დაიპყრო. აი, რამ გადაწყვიტა ევროპის ბედი”.

იალტის დასავლელი მონაწილეებისადმი კრიტიკას გაუმართლებლად მიიჩნევს ამერიკის მაშინდელი პრეზიდენტის, ფრენკლინ რუზველტის შვილიშვილი კარტის რუზველტიც: [რუზველტის შვილიშვილის ხმა] ”არასწორია მიდგომა, ვგულისხმობ იალტისადმი მეტად უარყოფით დამოკიდებულებას, რომელსაც ბევრი ადამიანი იჩენს, მათ შორის ჩემი საკუთარი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში თავის გამოსვლებში. ვფიქრობ, უპასუხისმგებლობაა ისეთი შინაარსის განცხადებით გამოსვლა, მან რომ გააკეთა”.

რუზველტის შვილიშვილი, სავარაუდოდ, უპასუხისმგებლოდ მიიჩნევს ალექსანდრ კვაშნევსკისაც - პოლონეთის პრეზიდენტს, რომელსაც იალტის კონფერენცია “ტრაგედიად და ტრავმად” აქვს მოხსენიებული. არადა, კვაშნევსკის შეფასება ერთ უბრალო ფაქტს ემყარება: ნაცისტურ ოკუპაციას პოლონეთში, ისევე როგორც მეზობელ ქვეყნებში, კომუნისტური რეჟიმი მოჰყვა... განა იალტის კონფერენციაზე არ მიიღეს გადაწყვეტილებები, რომლებმაც ნიადაგი მოუმზადა მორიგი ტოტალიტურული რეჟიმის აღზევებას მსოფლიოს ამ რეგიონში?

ასეა თუ ისე, გასულ შაბათს მაასტრიხტში შეკრებილი შვილიშვილები თავგამოდებული იცავდნენ სახელგანთქმულ წინაპრებს... უფრო ზუსტად, ყველა თავის წინაპარს იცავდა: სტალინს - ევგენი ჯუღაშვილი. [სტალინის შვილიშვილის ხმა] “ჩერჩილი, საერთოდ, ენამოსწრებული კაცი იყო, მაგრამ როცა ოთახში სტალინი შედიოდა, ჩერჩილი ფეხზე წამოხტებოდა და გასწორდებოდა ხოლმე. რატომ? “

მაგრამ ჩერჩილის შვილიშვილი სხვა ეპიზოდზე ამახვილებდა ყურადღებას: ნს100209” ბაბუაჩემს ერთი ძალიან კარგი ფრაზა აქვს ნათქვამი სტალინზე. “სტალინი ნიანგივითაა: ვერ გაიგებ, გაღიმებას აპირებს, თუ შენ შეჭმასო”...

რას აპირებდა სტალინი იალტის კონფერენციაზე, ეს კონფერენციის შემდეგ გამოჩნდა, ცივი ომის წლებში. ამ პერიოდის შეფასება ისტორიკოსების საქმეა, თუმცა მათს საქმეს, როგორც ნახეთ, შვილიშვილებიც შეეჭიდნენ: სამი არც თუ ახალგაზრდა კაცი, რომლებიც წინაპრებს ვერც სახელგანთქმულობის თვალსაზრისით შეედრებიან, და, საბედნიეროდ, ვერც გავლენის მხრივ.
XS
SM
MD
LG